ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 06.05.2025
საქმის ნომერი
2კ-1207აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123006967659

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1207აპ-24 ქ. თბილისი

ა. ე. 1207აპ-24 6 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის – თეა ბერიძისა და მსჯავრდებულ ე. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. დ-ისა და ი. ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ვ. გ-ს (დაბადებული 1…წელს (პასპორტის ნომერი:1…)) და ე. ა- ის (პირადი ნომერი – 0…) მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის აპრილში, ვ. გ-მ ყ-ის რესპუბლიკის მოქალაქეს – ი-ს ი-ს შესთავაზა, ს. შეეძინა ავტომანქანები, რომელთა ყ-ი მიწოდებას თავად უზრუნველყოფდა, ხოლო ავტომანქანების შესაძენი თანხა ი-ს ი-ს უნდა გამოეგზავნა ფულადი გზავნილების – „K…“ – მეშვეობით ვ. გ-ს მიერ დასახელებული, სხვადასხვა პირების სახელზე. ვ. გ-მ და მისმა მეუღლემ –ე. ა-მ გადაწყვიტეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ ი-ს ი-ის მიერ ავტომანქანების შესაძენად გადმორიცხულ დიდი ოდენობით თანხას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის აპრილში, ვ. გ-მ ი-ს ი-ს შესთავაზა შეეძინა ავტომანქანა „TOYOTA LAND CRUISER“ (მოდელი: 300; ვინ კოდი: J..; ტრანზიტული ნომერი: 1..), რომლის შესაძენი თანხა – 86 900 აშშ დოლარი – ი-ს ი-მ 2022 წლის 22 აპრილს, რამდენიმე ტრანზაქციით სრულად გადარიცხა „K-ს“ მეშვეობით, ვ. გ-ს მიერ დასახელებული პირების სახელზე. მათ აღნიშნული თანხები გაანაღდეს და გადასცეს ვ. გ-ს და მის მეუღლეს – ე. ა-ს.

ასევე, 2022 წლის მაისში ი-ს ი-მ, ვ.გ-ს რჩევით, კვლავ შეიძინა ავტომანქანა .. „RANGE ROVER Autobiography“ (გამოშვების თარიღი: 2022 წელი), რომლის ღირებულება შეადგენდა 215 000 აშშ დოლარს, საიდანაც 193 400 აშშ დოლარი ი-ს ი-მ გადარიცხა „K-ს” მეშვეობით ვ. გ-ს მიერ დასახელებული პირების სახელზე. მათ აღნიშნული თანხა გაანაღდეს და სრულად გადასცეს ვ. გ-ს და მის მეუღლეს ე. ა-ს, ხოლო 21 600 აშშ დოლარი ი-ს ი-მ, პირადად, ხელზე გადასცა ვ. გ-ს.

ამავე პერიოდში, ვ. გ-მ ი-ს ი-ს ურჩია, შეეძინა კიდევ ერთი ავტომანქანა „TOYOTA LAND CRUSER (მოდელი: 300, ვინ კოდი: J.), რომლის ღირებულება შეადგენდა 71 000 აშშ დოლარს, რაც ი-ს მიერ „K-ს” მეშვეობით სრულად იქნა გადარიცხული ვ. გ-ს მიერ დასახელებულ სხვადასხვა პირების სახელზე, რომლებმაც აღნიშნული თანხები ასევე სრულად გაანაღდეს და გადასცეს ვ. გ-ს და მის მეუღლეს ე. ა-ს.

2022 წლის აპრილიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, ვ. გ. და მისი მეუღლე – ე. ა. მოტყუებით დაეუფლნენ ი-ს ი-ს მიერ ავტომანქანების შესაძენად გადაცემულ თანხებს, საერთო ჯამში 372 900 აშშ დოლარს (1 110 857,28 ეკვივალენტი ლარში), თუმცა ავტომანქანები არ მიუწოდებიათ, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის, რომ თითქოს აპირებდნენ ავტომანქანების გაგზავნას, ი-ს ი-ს აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და დოკუმენტებს. კერძოდ, ვ. გ-მ და მისმა მეუღლემ – ე. ა-მ – 2022 წლის ივნისში დაამზადეს და ი-ს ი-ს გაუგზავნეს 2022 წლის 22 ივნისით დათარიღებული – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე N- გარიგების ამსახველი ყალბი დოკუმენტი, რომლის თანახმად, თითქოს დოკუმენტში მითითებული ავტომანქანა გ. დ-სგან ი-ს ი-ს მიერ დასახელებულმა პირმა – ე. მ-მ – შეიძინა და გაიგზავნებოდა.

ასევე, ვ. გ-მ და მისმა მეუღლემ – ე. ა-მ – 2022 წლის ივნისში დაამზადეს და ი-ს ი-ს გაუგზავნეს 2022 წლის 25 ივნისით დათარიღებული – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე N. გარიგების ამსახველი ყალბი დოკუმენტი რომლის თანახმად, თითქოს დოკუმენტში მითითებული ავტომანქანა რ. გ-საგან ი-ს ი-ს მიერ დასახელებულმა პირმა – ო. ლ--მ შეიძინა და გაიგზავნებოდა.

აღნიშნული ქმედების შედეგად ი-ს ი-ს მიადგა დიდი ოდენობით, 372 900 აშშ დოლარის (1 110 857,28 ლარის) ქონებრივი ზიანი.

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ვ. გ-მ და ე. ა-მ ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.

1.2. ვ. გ-ემ და მისმა მეუღლემ – ე. ა-მა, 2022 წლის ივნისში გამოყენების მიზნით დაამზადეს და ი-ს ი-ს გაუგზავნეს ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე 2022 წლის 22 ივნისის დათარიღებული N-გარიგების ამსახველი – დოკუმენტი, რომლის თანახმად, თითქოს დოკუმენტში მითითებული ავტომანქანა გ. დ-სგან ი-ს ი-ის მიერ დასახელებულმა პირმა – ე. მ-მ შეიძინა და გაიგზავნებოდა.

ასევე, ვ. გ-ემ და მისმა მეუღლემ ე. ა-მა, 2022 წლის ივნისში გამოყენების მიზნით დაამზადეს და ი-ს ი-ს გაუგზავნეს ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე 2022 წლის 25 ივნისით დათარიღებული, N-გარიგების ამსახველი – დოკუმენტი, რომლის თანახმად, თითქოს დოკუმენტში მითითებული ავტომანქანა რ. გ-ისგან ი-ს ი-ის მიერ დასახელებულმა პირმა – ო. ლ-მ შეიძინა და გაიგზავნებოდა.

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ვ. გ-ემ და ე. ა-მა ჩაიდინეს: ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენით:

2.1. ვ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.1.1. ვ. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

2.1.2. ვ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1.2.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

2.1.2.2. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

2.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ვ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

2.1.4. ვ. გ-ეს სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

2.2. ე. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2.1. ე. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2.2. ე. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

2.2.3. ე. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა –15 000 ლარი;

2.2.3.1. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ე. ა-ს პატიმრობაში ყოფნის ვადის – 2023 წლის 14 თებერვლიდან 2023 წლის 6 ივლისის ჩათვლით – გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა 5000 ლარით და საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა –10 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

2.2.4. ე. ა-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

3.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა თეა ბერიძემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ე. ა-ის და ვ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა;

3.2. მსჯავრდებულ ე. ა-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-. დ-მ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ე. ა-ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი, მსჯავრდებულების - ვ. გ-ის და ე. ა-ის – მიმართ დარჩა უცვლელად.

5. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა, კერძოდ:

5.1. პროკურორი თეა ბერიძე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ე. ა-ის და ვ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობასა და მათთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას;

5.2. მსჯავრდებულ ე. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – ლ. დ. და ი. ბ.– ითხოვენ ე. ა-ის სრულად გამართლებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა თეა ბერიძემ, რომელიც ითხოვს ე. ა-ის და ვ. გ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ე. ა-ის სრულად გამართლებას.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის – თეა ბერიძისა და მსჯავრდებულ ე. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. დ-სა და ი.ბ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა გასაჩივრებული განაჩენი, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნას ე. ა-ის საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.

4.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე 2022 წლის 22 ივნისის N-და ამავე სამსახურის 2022 წლის 25 ივნისის N-ხელშეკრულებები დამზადებულია ე. ა-ის მიერ, შესრულებულია ბლანკიან ფურცელზე, შესაბამისი ბეჭდით; ამასთან, დაზარალებულის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ვ. გ-ემ ი-ს ი-ს გადაუგზავნა ზემოაღნიშნული უნიკალური ნომრის მქონე ხელშეკრულებები, თუმცა აღნიშნულ დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს; ყალბი ხელშეკრულებები შესრულებულია ასევე ბლანკიან ფურცელზე და დამოწმებულია შესაბამისი ბეჭდით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება აღნიშნული ყალბი დოკუმენტების ე. ა-ის მიერ დამზადება მეუღლესთან – ვ. გ-ესთან – ერთად გამოყენების მიზნით და შემდგომში გამოყენება.

4.2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თუ რა ვითარებაში, როდის და როგორი ხერხით შეიტანეს დოკუმენტში ყალბი ინფორმაცია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ არ არის ამოღებული ი-ს ი-ისათვის გაგზავნილი დოკუმენტები, შესაბამისად, ამ ნაწილში არ არის ჩატარებული ექსპერტიზა და ვერ დგინდება აღნიშნულ დოკუმენტებზე ხელმოწერის კუთვნილება ე. ა-ისადმი, ასევე მის მიერ ბეჭდის დასმა.

4.3. შესაბამისად, ბრალდების მხარის პოზიცია, რომ, ვინაიდან ე. ა-საც ჰქონდა ბლანკიან ფურცლებსა და ორგანიზაციის ბეჭედზე წვდომა, მან მონაწილეობა მიიღო ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, არის მხოლოდ ვარაუდი. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებს პირის ბრალეულობას. ეს კი, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

5. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ე. ა-ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების ნაწილში.

5.1. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე. ა-ის მონაწილეობას უშუალოდ თაღლითობაში. მათ შორის, დაზარალებულის ჩვენებით დასტურდება, რომ ე. ა-ს არ მიუღია მონაწილეობა დაზარალებულის ნდობის მოპოვებასა თუ მის მოტყუებაში, თუმცა ე. ა-ი ინფორმირებული იყო თანხის გადარიცხვების შესახებ. იგი ესწრებოდა ვ. გ-ეს და მას შორის საუბარს ავტომობილების ჩამოყვანაზე. ამასთან, ვინაიდან იგი ვეღარ უკავშირდებოდა ვ. გ-ეს, მობილურ ტელეფონზე ურეკავდა ე. ა-ს და მისწერა მოკლეტექსტური შეტყობინებებიც. დაზარალებულისა და მოწმეთა (მათ შორის, ლ. გ-ს, ი. ქ-სა და მ. ჯ-ს) ჩვენებებით, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ყველა მოქმედი საბანკო დაწესებულებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ე. ა-ი ჩართული იყო და ეხმარებოდა ვ. გ-ეს დაზარალებულისაგან თანხების გადმორიცვის ორგანიზებაში.

5.2. დაცვის მხარის მტკიცებით ი-ს ი.და ვ. გ-ე ერთმანეთთან კომუნიკაციას უმეტესად ამყარებდნენ ყ-ად, ხოლო საქმის მასალებით არ დგინდება იცის თუ არა ე. ა-მა ყ. ენა, რის გამოც, არ არის დადასტურებული, ე. ა-ისათვის ცნობილი იყო თუ არა ი-ს ი-სა და ვ. გ-ის საუბრის შინააარსი. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ე. ა-ის მოქალაქეობის შესახებ დოკუმენტების თანახმად, ე. ა-ს აქვს ორმაგი მოქალაქეობა, იგი დაბადებულია ყ-ი (ტ. N4; ს.ფ. 3). ამასთან, ავტობიოგრაფიის თანახმად, 1.. წლებში სწავლობდა ქ. უ-ს საშუალო სკოლაში და მხოლოდ 2.. წელს გააგრძელა სწავლა საქართველოს საშუალო სკოლაში, რომელიც დამთავრა 2.. წელს (ტ. N4; ს.ფ. 17).

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ვ. გ-ისა (პროკურორის საკასაციო საჩივრის ფარგლებში) და ე. ა-ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში. შესაბამისად, პროკურორ თეა ბერიძისა და მსჯავრდებულ ე. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. დ-სა და ი.ბ-ს – საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა), ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.

8. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც, მათ შორის, გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ვ. გ-ე მსჯავრდებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი და იგი უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით – მოხდისაგან.

9. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესისა (გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია) და იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა ვ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესახებ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოიყენოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი.

9.1. იმავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

9.1.1. მოცემულ შემთხვევაში, ვ. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები, მასზე მითითებას არ შეიცავს არც ამ კანონის მე-7 მუხლი. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ვ. გ-ეს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1/6 და ამ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 8 თვით.

10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ე. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე – ჯარიმაზე – არ ვრცელდება აღნიშნული ამნისტია.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის – თეა ბერიძის – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ე. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. დ-სა და ი.ბ-ს – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3.1. ვ. გ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. ვ. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

3.3. ვ. გ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

3.3.1. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, ვ. გ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით – მოხდისაგან;

3.4. ვ. გ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს –თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

3.4.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვ. გ-ეს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 8 თვით;

3.5. ვ. გ-ეს სასჯელის ვადა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

4. ე. ა. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

4.1. ე. ა. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

4.2. ე. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

4.3. ე. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 15 000 ლარი;

4.4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ე. ა-ს პატიმრობაში ყოფნის ვადის – 2023 წლის 14 თებერვლიდან 2023 წლის 6 ივლისის ჩათვლით – გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს 5000 ლარით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 10 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე