დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100123007428690
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1204აპ-24 24 დეკემბერი, 2024 წელი
მ-ე გ, 1204აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,პროკურორ _ ალექსანდრე ძირკვაძის,ადვოკატ – რ. ჭ–ის,მსჯავრდებულ _ გ. მ-ის
მონაწილეობით განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი და შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. მ-ეს ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით); ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 29 აპრილს, დაახლოებით, 07:30 საათზე, ქ. ბ-ი, ე. თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. მ-ე ურთიერთშელაპარაკებისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ა-ეს, რომელმაც მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის 29 აპრილს, დაახლოებით, 07:30 საათზე, ქ. ბ–ი, ე. თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. მ-ემ ურთიერთშელაპარაკებისას სახის არეში დარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ნ. ა-ეს.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის განაჩენით გ. მ-ე (პ/ნ --), დ–ს, ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით დანიშნული 3 წლით პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და გ. მ-ეს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 29 აპრილიდან.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და მისთვის, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო დაცვის მხარემ – გ. მ-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მხარეთა სააპელაციო საჩივრები და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორი – პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. მსჯავრდებული გ. მ-ე და მისი ადვოკატი რ. ჭ–ი შესაგებლით ითხოვენ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
8. 2024 წლის 18 დეკემბერს პროკურატურამ გაითვალისწინა: ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი და სიმძიმე, ბრალეულობის ხარისხი, ასევე, მსჯავრდებულის საზოგადოებრივი საშიშროება, პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ დანაშაულთა აღიარება და მონანიება, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელშეწყობა, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა – და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულ გ. მ-ეს, მის ადვოკატს – რ. ჭ–სა – და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
9. 2024 წლის 23 დეკემბერს პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ გ. მ-ეს შორის 2024 წლის 18 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ: გ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად; გ. მ-ე ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და განესაზღვროს ჯარიმა – 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. მ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული მსჯავრი, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით – 6 (ექვსი) თვით – და მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და გ. მ-ეს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოოდ განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
10. 2024 წლის 24 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე, საკასაციო საჩივრის განხილვის დროს, მსჯავრდებულმა გ. მ-ემ აღიარა მისთვის ბრალად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რასაც დაეთანხმა მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ჭ–ი.
11. 2024 წლის 24 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს: პროცესში მონაწილე პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ, მსჯავრდებულმა გ. მ-ემ და მისმა ადვოკატმა რ. ჭ–მა.
12. ამასთან, საკასაციო საჩივართან მიმართებით, ბრალდების მხარემ დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა, რომ, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნიკა მენთეშაშვილსა და მსჯავრდებულ გ. მ-ეს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ ნ. ა-ის, მოწმეების: ჯ. ხ–ის, ნ–ის, ა. შ-ისა და გ. ჩ-ის – გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმითა და ამოღებული ტანსაცმლით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, ამოცნობის ოქმითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, გ. მ-ის მიმართ ბრალად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და სასჯელის ზომასთან დაკავშირებით ეთანხმება პროკურორს. მსჯავრდებული გ. მ-ე ასევე აცნობიერებს სასამართლოს უფლებამოსილებასაც, მხედველობაში არ მიიღოს შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ისიც ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნიკა მენთეშაშვილსა და მსჯავრდებულ გ. მ-ეს შორის;
4. გ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით;
5. გ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 3000 (სამი ათასი) ლარი;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. მ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე – ჩაეთვალოს პირობით;
7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული 3 (სამი) წლით პირობითი მსჯავრი, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით – 6 (ექვსი) თვით – და მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა – და გ. მ-ეს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოოდ, განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე – ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
9. მსჯავრდებულ გ. მ-ეს თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი აეთვალოს დაკავების დღიდან – 2023 წლის 29 აპრილიდან;
10. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. მ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
11. ნივთიერი მტკიცებულება – ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, დაუბრუნდეს მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს; გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 (ერთ) დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით;
12. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე