ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123007738133
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1268აპ-24 ქ. თბილისი
დ. ქ., 1268აპ-24 19 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ქ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ი-სსაკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ქ. დ-ს, - პ/ნ 0.., – ბრალად ედებოდა:
1.1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი).
ქ. დ-ს მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 7 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 19 სექტემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2018 წლის 20 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2019 წლის 30 ივლისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით – სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ქ. დ. 2023 წლის 31 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. თ., კ.ა-ს ქუჩა N.. მდებარე რესტორან ,,ჭ- დან“ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ი. რ-ს კუთვნილ 100 ლარად ღირებულ ჩანთა-შოპერს, 100 ლარად ღირებულ წელის ჩანთას, 700 ლარად ღირებულ ,,Apple”-ის ფირმის, ,,airpods 3”-ის მოდელის ყურსასმენს, 100 ლარად ღირებულ ,,XIAOMI”-ს ფირმის პორტატულ სატენს, 10 ლარად ღირებულ საფულეს, 840 ლარის ღირებულების კოსმეტიკის ჩანთას, ფუნჯებსა და ტანსაცმელს. აღნიშნული ქურდობის შედეგად ი. რ-ს მიადგა 1850 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
2018 წლის 7 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 19 სექტემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2018 წლის 20 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2019 წლის 30 ივლისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით – სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ქ. დ. 2023 წლის 4 ივნისს 18:15 საათიდან 18:25 საათამდე პერიოდში, ქ. თ., კ.ა-ს ქუჩის N.. მდებარე ი/მ ,,თ. ქ-ს“ კუთვნილი მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ. თ-ს 180 ლარად ღირებულ ჩანთას, მასში მოთავსებულ 120 ლარის ღირებულების ,,პრადას“ საფულეს, 75 ლარად ღირებულ ყავისფერი ტყავის საფულეს, ფულად თანხას – 120 ლარის ოდენობით, 3 ცალ, ჯამში 75 ლარად ღირებულ ვერცხლის ყელსაბამსა და 120 ლარად ღირებულ წელის ჩანთას. აღნიშნული ქურდობის შედეგად ნ. თ-ს მიადგა 690 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 7 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 19 სექტემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2018 წლის 20 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2019 წლის 30 ივლისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით – სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ქ. დ. 2023 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. თ. , თ-თან მდებარე მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრში, მაღაზია N---დან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ. ბ-ის კუთვნილ, 200 ლარად ღირებულ ჩანთას მასში მოთავსებულ 40 ლარის ღირებულების საფულეს, 80 ლარის ღირებულების უსადენო და სადენიან ყურსასმენებს, კოსმეტიკის ჩანთას, ფულად თანხას 205 ლარის ოდენობითა და სხვადასხვა ნივთებს. აღნიშნული ქურდობის შედეგად ამ უკანასკნელს მიადგა 520 ლარის მნიშვნელობის ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 7 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 19 სექტემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2018 წლის 20 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2019 წლის 30 ივლისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით – სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ქ. დ. 2023 წლის 24 ივნისს, 21:30 საათიდან 22:20 საათამდე პერიოდში, ქ. თ., რ-ს პარკში, ს-ს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ. თ-ს კუთვნილ 30 ლარად ღირებულ ხელჩანთასა და მასში მოთავსებულ ფულად თანხას 450 ლარის ოდენობით, აღნიშნული ქურდობის შედეგად ამ უკანასკნელს მიადგა 480 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
1.2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).
ქ. დ-ს მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 7 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 19 სექტემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2018 წლის 20 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2019 წლის 30 ივლისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით – სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ქ. დ. , ასევე – გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირი 2023 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თ. , კ--ს ქუჩის N.. მდებარე ინდმეწარმე ,,ჩ. რ-ს“ კუთვნილი მაღაზიიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ხ. კ-ს კუთვნილ 50 ლარად ღირებულ ჩანთას მასში მოთავსებულ 50 ლარის ღირებულების საფულეს, ფულად თანხას 400 ლარის ოდენობით და სხვადასხვა ნივთებს. აღნიშნული ქურდობის შედეგად ამ უკანასკნელს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 7 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 19 სექტემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2018 წლის 20 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2019 წლის 30 ივლისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით – სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ქ. დ. , ასევე გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირი 2023 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თ. , პ-ს ქუჩის N.. მდებარე კაფე ,,ტ. ი-ში“ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ხ. შ-ს კუთვნილ 150 ლარად ღირებულ ,,Celine”-ს ჩანთას მასში მოთავსებულ 150 ლარის ღირებულების ოქროს ძეწკვსა და გვირილის ყელსაბამს, 1000 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს, აღნიშნული ქურდობის შედეგად ამ უკანასკნელს მიადგა 1300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განაჩენით:
2.1. ქ. დ. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ. თ-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ი. რ-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ხ. კ-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ხ. შ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდების ნაწილში გამართლდა;
2.2. ქ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში:
2.2.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ნ. თ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ნ. ბ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, თანაბარ სასჯელთა შთანქმის პრინციპით, საბოლოოდ, ქ. დ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. ქ. დ-ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან – 2023 წლის 30 ივნისის 21:45 წუთიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ქ. დ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ი-მ და მოითხოვა ქ. დ-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა;
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალინა კუკავამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ქ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ი. ი. ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ქ. დ-ს სრულად უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
5.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალინა კუკავამ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. 2025 წლის 26 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა მსჯავრდებულმა ქ. დ. მ, რომელიც ითხოვს მის უდანაშაულოდ ცნობას, ალტერნატივის სახით კი დანიშნული სასჯელის შემცირებას(განახევრებას). ასევე, საქმის განხილვის დაჩქარებას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, კერძოდ, მსჯავრდებულ ქ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ითხოვს ქ. დ-ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ქ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ი-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, დაზარალებულების: ნ. თ-ს, ნ.ბ-ს, მოწმეთა: ჟ. ტ-ს, თ. ი-ს, გ. ბ-ს, გ. კ-ს, ვ. ს-ს, გ. დ-ს ჩვენებებით, მოწმე დ. ა-ის გამოკითხვის ოქმით (გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით დადგენილი წესით), შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ქ. დ. მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ნ. თ-სა და ნ. ბ-ს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულები.
5. დაზარალებულმა ნ. თ-მ განმარტა, რომ 2023 წლის 4 ივნისს მუშაობდა კ. ა-ს N.. სუვენირების მაღაზიაში მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე და დაახლოებით საღამოს 6-7 საათზე აღმოაჩინა, რომ მისი კუთვნილი ჩანთა ადგილზე აღარ იყო. მასთან ერთად მაღაზიაში მუშაობს დ. და ა. (გვარები არ ახსოვს). მოწმის განცხადებით, მაღაზიაში შემოვიდა ქალბატონი დაახლოებით 30-35 წლამდე, საშუალო აღნაგობის, მუქი ფერის თმით, პატარა მუცლით (თითქოს ახალი ორსული იყო), დაახლოებით 160 სმ სიმაღლის, თავზე ეფარა მუქი ფერის კეპი, ეკეთა ასევე მუქი ფერის სათვალე და ეცვა ჯინსის შარვალი. ქალბატონმა დაიწყო სუვენირების დათვალიერება. მოწმის განცხადებით, დიდი ხნის განმავლობაში ათვალიერებდა სუვენირებს, შესაბამისად, სხვა მომხმარებელს მიაქცია ყურადღება და სწორედ მას შემდეგ, რაც უცნობმა ქალბატონმა დატოვა მაღაზიის ტერიტორია, მალევე აღმოაჩინა, რომ მისი ხელჩანთა ადგილზე აღარ იდო. თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ უცნობი ქალბატონი იმდენად ახლოს იდგა მასთან, რომ მისი ნაცნობი ეგონათ და იფიქრეს, რომ ჩანთა თავად ნებაყოფლობით გაატანა. მარჯვენა მხარეს მასთან იდგა უცნობი, ხოლო მისი ჩანთა იქვე მარცხენა მხარეს იდო, შესამჩნევ ადგილზე. დაზარალებულის განცხადებით, ქ. დ. მათ მაღაზიაში ორჯერ იყო შესული, ერთი წინა დღეებში, ხოლო მეორედ დანაშაულის ჩადენის დღეს. უშუალოდ მას ქურდობის ფაქტი არ დაუნახავს. 690 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
6. სასამართლო ითვალისწინებს, 2023 წლის 21 ივნისის ამოცნობის ოქმს, რომლის თანახმადაც დაზარალებულმა ნ. თ-მ ამოიცნო ქ. დ. . დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ქ. დ. (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმი 13:32:30-13:33:43; 13:3348-13:34:26), მოწმემ ასევე მიუთითა დარბაზში მყოფ ქ. დ. ზე როგორც პირზე, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მის ხელჩანთას (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმი 13:37:40-13:40:18; 13:44:54-13:54:26).
7. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ქ. თ., კ.ა-ს ქუჩის N-იდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს, რომლებზეც ასახულია დაზარალებულ ნ. თ-ს ჩანთის ქურდობის ფაქტი და რომლის პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლევისას დაზარალებულმა მიუთითა მისი კუთვნილი ჩანთის ადგილმდებარეობაზე, ასევე მსჯავრდებულის მოქმედებებზე, როდესაც ქ. დ. ნ. თ-საგან ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ ხელჩანთას და დატოვა შემთხვევის ადგილი. დაზარალებულმა ვიდეოჩანაწერის დათვალიერების შემდგომ დაადასტურა, რომ დარბაზში, ჩანაწერებში ასახული პირი ნამდვილად იგივე პირია, ვინც ამოიცნო ფოტოსურათით ამოცნობისას და სასამართლო სხდომის დარბაზში.
8. დაზარალებულ ნ. თ-ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია დასტურდება ქურდობის ფაქტის თვითმხილველ მოწმეთა ჟ. ტ-ს ჩვენებითა და დ. ა-ს გამოკითხვის ოქმით (რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის სხდომის ოქმი 16:48:45-16:56:48)). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჟ. ტ-მ მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაშიც, რა დროსაც ამოიცნო ქ. დ. , პირი, რომელმაც ნ. თ-ს ხელჩანთით დატოვა მაღაზიის ტერიტორია (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 188-193; ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის სხდომი ოქმი 15:19:15-15:21:17).
9. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოთხოვის შესახებ და ითვალისწინებს, რომ ქ. თ., კ.ა-ს ქუჩა N.. მდებარე ინდმეწარმე “თ. ქ-ს” მაღაზიის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების 2023 წლის 4 ივნისის (18:15-18:25 საათამდე) ვიდეოჩანაწერები გამოთხოვილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განჩინების საფუძველზე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 35-37; 38-40). ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულის დაკითხვისას პროკურორმა მას წარუდგინა ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის ოქმი, ნ. თ-მ დაადასტურა როგორც ინფორმაციის გამოთხოვის ოქმზე არსებული მისი ხელმოწერა, ასევე – ის გარემოება, რომ გამომძიებელმა ნამდვილად მისგან გამოითხოვა მითითებული ვიდეოჩანაწერი (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმი - 14:19:44-14:21:32), დაზარალებულის განმარტებით, ერთი პოლიციელი ესაუბრებოდა, მეორე გამომძიებელმა კი კომპიუტერული მოწყობილობიდან ამოიღო ეს ინფორმაცია (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმი 14:21:40-14:23:15). სასამართლო ასევე ითვალისწინებს გამომძიებელ გ. ბ-ს ჩვენებას(იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის სხდომის ოქმი 16:35:22-16:39:45).
10. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი); საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. დ. როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე წინასასამართლო სხდომასა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი იყო ადვოკატით, დაცვის მხარეს კანონით დადგენილი წესით გაეცვალა როგორც ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ასევე თავად ვიდეოჩანაწერები და სურვილის შემთხვევაში შეეძლო ჩაეტარებინა როგორც ინფორმაციის გამოთხოვის ოქმზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის შესამოწმებლად კალიგრაფიული ექსპერტიზა, ასევე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა დაცვის მხარის ვარაუდს, რომ ვიდეოჩანაწერებში ასახული პირი არ არის ქ. დ. და მასზე ასახული პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია. სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება თავადაც ჩაეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზები საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად.
11. იმავდროულად, სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას, რომ მოწმე ჟ. ტ-მ არ დაადასტურა დაზარალებულ ნ. თ-ს განმარტება, რომ საგამოძიებო მოქმედება ინფორმაციის გამოთხოვისას თვითონაც მაღაზიაში იყო, რადგან აღნიშნულზე არ მიუთითებია მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ჟ. ტ-ს, მოწმემ მხოლოდ მიუთითა, რომ მას თავად არ უნახავს ვიდეოჩანაწერები (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის სხდომი ოქმი 15:25:20-15:28:05). სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას ნ. თ-სა და ჟ. ტ-ს ჩვენებებს შორის არსებულ განსხვავებაზე (ნ. თ-ს განმარტებით მომხდარ შემთხვევამდე, წინა დღეებში ქ. დ-ს მაღაზიაში ყოფნის ფაქტი გაიხსენა ამოცნობის შემდეგ, ჟ. ტ-ს განმარტებით კი ნ. თ-მ აღნიშნული გაიხსენა იმავე დღეს) ვინაიდან, ჟ. ტ-ს მოწმის სახით ჩვენების მიცემისას არ მიუთითებია, რომ ნ-მ იმავე დღეს თქვა მაღაზიაში ქ. დ-ს წინა დღეებში ყოფნის ფაქტი, მოწმის განმარტებით ნ. ამბობდა რომ ქ. დ. სხვა დროსაც ყოფილა მაღაზიაში, მაშინაც თქვა და ახლაც რომ დაიწყებენ ამაზე საუბარს იხსენებს, რომ ადრე იყო შემოსული და დაათვალიერა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის სხდომი ოქმი 15:40:48 – 15:41:42).
12. სასამართლო არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ჟ. ტ-ს და დ. ა-ს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დაენახათ ქ. დ-ს მიერ ჩანთის აღების ფაქტი, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით. იმავდროულად, მოწმე ჟ. ტ-მპირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მიუთითა, რომ მან დაინახა თუ როგორ დაიხარა ქ. დ. ნ. თ-ს მაგიდასთან, რა დროსაც ნ. ტელეფონს უყურებდა, მას კითხვა არ გასჩენია ნ-სთან, რადგან აღნიშნული ქალბატონი ნ-ს მანამდე გამოელაპარაკა და იფიქრა რომ ნაცნობი იყო (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის სხდომი ოქმი 15:40:48 – 15:41:42), მოწმის განმარტებით, მან დაინახა ქ. დ-ს მაღაზიაში შესვლის ფაქტი, როდესაც ხელში ჩანთა არ ეჭირა და ასევე დაინახა მაღაზიიდან გასვლის ფაქტი, როდესაც ქალბატონს ეჭირა ხელში ნ. თ-ს ჩანთა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის სხდომი ოქმი 17:18:05 – 15:19:00).
13. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქ. დ-ს ვიზუალური მონაცემებიდან გამომდინარე დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მსჯავრდებულის სავარაუდო ორსულობის შესახებ (რადგან ჰქონდა წამოზრდილი მუცელი), რომელზეც არ მიუთითებენ სხვა მოწმეები, – ვერ გახდება მათ ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებები თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგება არც ერთმანეთს და არც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს (მათ შორის ვიდეოჩანაწერებს).
14. დაზარალებულმა ნ. ბ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მისი კუთვნილი მაღაზია N-- მდებარეობს თ-ზე, მიწისქვეშა გადასასვლელში, რომელსაც მარტო ხელმძღვანელობს. მაღაზიის ფართი ძალიან პატარაა, დაახლოებით 6-7 კვადრატი. აქვს დიდი მინა, რაც აძლევს მომხმარებლებს გარედან დაკვირვების საშუალებას. ქურდობის დღეს, 2023 წლის 18 ივნისს, მუშაობა დაიწყო 15:30 საათზე, ხელჩანთა იქვე სკამზე განათავსა ჩვეულ ადგილზე, კედელთან, რომელსაც გადაფარებული ჰქონდა მისი ჩამოკიდებული ტანსაცმელი. პირველმა მომხმარებელმა საფულე იყიდა, ხურდა საკუთარი ხელჩანთიდან დაუბრუნა და გავიდა, ჩანთა კვლავ ჩვეულ ადგილზე დააბრუნა. 1 საათში ჰყავდა მომხმარებელი, რომელიც იყო ასაკოვანი და არჩევდა ზაფხულის მაისურს. თავადაც ეხმარებოდა პროდუქციის შერჩევაში და სწორედ ამ დროს მაღაზიის კართან შენიშნა არაქართველი ეროვნების ქალბატონი, რომელსაც ხელში არაფერი ეჭირა, ეცვა მუქი ფერის სპორტული შარვალი, ნაცრისფერი მაისური, კეპი და ეკეთა შავი ფერის სათვალე. რამდენჯერმე შეხედა სახეზე და კარგად დაიმახსოვრა მისი სახის ნაკვთები (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომის ოქმი 12:16:40-12:19:00). აღნიშნული ქალბატონი შევიდა მაღაზიაში, გაემართა მისი სავარძლისკენ, სადაც ხელჩანთა ედო. ამავე მომენტში ასაკოვანი ქალბატონის თხოვნით შეტრიალდა მაისურის ჩამოსაღებად და როდესაც შემობრუნდა, უცნობი ქალბატონი უკვე მაღაზიაში აღარ იმყოფებოდა. საეჭვოდ არ ჩაუთვლია, რადგან იფიქრა, რომ მას არაფერი არ მოეწონა და წავიდა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ამ ფაქტიდან ნახევარ საათში გადაწყვიტა მაღაზიის დაკეტვა და წასვლა, სწორედ ამ მომენტში შეამჩნია, რომ ხელჩანთა ადგილზე აღარ იყო (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომის ოქმი 12:19:10-12:20:27). დაზარალებულის განმარტებით, ასაკოვანმა ქალბატონმა ისე დატოვა მისი მაღაზია, რომ ხელში მხოლოდ საკუთარი ჩანთა ჰქონდა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ უცნობი ქალბატონის შემდგომ სხვა პირი არ შესულა და მისი სახე კარგად დაიმახსოვრა (იხ.:თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომის ოქმი 12:20:58-12:22:15). დაზარალებულის განცხადებით, ხელჩანთის ქურდობის ფაქტის შედეგად მას მიადგა დაახლოებით 1000 ლარამდე მატერიალური ზიანი. მის მიერ ხსენებული ქალბატონი იყო საშუალო სიმაღლის, დაახლოებით 155-160 სმ, მუქი ფერის სახის, არაქართველი, დაახლოებით 35 წლის, სქელი ტუჩებით, მუქი ფერის თმით, პატარა ცხვირითა და მრგვალი სახით (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომის ოქმი 12:26:24-12:28:30).
15. სასამართლო ითვალისწინებს 2023 წლის 23 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, რომლის თანახმადაც დაზარალებულმა ნ.ბ-მ ამოიცნო ქ. დ. . დაზარალებულმა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ქ. დ. . დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ ამოცნობის ოქმზე ნამდვილად მისი ხელმოწერაა დაფიქსირებული, ხოლო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა არა თ-მ, არამედ გამომძიებელმა გ. ბ-მ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომის ოქმი 12:28:40-12:30:50).
15.1. ნ.ბ-თანჩატარებულ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა დაადასტურა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა და მსჯავრდებულის ამოცნობა მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან, ასევე საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირის – გამომძიებელ გ. ბ-ის ჩვენებას (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის სხდომის ოქმი 16:19:53-16:21:20; 16:21:50-16:22:20). სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას ფოტოსურათით ამოცნობის ჩატარების თარიღთან მიმართებით და ითვალისწინებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც მან მიუთითა, რომ შემთხვევიდან გასულია 8 თვე, ზუსტად დღეები, როდის აჩვენეს ფოტოები არ ახსოვს, რადგან იმ დღეს ძალიან აღელვებული იყო, არ ახსოვს შემთხვევის დღეს ჩატარდა ამოცნობა თუ სამი ოთხი დღის შემდეგ, თუმცა ამოცნობით ნამდვილად ამოიცნო ის პირი, რომელმაც მისი ჩანთა მოიპარა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომის ოქმი 13:05:25-13:06:50).
16. პირველი ინსტანციის სასამართლოში, დაზარალებულის მოწმის სახით დაკითხვისას დათვალიერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის განჩინების საფუძველზე 2023 წლის 22 ივნისს “თავისუფლების კიბის ზედამხედველობის სამსახურიდან” გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც დაზარალებულმა მიუთითა ქ. დ. ზე და დაადასტურა, რომ სწორედ მან მოიპარა მისი კუთვნილი ხელჩანთა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომის ოქმი 12:30:59-12:43:47). ამასთან, დაზარალებულმა ქ. დ. ზე ასევე მიუთითა სასამართლო დარბაზში საქმის განხილვისას.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ნ.ბ-მპირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დეტალურად მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია როგორც ქ. დ-ს ქმედებების, ასევე ჩაცმულობისა და ვიზუალური მხარის შესახებ, რაც სრულად თანხვდენილია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებთან. იმავდროულად, დაზარალებულმა როგორც ფოტოსურათით ამოცნობისას, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მიუთითა ქ. დ. ზე, როგორც პირზე, რომელიც დაეუფლა მის კუთვნილ ხელჩანთას.
18. არარელევანტურია დაცვის მხარის მსჯელობა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ იმ ვიდეოჩანაწერზე, სადაც კადრებში ასახული ქალი, ბავშვთან ერთად ეუფლება ხელჩანთას, ვინაიდან, ქ. დ. გამართლებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში.
19. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ქ. დ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (ორი ეპიზოდი) ჩადენა.
20. იმავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
21. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
21.1. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
21.2. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
21.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებას არ შეიცავს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები, ქ. დ-ს ასევე არ ჩაუდენია ამავე კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული. შესაბამისად, ვინაიდან ქ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელი დანიშნული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით მისთვის დანიშნული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (ორივე ეპიზოდში) უნდა შემცირდეს 1/6-ით და თითოეული ეპიზოდისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ქ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ი-სსაკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ქ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ი-სსაკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ქ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ნ. თ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვროს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და სასჯელის ზომად განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკეთა;
4. ქ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ნ. ბ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვროს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და სასჯელის ზომად განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, თანაბარ სასჯელთა შთანქმის პრინციპით, საბოლოოდ, ქ. დ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
6. ქ. დ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვლოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 30 ივნისიდან;
7. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი