გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100122005805290
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1216აპ-24 ქ. თბილისი
პ. ტ.1216აპ-24 8 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნინო ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ტ. პ-ს, – პირადი ნომერი – 3.., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. ტ. პ-მ განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა მ-ს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე 55 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 30,91 კვ.მ. შენობა-ნაგებობას - მგზავრთა მოსაცდელს, რის გამოც ტ. პ-მ 2020 წლის 6 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ და განცხადებასთან ერთად წარადგინა ნაკვეთის მხოლოდ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. რადგან სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ვერ იქნა მოპოვებული რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ხსენებული ნაკვეთი და მასზე განლაგებული ნაგებობა სრულად ან ნაწილობრივ იყო ტ. პ-ს მართლზომიერ მფლობელობაში დაინტერესებული პირის თანხმობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სარეგისტრაციო მასალები 2020 წლის 19 ივლისს გადაიგზავნა მ–ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთზე განლაგებული შენობა წლების განმავლობაში წარმოადგენდა მგზავრთა მოსაცდელს, ტ. პ-ს მიერ კომისიაში წარდგენილი იქნა 2020 წლის 28 ივლისს შედგენილი ნ. შ-ს და ბ. შ-ს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები (ტ. პ-ს თხოვნით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ღირებულების მქონე მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში დახმარების მიზნით), სადაც განზრახ დაადასტურეს ყალბი მონაცემი, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ტ. პ-ს მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთს. 2020 წლის 27 აგვისტოს მ–ს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა მ-ს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი - ნ. ხ.,გასცა საკუთრების მოწმობა №.. რაც გადაიგზავნა მარეგისტრირებელ ორგანოში. ზემოაღნიშნულის გამოყენებით, სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მოტყუების გზით, 2020 წლის 17 სექტემბერს, ტ. პ-მ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა მ-ს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე, 18166,5 ლარის ღირებულების 55 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 30,91 კვ.მ. შენობა ნაგებობა – მგზავრთა მოსაცდელი, საკადასტრო კოდით 7.., რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით ტ. პ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
1.2. ტ. პ-მ განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა მ-ს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე 55 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 30,91 კვ.მ. შენობა-ნაგებობას - მგზავრთა მოსაცდელს, რის გამოც ტ. პ-მ 2020 წლის 6 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ და განცხადებასთან ერთად წარადგინა ნაკვეთის მხოლოდ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. რადგან სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ვერ იქნა მოპოვებული რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ხსენებული ნაკვეთი და მასზე განლაგებული ნაგებობა სრულად ან ნაწილობრივ იყო ტ. პ-ს მართლზომიერ მფლობელობაში, – დაინტერესებული პირის თანხმობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სარეგისტრაციო მასალები 2020 წლის 19 ივლისს გადაიგზავნა მ-ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთზე განლაგებული შენობა წლების განმავლობაში წარმოადგენდა მგზავრთა მოსაცდელს, ტ. პ-ს მიერ კომისიაში წარდგენილი იქნა 2020 წლის 28 ივლისს შედგენილი ნ. შ-ს და ბ. შ-ს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები (ტ. პ-ს თხოვნით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ღირებულების მქონე მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში დახმარების მიზნით), სადაც განზრახ დაადასტურეს ყალბი მონაცემი, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ტ. პ-ს მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთს. ზემოაღნიშნულის გამოყენებით, სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მოტყუების გზით, 2020 წლის 17 სექტემბერს, ტ. პ-მ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა მ-ს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე, 18166,5 ლარის ღირებულების 55 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 30,91 კვ.მ. შენობა ნაგებობა - მგზავრთა მოსაცდელი, საკადასტრო კოდით 7.., რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
1.2.1. აღნიშნული ქმედებით ტ. პ-მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განაჩენით ტ. პ.ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ტ. პ-სგანემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა, რომელმაც მოითხოვა ტ. პ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ტ. პ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ჯ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა. კასატორი ითხოვს ტ. პ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულმა ტ. პ-მ და მისმა ინტერესების დამცველი ადვოკატმა გ. ჯ-მ. დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011).
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა, რომელიც ითხოვს ტ. პ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე შესაგებლით – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
2.1. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ტ. პ-მ ჩაიდინა თუ არა ბრალადწარდგენილი დანაშაული/ები.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნინო ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ტ. პ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ტ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ:
4.1. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელთა ჩვენებების თანახმად, სადავო შენობის სტატუსი იყო მგზავრთა მოსაცდელი, რომელიც, ტ. პ-ს მიერ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ განაცხადის წარდგენის პერიოდისათვის (2020 წლის მდგომარეობით), ცალსახად არ ფუნქციონირებდა თავისი დანიშნულებით – იგი მგზავრთა მოსაცდელს არ წარმოადგენდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მოქმედი ადგილი ამ შენობიდან რამდენიმე მეტრში იყო/არის განთავსებული;
4.2. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ნ. შ-ს და ბ. შ-ს სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებებში მითითებული ინფორმაცია არის ყალბი და ტ. პ-ს სარგებლობაში არ იმყოფებოდა სადავო უძრავი ქონება (არა მხოლოდ ნ. შ-მ და ბ. შ-მ, ასევე ა-მ, ო. შ-მ, გ. კ-მ და თ. ლ-მაც ერთმნიშვნელოვნად განმარტეს, რომ ტ. პ.წლების განმავლობაში უვლიდა და ასუფთავებდა სადავო ქონებას);
4.3. გაუგებარია რაში გამოიხატა ტ. პ-ს მიერ სახელმწიფო უწყებების მოტყუება, მაშინ, როდესაც მ-ს აღიარების კომისიაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაგზავნილ დოკუმენტებს თან ერთოდა მ-ს რაიონის ს-ს მებოსტნეობის ს/მეურნეობის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შენობა წარმოადგენდა საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობას და, იმავდროულად, მ-ს მუნიციპალიტეტის მერის – გ. კ-ს სახელზე შესული იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის – გ. ც-ს 2020 წლის 24 აგვისტოს №--წერილი, რომელიც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კერძო საკუთრების უფლების აღიარებას.
5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოწმეების ნ. შ-ს და ბ. შ-ს სანოტარო წესით დამოწმებულ 2020 წლის 28 ივლისის განცხადებებს, რომელთა თანახმად, ტ. პ.1997 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა სადავო ქონებით; მოწმეების – ა-ს, ო. შ-ს, გ. კ-ს და თ. ლ-ს ჩვენებებს, რომელთა თანახმად, ტ. პ.წლების განმავლობაში უვლიდა და ასუფთავებდა სადავო ქონებას; მოწმეთა (მათ შორის, ო. ბ-ს) ჩვენებებს, რომ სადავო ადგილი, როგორც გაჩერება არ ფუნქციონირებდა და იგი უსაფრთხოების მიზნით გადატანილი იყო დაახლოებით 50 მეტრში. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმისგან დამოუკიდებლად, მოქალაქეები იყენებდნენ თუ არა სადავო ქონებას ფუნქციურად/დანიშნულებისამებრ, იმ პირობებში როდესაც, ადგილზე არსებობდა შესაბამისი საგზაო ნიშანი ,,გაჩერების ადგილი“ – აღნიშნული per se სადავო ქონებას არ უკარგავს სტატუსს.
6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც კატეგორიულად ადასტურებენ, რომ ტ. პ.1997 წლიდან უწყვეტად ფლობდა ან/და სარგებლობდა მ-ს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე 55 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთითა და მასზე განლაგებული 30,91 კვ.მ. შენობა-ნაგებობით – მგზავრთა მოსაცდელით. 1987 წლის მიწათმფლობელობის გეგმის ამონარიდის თანახმად, დგინდება, რომ აღნიშნულ ადგილას იდგა საზოგადოებრივი ნაგებობა, თუმცა არ დასტურდება 1997 წლიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის არც ამ ფორმით (გაჩერებისათვის განკუთვნილი აგურის სტანდარტული შენობა – ,,55 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 30,91 კვ.მ. შენობა-ნაგებობა“) არსებობა და არც ტ. პ-ს მიერ მისი ფლობა. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის:
7. ტ. პ-მ 2020 წლის 6 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტების – საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი – საფუძველზე, მ-ს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე 55 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია (ტ. N1; ს.ფ. 44);
7.1. 2020 წლის 24 ივნისს დამატებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, სადაც მიუთითა, რომ მის მიერ ,,სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად განკუთვნილ უძრავ ქონებას“ (ტ. N1; ს.ფ. 45);
7.2. 2020 წლის 9 ივლისის განცხადებით კი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სთხოვა, მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის გადაგზავნა აღიარების კომისიაში განსახილველად (ტ. N1; ს.ფ. 46).
8. ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,თ“ პუნქტის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც, უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს; ხოლო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტების თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, აგრეთვე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებული მიწა; თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. იმავდროულად, ამავე კანონის 51-ე მუხლის 31-ე პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ან სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამ კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს.
9. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ასევე მოწმე ბ. უ-ს (მ-ს მერიის წარმომადგენლი ს-ს ადმინისტრაციულ ერთეულში) ჩვენებას, რომ მის მეხსიერებაში აღნიშნულ ადგილას მუდამ გაჩერება იყო (10:49:30). იმავდროულად, მასთან, როგორც მ-ს მერიის წარმომადგენელთან ს-ს ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შევიდა მოთხოვნა, რათა ეცნობებინა, წარმოადგენდა თუ არა ტ. პ-ს სახელზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს. ვიდრე პასუხს – უარს – მატერიალურად გადაგზავნიდა ადრესატთან, მასთან მივიდა ტ. პ.და უთხრა დაედასტურებინა მოთხოვნილი გარემოება, რაზეც უარი განუცხადა, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა გაჩერება. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიიღო წერილობითი მოთხოვნა, წერილის განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალები გადაგზავნილი იყო აღიარების კომისიაში (10:47:26; 10:54:30). იმავე საკითხზე, მასთან მივიდა ტ. პ-ს შვილი – გ. პ-ც, რომელიც დაინტერესდა თუ რატომ ეუბნებოდა უარს მამამისს. ბ. უ-მ მასაც ანალოგიური პასუხი გასცა, რომ ეს იყო გაჩერება და სოფლის საკუთრება (10:48:48). როდიდან დგას შენობა, როგორც გაჩერება არ იცის, მაგრამ თუ მგზავრი გაჩერდებოდა, სატრანსპორტო საშუალებაც გაჩერდებოდა (10:49:50). როგორც ახსოვს, აღნიშნულ პერიოდშიც იდგა სადავო ტერიტორიაზე გაჩერების ნიშანი (10:50:09). მოწმემ დაადასტურა, რომ საკითხის შესწავლისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყველაფერს იძიებდა, რამდენადაც ახსოვს, ამ შემთხვევაშიც თანდართული დოკუმენტით ირკვეოდა, რომ სარეგისტრაციო მიწა იყო გაჩერების ადგილი (10:56:23).
10. მოწმე ო. ბ-ს (მ-ს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლი ს-ს ადმინისტრაციულ ერთეულში) ჩვენებას, რომლის თანახმად, იგი ცხოვრობს ტ. პ-ს მიერ დარეგისტრირებული სადავო მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 200 მეტრში და ბავშვობიდან (დაბადებული 1...; სასამართლოში დაიკითხა 12.04.2024) იცის, რომ სადავო ტერიტორია იყო გაჩერება (13:34:31). იმ პერიოდში იყო სპეციალისტი (13:33:50), აწარმოებდა საბუთებს და შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიწის რეგისტრაციისათვის გადმოგზავნილი იყო დოკუმენტები, რომლის თანახმად, მიწის რეგისტრაცია სურდა ტ. პ-ს, საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად. შემდეგ მიიღეს მოთხოვნა (წერილი), რომ მიღებული წერილი აღარ განეხილათ (13:35:00). შენობა მოუვლელი იყო (13:38:50), თუმცა როგორც იცოდა (მან როგორც იქ დაბადებულმა და გაზრდილმა იცის, რომ ეს ადგილი იყო გაჩერება და არა სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე დოკუმენტებით) ამ ადგილს ერქვა გაჩერება (13:37:38; 13:41:50). მიუხედავად იმისა, რომ გაჩერებები აღნიშნული ადგილის ქვემოთაც არის და ზემოთაც, სადავო ადგილსაც ეძახდნენ გაჩერებას (13:38:17). მოწმემ დაადასტურა, რომ ს-ში ავტობუსები, იქ ჩერდებიან, სადაც მგზავრი ხელით ანიშნებს მძღოლს (13:42:10). ამასთან, სანამ გაარემონტებდნენ (13:39:40), ვიზუალურად, ეტყობოდა, რომ იყო ყოფილი გაჩერება, რომელიც წითელი აგურით იყო აშენებული (13:42:50).
11. 2021 წლის 4 იანვრის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა შუამდგომლობით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა, რომ ,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენიდან” გამოთხოვილ იქნეს 2018 წელს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წ. -ს. -ც-ს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის საგზაო უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების დროს გადაღებული ვიდეომასალა და სხვა დოკუმენტაცია, რაც დაკავშირებულია მითითებული გზის მე-6 კილომეტრზე მდებარე ობიექტთან – მგზავრთა მოსაცდელი; ასევე, საპროექტო ორგანიზაცია ,,ა-ნ” 2018 წელს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წ. -ს. -ც-ს საავტომობილო გზის მე-4-10 კილომეტრებს შორის არსებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაპროექტების ეტაპზე საველე სამუშაოების დროს გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა, აგრეთვე სხვა დოკუმენტაცია, რაც დაკავშირებულია მითითებული გზის მე-6 კილომეტრზე მდებარე ობიექტთან – მგზავრთა მოსაცდელი.
11.1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 იანვრის N11/დ-3-დ-21 განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 2021 წლის 8 იანვრის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმების თანახმად, ,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენიდან” და საპროექტო ორგანიზაცია ,,ა- ნ” გამოთხოვილი იქნა მითითებული ინფორმაცია.
11.2. გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ აღნიშნული პერიოდისათვის სადავო ტერიტორიაზე მოწყობილი იყო გაჩერება, სადაც ასევე იდგა ,,საინფორმაციო-მაჩვენებელი” საგზაო ნიშანი – „ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი“, რომელიც მიუთითებს დადგენილი მარშრუტით მოძრავ ავტობუსის გაჩერების ადგილზე (იხ.: მათ შორის, IMG_0267.JPG და IMG_0278.JPG; ასევე 2014_0109_162043_007.MOV 16:22:41).
11.3. აღნიშნული ფოტო-ვიდეომასალის შექმნის თარიღთან მიმართებით (ვიდეოჩანაწერზე აღნიშნულია თარიღი – 2014/01/09) სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2021 წლის 10 მარტის წერილს, რომლის თანახმად, დეპარტამენტმა კომპეტენციის ფარგლებში განიხილა ვიდეომასალის შექმნის თარიღის დაზუსტების საკითხი და დაადგინა, რომ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 21 მარტის Nმ/212 ბრძანების საფუძველზე, საგზაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მივლინებულნი იყვნენ საავტომობილო გზის კმ4-კმ10 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციისათვის, საგზაო უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების მიზნით. განხორციელდა საავტომობილო გზის მონაკვეთის ვიდეოგადაღება ვიდეორეგისტრატორით. ამასთან, საავტომობილო გზის მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოებს 2006 წლიდან 2016 წლამდე ახორციელებდა შპს ,,ც.”, ხოლო 2016 წლიდან დღემდე – შპს ,,ა.”. რაც შეეხება საავტომობილო გზის მონაკვეთზე მდებარე ავტოსატრანსპორტო მგზავრთა მოსაცდელის და ტრანსპორტის გაჩერების აღმნიშვნელი საგზაო ნიშნის მოწობა-შეკეთებას, აღნიშნული სამუშაოების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება (ტ. 2; ს.ფ. 151-152).
12. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს: მოწმე დ. ქ-ს ჩვენებას, რომ სადავო ტერიტორიაზე 2017 წელს იმყოფებოდა აუდიტის ჩასატარებლად. მის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ასახულია, რომ ადგილზე საგზაო ნიშანი იდგა. ახსოვს, რომ ამ ტერიტორიის მოშორებით 20-30 მეტრში ასევე იყო გაჩერება;
13. დაზარალებულის წარმომადგენელის (საავტომობილო გზების დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი) ვ. ა-ს ჩვენებას, რომ 2020 წლის აგვისტოში გ. თ-მ შეამჩნია და გადმოსცა ტელეფონოგრამა, რომ მოსაცდელ პავილიონში მიმდინარეობდა სამუშაოები. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, 24 აგვისტოს წერილი მისწერეს მუნიციპალიტეტს, რომ მიმდინარეობდა უკანონო მშენებლობა და ითხოვდნენ შეჩერებას (16:53:53). მოგვიანებით გაიგეს, რომ ქონება დაირეგისტრირა კონკრეტულმა პირმა. მოწმემ განმარტა, რომ 2017-2018 წლების სურათებით დგინდება, რომ სადავო ადგილზე იყო გაჩერება, ამასთან – არის სისუფთავე (16:17:30). ამასთან, 2019 წლამდე აქ იყო გაჩერება, რომელიც ფუნქციონირებდა ჩვეულებრივ, ვიდრე რეაბილიტაცია დაიწყებოდა (16:18:30). თავადაც საავტომობილო გზების დეპარტამენტში 2018 წლიდან მუშაობს და ამ დროიდან იცის, რომ ეს გაჩერება იყო გაჩერების ფუნქციით, პავილიონი, იყო ავტობუსის გაჩერება, სადაც ხალხი ელოდებოდა ტრანსპორტს, თავისი ფუნქციის შესაბამისად (16:19:07). მოწმემ სადავო გაჩერებიდან დაახლოებით 50 მეტრში არსებულ გაჩერებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2018-2019 წლებში წ. -ს. -ც-ს მონაკვეთზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვინაიდან სადავო გაჩერებასთან არის მოსახვევი, რომლის შეზღუდული ხილვადობის გამო ქმნიდა საფრთხეს, საპროექტომ შეიტანა ცვლილება და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გაჩერება მოაშორა ჩასახვევს. შესაბამისად, გაჩერების ნიშანიც გაუქმდა და გადაიწა იქვე (16:19:43). როდესაც გაიგეს, რომ სახელმწიფომ ტ. პ-სდაურეგისტრირა სადავო მიწა, მოითხოვეს გამოძიების ჩატარება (16:21:40). მისი, როგორც დაზარალებულის წარმომადგენლის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ტერიტორია დაბრუნდეს დეპარტამენტის ბალანსზე, რათა გზების აღდგენა/გაფართოებისას საჭირო არ გახდეს მისი გამოსყიდვა. გზის ღერძიდან 100 მეტრის სიღრმეზე მიწის საკითხი გზების დეპარტამენტთან შეთანხმებული უნდა იყოს (16:12:44).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ტ. პ-ს უდანაშაულობის შესახებ (იმაზე მითითებით, რომ იმ პირობებში, როდესაც მ-ს აღიარების კომისიაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაგზავნილ დოკუმენტებს თან ერთოდა მ-ს რაიონის ს-ოს მებოსტნეობის ს/მეურნეობის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შენობა წარმოადგენდა საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობას და, იმავდროულად, მ-ს მუნიციპალიტეტის მერის – გ. კ-ს სახელზე შესული იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის – გ. ც-ს 2020 წლის 24 აგვისტოს №.. წერილი, რომელიც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კერძო საკუთრების უფლების აღიარებას, გაუგებარია რაში გამოიხატა ტ. პ-ს მიერ სახელმწიფო უწყებების მოტყუება), ვინაიდან შესაბამისი ორგანოს რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირების მიერ შესაძლო უკანონო მოქმედება და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის პირობებში (რეგისტრაციისათვის გამომრიცხევლი გარემოებების არსებობისას) მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაცია, არ გამორიცხავს, დაინტერესებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენას ან მის მცდელობას.
15. იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, ფოტო-ვიდეომასალით დგინდება, რომ სადავო ტერიტორიაზე მოწყობილი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილი შესაბამისი ღია შენობით, რომლის ტ. პ-ს მიერ არც 1997 წლიდან და არც 2007 წლამდე პერიოდში (რაც წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღიარების ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას) არც თვითნებურად დაკავების და არც მართლზომიერ მფლობელობაში ყოფნა არ დასტურდება (გარდა მოწმეთა შეფასებებისა, რომ ტ. პ.უვლიდა, ასუფთავებდა და სარგებლობდა), იმ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ ადგილზე მოწყობილი და შექმნილი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ყველა პირობა, ტ. პ-მ, ერთი მხრივ, დაუმალა და არ მიაწოდა შესაბამის ორგანოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილი, ხოლო, მეორე მხრივ, 2020 წლის 24 ივნისს დამატებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, სადაც მიუთითა, რომ მის მიერ ,,სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად განკუთვნილ უძრავ ქონებას“ (ტ. N1; ს.ფ. 45).
16. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიასაც, კერძოდ, იმ მოქმედებებს, რომლებიც ტ. პ-მ სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის“ მიმართვის შემდეგ/პარალელურად განახორციელა.
16.1. მას შემდეგ, რაც ტ. პ-მ 2020 წლის 6 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტების – საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი – საფუძველზე, მ-ს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე 55 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია, 2020 წლის 24 ივნისს დამატებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, სადაც მიუთითა, რომ მის მიერ ,,სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად განკუთვნილ უძრავ ქონებას“, (სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის“ ზემოაღნიშნული განცხადებით მიმართვის შემდეგ) იმავდროულად, საკუთრებაში დაირეგისტრირა სადავო ქონების მომიჯნავე არასასოფლო სამეურნეო 54 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. კერძოდ, საჯარო რეესტრიდან 2020 წლის 17 ივლისის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო სამეურნეო 54 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (რომელიც საკუთრების უფლების 2019 წლის 26 ივნისის N--- მოწმობის თანახმად, საკუთრებაში გადაეცა ა-ს (ტ. N1; ს.ფ. 244)) უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი 14.07.2020) საფუძველზე, დარეგისტრირდა (უფლების რეგისტრაციის თარიღი: 17.07.2020) ტ. პ-ს სახელზე (ტ. N1; ს.ფ. 55).
16.2. ამდენად, ტ. პ.საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა იმ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელიც მოთხოვნის პერიოდში მის საკუთრებაში არ ირიცხებოდა. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ სადავო ობიექტზე საკუთრების უფლების აღიარებამდე, რამდენიმე დღით ადრე ტ. პ-მ დაიწყო აღნიშნული ობიექტის რემონტი, რომლის შედეგად შეცვლილი ფასადი აღარ უთითებდა ობიექტის თავდაპირველ ფუნქციონალურ დანიშნულებაზე.
16.3. სასამართლო ითვალისწინებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლს, რომლის დანაწესიდან გამომდინარე, სადავო ობიექტზე ტ. პ-ს საკუთრების უფლების აღიარეს ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა, მათ შორის, სადავო ობიექტის ტ. პ-ს საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ყოფნა.
17. ამდენად, იმისგან დამოუკიდებლად, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა თუ მ-ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შესაბამისი თანამშრომლებისათვის ცნობილი იყო სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი ქონების სტატუსი და საზოგადოებრივი დანიშნულება, რაც იმთავითვე გამორიცხავდა მის კერძო პირზე რეგისტრაციას, ვინაიდან ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ და ,,ი“ პუნქტების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; ასევე, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები, ტ. პ-მ, თავის მხრივ, არ მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია შესაბამის სამსახურს და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონების დანიშნულება, მოითხოვა მ-ს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე 55 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 30,91 კვ.მ. შენობა-ნაგებობას – მგზავრთა მოსაცდელის, მის საკუთრებად რეგისტრაცია.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ტ. პ-მ განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა მ-ს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე 55 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 30,91 კვ.მ. შენობა-ნაგებობას – მგზავრთა მოსაცდელს, რის გამოც ტ. პ-მ 2020 წლის 6 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ და განცხადებასთან ერთად წარადგინა ნაკვეთის მხოლოდ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (რომელზეც არ იყო მითითება, რომ სადავო ქონება იყო საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტი), მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთზე განლაგებული შენობა წლების განმავლობაში წარმოადგენდა მგზავრთა მოსაცდელს, რაც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ პუნქტის თანახმად, გამორიცხავდა (არ ექვემდებარება) მასზე საკუთრების უფლების აღიარებას.
19. ამდენად, პროკურორ ნინო ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და ტ. პ.ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
20. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას ტ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, მათ შორის, გულისხმობს დოკუმენტში ასახული ინფორმაციის/შინაარსის/მონაცემის შეუსაბამობას რეალურ მდგომარეობასთან. ამასთან, აღნიშნული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება თუ გამოყენება – ჩადენისთანავე. ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, ძირითად დანაშაულთან ერთად, დამატებითი დანაშაულის შემადგენლობას ქმნის და იგი საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლითაც უნდა დაკვალიფიცირდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის №262აპ-23 განჩინება; ასევე, №1130აპ-24 განაჩენი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება (ასეთის დადასტურების შემთხვევაში), როგორც მოტყუების ერთ-ერთი სახე, ყოველთვის წარმოადგენს თაღლითობის შემადგენელ ელემენტს და დამატებით კვალიფიკაციას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით – ყალბი დოკუმენტის გამოყენება აღარ საჭიროებს.
21.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის №903აპ-23, 2019 წლის 12 მარტის №529აპ-18 განაჩენები; №1130აპ-24 განაჩენი).
21.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე ამ ნაწილში ტ. პ-სედავება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ტ. პ-მ განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა მ-ს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე 55 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 30,91 კვ.მ. შენობა-ნაგებობას – მგზავრთა მოსაცდელს, რის გამოც ტ. პ-მ მ-ს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარადგინა 2020 წლის 28 ივლისს შედგენილი ნ. შ-ს და ბ. შ-ს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომლებიც შეიცავდა ყალბ მონაცემებს, იმასთან დაკავშირებით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი 1997 წლიდან წარმოადგენდა ტ. პ-ს მფლობელობაში (,,1997 წლიდან ფლობს და სარგებლობს“) არსებულ მიწის ნაკვეთს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ტ. პ-მ გამოიყენა ყალბი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.
21.4. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ტ. პ-ს მიერ ყალბი დოკუმენტის კომისიაში წარდგენით დასრულდა მის მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ამ ქმედების განხორციელებით, ცალკე აღებული, მნიშვნელოვანი ზიანი არ დამდგარა (ე.ი. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჯერ კიდევ არ იყო გამოკვეთილი). სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ტ. პ-ს მიერ თაღლითობის ჩადენამ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს №1130აპ-24 განაჩენი). შესაბამისად, ამ ნაწილში ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ტ. პ-ს მიმართ ბრალადშერაცხილი ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
22. სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ბრალადწარდგენილი) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (მსჯავრადშერაცხილი) – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე. შესაბამისად, ტ. პ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) გადაკვალიფიცირება – საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამსუბუქებს მის სამართლებრივ მდგომარეობას.
23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
24. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). „პატიმრობის გზით პირის თავისუფლების შეზღუდვა არის არა წესი, არამედ გამონაკლისი. პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N 3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციუობის თაობაზე“, II-33).
25. საკასაციო სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე. ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის კატეგორიას, – ტ. პ-მ ჩაიდინა მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იმ გარემოებას, რომ ტ. პ.არ არის ნასამართლევი, მის ასაკს (85 წლის) და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). შესაბამისად, ტ. პ-ს სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჯარიმა – 3000 ლარი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა – 2000 ლარი.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ნინო ზურაბაშვილის – საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენი;
3. ტ. პ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
4. ტ. პ.ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
4.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4.2. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა – 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ტ. პ-სსაბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე