დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141224010121338
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1011-24 15 ნოემბერი, 2024 წელი
მ. რ. 1011-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით რ. მ–ი, – პირადი №............., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის განაჩენით რ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
2.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ. მ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა წინა განაჩენით რ. მ–სათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
2.5. საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, რ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
2.6. რ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2019 წლის 30 ივლისიდან;
2.7. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, რ. მ–ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 (ოცი) წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის განაჩენი რ. მ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ო. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
5. 2024 წლის 1 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ რ. მ–ს პირადი საქმე.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით:
6.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რ. მ–ი გათავისუფლდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელისაგან;
6.1.1. დანარჩენ ნაწილში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად;
6.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რ. მ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
6.2.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება რ. მ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელზე;
6.2.2. რ. მ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის განაჩენით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პირინციპის საფუძველზე განსაზღვრული საბოლოო სასჯელი დარჩა უცვლელად;
6.3. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. მ–მა, რომელიც ითხოვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას.
8. მსჯავრდებულ რ. მ–ს პირადი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2024 წლის 14 ნოემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განჩინების თანახმად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რ. მ–ი გათავისუფლდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელისაგან; ასევე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რ. მ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის განაჩენით (რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარის განაჩენით დარჩა უცვლელად) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რასაც საკასაციო სასამართლო ეთანხმება და სადავოდ არ ხდის არც მსჯავრდებული.
3. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
4. ამდენად, ვინაიდან რ. მ–სი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), ხოლო ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებასთან მიმართებით, რაიმე სახის შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, სასამართლო მოკლებულია რ. მ–სისათვის ამ ნაწილში სამართლებრივი მდგომარეობის შემსუბუქების შესაძლებლობას.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე