საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.10.2024
საქმის ნომერი
2კ-898აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.10.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100123007204882

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №898აპ-24 28 ოქტომბერი, 2024 წელი

რ–ა მ., №898აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. რ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. შ–ას, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. რ–ა (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენით, მ. რ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლით.

2.2. სასამართლომ დაადგინა შემდეგი: 2023 წლის 8 მარტს, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში, ნასვამმა მ. რ–ამ ყოფით საკითხზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის – დედის თ. რ–ას მიმართ. მ. რ–ამ შეშის ნაჭერი ჩაარტყა თავში მოხუც დედას – 85 წლის თ. რ–ას, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. რ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. შ–ამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება. მ. რ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით.

3.2. 2024 წლის 8 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ და მოითხოვა მ. რ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3.3. 2024 წლის 9 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. რ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. შ–მ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად უნდა დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არათუ ადასტურებენ მ. რ–ს მიერ დანაშაულის ჩადენას, არამედ გამორიცხავენ მის ბრალეულობას. მოწმე მავლინა ფინთურიას ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს მ. რ–ა მის სახლში მივიდა 11:30 საათზე და იქ დარჩა დაახლოებით 15:00 საათამდე, რაც გამორიცხავს ბრალდების დადგენილებაში მითითებულ გარემოებას, რომ დაახლოებით 13:00 საათზე მ. რ–მ შეშის მოზრდილი ნაჭრის მთელი ძალით თავში ჩარტყმით მოკლა დედა თ. რ–ა. ამასთან, ექსპერტიზებითა და ექსპერტთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დაზიანებები, რომლებმაც გამოიწვია დაზარალებულის სიკვდილი არის მრავლობითი და მიყენებულია რაიმე გარკვეული მასის (სიმძიმის) მქონე მჭრელი მჩეხავი საგნის/საგნების არაერთჯერადი, მრავალჯერადი ზემოქმედებით. ამასთან, არ უნდა იქნეს გაზირებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ვინაიდან მასში მ. რ–ა მოწმის სტატუსით მონაწილეობდა და არ გააჩნდა დუმილის უფლება, ხოლო საქმის არსებითად განხილვისას, მსჯავრდებული წინააღმდეგი იყო მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნებული და გამოყენებული ყოფილიყო, შესაბამისად სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ის გაეთვალისწინებინა და გამოეყენებინა ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არაფერია ექსპერიმენტული საშუალებით აღდგენილი. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმე განხილულია სასამართლოს უკანონო შემადგენლობის მიერ, ვინაიდან საქმეზე გამომსვლელი პროკურორი იყო საქმის განმხილველი მოსამართლის ნათლია. დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ იქნა დაკმაყოფილებული და ამის ნაცვლად აცილებული იქნა სახელმწიფო ბრალმდებელი. ამდენად, განაჩენი სრულად უკანონო და დაუსაბუთებელია.

4.2. ბრალდების მხარემ, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო პალატის მიერ დანიშნული სასჯელის დამძიმება, რადგან დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას. აღსანიშნავია, რომ ამ უმძიმესი ქმედების ჩადენის შემდეგ, მ. რ–ა ყოველნაირად შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას და ოჯახის წევრებსა და მეზობლებს განუცხადა, რომ დედა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულით კი, იგი ცდილობდა გამოძიების ცრუ კვალზე დაყენებას. შესაბამისად, დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მ. რ–ს საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ. რ–ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხული ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მ. რ–ას უდანაშაულობის შესახებ და მიუთითებს, რომ მოწმეების ჩვენებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ შემთხვევის დღეს მ. რ–ა და თ. რ–ა სახლში მარტო იმყოფებოდნენ და მსჯავრდებულის მეუღლემ, შვილებმა და ძმებმა ტელეფონით შეიტყვეს მომხდარის თაობაზე. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგინდა, რომ მ. რ–ას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აკრძალული ჰქონდა ალკოჰოლური სასმელის მიღება, თუმცა მიუხედავად ამისა, შემთხვევის დღეს იგი იყო ნასვამი. მოწმე ი. ნ–ს ჩვენებით, ალკოჰოლის მოხმარების გამო მ. რ–ას დედასთან ხშირად ჰქონდა კონფლიქტი. 2023 წლის 10 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, მიცვალებულ თ. რ–ას შუბლის არეში აღენიშნებოდა დიდი ზომის დაზიანება - შუბლის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული. ბეტონის იატაკიდან 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე კედელზე იყო მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. 2023 წლის 11 მარტის შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე ფიცრულიდან ამოღებული იქნა ხელჩანთა და ძვლის ფრაგმენტი. 2023 წლის 10 მარტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ. რ–ს სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ტრავმა, სისხლჩაქცევებით თავის ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემში და მოგრძო ტვინში, ქალა-სარქველისა და ქალასფუძის ძველების მოტეხილობებით. მოქალაქე თ. რ–ას გვამის გამოკვლევით, ქალა-სარქველის და ქალასფუძის ძვლების მოტეხილობები - განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების და საკმაო მასის მქონე მჩეხავი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 05 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი ძვლის ფრაგმენტი თავისი ანატომიურ-მორფოლოგიური სტრუქტურით მიეკუთვნება ადამიანის, კერძოდ თავის ქალას (ქალა-სარქველის) ფრაგმენტს. 2023 წლის 27 სექტემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ. რ–სგან აღებულ ფრჩხილის ნიმუშებში არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის თ. რ–ას.

5.5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ და უარი განაცხადა გამოძიების ეტაპზე მისი მონაწილებით შედგენილი მტკიცებულებების გამოქვეყნებაზე, მ. რ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (იმ პირობებში, როდესაც ხსენებული არ ასახავდა ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ფაქტებს და ამასთან, მისი მიმდინარეობისას არ ყოფილა აღმოჩენილი ან ამოღებული რაიმე საგანი, თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი) არ უნდა დადებოდა საფუძვლად მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. თუმცა აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ იყო ის ერთადერთი და წონადი მტკიცებულება, რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, შესაბამისად, მის გამოყენებას არსებითად არ უმოქმედია საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისია დასკვნისათვის, რომ მ. რ–ამ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

5.6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საფუძველსაა მოკლებული დაცვის მხარის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე განიხილა უკანონო შემადგენლობამ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლი განსაზღვრავს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის მონაწილეოეობის გამომრიცხავ გარემოებებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს მოსამართლე ე. ბ–ს 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების (საოქმო განჩინება) გაუქმების საფუძველი.

5.7. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას, მ. რ–ას მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 1 აგვისტოს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №......... დასკვნით, იგი არის შეზღუდული შერაცხადი), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. რ–ას კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. რ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. შ–ს, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე