დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080141224010142100
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №681-24 ქ. თბილისი
გ. გ., 681-24 8 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:
გ. გ- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში;
გ. გ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით;
გ. გ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით;
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით;
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით.
გ. -ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმდა და სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2020 წლის 23 ივნისიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
გ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი), სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ.ა ჩ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 3 წლით;
გ. გ-ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2020 წლის 23 ივნისიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით:
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთას სრულად დაემატა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და საბოლოოდ, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით.
გ. გ-ს სასჯელი აეთვალა – 2022 წლის 22 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი, 2020 წლის 23 ივნისიდან 2022 წლის 22 მარტის ჩათვლით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. 2024 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. გ-ს პირადი საქმე.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:
გ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ს ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით) შეფარდებული სასჯელი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელები შთანთქმული ჰქონდა ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით შეფარდებულ სასჯელს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელზეც არ გავრცელდა ამნისტიის კანონი).
გ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა (აღნიშნული სასჯელი შთანთქმული ჰქონდა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ სასჯელს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთას, რომელზეც არ გავრცელდა ამნისტიის კანონი).
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას სრულად დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და, საბოლოოდ, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით.
გ. გ-ს სასჯელი აეთვალა – 2022 წლის 22 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი – 2020 წლის 23 ივნისიდან 2022 წლის 22 მარტის ჩათვლით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-მ. კასატორს მიაჩნია, რომ მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ აღსრულებულა, რადგან მოსახდელი სასჯელი იგივე დარჩა. საქართველოს სსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამნისტიის შესახებ მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი მოითხოვს, რომ მას 4 თვით შეუმცირდეს მოსახდელი სასჯელი, ხოლო სასჯელის მოხდის დასრულების ვადად განესაზღვროს – 09.12.2024 წელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლითა (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა) და სსკ-ის 364-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
5. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. გ., როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით, ისე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენის დროს, ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც, მის მიმართ კანონიერად ვერ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის შეღავათი. აქედან გამომდინარე, ვინაიდან გ. გ-ს მიმართ არ გავრცელდა ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავე დროს, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით შეუმცირდა მითითებული მუხლით შეფარდებული სასჯელები, რაც ასევე – კანონიერია.
6. რაც შეეხება გ. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით (მსჯავრდებულია განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის), საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მეორე ნაწილებით შეფარდებულ სასჯელებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია მითითებულ დანაშაულებზე არ ვრცელდება, რის გამოც, აღნიშნულ მუხლებზე, ასევე მართებულად არ გავრცელდა რაიმე შეღავათი.
7. ამასთან, ვინაიდან გ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელები შთანთქმული ჰქონდა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილითა და სსკ-ის 364-ე მუხლის მეორე ნაწილით შეფარდებულ უფრო მკაცრ სასჯელებს, რომლებზედაც, როგორც უკვე აღინიშნა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება, გ. გ-სათვის მოსახდელად დანიშნული საბოლოო სასჯელი – კანონიერად დარჩა უცვლელად.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი