ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 22.10.2024
საქმის ნომერი
2კ-1073აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.10.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100124008641466

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1073აპ-24 ქ. თბილისი

ვ. ტ. 1073აპ-24 22 ოქტომბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ქ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ტ. ვ–ს – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ტ. ვ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენით ტ. ვ–ს აკრძალული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ხუთი წლით, თუმცა ტ. ვ–მა არ შეასრულა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოთხოვნა და 2023 წლის 15 დეკემბერს, დღის საათებში, ქ. დ-ში, კ-ს ქუჩაზე მართავდა „აუდის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ........., რა დროსაც შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის განაჩენით:

3.1. ტ. ვ–სი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. მსჯავრდებულ ტ. ვ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2024 წლის 15 დეკემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ ტ. ვ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ქ–მა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ ტ. ვ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია კიკალიამ და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ოქტომბრის განჩინებებით გასწორდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენებში არსებული უზუსტობა – „მსჯავრდებულ ტ. ვ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 15 დეკემბრიდან“, ნაცვლად მიეთითა – „მსჯავრდებულ ტ. ვ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 15 დეკემბრიდან“.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ. ვ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ქ–მა, რომელიც ითხოვს ცვლილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენში და ტ. ვ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

7.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია კიკალიამ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ტ. ვ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ტ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ქ–ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ტ. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

6. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

7. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები მათ შორის ის გარემოება, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ტ. ვ–მა ჩაიდინა განზრახი დანაშაული, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავო გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

7.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენით (რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის განჩინებით) შექმნილი (გამოწვეული) ნასამართლობის საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისას სასჯელის საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განსაზღვრის სამართლიანობა. კერძოდ, გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, სასამართლომ სასჯელის ხანგრძლივობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა აპელანტის მიდგომა, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ნასამართლობა წარმოადგენდა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშანს, რის გამოც სასჯელის დანიშვნისას არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი.

7.2. სასამართლო ითვალისწინებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს, ბრალდების მხარის სააპელაციო და საკასაციო საჩივრის შესაგებლებს და საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

7.3. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენს: ტ. ვ–სათვის საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას სასჯელის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენის (რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის განჩინებით) საფუძველზე), თუ საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტ. ვ–სათვის დანიშნული სასჯელის სახისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ. იმავდროულად, არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტ. ვ–სათვის დანიშნული სასჯელის ზომის საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით განსაზღვრის შესახებ. კერძოდ:

9. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

10. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე, ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.“

11. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მსჯავრდებული ნასამართლევად ითვალება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე“.

12. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის, ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელი შესაძლებელია იყოს როგორც ის პირი/ორგანო, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრება განაჩენის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა, ასევე ის პირიც, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია განაჩენი.

12.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის შეუსრულებლობისათვის, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას აფუძნებს სწორედ აღნიშნული განაჩენი - ხსენებული დანაშაული ვერ იარსებებს, თუ პირის მიმართ გამოტანილი არ არის განაჩენი, რომლის შეუსრულებლობასაც მას ედავებიან.

12.2. იმავდროულად, ქმედების (ამ შემთხვევაში, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვის დარღვევა) ჩადენის დროისათვის იმ განაჩენის არსებობა, რომლის შეუსრულებლობასაც პირს ედავებიან, თავის მხრივ, როგორც წესი, განაპირობებს პირის ნასამართლობას. თუმცა, შესაძლებელია, არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც პირი არ ასრულებს იმ განაჩენს, რომლისთვისაც ნასამართლობა უკვე გაქარწყლებული აქვს (მაგალითად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანს ნასამართლობა გაუქარწყლდება სასჯელის მოხდისთანავე. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანს განაჩენით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად განაჩენით ჩამოერთვა, მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (რომლის ვადაც, თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, აითვლება სასჯელის მოხდის შემდეგ) და დაარღვია დადგენილი აკრძალვა, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება განაჩენის შეუსრულებლობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ამავე განაჩენით ნასამართლობა გაუქარწყლდა თავისუფლების აღკვეთის მოხდისთანავე). ამდენად, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას, აღნიშნული შემადგენლობის დამაფუძნებელი განაჩენისთვის ნასამართლობა პირს შეიძლება ერთ შემთხვევაში არ ჰქონდეს მოხსნილი ან გაქარწყლებული, ხოლო მეორე შემთხვევაში - დანაშაული ჩადენილი იქნეს ნასამართლობის მოხსნა/გაქარწყლების პირობებში.

13. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ დგას ქმედების საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის ნასამართლობის არსებობა/არარსებობის ურთიერთმიმართების და გავლენის საკითხის ამომწურავად განხილვის საჭიროების წინაშე. საკასაციო სასამართლო ასევე არ დგას საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით მსჯავრდების ყველა შესაძლო შემთხვევისათვის საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის გამოყენების სისწორის შეფასების საჭიროების წინაშე. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო აფასებს რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენების სისწორეს მხოლოდ იმ პირთან მიმართებით, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილი იყო განაჩენი და ამ განაჩენით ნასამართლობის პირობებში, ჩაიდინა ამავე განაჩენის შეუსრულებლობა.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენით (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელი) ტ. ვ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად განაჩენით დადგენილი აკრძალვისა, – არ ემართა სატრანსპორტო საშუალება - ტ. ვ–სმა, 2023 წლის 15 დეკემბერს, ზემოხსენებული განაჩენით ნასამართლობის პირობებში, დაარღვია ამავე განაჩენით დადგენილი შეზღუდვა და, აკრძალვის მიუხედავად, მართა ავტომობილი, რამაც განაპირობა მისი მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა).

14.1. ამდენად, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა ტ. ვ–სმა კვლავ განზრახი დანაშაული ჩაიდინა, რაც საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს რეციდივს.

15. რეციდივის არსებობა ყველა შემთხვევაში არ გულისხმობს რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის გამოყენებით. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს გამონაკლის შემთხვევებს, რა დროსაც, მიუხედავად რეციდივისა, არ გამოიყენება ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი. ხსენებული ნორმა კრძალავს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენებას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ როდესაც საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (გამამტყუნებელი განაჩენით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა) ადგილი აქვს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დამაფუძნებელი განაჩენით გამოწვეული ნასამართლობის (გაქარწყლება/მოხსნამდე) პირობებში, რაც ფორმალურად გულისხმობს დანაშაულის ჩადენას ნასამართლევი პირის მიერ, - ასეთ ვითარებაში იმ განაჩენის შეუსრულებლობა, რომლის შეუსრულებლობასაც ედავებიან პირს, - ერთი მხრივ იწვევს პირის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით და იმავდროულად, დამატებით ამძიმებს მის სამართლებრივ მდგომარეობას, რადგან ხდება მისი განმეორებით გათვალისწინება ახლა უკვე სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

16.1. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის შემადგენლობა დააფუძნა ტ. ვ–სის მიმართ გამოტანილმა განაჩენმა, რომლისთვისაც მას ნასამართლობა გაქარწყლებული არ ჰქონია. კერძოდ, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენით (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელი) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი ტ. ვ–ი 2023 წლის 15 დეკემბერს არ დაემორჩილა ამავე განაჩენით დადგენილ აკრძალვას. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტ. ვ–ს ზემოაღნიშნული ნასამართლობა უკვე გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის დისპოზიციით, როგორც ქმედების შემადგენლობის თავისთავად ნაგულისხმევი ნიშანი. შესაბამისად, სასჯელის ხანგრძლივობის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოიწვევს პირის სამართლებრივი მდგომარეობის უსამართლოდ დამძიმებას. კერძოდ, ნასამართლობა, რომელიც ამ შემთხვევაში იმთავითვე გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულის შემადგენლობაში, განმეორებით იქნება გათვალისწინებული უკვე სასჯელის ხანგრძლივობის საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრისას.

17. ამდენად, მართალია, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენით (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელი) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლთან მიმართებით ქმნის რეციდივს, თუმცა, ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს, კონკრეტულ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით სასჯელის ხანგრძლივობის განსაზღვრისას მხედველობაში არ უნდა მიეღო ზემოაღნიშნული განაჩენი.

18. იმავდროულად სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის სპეციალური და ზოგადი პრევენციის მნიშვნელობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება). აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩადენილი ქმედების ხასიათის, შედეგების, დანაშაულის ჩადენის მოტივის, მიზნის, ხერხის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის (ტ. ვ–სმა განზრახი დანაშაული ჩაიდინა - განაჩენით დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, მის მიერ უგულებელყოფილ იქნა სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული წესრიგი უფლებებთან მიმართებით) გათვალისწინებით ტ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ტ. ვ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებას არ შეიცავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი−მე-3 მუხლები და ამ კანონის მე-7 მუხლი, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუქნტი.

21. საკასაციო სასამართლო, ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა (ტ. ვ–მა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2023 წლის 15 დეკემბერს).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტ. ვ–ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი და დანიშნული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შემცირდეს 1/6-ით. საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად ტ. ვ–სს უნდა განესაზღვროს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ტ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ქ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ტ. ვ–სი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ტ. ვ–ს 1/6-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;

5. სასჯელის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 15 დეკემბრიდან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი