საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100121005128734
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №966აპ-24 ქ. თბილისი
ღ გ., 966აპ-24 27 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულების – გ. ღ-სა და მ. ჯ. ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ-სა და ა. გ-ს საკასაციო საჩივრის, ასევე – თბილისის პროკურატურის პროკურორ გიორგი ქობულაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ღსა და მ. ჯ. ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ტ. კ-მ და ა. გ-მ, ასევე თბილისის პროკურატურის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ.
ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს: მ. ჯ. მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო გ. ღ-ს გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით შერაცხილ ბრალდებაში და მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობად, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანია, ვინაიდან საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს გ. ღ-ს ბრალეულობას, ვინაიდან განაჩენს საფუძვლად არ უდევს მტკიცებულებათა ერთობლიობა; სინამდვილეში გ. ღ-მ კი არა, სხვა პირმა, მისმა ახლობელმა ესროლა დაზარალებულს, რომლის ვინაობის დასახელებაც არ სურს მსჯავრდებულს; მოწმეთა ჩვენებები და სატელეფონო მიმოწერაც ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა, სხვა, მესამე პირი; მოწმე ქ. ა. აშკარად ცრუობს, სასამართლოს აძლევს აბსურდულ ჩვენებას და დანაშაულის ჩადენას უსაფუძვლოდ აბრალებს გ. ღ-ს. ამასთან, მისი ჩვენება ეწინააღმდეგება როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს; მოწმე ქ ა-ს მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმი დაუშვებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან იგი ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის ნორმების არსებითი დარღვევით; დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები ლოგიკური და თანმიმდევრულია, რაც სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა; ამდენად, გ. ღ-ს ქმედება, თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ მან დანაშაული დაფარა, წარმოადგენს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას; რაც შეეხება მ. ჯ. მსჯავრდებას, ამ ნაწილშიც, განაჩენი მხოლოდ მოწმე ქ. ა-ს არასანდო, არადამაჯერებელ და ცრუ ჩვენებას ემყარება; მ. ჯ. შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის ჩადენის დროს საერთოდ არ იმყოფებოდა. იქ მხოლოდ გასროლის ხმის გაგების შემდეგ მივიდა, მას არ დაუნახავს თუ ვინ და რა ვითარებაში ისროლა, არც ტელეფონი ჰქონდა, რომ პოლიციაში დაერეკა.
ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ღ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას და საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებას; მ. ჯ. მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი საფუძვლებით: პროკურორს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელები ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას; ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გ. ღ-ს პიროვნების (მისი წარსული ნასამართლობა, რეციდივის არსებობა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა და დანაშაულის იარაღის გადამალვა), ჩადენილი ქმედებების სიმძიმის, ხასიათისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციის (მოითხოვს მკაცრ და სამართლიან სასჯელს) გათვალისწინებით, მისთვის შეფარდებული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია; ბრალდების მხარე აგრეთვე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ მ. ჯ-სთვის სასჯელის დანიშვნისას ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული მისი პიროვნება (მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და გარკვეული დროის განმავლობაში ემალებოდა გამოძიებას, არ აღიარა დანაშაული და არ დაეხმარა სამართალდამცავ ორგანოებს, პირიქით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენ გ. ღ-ს ხელს უწყობდა მართლმსაჯულებისთვის თავის არიდებაში), ასევე, დაზარალებულის პოზიცია და ისე განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის განაჩენით:
2.1. გ. ღ, – დაბადებული ... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით – 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ღ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ღ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 15 ივლისიდან.
გაუქმდა გ. ღს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
2.2. მ. ჯ., – დაბადებული .. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მ. ჯ-ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 2 აგვისტოდან.
გაუქმდა მ. ჯ. მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:
3.1. გ. ღ-მ ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
გ. ღ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü გ. მ-ს და ლ. ღ-ს ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო 2021 წლის 13 ივლისიდან ისინი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. აღნიშნული ფაქტი მიუღებელი აღმოჩნდა ლ. ღ-ს ძმის – გ. ღ-სთვის, რის გამოც, მან განიზრახა გ. მ-ს მოკვლა. განზრახვის აღსრულების მიზნით, გ. ღ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და ამავე იარაღისთვის განკუთვნილი ერთი ვაზნა, რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
2021 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ღ-მ თანნაქონი ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გაისროლა გ. მ-ს მიმართულებით, მისი მოკვლის მიზნით. მიყენებული დაზიანების შედეგად, გ. მ. გარდაიცვალა.
ü რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით გ. ღ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით; სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად გ. ღ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განაჩენით გ. ღ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა აღნიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად გ. ღ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
გ. მჭედლიშვილსა და ლ. ღ-ს ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო 2021 წლის 13 ივლისიდან ისინი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. აღნიშნული ფაქტი მიუღებელი აღმოჩნდა ლ. ღ-ს ძმის – გ. ღ-სთვის, რის გამოც, მან განიზრახა გ. მ-ს მოკვლა. განზრახვის აღსრულების მიზნით, გ. ღ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და ამავე იარაღისთვის განკუთვნილი ერთი ვაზნა, რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
2021 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ღ-მ თანნაქონი ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გაისროლა გ. მ-ს მიმართულებით, მისი მოკვლის მიზნით. მიყენებული დაზიანების შედეგად, გ. მ. გარდაიცვალა. 2021 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, გ. ღ ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.
3.2. მ. ჯ-მ ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, რაც გამოიხატა შემდეგით:
მ. ჯ. 2021 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, იმყოფებოდა გ. ღ-ნთან ერთად და დანამდვილებით იცოდა, რომ გ. ღ-ს ჰქონდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და ამავე იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. მანვე, ასევე დანამდვილებით იცოდა, რომ 2021 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ... ტერიტორიაზე, გ. ღ-მა ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა გ. მ-ს მიმართულებით, მისი მოკვლის მიზნით, ხოლო მიყენებული დაზიანების შედეგად, გ. მ. გარდაიცვალა. 2021 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, გ. ღ. ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. გ. ღ-ს მიერ ზემოხსენებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების (განზრახ მკვლელობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) ჩადენის შესახებ ნამდვილად იცოდა მ. ჯ-მ, მაგრამ აღნიშნული არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
ü მსჯავრდებულ გ. ღ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ტ. კ-მ, თ. ჯ-მ და ჯ. კ-მ სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
ü მსჯავრდებულ მ. ჯ. ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მ. ჯ. მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. ღ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა და საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენება; მ. ჯ. მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად. (სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ მ. ჯ. დღეის მდგომარეობით, გათავისუფლებულია პენიტენციური დაწესებულებიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე 9 (ცხრა) თვითა და 2 (ორი) დღით ადრე – 2023 წლის 17 აგვისტოს და საპრობაციო ვადა დაუსრულდა 2024 წლის 18 მაისს).
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი, მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც, გ. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ხოლო მ. ჯ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას გ. ღსა და მ. ჯ. მიმართ შერაცხილ ბრალდებებში უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების – ქ. ა-ს, ლ. რ-ს, დ. კ-ს, ი. რ-ს, თ. გ-ს, ა. ო-ს, დ. ჯ., ს. ნ., ს. ე.-ს, ი. გ-სა და სხვათა ჩვენებებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის − გ. ნ-ს ჩვენებით, მობილური ტელეფონის დათვალიერების 2021 წლის 15 ივლისის და ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ოქმებით, თანდართული ფოტოილუსტრაციებით, სს „...“ გამოთხოვილი ინფორმაციით, შპს ,,..’’ გამოთხოვილი ინფორმაციით, ქ. ა-ს მონაწილეობით ჩატარებული გ. ღს ფოტოსურათებით ამოცნობის 2021 წლის 15 ივლისის ოქმით, ქ. ა-ს მონაწილეობით ჩატარებული მ. ჯ. ფოტოსურათებით ამოცნობის 2021 წლის 15 ივლისის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ავტომობილ ,,მერსედესზე’’ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის გ. ხ-ს ჩვენებით, გ. მ-ს მიმართ ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 11 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასამართლო ოდოროლოგიური ექსპერტის 2021 წლის 9 აგვისტოს დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ბესარიონ ისაკაძის ჩვენებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 19 ოქტომბრის გ. ღს ფსიქოლოგიური ექსპერტის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ვ. ჟ-ს ჩვენებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ღს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ხოლო მ. ჯ. მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
11. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა განაჩენი, უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს, ხოლო მტკიცებულებათა შორის შეუსაბამობანი არ უნდა ეხებოდეს მტკიცების მთავარ საგანს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოწმე ქ. ა. თანმიმდევრულად, დეტალურად და დამაჯერებლად მიუთითებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მსჯავრდებულებისა და მსხვერპლის შეხვედრის მომენტზე, გასროლის ხმაზე, მსჯავრდებულების მიმალვის, გ. ღ-ს ხელში იარაღის დანახვის ფაქტსა და დამდგარ შედეგზე. ამასთან, ქ. ა-ს ჩვენებაში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, სრულად არის თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის მოწმეების – ს. ნ-ს, ს. ე-ს, ს. გ-ს, ი. გ-ს და ს. გ-ს ჩვენებებთან, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, ექსპერტიზის დასკვნებთან და სხვა მტკიცებულებებთან. მითითებული მტკიცებულებები არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და არ არის ურთიერთგამომრიცხავი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აგრეთვე არ იკვეთება ნეიტრალური მოწმის ქ. ა-ს მხრიდან, მსჯავრდებულების მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობის ფაქტი, ისევე როგორც – სხვა მოწმეთა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. ამრიგად, საკასაციო პალატის დასკვნით, არავითარი საფუძველი არ არსებობს, საეჭვოდ იქნეს მიჩნეული ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების სისწორე და სარწმუნოობა.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები (მათ შორის – მოწმე ქ. ა-ს მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობები) წარმართულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადვოკატების სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივარში არ უთითებენ.
14. რაც შეეხება მსჯავრდებულების – გ. ღ-სა და მ. ჯ. მიმართ შეფარდებულ სასჯელებს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელთა ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირთა ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები, რომელთა შეცვლის საფუძველი არ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების – გ. ღ-სა და მ. ჯ-თვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულების – გ. ღ-სა და მ. ჯ. მიმართ მითითებული კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული, ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების – გ. ღსა და მ. ჯ. ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ-სა და ა. გ-ს საკასაციო საჩივარი, ასევე – თბილისის პროკურატურის პროკურორ გიორგი ქობულაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი