დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.10.2024
საქმის ნომერი
37აგ.-2024
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
24.10.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142224701885455

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №37აგ-24 ქ. თბილისი

ბ. ი. 37აგ-24 24 ოქტომბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენით:

1.1. ი. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ოთხი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

1.1.1. საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2022 წლის მაისის ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.1.2. საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივნისის ეპიზოდი) – 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

1.1.3. საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ (2022 წლის 6 ივლისის ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.1.4. საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 ივლისის ეპიზოდი) – 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

1.1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 2022 წლის ივნისის თვის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ბ–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

1.1.6. მსჯავრდებულ ი. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 20 აგვისტოდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენი ი. ბ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ი. ბ–იისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების: ბ. ხ–ს, პ. გ–სა და მ. ა–ს, ასევე - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრები.

4. 2024 წლის 3 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. ბ–მა და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ბ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, ცნობილ იქნა დაუშვებლად.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ბ–მა. კასატორი ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მისი განაჩენის გადასინჯვას, მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენა. გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება ირიბ ჩვენებებს, კანონიერი საფუძვლის გარეშე მოპოვებულ და ასევე, იმ ხასიათის მტკიცებულებებს, რომელთა მიმართ არსებობდა დაუშვებლად ცნობის საფუძვლები; მტკიცებულებათა შეფასებისას და ფაქტების დადგენისას სასამართლოებმა დაუშვეს ცდომილებები და არ იხელმძღვანელეს სასამართლო პრაქტიკით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით; იმავდროულად, მსჯავრდებული მიუთითებს, რომ მისი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილეს იმ მოსამართლეებმა (მ. კ–ე, ბ. ბ–ი), რომლებიც არსებითად იხილავდნენ მის საქმეს, რაც მსჯავრდებულის შეფასებით მათი აცილების საფუძველია საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ვინაიდან მითითებულ ნორმაში განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული - დაუშვებელია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლის არარსებობის პირობებში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ საკითხის ხელახალი შეფასების მიზნით, რომლებიც საქართველოს სსსკ-ის თანახმად ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში, მათ შორის საქმეში არსებული მტკიცებულებების სარწმუნოობის ან/და საკმარისობის შემოწმება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინება N46აგ-19, II-10).

3. ამდენად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. ამდენად, საქართველო სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი მკაფიოდ ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის კუმულაციურ წინაპირობას: ახალი გარემოება არა მხოლოდ ობიექტურად უცნობი უნდა ყოფილიყო კასატორისთვის განაჩენის დადგენის დროს, არამედ ეს გარემოება გავლენას უნდა ახდენდეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე”(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება საქმეზე N46აგ-19).

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებული ი. ბ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის არსებითი განხილვისას, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში უთითებდნენ იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე (მათ შორის, არაუფლებამოსილი პირების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ირიბ მტკიცებულებებზე, 2023 წლის 13 აგვისტოს განჩინების საფუძველზე ნ. ც–ს ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციიის უკანონობაზე, 2022 წლის 19 აგვისტოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნის დაუშვებლობა/სიყალბეზე და ექსპერტ თ. კ–ს ჩვენების გაუზიარებლობაზე), რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 18 მაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 23 იანვრის განაჩენებში, ხოლო უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის 12 ივნისის განჩინებაში (საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ), - იმსჯელეს და სამართლებრივი კუთხით შეაფასეს ი. ბ–ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები როგორც უტყუარობის, ასევე - გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საკმარისობის თვალსაზრისით. ი. ბ–ს სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას ჰქონდა შესაძლებლობა მის ინტერესების დამცველ ადვოკატებთან ერთად მონაწილეობა მიეღო მტკიცებულებების გამოკვლევაში და დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია.

5. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, იმ შემთხვევაში, თუ: არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.

5.1. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს მსჯავრდებულ ი. ბ–ს მსჯელობას ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლობის შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ფსიქოლოგი ე. გ–ე არაკანონიერი მოწმეა, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, ე. გ–მ სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე გაიცნო გ. კ–ი და იყო მისი ფსიქოლოგი, ვინაიდან არასრულწლოვანი იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ე. გ–ე რეაბილიტაციის ეტაპზეც მუშაობდა მასთან და სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ისაუბრა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაზარალებულ გ. კ–ს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ ის მტკიცებულებები, რაზეც მსჯავრდებული ი. ბ–ი თავის საჩივარში (შუამდგომლობაში) მიუთითებს, ცნობილი იყო მხარეების და სასამართლოსთვის. აღნიშნული მტკიცებულებები და შესაბამისი საპროცესო დოკუმენტების ფორმალურ-მატერიალური საკითხები შეფასებული იქნა როგორც პირველ ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ, ასევე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სსსკ-ის 303-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას 2023 წლის 12 ივნისს.

6. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაუსაბუთებელია მსჯავრდებულ ი. ბ–ს მსჯელობა (როგორც შუამდგომლობაში, ასევე საკასაციო საჩივარში) განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე გადასინჯვის შესახებ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს), „გ“ (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული) და „დ“ (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) ქვეპუნქტებზე მითითებით, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ არ არის წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება (რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, ან მოცემულ საქმეზე პროცესის მონაწილეებმა ჩაიდინეს დანაშაული) ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, მოცემულ პუნქტებზე მითითება არარელევანტურია.

7. საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მსჯავრდებულ ი. ბ–ს შუამდგომლობაში არ წარმოუდგენია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც ცნობილი არ იყო სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებში საქმის განხილვის დროს და რაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, გადაესინჯა განაჩენი.

8. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ი. ბ–ს შუამდგომლობა, ვინაიდან საკასაციო საჩივრით არ დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილი არცერთი საფუძვლის არსებობა - კასატორის მიერ მითითებული მოტივები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებებს, რომლებიც არ იყო ცნობილი გადაწყვეტილების გამოტანისას და შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას.

9. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს საკასაციო სასამართლო ასევე ი. ბ–ს პოზიციას, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მისი შუამდგომლობის განმხილველი მოსამართლეების - მ. კ–სა და ბ. ბ–ს აცილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მათ ერთხელ უკვე არსებითად განიხილეს მსჯავრდებულ ი. ბ–ს სისხლის სამართლის საქმე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლით განსაზღვრულ მოსამართლის აცილების საფუძველს. ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში. ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლეს არ აქვს უფლება განიხილოს საქმე არსებითად, თუ მას ეს საქმე განხილული ჰქონდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და არა პირიქით. ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლომ განიხილა არა მოსამართლეთა – მ. კ–სა და ბ. ბ–ს გადაწყვეტილებაზე საჩივარი, არამედ - შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის N46აგ-21განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის N74აგ-24 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის 4აგ-24 განჩინება).

10. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ი. ბ–ს შუამდგომლობა, ვინაიდან საკასაციო საჩივრით არ დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლის არსებობა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი არ უთითებს ისეთ ახალ გარემოებაზე, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას, სასამართლოს არ აქვს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის უფლება და მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ი. ბ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ი. ბ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე