შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123008373687
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №575აპ-24 31 ოქტომბერი, 2024 წელი
გ-ე თ., №575აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. გ–ე (პირადი ნომერი: ......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 24 ოქტომბერს, ქ. თ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ. გ–მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ი–ს, რა დროსაც ძლიერად მოქაჩა თმაზე, ხელი არაერთხელ დაარტყა თავის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2023 წლის 28 ოქტომბერს, ქ. თ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ. გ–მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ი–ს, რა დროსაც ძლიერად მოქაჩა თმაზე ხელი დაარტყა თავის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2023 წლის 31 ოქტომბერს, ქ.თ-ში მდებარე მაღაზიაში, თ. გ–მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ი–ს, რა დროსაც ძლიერად მოქაჩა თმაზე, ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2023 წლის 1 ნოემბერს, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ თ. გ–ს მიმართ, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც თ. გ–ს აეკრძალა მეუღლის – ი... საცხოვრებელ მისამართთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მათ შორის ტელეფონის გამოყენებით. 2023 წლის 7 ნოემბერს, თ. გ–ე მივიდა ი... სახლში, მდებარე ქ. თ–ში, რითიც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
1.6. 2023 წლის 1 ნოემბერს, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ თ. გ–ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზე თ. გ–ს აეკრძალა მეუღლის ი... საცხოვრებელ მისამართთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მათ შორის ტელეფონის გამოყენებით. 2023 წლის 20 ნოემბერს, თ. გ–ე მივიდა ი... სამსახურში, მდებარე ქ.თ-ში, რითიც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით, თ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა, რომელმაც ითხოვა თ. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 2 მაისს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2024 წლის 16 მაისს, მსჯავრდებულ თ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ..... წარმოგენილი შესაგებელით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას არ იქნა სწორად შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულმა მეუღლის მიმართ ჩაიდინა როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე შემაკავებელი ორდერის დარღვევის არაერთი ფაქტი. მისი აღიარება კი, მიმართული იყო მხოლოდ საპატიმრო სასჯელის არიდებისკენ, მას დანაშაული არ მოუნანიებია და არც დაზარალებული შერიგებია. ამასთან, სასამართლომ სამართლებრივად არასწორად გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. გ–ე 2023 წლის 7 ნოემბერს დააკავეს მეუღლის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც მას შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა მისვლა, შესაბამისად წაასწრეს შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, რადგან არარელევანტურია და ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
5.3. საკასაციო სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, გარდა ამისა, მას შეურიგდა დაზარალებული). ყოველი ზემოაღნიშნულისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია თ. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
5.8. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საფუძვლიანია კასატორის მოთხოვნა თ. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის წესთან დაკავშირებით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, სამივე პირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს.
5.9. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, №... შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ თ. გ–ს 30 დღით განესაზღვრა გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის აეკრძალა იმ სახლთან (მდებარე: თ......) მიახლოვება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. 2023 წლის 7 ნოემბერის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, თ. გ–ე დაკავებული იქნა თ–ში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება ასევე დაზარალებულ ი... და მოწმეების – თ. წ-ის და ლ. ი-ის გამოკითხვის ოქმებით. საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან მსჯავრდებულს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, მის მიმართ არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძვლები.
5.10. ამასთან, ვინაიდან თ. გ–მ ბრალად წარდგენილი დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 28 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნა დაზარალებულ ი... ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა თ. გ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით გათვალიწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე. ასევე მსჯავრდებულ თ. გ–ს განცხადება, რომლის მიხედვით იგი თანახმაა გამოცემული იქნეს დამცავი ორდერი.
5.11. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე“.
5.12. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თ. გ–ე არის ნასამართლობის არმქონე პირი, ამასთან დაზარალებულმა სასამართლოს წინაშე განაცხადა თანხმობა, მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, ხოლო მსჯავრდებული თანახმაა გამოცემული იქნეს დამცავი ორდერი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თ. გ–ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება და აღნიშნულ ეპიზოდებში დანიშნული სასჯელი - უნდა გაუნახევრდეს. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გამოცემული უნდა იქნეს დამცავი ორდერი.
5.13. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე“.
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. თ. გ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს და განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს და განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს და განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ორასი საათი;
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ორასი საათი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4. თ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2023 წლის 22 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 7 ნოემბრიდან, 2023 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დღეის მდგომარეობით თ. გ–ეეს დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს;
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია; საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თ. გ–ს მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის №10ა/6132-23 განჩინების შესაბამისად, გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა – 1500 ლარი, გირაოს პირობების დარღვევის გამო – გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
6. გამოიცეს დამცავი ორდერი და თ. გ–ს აეკრძალოს:
დაზარალებულ ი... საცხოვრებელ და სამუშაო ადგილთან მიახლოება, ასევე, პირადად დაზარალებულთან მიახლოება. დამცავი ორდერი გამოიცეს 6 თვით;
7. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე;
8. თ. გ–ს განემარტოს, რომ მის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით;
9. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ორი ლაზერული დისკი – შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე