შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100124009369015
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1234აპ-24 ქ. თბილისი
ფ. გ. 1234აპ-24 11 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ფ–ის მიმართ.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. ფ–ს (პ/ნ №........) - ბრალად ედებოდა ტრაქტორის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, დ......... ქ.......... საავტომობილო გზაზე, სოფელ ზემო ქ-ს მიმართულებით, დაახლოებით 60-70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა „მიცუბშის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: ........., რომელსაც მართავდა მძღოლი – ვ. ფ. იმავე დროს მისგან საპირისპიროდ, დაახლოებით 20-30კმ/სთ სიჩქარით, მისაბმელი საწამლი აპარატით მოძრაობდა „ბელარუსის“ მარკის ტრაქტორი, სახელმწიფო ნომრით: ......., რომელსაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით მართავდა მძღოლი – გ. ფ–ი, კერძოდ, მოძრაობდა გაუმართავი მისაბმელი მოწყობილობით, საწამლი აპარატის მარცხენა ფრთა იყო გაშლილი და იკავებდა საპირისპირო მოძრავი ავტომობილისთვის განკუთვნილი გზის სავალ ნაწილს, რის გამოც მოძრაობისას ზემოაღნიშნულ ავტომობილსა და ტრაქტორის მისაბმელი საწამლი აპარატის მარცხენა ფრთით მოხდა ურთიერთკონტაქტი - შეჯახება. შედეგად, გარდაიცვალა “მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანის მძღოლი ვ. ფ. და ამავე მანქანაში მჯდომი მგზავრი თ. ფ.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განაჩენით:
2.1. გ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 2 წელი. მასვე, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
2.2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 16 აპრილიდან;
2.3. პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედებისას მსჯავრდებულ გ. ფ–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაევალა პრობაციის ბიუროს, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულს აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა, რომელმაც მოითხოვა ცვლილება სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, გ. ფ–ისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ გ. ფ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. კ–მა და მოითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განაჩენი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში ცვლილებას და გ. ფ–ის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენებას.
5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ გ. ფ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ე. კ–ის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს ცვლილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში და გ. ფ–ის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენებას. კასატორის მტკიცებით, გ. ფ–ისთვის განსაზღვრული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად – ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას. დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მ. ი–ს) მსჯავრდებულის მიმართ აქვს პრეტენზია. სასამართლოს მიერ შეფარდებული ლმობიერი სასჯელი ასევე ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას; საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გააჩენს განცდას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალება ისჯება მხოლოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთით; ასევე ვერ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია.
3. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს გ. ფ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
5. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
6. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
7. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გ. ფ–ს განუსაზღვრა ძირითადი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა – საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური ხანგრძლივობით, რაც დანაშაულის ჩადენის ვითარების, გ. ფ–ის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
8. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა: გ. ფ–ის კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, მათ შორის, ის გარემოებები, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სისხლისსამართლებრივი სანქცია, მის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობით დანაშაულს, დამნაშავის რესოციალიზაციის და სამართლიანობის პრინციპი, საქმეში გამოკვლეული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
9. ამასთან, ბრალდების მხარე სასჯელის გამკაცრების მოთხოვნის დასაბუთებისთვის არ უთითებს რაიმე მტკიცებულებაზე/ინფორმაციაზე, რაც არ იყო/არასათანადოდ იყო შეფასებული სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განაჩენში და ადასტურებს დანიშნული სასჯელის უსამართლობას, რის საფუძველზეც სასამართლოს ექნებოდა დანიშნული სასჯელის – 6 წლით თავისუფლების აღკვეთის – გამკაცრების შესაძლებლობა.
10. საკასაციო სასამართლო გ. ფ–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების და ხასიათის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნებისა და წარსულის გათვალისწინებით, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გ. ფ–ისათვის დანიშნული სასჯელის (როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი) ზომის შესახებ (მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა). სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ თ. ფ– უფლებამონაცვლე ა. დ–ს მსჯავრდებულის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, ხოლო მეორე დაზარალებულის ვ. ფ–ს უფლებამონაცვლეს მ. ი–ის პრეტენზია აქვს მსჯავრდებულ გ. ფ–ის მიმართ. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულის პოზიცია ავტომატურად ვერ გახდება სასჯელის გამკაცრების საფუძველი, ვინაიდან „სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). ამასთან, ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის დროს, როგორც დამამძიმებელი გარემოება (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 2 მაისის განჩინება საქმეზე N 295აპ-22 და 2022წლის 17 მაისის განჩინება საქმეზე N 354აპ-22). სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; ასევე - 2022წლის 10 ივნისის განჩინება N432აპ-22).
11. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის მოხდის წესის განსაზღვრისთვის სავალდებულოა კუმულაციურად შემდეგი პირობების არსებობა: ბრალდებულის (მსჯავრდებული) მიერ დანაშაულის აღიარება (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და თანამშრომლობა გამოძიებასთან (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება №305აპ-21).
11.1. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ 2024 წლის 16 აპრილს გამოკითხვისას გ. ფ–მა გამოძიებისათვის ინფორმაციის მიწოდებისას მიუთითა მომხდარი ავტოავარიის დეტალებზე (იხ.: ტ.1, ს.ფ.92-95), თუმცა 2024 წლის 18 აპრილს ბრალის წარდგენის (14:55-15:55) შემდეგ გამოკითხვისას (16:05-16:15) გამოიყენა დუმილის უფლება (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 169-171); სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი წინასასამართლო სხდომის ოქმით დგინდება, რომ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე გ. ფ–ი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობდა (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 მაისის წინასასამართლო სხდომის ოქმი 13:51:02-13:51:15), 2024 წლის 17 ივნისის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე კი მიუთითა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის სხდომის ოქმი 15:25:15-15:25:17) და მხოლოდ შემდეგ სხდომაზე, 2024 წლის 15 ივლისს, დაზარალებულ მ. ი–ის დაკითხვის შემდეგ მიუთითა, რომ თავს ცნობდა დამნაშავედ და უდავოდ ცნობდა სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის სხდომი ოქმი 16:41:55-16:42:04), რაც ვერ შეფასდება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენი საქმეზე N 444აპ-23, II- 6.1; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება N 878აპ-22, პარ. 10).
11.2. ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას იმპერატიულად უკავშირებს ამავე ნაწილით დადგენილი ზემოაღნიშნული სამი წინაპირობის არსებობას, – სასამართლოს კანონისმიერად ეკრძალება აღნიშნული შეღავათის გამოყენება, მათ შორის, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ბრალის აღიარების მიმართ არათანმიმდევრული პოზიციის ან/და გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში.
11.3. შესაბამისად, სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, მსჯავრდებულ გ. ფ–ის მიმართ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის – პირობით მსჯავრად ჩათვლა, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ფ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და მოცემული კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ. ი–ის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით (რომელიც წინააღმდეგია გ. ფ–ის მიმართ გავრცელდეს ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათი (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმი 17:18:40-17:24:21)) მიუთითა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას, გ. ფ–ისათვის შეემცირებინა ძირითადი და დამატებითი სასჯელი.
12.1. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე ინფორმაცია დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ. ი–ის პოზიციის ცვლილების შესახებ და არც მისი თანხმობა გ. ფ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შესახებ. შესაბამისად, აღნიშნულის და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის გათვალისწინებით არ არსებობს არც ამ ნაწილში განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.1. გ. ფ–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
2.2. გ. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვლოს დაკავებიდან - 2024 წლის 16 აპრილიდან;
3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე