საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123008021112
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1263აპ-24 ქ. თბილისი
ღ–ი გ., 1263აპ-24 18 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ღ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენით:
1.1. გ. ღ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, თანაბარ სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, გ. ღ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით გ. ღ–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, გ. ღ–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
გ. ღ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა – 2024 წლის 22 აპრილიდან.
1.2. გ. ღ–ი (ძებნილი), – დაბადებული 19.. წელს, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, თანაბარ სასჯელთა შთანთქმის პრინციპით საბოლოოდ, გ. ღ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
გ. ღ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დროიდან და დაკავებისთანავე შესახლებულ იქნას პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
გაუქმდა გ. ღ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. და გ. ღ–ებმა ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:
ü მამა-შვილმა გ. და გ. ღ–ებმა განიზრახეს მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდნენ სხვის კუთვნილ თანხას. ამ მიზნით, სოციალური ქსელ ,,......ში“ განათავსეს განცხადება, თითქოსდა გ–ს ფედერაციიდან ს–ში ჩამოჰყავდათ ავტომანქანები. მითითებულის საფუძველზე, 2022 წლის 18 ოქტომბერს, სოციალურ ქსელ ,,......ზე“ განთავსებული განცხადების მეშვეობით, შ. გ–ი სოციალურ ქსელის საშუალებით დაუკავშირდა გ. ღ–ს, რომელიც მოტყუებით დაჰპირდა, რომ გ–ს ფედერაციაში შეიძენდა და ს–ში ჩამოუყვანდა ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილს – 12 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ. მეტი დამაჯერებლობისათვის, ავტომანქანის ჩამოყვანაში დახმარება ს–ში მყოფ გ. ღ–ის მამას – გ. ღ–ს უნდა უზრუნველეყო. 2022 წლის 19 ოქტომბერს, გ. ღ–მა და გ. ღ–მა, ჯგუფურად, სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, თ–ში, ნ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრაზე შეითანხმეს შ. გ–ი, რომელსაც უშუალოდ შეხვდა გ. ღ–ი. ამ უკანასკნელმა კი, ნოტარიული ხელშეკრულების გაფორმებით შ. გ–ი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ავტომანქანას ჩამოუყვანდა. ამავდროულად, 2022 წლის 19 ოქტომბერს, შ. გ–მა, თავისი ძმის მეშვეობით, გ. ღ–ს ანგარიშზე, წინასწარ ჩაურიცხა თანხის ნაწილი – 8750 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი, შეთანხმებისამებრ, უნდა გადაეხადა სატრანსპორტო საშუალების ს–ში ჩამოსვლის შემდეგ. გ. ღ–მა და გ. ღ–მა, რომლებიც მოქმედებდნენ დანაშაულებრივი განზრახვით, შ. გ–ს ს–ში არ ჩამოუყვანეს ავტომანქანა, მოტყუებით დაეუფლნენ მის მიერ წინასწარ გადახდილ თანხას და კომუნიკაცია გაწყვიტეს მასთან. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია – 24 173 ლარისა და 62 თეთრის დიდი ოდენობით ზიანი.
ü 2022 წლის 20 ოქტომბერს, სოციალურ ქსელ ,,ფ–ზე“ განთავსებული განცხადების საფუძველზე, ლ. შ–ი სოციალურ ქსელის საშუალებით დაუკავშირდა გ. ღ–ს, რომელიც მოტყუებით დაჰპირდა, რომ გ–ს ფედერაციაში შეიძენდა და ს–ში ჩამოუყვანდა ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილს – 11 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ. მეტი დამაჯერებლობისთვის, ავტომანქანის ჩამოყვანაში დახმარება ს–ში მყოფ გ. ღ–ის მამას – გ. ღ–ს უნდა უზრუნველყო. ამავდროულად, 2022 წლის 20 ოქტომბერს, ლ. შ–მა თავად გ. ღ–ს ხელზე გადასცა თანხის ნაწილი – 8000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი, შეთანხმებისამებრ, უნდა გადაეხადა სატრანსპორტო საშუალების ს–ში ჩამოსვლის შემდეგ. გ. ღ–მა და გ. ღ–მა, რომლებიც მოქმედებდნენ დანაშაულებრივი განზრახვით, ლ. შ–ს ს–ში არ ჩამოუყვანეს ავტომანქანა, მოტყუებით დაეუფლნენ მის მიერ წინასწარ გადახდილ თანხას და კომუნიკაციაც გაწყვიტეს მასთან. აღნიშნულმა ქმედებამ – 22 128 ლარის დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.
ü 2022 წლის 23 ოქტომბერს, სოციალური ქსელ ,,......ზე“ განთავსებული განცხადების მეშვეობით, პ. ბ–ი სოციალურ ქსელის საშუალებით დაუკავშირდა გ. ღ–ს, რომელიც მოტყუებით დაჰპირდა, რომ გ–ს შეიძენდა და ს–ში ჩამოუყვანდა ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილს – 11 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ. აღნიშნულ საკითხში დახმარება გ. ღ–ის შვილს – გ. ღ–ს უნდა უზრუნველეყო. 2022 წლის 23 და 24 ოქტომბერს, გ. ღ–მა და გ. ღ–მა, ჯგუფურად, სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ყ–ში, ჭ–ს ქუჩაზე მდებარე ბანკომატიდან პ. ბ–ს გ. ღ–ის საბანკო ანგარიშზე წინასწარ ჩაარიცხინეს თანხის ნაწილი – 5550 ევრო, ხოლო დარჩენილი ნაწილი, შეთანხმებისამებრ, უნდა გადაეხადა სატრანსპორტო საშუალების ს–ში ჩამოსვლის შემდეგ. გ. ღ–მა და გ. ღ–მა, რომლებიც მოქმედებდნენ დანაშაულებრივი განზრახვით, პ. ბ–ს ს–ში არ ჩამოუყვანეს ავტომანქანა, მოტყუებით დაეუფლნენ მის მიერ წინასწარ გადახდილ თანხას და კომუნიკაციაც გაწყვიტეს მასთან. აღნიშნულმა ქმედებამ – 14 901 ლარისა და 19 თეთრის, დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ღ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ. ღ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ღ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენში, კერძოდ:
გ. ღ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით, 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით, 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით, 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და, საბოლოოდ, გ. ღ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 10 (ათი) თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით გ. ღ–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, გ. ღ–ს, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. ღ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან – 2024 წლის 22 აპრილიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ღ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას (ალტერნატივის სახით სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას), ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანი, რამეთუ საქმის მასალებით გამოკვეთილია სამოქალაქოსამართლებრივი დავა და არა – სისხლის სამართლის დანაშაული. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ გ. ღ–მა სამივე დაზარალებულს გაუფორმა შესაბამისი ხელშეკრულებები, რომლებითაც, ანაზღაურების სანაცვლოდ, იტვირთა მათთვის ავტომანქანების გერმანიიდან ჩამოყვანის ვალდებულება. შემდეგ გ. ღ–მა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სიტყვიერად დათქმულ ვადებში, ვერ შეძლო შეთანხმების შესრულება, რის გამოც, მას დაზარალებულებისათვის თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოექმნა. თანხის ნაწილი გ. ღ–მა დაუბრუნა კიდეც დაზარალებულებს, ხოლო დანარჩენი ნაწილის დაბრუნების ვალდებულებასაც იღებს. ამდენად, მის ქმედებაში არ იკვეთება თაღლითობის ნიშნები. კასატორს ასევე მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი ზედმეტად მკაცრია, ვინაიდან იგი არ უარყოფს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დაზარალებულების ჩვენებების გარდა, სხვა ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნია. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ გ. ღ–ის მიმართ არასწორად გავრცელდა ამნისტიის კანონი, ვინაიდან სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულ სასჯელზე ცალკე უნდა გავრცელებულიყო სასჯელის განახევრება.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი, მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ. ღ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ის მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გ. ღ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების – შ. გ–ის, ლ. შ–ისა და პ. ბ–ის ჩვენებებით, მოწმე ხ. ხ–ის ჩვენებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმებებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, ,,....ს” ბანკიდან და ,,...–ი” ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, დაზარალებულების მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმებით, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
10. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით. ობიექტური მხრივ, თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს, ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა – მოტყუება. შესაბამისად, არ არის საკმარისი მხოლოდ მატერიალური სარგებლის მიღება, აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და დანაშაულის სპეციალური ხერხით – დაზარალებულის მოტყუებით ჩადენა. მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით (მაგალითად, წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინება ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვა, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის და ა.შ.).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია სამოქალაქოსამართლებრივი დავა და არა – სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გამორიცხავს გ. ღ–ის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დგინდება მის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების, – თაღლითობის ჩადენა დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სახელდობრ:
12. სასამართლოში გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მსჯავრდებულის ქმედებაში უტყუარად დასტურდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის შემადგენლობის, როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა. ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი: გ. ღ–ს დაზარალებულებისათვის გ–ს ფედერაციული რესპუბლიკიდან ავტომანქანების ჩამოყვანის ვალდებულების აღებისას, წინასწარ ჰქონდა განზრახული სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება და ამ მიზნის მისაღწევად, მოქმედებდა სპეციალური ხერხის – მოტყუების გამოყენებით. კერძოდ, როგორც დაზარალებულების – შ. გ–ის, ლ. შ–ისა და პ. ბ–ის ჩვენებებით, ისე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ გ. და გ. ღ–ებმა წინასწარ, ერთიანი გეგმის საფუძველზე, განიზრახეს მოქალაქეების მოტყუება და არარსებული მანქანების ჩამოყვანის დაპირებით, მათი კუთვნილი ფულადი თანხების დაუფლება. მათი საერთო გეგმიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელის საშუალებით განათავსეს რეკლამა, რომ, თითქოსდა, გ–ში ჰყავდათ და ეწეოდნენ გ–ნ ს–ში ავტომობილების ექსპორტს. აღნიშნული განცხადება გახდა დაზარალებულების დაინტერესების მიზეზი, რომლებმაც მათთან მოლაპარაკებისას, აარჩიეს სასურველი ავტომანქანების მოდელები, წელი, ფასი და შეუთანხმდნენ თანხის ნაწილ-ნაწილ ჩარიცხვაზე. დაზარალებულები უშუალოდ ავტომობილის მახასიათებლებზე მოლაპარაკებას აწარმოებდნენ გ. ღ–თან, რომელიც იმ დროისთვის იმყოფებოდა გერმანიაში, ხოლო მისი მამა – გ. ღ–ი, უშუალოდ ხვდებოდა დაზარალებულებს და მეტი დამაჯერებლობისათვის, მათთან ნოტარიული წესით დამოწმებულ ხელშეკრულებებს აფორმებდა. შემდეგ დაზარალებულებს აწვდიდა ანგარიშის ნომერს, რომელზეც დაზარალებულებმა – შ. გ–მა, ლ. შ–მა და პ. ბ–მა ფულადი თანხები ჩარიცხეს. თითოეულ დაზარალებულთან გაფორმებული სანოტარო აქტის საფუძველზე, მსჯავრდებულებმა ჩარიცხული თანხის სანაცვლოდ, აიღეს მათთვის მანქანების ჩამოყვანის ვალდებულება, რაც თავიდანვე ტყუილი იყო, ვინაიდან გ. და გ. ღ–ებს, რეალურად, არცერთი ავტომანქანა არ ჰქონდათ შეძენილი არც თვითონ, პირადი თანხებით და ისინი არ შეუძენიათ არც დაზარალებულებისათვის, მათ მიერ გადარიცხული თანხებით, შესაბამისად, არც მათ ჩამოყვანას აპირებდნენ. გ. და გ. ღ–ის მიერ უცხოეთში ავტომობილების შეძენის და ან მათი ტრანსპორტირების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, დაზარალებულების არაერთ მოთხოვნაზე, რომ მსჯავრდებულებს მათთვის გადაეგზავნათ ჩამოსაყვანი ავტომანქანების ფოტოები, მიეწოდებინათ ავტომანქანების ადგილმდებარეობის, ტრანსპორტირებისა და მათი ჩამოსვლის დაგვიანების შესახებ ინფორმაცია, მსჯავრდებულები ყოველდღიური ტყუილებითა და სხვადასხვა გამოგონილი მიზეზებით (თითქოსდა გზაში იყო ავტომანქანები, ბიჭები მიდიოდნენ ჩეხეთში, საიდანაც ისინი უნდა ჩემოეყვანათ, შემდეგ აგვიანდებოდა ტრანსპორტირებას, შემდეგ ვითომდა გემი გაფუჭდა), აწყნარებდნენ და ამშვიდებდნენ დაზარალებულებს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, ავტომანქანები მალე ჩამოვიდოდა და დაზარალებულები შეძლებდნენ წაყვანას. აღნიშნული კი დაიწყო თავიდანვე – დაზარალებულების მიერ გ. და გ. ღ–ებისათვის ფულადი თანხების გადაცემისთანავე. ბოლოს, როდესაც დაზარალებულები მიხვდნენ, რომ თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ, მოითხოვეს თანხის დაბრუნება, ხოლო მსჯავრდებულები კი პირობას აძლევდნენ, რომ დაუბრუნებდნენ. დაზარალებულებმა – შ. გ–მა და ლ. შ–მა, მათი კატეგორიული მოთხოვნებისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მოხდენის გაჟღერების შედეგად, თანხის გარკვეული ნაწილის დაბრუნება შეძლეს მოგვიანებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი დღემდე არ ანაზღაურებულა და არცერთ დაზარალებულს კუთვნილი ა/მანქანა არ ჩამოსვლია.
13. ყოველივე აღნიშნული კი ცალსახად მოწმობს, რომ გ. და გ. ღ–ების მთავარი მიზანი დაზარალებულებთან მოლაპარაკებების წარმოებისას, სპეციალური ხერხის – მოტყუების გამოყენებითა და ცრუ დაპირებებით, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მართლსაწინააღმდეგო მიღება იყო. სწორედ ამიტომ, მსჯავრდებულებმა თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვა, დაზარალებულებთან ხელშეკრულებების დადებით შენიღბეს. ამდენად, მსჯავრდებულ გ. ღ–ის ქმედება ვერ მიიჩნევა მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობის წარმოშობის წინაპირობად, ვინაიდან მის ქმედებაში გამოკვეთილია თაღლითობის შემადგენლობის ყველა ნიშანი.
14. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ გ. ღ–მა დაზარალებულებს გადაურიცხა მისთვის ჩარიცხული თანხების ნაწილი და იღებს დარჩენილი თანხების ეტაპობრივად გადარიცხვის ვალდებულებას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ აღნიშნული ფაქტი არ გამორიცხავს მსჯავრდებულის ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობას. თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს და იგი დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მომენტიდან. შესაბამისად, გ. ღ–ის ქმედება დამთავრდა იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულებთან გაფორმდა გერმანიიდან ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე შეთანხმებები და გ. ღ–მა მათგან მოტყუებით მიიღო ფულადი თანხები.
15. დაცვის მხარეს ასევე მიაჩნია, რომ გ. ღ–ის მიმართ არასწორად გავრცელდა ამნისტიის კანონი, ვინაიდან სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულ სასჯელზე, ცალკე უნდა შეხებოდა სასჯელის განახევრება, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
15.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
15.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
15.3. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. ღ–ს მსჯავრი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები დამოუკიდებლად ვერ გავრცელდება მხოლოდ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელებზე, რადგან მას სასჯელი შეფარდებული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით – ერთიანი სასჯელის სახით, რომელთაგან „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული შეღავათი არ ვრცელდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე. გარდა ამისა, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი დაზარალებულის თანხმობა, რომ გ. ღ–ზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
15.4. ამდენად, მსჯავრდებულის მიმართ კანონიერად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეღავათი და ერთი მეექვსედით შეუმცირდა შეფარდებული სასჯელი. რაც შეეხება წინა, – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენს, მითითებული განაჩენით გ. ღ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ამნისტიის კანონი არ ვრცელდება.
16. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ღ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.
17. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული, ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ღ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი