საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115793026
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №1337აპ-24 ქ. თბილისი
ე–ე ო., №1337აპ-24 2 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ო. ე–ს ბრალად ედება:
ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით;
ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა ან ტარება, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, შეძენა დამზადება ან გასაღება;
ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ყაჩაღობა, სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით.
ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა ან ტარება, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება, შენახვა გადაგზავნა, გადაზიდვა, შეძენა დამზადება ან გასაღება.
ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ყაჩაღობა, სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით.
ქურდობა, ესე იგი, მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება, ბინაში შეღწევით, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით.
ო. ე–ეის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 1995 წლის 9 იანვარს, ო. ე–ე, ტ. ე–ე, გ. მ–ე და დ. ე–ე დანაშაულებრივად შეთანხმდნენ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქ. თ–ში, გ–ს ქუჩა, მე-.. „..“ კორპუსის, ბინა ..-ში მცხოვრებ მ. კ–ის საცხოვრებელ ბინას, გაეტაცებინათ მატერიალური ფასეულობანი და ურთიერთშორის თანაბრად გაენაწილებინათ. ამგვარი დანაშაულებრივი შეთანხმების შემდეგ, ტ. ე–ე, გ. მ–ე და ო. ე–ეე შეიარაღდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, ხოლო დ. ე–ე შეიარაღდა „რ.გ.დ-5“ ტიპის საიერიშო მოქმედების ხელყუმბარით, რის შემდეგაც 1995 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, დასახელებული პირები მივიდნენ კ–ის საცხოვრებელ კორპუსთან. ავტომატური იარაღებით შეიარაღებულნი ტ. ე–ე და ო. ე–ე სახეზე ნიღბებაფარებულნი, დასახელებული კორპუსის სხვენიდან თოკით დაეშვნენ მე-.. სართულზე. მ. კ–ის კარის მეზობლად ბინა N..-ში მცხოვრებ ლ. კ–ის ბინის აივანზე, სადაც ისინი შეცდომით მოხვდნენ. აღნიშნულის შემდეგ, მათ აივნიდან სარკმლის შემტვრევით, შეაღწიეს ლ. კ–ის საცხოვრებელ ბინაში. ამ დროისთვის ბინაში იმყოფებოდნენ ლ. კ–ე, მისი მეუღლე − ლ. მ–ი, შვილები − მ. და ა. მ–ები, ასევე ლ. კ–ის ძმა − ვ. კ–ე. ავტომატური იარაღების მუქარით ტ. ე–ემ და ო. ე–მ აიძულეს მ. მ–ი, გაეღო ბინის კარი, რის შემდეგაც, ბინაში შეიჭრნენ გ. მ–ე და დ. ე–ე. დასახელებულმა პირებმა ძალადობის გამოყენების მუქარით ლ. კ–ეს მოსთხოვეს ფული და სამკაულები, რაზედაც ლ. კ–ემ განუცხადა, რომ ფული და სამკაულები მას არ ჰქონდა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა თვითონ დაიწყეს ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ვ. კ–ემ უცხოური წარმოების გაზის პისტოლეტიდან გაისროლა ო. ე–ს მიმართულებით. გასროლის შემდეგ ო. ე–მ ვ. კ–ს წაართვა აღნიშნული იარაღი და იგი სცემა ავტომატური იარაღის ტარით, რის შედეგადაც, მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. შემდეგ ბინიდან გაიტაცეს: 5000 ამერიკული დოლარი, 800 000 რუსული რუბლი, 85 000 000 კუპონი, ქალის თვლებით მორთული სამაჯური, ღირებული 30 000 ამერიკულ დოლარად, ქალის ოქროს ბეჭედი ძვირფასი თვლით − ღირებული 1000 ამერიკულ დოლარად, ორკარატიანი ტოპაზის ქვა − ღირებული 1000 ამერიკულ დოლარად, ოქროს საქორწინო ბეჭედი ღირებული − 120 ამერიკულ დოლარად, ვერცხლის ჯაჭვი ჯვრით − ღირებული 100 ამერიკულ დოლარად, მაგნიტოფონი „დელტა“ ღირებული − 100 ამერიკულ დოლარად, მამაკაცის შავი ტყავის ქურთუკი − ღირებული 100 ამერიკულ დოლარად, მამაკაცის ყავისფერი, 4 ტუფის ქურთუკი − ღირებული 200 ამერიკულ დოლარად, მამაკაცის ფეხსაცმელი − ღირებული 120 ამერიკულ დოლარად, ლოგინის თეთრეული – ღირებული 200 ამერიკულ დოლარად, მამაკაცის სპორტული ფორმა − ღირებული 50 ამერიკულ დოლარად, დანა-ჩანგლის ერთი კომპლექტი − ღირებული 100 ამერიკულ დოლარად, არყისა და კონიაკის სერვისი − ღირებული 150 ამერიკულ დოლარად, ქალის სამი ცალი პერანგი − საერთო ღირებულებით 100 000 რუსული რუბლი, ქალის ერთი ცალი ღამის პერანგი − ღირებული 20 000 რუსულ რუბლად, ქალის საცვლები და პირსახოცები − საერთო ღირებულებით 70 000 რუსულ რუბლად, ს–ს რესპუბლიკის შ.ს. სამინისტროს მიერ ვ.შ. კ–ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, ექიმის პირადი მრგვალი ბეჭედი, შს სამინისტროს სამედიცინო კომისიის მრგვალი ბეჭედი და შტამპი, შ.ს. სამინისტროს პოლიკლინიკის მრგვალი ბეჭედი და შტამპი, რის შემდეგაც, დასახელებულმა პირებმა მიატოვეს ლ. კ–ის საცხოვრებელი ბინა და დაახლოებით, 03 საათსა და 30 წუთზე გამოვიდნენ ბინიდან. ზემოაღნიშნული მატერიალური ფასეულობანი მათ ურთიერთშორის გაინაწილეს, რის შემდეგაც გ. მ–მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და ხელყუმბარა შეინახა თავის საცხოვრებელი ბინის დამხმარე სათავსოში.
ü 1995 წლის 14 აპრილს, ო. ე–ე, ტ. ე–ე, გ. მ–ე და დ. ე–ე დანაშაულებრივად შეთანხმდნენ, გაექურდათ ქ. თ–ში, გ–ს ქ. N..-ში მდებარე, მოქ. ნ. ც–ის საცხოვრებელი ბინა. დანაშაულებრივი შეთანხმების შემდეგ, დაახლოებით 00:00 საათზე, ისინი მივიდნენ აღნიშნულ ბინასთან, ძალაყინით გამოხსნეს ნ. ც–ის ბინის ფანჯრის რკინის დამცავი, ამოიღეს ფანჯრიდან მინა, რის შემდეგაც გ. მ–ე, დ. ე–ე და ტ. ე–ე შევიდნენ ბინაში, ხოლო ო. ე–ე კორპუსის წინ, ეზოში დარჩა მეთვალყურედ. ამ დროისათვის ნ. ც–ის ბინაში არავინ იყო. დასახელებულმა პირებმა გაჩხრიკეს ბინა, რომლიდანაც წამოიღეს 100 ამერიკული დოლარი, სამი ოქროს ბეჭედი, თითოეული ღირებული 500 000 რუსულ რუბლად, ოქროს გულსაკიდი − ღირებული 200 000 რუსულ რუბლად, ოქროს ბეჭედი თვლით − ღირებული 150 000 რუსულ რუბლად, ოქროს საყურეები − ღირებული 150 000 რუსულ რუბლად, ტელევიზორი „ფიტიაზი“ − ღირებული 400 000 რუსულ რუბლად, მაგნიტოფონი - ღირებული 300 000 რუსულ რუბლად, მეორე მაგნიტოფონი ღირებული 400 000 რუსულ რუბლად, ტელეფონის აპარატი - ღირებული 800 000 რუსულ რუბლად, უთო - ღირებული 100 000 რუსულ რუბლად, ვიდეოკამერა - ღირებული 5 000 000 რუსულ რუბლად, - მტვერსასრუტი - ღირებული 150 000 რუსულ რუბლად, ქალის ორი და მამაკაცის ერთი ტყავის ქურთუკი - საერთო ღირებულებით 1 500 000 რუსულ რუბლად, მამაკაცის პიჯაკი - ღირებული 200 000 რუსულ რუბლად, მამაკაცის ორი ცალი შარვალი - საერთო ღირებულებით 100 000 რუსული რუბლი, მამაკაცის ოთხი ცალი პერანგი ღირებულებით 100 000 რუსულ რუბლად, მამაკაცის სამი ქამარი - საერთო ღირებულებით 150 000 რუსული რუბლი, მამაკაცის ორი სპორტული მაისური - საერთო ღირებულებით 150 000 რუსულ რუბლად, სამი ცალი კომბინიზონი - საერთო ღირებულებით 90 000 რუსულ რუბლად, მამაკაცის წინდები და პირსახოცები - საერთო ღირებულებით 50 000 რუსულ რუბლად, ქალის 4 ცალი ქამარი - საერთო ღირებულებით 200 000 რუსულ რუბლად, ქალის ფეხსაცმელი - ღირებული 60 000 რუსულ რუბლად, ქალის 7 ცალი ცხვირსახოცი - საერთო ღირებულებით 30 000 რუსულ რუბლად, 2 ცალი კოლგოტი - საერთო ღირებულებით 150 000 რუსულ რუბლად, ქალის 2 ცალი წინდა - საერთო ღირებულებით 20 000 რუსულ რუბლად, საწოლის უცხოური წარმოების 2 ცალი გადასაფარებელი - სერთო ღირებულებით 200 000 რუსულ რუბლად, ლოგინის თეთრეული - ღირებული 400 000 რუსულ რუბლად, 23 ცალი პირსახოცი - საერთო ღირებულებით 150 000 რუსული რუბლი, მაგიდის 10 ცალი გადასაფარებელი და საწოლის 4 ცალი გადასაფარებელი - საერთო ღირებულებით 200 000 რუსული რუბლი, 5 ბოთლი კონიაკი - საერთო ღირებულებით 25 000 რუსული რუბლი, დანა-ჩანგლის ერთი კომპლექტი - ღირებული 50 000 რუსული რუბლი, ჩაის სერვიზი - ღირებული 500 000 რუსულ რუბლად, 20 მეტრი საფარდე ნაჭერი - ღირებული 400 000 რუსულ რუბლად. შემდეგ, 1995 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, დასახელებული პირები გამოვიდნენ აღნიშნული ბინიდან, მატერიალური ფასეულობანი ურთიერთშორის გაინაწილეს და მიიმალნენ.
ü 1995 წლის 1 მაისს, ო. ე–ე, ტ. ე–ე, გ. მ–ე და დ. ე–ე დანაშაულებრივად შეთანხმდნენ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქ. თ–ში, გ–ს ქ. N.., ბინა N..-ში მცხოვრებ მ. კ–ის საცხოვრებელს, გაეტაცებინათ მატერიალური ფასეულობანი და ურთიერთშორის გაენაწილებინათ. დანაშაულებრივი შეთანხმების შემდეგ გ. მ–ე, ტ. ე–ე და ო. ე–ეე შეიარაღდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, დ. ე–ე კი საბრძოლო ხელყუმბარით, რის შემდეგაც 1995 წლის 2 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ოთხივენი მივიდნენ მ. კ–ის საცხოვრებელ კორპუსთან. ავტომატური იარაღებით შეიარაღებულნი სახეზე ნიღბებაფარებულნი, ტ. ე–ე და ო. ე–ეე დასახელებული კორპუსის სხვენიდან თოკით ჩავიდნენ აღნიშნულ მისამართზე, მე-.. სართულზე მცხოვრებ მ. კ–ის საცხოვრებელი ბინის აივანზე, საიდანაც მათ შეაღწიეს ბინაში. იქ იმ დროისათვის იმყოფებოდნენ − მ. კ–ი, მისი შვილი ჯ. კ–ი და მცირეწლოვანი ა. კ–ა. ტ. ე–ემ და ო. ე–მ ჯ. კ–ი აიძულეს გაეღო ბინის კარი, რის შემდეგაც ბინაში შევიდნენ გ. მ–ე და დ. ე–ე. ოთხივე მათგანმა ძალადობის მუქარით ჯ. კ–ს მოსთხოვეს ფული და ძვირფასი ნივთები, ჯ. კ–მა მათ განუცხადა, რომ ფული და ძვირფასი ნივთები არ ჰქონდათ. აღნიშნულის შემდეგ გ. მ–ემ, ტ. ე–ემ და ო. ე–ეემ გაჩხრიკეს მ. კ–ის საცხოვრებელი ბინა, საიდანაც წაიღეს 530 000 რუსული რუბლი, 32 ცალი აქცია, თითოეული ღირებული 100 00 რუსულ რუბლად, ტელევიზორის ელექტრო მარეგულირებელი - ღირებულებით 80 000 რუსულ რუბლად, 6 ფოტოაპარატი ,,პოლაროიდი“ ღირებული 300 000 რუსულ რუბლად, ქალის უცხოური წარმოების ქურქი - ღირებული 300 000 რუსულ რუბლად, მამაკაცის ტყავის ქურთუკი - ღირებული 500 000 რუსულ რუბლად, მამაკაცის 2 ცალი ჯინსის პერანგი - საერთო ღირებულებით 140 000 რუსულ რუბლად, მამაკაცის 4 წყვილი იმპორტული წარმოების ფეხსაცმელი - საერთო ღირებულებით 400 000 რუსულ რუბლად, ქალის ერთი წყვილი ფეხსაცმელი - ღირებული 100 000 რუსულ რუბლად, კალკულატორი, ღირებული 70 000 რუსულ რუბლად. შემდეგ, დაახლოებით 04:00 საათზე, აღნიშნული პირები გამოვიდნენ მ. კ–ის საცხოვრებელი ბინიდან. დასახელებული მატერიალური ფასეულობანი ურთიერთშორის გაინაწილეს, ხოლო ავტომატური იარაღები და ხელყუმბარა გ. მ–ემ შეინახა თავისი საცხოვრებელი ბინის დამხმარე სათავსოში.
ü 1995 წლის 4 მაისს, ო. ე–ე, ტ. ე–ე, გ. მ–ე და დ. ე–ე დანაშაულებრივად შეთანხმდნენ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქ. თ–ში, ჭ–ს ქ. N.. ჩიხი, სახლის N..-ში მცხოვრებ ს. ჯ–ის საცხოვრებელ ბინას, გაეტაცებინათ მატერიალური ფასეულობანი და ურთიერთშორის გაენაწილებინათ. ამგვარი დანაშაულებრივი შეთანხმების შემდეგ, გ. მ–ე, ტ. ე–ე და ო. ე–ეე შეიარაღდნენ ავტომატებით, კერძოდ, გ. მ–ე შეიარაღდა „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის, 7,62 მმ კალიბრიანი ავტომატური იარაღით, ხოლო ო. ე–ეე და ტ. ე–ე – „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის 5,45 მმ კალიბრიანი ავტომატური იარაღით, რის შემდეგაც, 1995 წლის 5 მაისს, დაახლოებით 01:30 საათზე, ოთხივე მათგანი, სახეზე ნიღბებაფარებულნი, მივიდნენ ს. ჯ–ის საცხოვრებელი ბინის ეზოსთან. ისინი გადავიდნენ ეზოში. გ. მ–ე დარწმუნდა, რომ ბინაში ს. ჯ–ი და მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, ბინის კარის საკეტის გახსნის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა საკეტს ეზოდან. ამ დროისათვის ბინაში იმყოფებოდნენ ს. ჯ–ი, მისი შვილი – ე. ჯ–ი, სიძე − ტ. მ–ი და შვილი – დ. მ–ი. გ. მ–ის გასროლის შედეგად, დაზიანდა საკეტი და გაიღო კარი, ოთხივე თავდამსხმელმა შეაღწია ს. ჯ–ის საცხოვრებელ ბინაში. გ. მ–ის მიერ ავტომატური იარაღიდან გასროლილი 2 ჭურვი მოხვდა ბინაში მყოფ ს. ჯ–ს, მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში, რის შედეგადაც, მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებით, გ. მ–მ საფრთხე შეუქმნა ბინაში მყოფ მრავალ პირთა სიცოცხლეს. ტ. ე–ემ გ. მ–ემ, დ. ე–მ და ო. ე–მ შეაღწიეს აღნიშნულ ბინაში და დაიწყეს ბინის ჩხრეკა, საიდანაც წამოიღეს: 1 707 000 რუსული რუბლი და 16 ამერიკული დოლარი, ქალის ქურქი ღირებული 200 ამერიკულ დოლარად, ქალის ტყავის ქურქი, ღირებული 220 ამერიკულ დოლარად, მამაკაცის ტყავის ქურთუკი, ღირებული 50 ამერიკულ დოლარად, ქალის ხელჩანთა, ღირებული 60 ამერიკულ დოლარად, ქალის მაჯის საათი, ღირებული 150 000 რუსულ რუბლად, სუვენირი ხანჯალი, ღირებული 100 000 რუსულ რუბლად. შემდეგაც, დაახლოებით 02:00 საათზე, დასახელებული პირები გამოვიდნენ ს. ჯ–ის საცხოვრებელი ბინიდან და მატერიალური ფასეულობანი ურთიერთშორის გაინაწილეს, ხოლო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები კი გ. მ–ემ შეინახა თავისი საცხოვრებელი ბინის დამხმარე სათავსოში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივნისის განაჩენით:
ო. ე–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებიდან (1960 წლის რედაქცია; 1995 წლის 14 აპრილის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე (მოქმედი რედაქცია).
ო. ე–ე, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით; სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია; 1995 წლის 9 იანვრის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (მოქმედი რედაქცია; 1995 წლის 14 აპრილის ეპიზოდი); სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტით; სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია; 1995 წლის 1 მაისის ეპიზოდი); სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქცია; 1995 წლის 4 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქცია; 1995 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია; 1995 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მოქმედი რედაქცია; 1995 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 1 მაისის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რაც,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 1 მაისის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 4 მაისის ეპიზოდი) − თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა დანარჩენი დანაშაულებისთვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ო. ე–ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ო. ე–ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
3. ო. ე–ე მსჯავრდებულის სახით დაკავებულ იქნა − 2022 წლის 5 ოქტომბერს.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ო. ე–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. მ–ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ო. ე–ეის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ო. ე–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა და დადგა გამამართლებელი განაჩენი.
ო. ე–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით, სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 9 იანვრის ეპიზოდი), სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტით, სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 1 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 4 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 14 აპრილის ეპიზოდი, რაც გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებზე (მოქმედი რედაქცია)) წარდგენილ ბრალდებებში.
გამართლებული ო. ე–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ო. ე–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ო. ე–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ბრალდების მხარეს, სასამართლოში გამოკვლეული, როგორც უშუალოდ სასამართლოს ხდომაზე დაკითხულ მოწმეთა, ისე – მოწმეთა მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული გამოქვეყნებული ჩვენებებით, ასევე წერილობითი მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, ო. ე–ს მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი.
7. გამართლებულ ო. ე–ს ადვოკატები − ზ. ხ–ი და ზ. მ–ე საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვენ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი ვერ აკმაყოფილებს დასაშვებობის კრიტერიუმებს.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება, მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 496-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ ო. ე–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია; 1995 წლის 14 აპრილის ეპიზოდი); სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით; სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია; 1995 წლის 9 იანვრის ეპიზოდი); სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტით; სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია; 1995 წლის 1 მაისის ეპიზოდი); სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქცია; 1995 წლის 4 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით.
13. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ო. ე–ს ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოადგინა მხოლოდ მოწმეების – დ. ე–სა და ტ. ე–ის ჩვენებები, რომლებმაც არათანმიმდევრულად და განსხვავებულად აღწერეს ო. ე–ს დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობის ფაქტი, კერძოდ:
14. 2018 წლის 6 ივნისს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დ. ე–მ და ტ. ე–მ დაადასტურეს გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, რომლის მიხედვით ო. ე–ე მათთან ერთად მონაწილეობდა 1995 წლის 9 იანვარს, 1 და 4 მაისს ყაჩაღურ თავდასხმებში. მათივე ჩვენებებით, ო. ე–ე ასევე მონაწილეობდა 1995 წლის 14 აპრილს ნ. ც–ს საცხოვრებელი ბინის ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ეპიზოდებში. აღნიშნულისგან საპირისპიროდ, 2024 წლის 24 აპრილს, როდესაც ისინი მეორედ დაიკითხნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მათ არსებითად განსხვავებულად აღწერეს განვითარებული მოვლენები და კატეგორიულად გამორიცხეს ო. ე–ს მონაწილეობა რაიმე სახის დანაშაულებრივ ქმედებებში. აღნიშნულმა მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ წინასწარ გამოძიებაში დაკითხვის დროს მიცემული განთქმითი ჩვენებები განპირობებული იყო, მათ მიმართ პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შედეგად.
15. პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე დაიკითხა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე გ. მ–ე, რომელმაც დაადასტურა ო. ე–სთან ნაცნობობის ფაქტი, თუმცა გამოძიებაში მიცემული და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაკითხვის ოქმის საპასუხოდ განაცხადა, რომ ვერ იხსენებს ყაჩაღური თავდასხმის დეტალებს.
16. რაც შეეხება დაზარალებულთა და სხვა მოწმეთა ჩვენებებს, ისინი ვერ უთითებენ ო. ე–ს დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, სახელდობრ, დაზარალებულებმა თავიან ჩვენებებსა და დაკითხვის ოქმებში დაადასტურეს მათზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი, თუმცა ცალსახად განაცხადეს, რომ მათთვის უცნობია, თუ ვინ მონაწილეობდა თავდასხმებში. ანალოგიურად განმარტავენ სხვა მოწმეებიც. ამასთან, საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც გამოძიების მიერ დანიშნული ბალისტიკური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები. სხვა რაიმე მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, რაც უტყუარად დაადასტურებდა ო. ე–ს მონაწილეობასა და მის ბრალეულობას ინკრიმინირებულ ქმედებებში, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და, ამასთან, დეტალურად მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც, ო. ე–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა მის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებში, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი