საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№848აპ-24 თბილისი
ა-ი რ. ზ. მ. ა., 848აპ-24 18 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენით რ. ზ. მ. ა. ა-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – ჯარიმა 50 000 ლარი, რაც, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2023 წლის 18 მაისიდან 2024 წლის 6 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – ჯარიმა 30 000 ლარი, რაც, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2023 წლის 18 მაისიდან 2024 წლის 6 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა – 2 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 4 მაისისა და 15 მაისის ეპიზოდები) – ჯარიმა 5 000-5 000 ლარი, რაც, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2023 წლის 18 მაისიდან 2024 წლის 6 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა – 1 000-1 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 19,344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ჯარიმა 5 000-5 000 ლარი, რაც, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2023 წლის 18 მაისიდან 2024 წლის 6 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა – 1 000-1 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და რ. ზ. მ. ა. ა-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 ლარი; გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ზ. მ. ა. ა-მა ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის ნოემბერში რ. ზ. მ. ა. ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, განიზრახა და დაგეგმა ღ. ა. მ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ღირებულების მქონე უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება.
· 2022 წლის 3 ნოემბერს რ. ზ. მ. ა. ა-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, თ-ის იუსტიციის სახლში წარდგენილი №- განცხადების საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრის – ღ. ა. მ-ის – სახელით შედგენილი ყალბი მინდობილობის გამოყენებით, როგორც მისმა მინდობილმა პირმა, ამ უკანასკნელისაგან მალულად და მისი ნების საწინააღმდეგოდ, საკუთარ თავთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა ღ. ა. მ-ის კუთვნილი უძრავი ქონება, ღირებული 350 000 ლარად, მდებარე -ში,-----ის ბინა №---ში (ფართი – 113.70 კვ.მ., საკადასტრო კოდი – --------).
· 2022 წლის 18 ნოემბერს რ. ზ. მ. ა. ა-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, თბილისის იუსტიციის სახლში წარდგენილი №- განცხადების საფუძველზე ზემოხსენებული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გზით, 99 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთრების უფლებით მიჰყიდა ი-ის მოქალაქე ა. ფ-ს.
· რ. ზ. მ. ა. ა-ისა და გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ღ. ა. მ-ს მიადგა დიდი ოდენობით – 350 000 ლარის – მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ნოემბერში რ. ზ. მ. ა. ა-მა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად განიზრახა და დაგეგმა მ. ჰ-ას კუთვნილი, დიდი ოდენობის ღირებულების მქონე უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება.
· განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2022 წლის 30 ნოემბერს რ. ზ. მ. ა. ა-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, თ-ის იუსტიციის სახლში წარდგენილი №- განცხადების საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრის – მ. ჰ-ას – სახელით შედგენილი ყალბი მინდობილობის გამოყენებით, როგორც მისმა მინდობილმა პირმა, ამ უკანასკნელისაგან მალულად და მისი ნების საწინააღმდეგოდ, საკუთარ თავთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და მოითხოვა 1 324 608 ლარად ღირებული უძრავი ქონების (მდებარე --ში, ს-ი, ბლოკ №--ში) – 9 000 კვმ ფართის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ნომრით – 242, საკადასტრო კოდით – -----, საკუთრების უფლების დარეგისტრირება.
· ზემოხსენებულის პარალელურად, რ-ს ფედერაციაში მყოფ მ. ჰ-ას დაუკავშირდა მისი ნაცნობი თარჯიმანი და განუმარტა, რომ სათარგმნად მიეწოდა მ. ჰ-ას სახელით შედგენილი მინდობილობა, რომლითაც მინდობილ პირს ის ანიჭებდა კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის უფლებას. ამასთან, 2022 წლის 30 ნოემბერს, ხსენებული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, უკვე მიმდინარეობდა მ. ჰ-ას უძრავი ქონების სხვა პირის საკუთრებად დარეგისტრირების დაჩქარებული პროცესი.
· ვინაიდან მ. ჰ-ას მსგავსი მინდობილობა გაცემული არ ჰქონდა, ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდა თავის მეგობარს – თ. ჩ-ს, რომლის განაცხადის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა უძრავი ნივთზე (მდებარე --ში, ს-ი, ბლოკ №--ში) – 9 000 კვმ ფართის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ნომრით – 242, საკადასტრო კოდით – -----, საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი.
· რ. ზ. მ. ა. ა-ის ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მან ვერ შეძლო ჩანაფიქრის შესრულება და თაღლითური ქმედების დასრულება.
· რ. ზ. მ. ა. ა-ისა და გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ. ჰ-ას შეიძლებოდა, მისდგომოდა დიდი ოდენობით – 1 324 608 ლარის – მატერიალური ზიანი.
· რ. ზ. მ. ა. ა-მა გააყალბებინა ს. ჰ. ნ. ა-ის სახელზე შევსებული ს-ის ---მოქალაქის №- პასპორტი, რომელსაც ინახავდა გამოყენების მიზნით. 2023 წლის 4 მაისს, დაახლოებით, 02:23 საათზე, -ში, --- -- საერთაშორისო აეროპორტში, ს-ის --ე რეისზე საპასპორტო კონტროლის გასავლელად რ. ზ. მ. ა. ა-მა მიმართა პატრულ-ინსპექტორს (მესაზღვრე კონტროლიორს) და წარუდგინა ს. ჰ. ნ. ა-ის სახელზე გაცემული ს-ის ---მოქალაქის №- ყალბი პასპორტი.
· რ. ზ. მ. ა. ა-მა გააყალბებინა ს. ჰ. ნ. ა-ის სახელზე შევსებული ს-ის ---მოქალაქის №- პასპორტი, რომელსაც ინახავდა გამოყენების მიზნით. 2023 წლის 4 მაისს, დაახლოებით, 02:23 საათზე, -ში, -- საერთაშორისო აეროპორტში, სტამბოლი-თბილისი --ე რეისზე საპასპორტო კონტროლის გასავლელად რ. ზ. მ. ა. ა-მა მიმართა პატრულ-ინსპექტორს (მესაზღვრე კონტროლიორს) და წარუდგინა ს. ჰ. ნ. ა-ის სახელზე გაცემული ს-ის ---მოქალაქის №- ყალბი პასპორტი, რისი გამოყენებითაც უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
· რ. ზ. მ. ა. ა-მა გააყალბებინა ს. ჰ. ნ. ა-ის სახელზე შევსებული ს-ის ---მოქალაქის №- პასპორტი, რომელსაც ინახავდა გამოყენების მიზნით. 2023 წლის 15 მაისს, დაახლოებით, 02:00 საათზე, -ში, -- საერთაშორისო აეროპორტში, თ-ი-ს-ის --ე რეისზე საპასპორტო კონტროლის გასავლელად რ. ზ. მ. ა. ა-მა მიმართა პატრულ-ინსპექტორ (მესაზღვრე-კონტროლიორ) ნ. ს-ეს და წარუდგინა ს. ჰ. ნ. ა-ის სახელზე გაცემული ს-ის ---მოქალაქის №- ყალბი პასპორტი.
· რ. ზ. მ. ა. ა-მა გააყალბებინა ს. ჰ. ნ. ა-ის სახელზე შევსებული ს-ის ---მოქალაქის №- პასპორტი, რომელსაც ინახავდა გამოყენების მიზნით. 2023 წლის 15 მაისს, დაახლოებით, 02:00 საათზე, -ში, -- საერთაშორისო აეროპორტში, თ-ი-ს-ის --ე რეისზე საპასპორტო კონტროლის გასავლელად რ. ზ. მ. ა. ა-მა მიმართა პატრულ-ინსპექტორ (მესაზღვრე-კონტროლიორ) ნ. ს-ეს და წარუდგინა ს. ჰ. ნ. ა-ის სახელზე გაცემული ს-ის ---მოქალაქის -ყალბი პასპორტი და აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით სცადა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თამარ პაპავა ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და რ. ზ. მ. ა. ა-ისათვის, დამნაშავის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულების გათვალისწინებით, სამართლიანი და ადეკვატური სასჯელების განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ თამარ პაპავას შუამდგომლობა და მას აღუდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.
6. მსჯავრდებულ რ. ზ. მ. ა. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ფ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს. მსჯავრდებული რ. ზ. მ. ა. ა-ი დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას), 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას), 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 19,344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას). მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს დაუსაბუთებლად და უსამართლოდ მიაჩნია მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელები და ითხოვს მათ გამკაცრებას.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის პირის დასჯა და მისი სამართლიანობა ვლინდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობასა და პროპორციულობაში. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
11. განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულს სასჯელები განსაზღვრული აქვს შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებში. საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები: არ ყოფილა ნასამართლევი, აღიარა და მოინანია დანაშაულები, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, სრულად აანაზღაურა მიყენებული ზიანი, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები; ასევე, რ. ზ. მ. ა. ა-ი 2023 წლის 18 მაისიდან 2024 წლის 6 თებერვლის ჩათვლით იმყოფებოდა პატიმრობაში, ხოლო გათავისუფლების შემდეგ საქმის განხილვამდე არ წარმოდგენილა ინფორმაცია მის მიერ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ან ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხის შესახებ, რაც სასამართლოს მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, დანაშაულთა ხასიათის გათვალისწინებით, თითოეული ქმედებისათვის შეფარდებული სასჯელის ზომა წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას, ამასთან, არ არსებობს სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის უკიდურესი საჭიროება, ვინაიდან პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის აღსრულება არ წარმოადგენს სახელმწიფოს თვითმიზანს, თუკი დამნაშავის რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის მიზნები მიღწევადია ალტერნატიული სასჯელის მოხდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ზ. მ. ა. ა-ისათვის განსაზღვრული სასჯელები სამართლიანია და მათი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
13. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს უნახევრდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის 1-ელი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, აგრეთვე მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). იმის გამო, რომ მსჯავრდებულ რ. ზ. მ. ა. ა-ს სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს ჯარიმა, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით დაწესებული შეღავათები.
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე