ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122005933280
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №800აპ-24 ქ. თბილისი
ა-ი ნ., 800აპ-24 30 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პროკურორ ზინიკო ქობალიასა და მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. გ–სის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ნ. ა–ს – პ/ნ .......... – ბრალად ედებოდა:
1.1. თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ნ. ა–სმა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად განიზრახა საბანკო ანგარიშების გამოყენებით არარეზიდენტი ფიზიკური პირის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომლებიც მოქმედებდნენ „ე. კ–ს“ სახელით, მობილური ტელეფონით კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ბინარული ოფციებით მომგებიანი ვაჭრობის პირობით დაზარალებულ ლ–ს მოქალაქე შ. მ–სთან და თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, 2020 წლის 20 მაისიდან 2020 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ჯამში 33 950 ევრო მოტყუებით ჩაარიცხინეს ნ. ა–სის ს.ს. “ს–ში“ არსებულ ანგარიშზე. ზემოაღნიშნული გზით, ნ. ა–ი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შ. მ–სსის (S----- M-----s) კუთვნილ 33 950 ევროს (121 182.12 ლარი);
1.2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების დამალვა და შენიღბვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა:
შ. მ–ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემდეგ, ნ. ა–სმა განიზრახა პირადი საბანკო ანგარიშების გამოყენებით, მრავალჯერადი ტრანზაქციების განხორციელების გზით, უკანონოდ მიღებული თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი ნამდვილი ბუნების წარმოშობის წყაროს, განთავსების დამალვა და შენიღბვა. უკანონო შემოსავლების ლეგალიზიის მიზნით, 2020 წლის 25 მაისიდან 2020 წლის 27 აგვისტოს პერიოდში, მოტყუებით დაუფლებული თანხების ნაწილი, მათ შორის კონვერტირებული ლარში, ნ. ა–მა დანაწევრებით განათავსა ,,ს- ში“ არსებულ პირად საბანკო ანგარიშებზე და განკარგა პირადი საჭიროებისამებრ. აღნიშნულით ნ. ა–სმა მოახდინა 4 041.14 ევროს და 5 460 ლარის (ჯამში 20 126.5 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
2.1. ნ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. ნ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ნ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. ნ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 16 მაისის 13:00 საათიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ ნ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. გ–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება, მსჯავრდებულ ნ. ა–სის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
3.1. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ნ. ა–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შესავალი და დასკვნითი სიტყვების წარმოდგენის ეტაპზე მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. ამასთან, ალტერნატივის სახით დაცვის მხარემ მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მსჯავრდებულ ნ. ა–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლით ან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ კი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის ნაწილობრივ პირობით მსჯავრად ჩათვლა, ან სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება. საქმის განხილვის დასკვნით სხდომაზე რეპლიკის ფარგლებში კი დაცვის მხარემ განმარტა, რომ ნ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ცნობენ დადგენილად, რის შედეგადაც დაცვის მხარემ მოითხოვა ნ. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა. მსჯავრდებულმა ნ. ა–მა საბოლოო სიტყვის თქმის ეტაპზე მიუთითა, რომ აღიარებს თაღლითობის ჩადენას, კერძოდ იმ ფაქტს, რომ თაღლითობის თანამონაწილე გახდა, ხოლო ფულის გათეთრების ჩადენის ნაწილში მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. ნ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
4.2. ნ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.3. ნ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 16 მაისიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
5.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პროკურორი ზინიკო ქობალია ითხოვს ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში და ნ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და განესაზღვროს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი;
5.2. მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ვ. გ–სი ითხოვს ნ. ა–სის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრას და ჯარიმის გამოყენებას.
6. 2024 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. გ–მა, რომელიც ითხოვს: მსჯავრდებულ ნ. ა–ზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი; მსჯავრდებულ ნ. ა–ს გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. განცხადებას თან ერთვის დაზარალებულ შ. მ–ის განცხადება (რომელიც ნათარგმნია ქართულად და თარგმანი დამოწმებულია ნოტარიულად), რომლითაც დაზარალებული თანხმობას აცხადებს ნ. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებაზე.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვს ნ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას.
3. ბრალდების მხარის მიერ ნ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების მოთხოვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების განკარგვა ავტომატურად არ ნიშნავს მის ლეგალიზაციას, რამეთუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ პირის განზრახვა და თანმდევი ქმედებ(ებ)ი მიმართული იყოს უშუალოდ უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისაკენ მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, რაც მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება.
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ. ა–ს მიერ პირად ანგარიშებზე შეტანილი თანხა არ წარმოადგენს ოჯახის დანაზოგს (ვინაიდან, შემოსავლების სამსახურიდან, საჯარო რეესტრიდან, სს „ს-იდან“ და სს „ვ..“ ბანკიდან მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ნ. ა–სა და მის დედას, როგორც ფიზიკურ პირებს, 2020 წლამდე საბანკო ანგარიშებზე უფიქსირდებათ მხოლოდ მცირე ოდენობის თანხების ბრუნვა; ხოლო მათი, როგორც მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებული საქმიანობიდან რაიმე ფინანსური სარგებლის მიღება არ იკვეთება). შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. ა–ს მიერ ანგარიშზე შეტანილი თანხები არის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული.
5. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება სადავო თანხების მოძრაობა საბანკო ტრანზაქციებით მხოლოდ მსჯავრდებულ ნ. ა–სის საბანკო ანგარიშებს შორის; არ იკვეთება ფულადი სახსრების მოძრაობის ან/და გადარიცხვის დამალვის და შენიღბვის მცდელობა. შესაბამისად, ნ. ა–ს პირად ანგარიშებზე ფულადი თანხის მოძრაობა და მის მიერვე განაღდება არ წარმოადგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.
6. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ შ. მ–სის ჩვენებას, რომლითაც დგინდება, რომ 2020 წლის მარტის თვეში დაზარალებულს დაუკავშირდა რ. მ–ი, რომლის მხრიდანაც მანამდეც გამხდარა შ. მ–ი მოტყუების მსხვერპლი და ახალი იდეებით სცადა მისგან თანხების მიღება. კერძოდ, რ. მ–მა შ. მ–ს გადაუგზავნა ვითომ ხელშეკრულება ე-სგან, რისი საშუალებითაც მოახერხებდა დაკარგული თანხების უკან დაბრუნებას და მიაწოდა ნ. ა–სის რეკვიზიტები, სადაც უნდა ჩაერიცხა თანხები, თითქოსდა ხელშეკრულების დაზღვევისა და სხვა საჭიროებებისათვის, რაც საბოლოოდ შესაძლებლობას მისცემდა, დაებრუნებინა მის მიერ როგორც ამ მომენტში, ისე ამ პერიოდამდე ბინარული ოფციებით ვაჭრობისათვის აკუმულირებული თანხები სრულად. შ. მ–ს თავად ნ. ა–სთან კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა რ. მ–ის მითითების შესაბამისად, ჩარიცხა ა-ის ანგარიშზე: 2020 წლის 20 მაისს - 4 950 ევრო, 2020 წლის 25 ივნისს - 9 000 ევრო, 2020 წლის 03 აგვისტოს - 5 000 ევრო, კვლავ 2020 წლის 03 აგვისტოს - 10 000 ევრო, 2020 წლის 05 აგვისტოს - 5 000 ევრო. ჩარიცხული თანხები ნ. ა–მა ჩარიცხვის დღეებშივე ნაღდი სახით გაიტანა ანგარიშიდან, რის შემდგომაც 2020 წლის 17 აგვისტოს მის პირად ანგარიშზე შეიტანა - 4 000 ევრო, 2020 წლის 27 აგვისტოს - 41.14 ევრო და 2020 წლის 11 სექტემბერს - 801.97 ევრო. აღნიშნული 4 843.11 ევროს მოძრაობა შემდგომში ფიქსირდება თავად ნ. ა–სის სხვადასხვა ანგარიშებს შორის და ასევე, პერიოდულად ხდებოდა მსჯავრდებულის მიერ თანხის ნაწილის განაღდება, კვლავ ანგარიშებზე განთავსება და შემდგომში ისევ განაღდება.
7. დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია სრულად თანხვდენილია მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებთან და სს „ს......იდან“ გამოთხოვილ ინფორმაციასთან.
8. სს „ს–იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ნ. ა–ი თვეების განმავლობაში იყო ჩართული მითითებულ დანაშაულებრივ სქემაში. მის ანგარიშზე დაზარალებულის ანგარიშიდან თანხები ირიცხებოდა პერიოდულად, რომელსაც იმ დღესვე ანაღდებდა ნ. ა–სი. ამასთან დასტურდება, რომ თანხის ნაწილი განკარგა თავად, პირადი შეხედულებისამებრ.
8.1. იმავდროულად, დაზარალებულის ჩვენებიდან და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, თავად ნ. ა–ს მიერ გაკეთებული განმარტებებიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. ა–მა დანაშაული ჩაიდინა ჯგუფურად და იყო წინასწარ შეთანხმებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი. ვინაიდან, დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, რომ მას ნ. ა–სთან კომუნიკაცია არ ჰქონია პირადად, მისი მონაცემები და მათ შორის ანგარიშის ნომერი მისცა რ. მ–მმა. ამასთან, როდესაც მსჯავრდებულ ნ. ა–ს დაუკავშირდნენ ს-ის თანამშრომლები ის ინფორმირებული იყო თანხების ჩარიცხვის საკითხზე, უფრო მეტიც, პირადად არკვევდა თანხის ჩარიცხვის დეტალებს, დროს, რომ თანხის ასახვა მის ანგარიშზე დაუბრკოლებლად მომხდარიყო.
9. სასამართლო ითვალისწინებს სს „ს-ის“ მიერ წარმოდგენილ აუდიოფაილს, რომლის დათვალიერებით დგინდება, რომ ნ. ა–ი დაინტერესებულია - რაც შეიძლება მალე დაირიცხოს მის ანგარიშზე ლ–ს რესპუბლიკიდან ევროს ვალუტაში გადმორიცხული თანხა, არკვევს - ხომ ნამდვილად აქვს მას ევროს ანგარიში და არაერთხელ აზუსტებს მაქსიმალურ ვადას, რაც საჭიროა უცხო ქვეყნის საბანკო ანგარიშებიდან მის ანგარიშზე თანხის დარიცხვისათვის.
10. სასამართლო ითვალისწინებს, ს-ის თანამშრომლების ნ. ა–სა და ნ. მ–ს ჩვენებებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მას შემდეგ, რაც ნ. ა–სის ევროს ანგარიშზე ფულადი თანხების დარიცხვის საკითხზე გაჩნდა კითხვები ესაუბრნენ ნ. ა–სს, რომელმაც განუმარტათ, რომ მეგობრის თხოვნით ჩარიცხეს მის ანგარიშზე ეს ფული, რაც მისი მხრიდან განაღდების შემდეგ გადასცა ხსენებულ მეგობარს და მისი სახელი და გვარი თავდაპირველად არ დაასახელა, მხოლოდ მოგვიანებით ახსენა მათთან საუბარში ვინმე დ..... (საქმის მასალებით დადგინა, რომ აღნიშნულ პირის საქართველოში შემოსვლისა და გასვლის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება, თავად ნ. ა–სმა პირველი ინსტანციის სასამართლოში კი მიუთითა, რომ ეს იყო გამოგონილი პირი). შემდგომი კომუნიკაციის მცდელობისას კი ნ. ა–ი ბანკის თანამშრომლებთან გახდა აგრესიული და არ ისურვა სს „ს-თან“ თანამშრომლობის გაგრძელება მის ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების კანონიერების საკითხის დადგენის მიზნით.
11. სასამართლო ითვალისწინებს ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს, რომლებითაც დგინდება, რომ ნ. ა–ი ნერვიულობს განსახილველ სს საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით და არ სურს გამოძიებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მას კომუნიკაციის მეორე მხარე - მამაკაცი – არწმუნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, „ვერაფერი ამოქექეს“ და ვინაიდან მის წინააღმდეგ არაფერი აქვთ, მისთვის ბრალის დადება იქნება „სისულელე“.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ნ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით და ითვალისწინებს რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ შ. მ–ს, მოწმეთა: ნ. ა–ს, ნ. მ–ს, ს. ც–სის, ა. ფ–ს ჩვენებებით, დაზარალებულ შ. მ–ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, 2020 წლის 18 აგვისტოს დაზარალებულ შ. მ–ს მიერ ს-ისათვის მიწერილი წერილით, 2021 წლის 25 იანვრის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის N... მიმართვითა და საქმის რეზიუმით, 2021 წლის 12 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით, დათვალიერების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ. ა–ს მიერ თაღლითობის, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების ჩადენა.
13. დაცვის მხარე ნ. ა–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნის მიუხედავად, საკასაციო საჩივრის სამოტივაციო ნაწილში უთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, საქმეზე გამოძიება დაიწყო კანონიერი საფუძვლების არსებობის გარეშე, მტკიცებულებათა მოპოვებისა და სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრებისას დაირღვა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მოთხოვნები.
14.სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის მოთხოვნის და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულის პოზიციის (აღიარების) გათვალისწინებით, სასამართლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმებს დანიშნული სასჯელის კანონიერებას და სამართლიანობას. საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა გარემოებებთან მიმართებით, ვინაიდან კასატორი არ ითხოვს მათი კანონიერების შემოწმებას, სასამართლო მოკლებულია მათი შეფასების შესაძლებლობას.
15. კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნაზე, ნ. ა–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7).
16. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
17. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათი, მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება, ნ. ა–ს პიროვნება, მისი როლი და ქმედებათა ინტენსივობა და მიიჩნია, რომ განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საბოლოო სიტყვის თქმის ეტაპზე გაჟღერებული დანაშაულის ჩადენის აღიარების ფაქტი არ არ არის საკმარისი ნ. ა–ს მიმართ ჯარიმის გამოსაყენებლად ან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობით მსჯავრად ჩასათვლელად.
17.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ. ა–ს მიმართ დანიშნული სასჯელი (მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ხანგრძლივობით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა) არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). იმავდროულად, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
18. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ. ა–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით.
20.,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
21. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, მასზე მითითებას არ შეიცავს ასევე ამავე კანონის მე-7 მუხლი.
23. შესაბამისად, ვინაიდან ნ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით (მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა) მის მიმართ დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა შემცირდეს 1/6-ით და სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პროკურორ ზინიკო ქობალიასა და მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. გ–ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განაჩენი, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეიცვალოს.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პროკურორ ზინიკო ქობალიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. ნ. ა–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
5. ნ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ნ. ა–ს 1/6-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
6. ნ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 16 მაისიდან.
7. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე