საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.05.2025
საქმის ნომერი
2კ-382აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100124008806505

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №382აპ-25 ქ. თბილისი

მ. რ. 382აპ-25 7 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. მ–ს, - პირადი ნომრით ........., - ბრალად ედებოდა:

1.1. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის მთელი აგვისტო, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, რ. მ–ი, გენდერის ნიშნით შეწუყნარებლობის მოტივით, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და დამცირების გზით, მეუღლეს – ნ. მ–ას – უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, ეჭვიანობდა მასზე, უკონტროლებდა ტელეფონში არსებულ მიმოწერებს, რითაც ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე. 2024 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე კი, ამავე მოტივით, მათ სახლში უთხრა, რომ იყო მისი საკუთრება და გაშლილი ხელის სახის, კერძოდ ტუჩების არეში და მუშტის მარცხენა მხრის არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მის მიმართ. რ. მ–ის ქმედებებით ნ. მ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

1.2. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, რ. მ–ი, გენდერის ნიშნით შეწუყნარებლობის მოტივით, მეუღლეს – ნ. მ–ას – უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, ეჭვიანობდა მასზე, უკონტროლებდა ტელეფონში არსებულ მიმოწერებს, რის გამოც მობილური ტელეფონის თავის მარცხენა არეში ჩარტყმით, ფიზიკურად იძალადა მასზე. რ. მ–ის ქმედების შედეგად, ნ. მ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

რ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, რ. მ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს, ნ. მ–ას უწოდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, ეჭვიანობის გამო შეუმოწმა ტელეფონში არსებული მიმოწერები და უთხრა, რომ იყო მისი საკუთრება და თუ გაბედავდა და მისწერდა ვინმეს, მოკლავდა. რ. მ–ის მუქარა ნ. მ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენით:

2.1. რ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის 15 იანვრის 21:00 საათის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. რ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის 15 იანვრის 22:30 საათის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. რ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა –2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.5. რ. მ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2024 წლის 16 იანვრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

3.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში, რ. მ–ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენისათვის და მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა;

3.2. მსჯავრდებულ რ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–ემ მოითხოვა რ. მ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაცვის მხარის საჩივარი კი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენში:

4.1. რ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

4.1.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 15 იანვრის 21:00 საათის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.1.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 15 იანვრის 22:30 საათის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.1.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.3. რ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 16 იანვრიდან;

4.4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტისა და ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის მიმართ 4 თვით გამოიცა დამცავი ორდერი:

4.3.1. მსჯავრდებულს განემარტა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონით დადგენილი წესით სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის დამცავი ორდერით:

5.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ რ. მ–ის მიმართ, 4 თვით გამოცა დამცავი ორდერი;

5.2. მსჯავრდებულ რ. მ–ს აეკრძალა დაზარალებულთან – ნ. მ–ასთან, მათ შორის მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც შეიძლება ნ. მ–ა იმყოფებოდეს და მასთან რაიმე ფორმით ურთიერთობა;

5.3. მსჯავრდებულ რ. მ–ს აეკრძალა დაზარალებულთან – ნ. მ–ასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მობილური საშუალებისა და სოციალური ქსელის გამოყენებით;

5.4. დამცავი ორდერი ამოქმედდება მსჯავრდებულ რ. მ–ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;

5.5. მსჯავრდებულ რ. მ–ს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, განემარტა, რომ ამნისტიის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

6. სასამართლომ დაადგინა:

6.1. 2024 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, რ. მ–მა გაშლილი ხელის სახის, კერძოდ ტუჩების არეში და მუშტის მარცხენა მხრის არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, ნ. მ–ას მიმართ. რ. მ–ის ქმედებებით, ნ. მ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

6.2. 2024 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, რ. მ–მა, მობილური ტელეფონის თავის მარცხენა არეში ჩარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, ნ. მ–ას მიმართ. რ. მ–ის ქმედებით, ნ. მ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

6.3. 2024 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, გ–ს მინიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, რ. მ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ნ. მ–ას. რ. მ–ის მუქარა ნ. მ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა და მოითხოვა რ. მ–ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენისათვის და მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ რ. მ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენისათვის და მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

9.1. კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვეობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).

9.2. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს რ. მ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. თუმცა საკასაციო საჩივარში კასატორი მსჯელობს მხოლოდ დანიშნული სასჯელის სამართლიანობის საკითხზე და თავისი მოთხოვნის დასაბუთებისათვის (ბრალადწარდგენილი ქმედებებისათვის – გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულების ჩადენა; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი – დამნაშავედ ცნობა) არ უთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებაზე/არგუმენტზე. უფრო მეტიც, საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რ. მ–ის ქმედებას. შესაბამისად ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

11. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას (ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს 111-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის) ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

11.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, რ. მ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ რ. მ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის მაქსიმალური ხანგრძლივობით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის კი მაქსიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით).

11.2. შესაბამისად, ვინაიდან ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის უსამართლობის შესახებ.

12. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ. მ–ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს ჯარიმა – 2000 ლარი. დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, მოცემული ჯარიმა რ. მ–ს გადახდილი არ აქვს (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის სხდომის ოქმი 13:26:25-13:26:55). შესაბამისად, რ. მ–ი მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისას იყო ნასამართლობის მქონე.

12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებული არ არის საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლით დადგენილი წესით – დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნაზე, თუმცა რ. მ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელები აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს (რ. მ–ისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი 1 წლით აღემატება ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას).

12.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დანაშაულთა ერთობლიობის წესით სასჯელის განსაზღვრისას მიუთითა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილისა (დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესი). თუმცა აღნიშნული მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ მნიშვნელოვანი დარღვევას, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

12. რ. მ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში და მოცემული კანონის მოთხოვნათა დაცვით შეუმცირა განსაზღვრული სასჯელები.

13. „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები. (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017)

14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე