საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.05.2025
საქმის ნომერი
2კ-1322აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1322აპ-24 7 მაისი, 2025 წელი

ბ-ი რ., №1322აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ბ-ის ადვოკატ მ. უ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. ბ-ს - ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტები (სამი ეპიზოდი)). რ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2. წარსულში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით ნასამართლევმა რ. ბ-მა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ვ. გ-ს უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით – 0,0931 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 2 ოქტომბერს, თ-ში, -ის პირველ შესახვევში--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ვ. გ-ისაგან.

1.3. წარსულში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით ნასამართლევმა რ. ბ-მა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ვ. გ-ს უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით – 0,0587 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 4 ოქტომბერს, თ-ში, -ის პირველ შესახვევში--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ვ. გ-ისაგან.

1.4. წარსულში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით ნასამართლევმა რ. ბ-მა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ვ. გ-ს უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით – 0,1990 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 6 ოქტომბერს, რ-ში, ---- მიმდებარე ტერიტორიაზე, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ვ. გ-ისაგან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენით, რ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (2023 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი) განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა – რ. ბ-მა და მისმა ადვოკატმა – მ. უ-მა – სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენი, კერძოდ:

· რ. ბ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

· რ. ბ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

· რ. ბ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა სხვა ეპიზოდებისთვის დანიშნული სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ რ. ბ-ის ადვოკატმა – მ. უ-მა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ძირითადი მოწმე, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, თვითგადარჩენის მიზნით, ცრუობს; მისი პიროვნების სანდოობას საეჭვოს ხდის გამოკითხვის ოქმსა და ჩვენებაში არსებული უზუსტობები; საქმის შედეგით დაინტერესებულნი არიან სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკითხული სხვა მოწმეებიც, რადგან ისინი საქმის მწარმოებელი ორგანოს წარმომადგენლები არიან; ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ფულადი თანხა, რამდენადაც შესაბამისი სპეციალისტის მიერ არ დამუშავებულა, პირდაპირ მტკიცებულებად ვერ გამოდგება; ნივთმტკიცებად ცნობილი დისკები და ოპერატიული ტექნიკური სააგენტოს მიერ შედგენილი კრებსები ერთსა და იმავე ინფორმაციას არ ასახავს; წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში რ. ბ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი არ ჩანს.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი მტკიცებულებებიდან:

4.2. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 2023 წლის 28 სექტემბერს, მოქალაქე ვ. გ-ის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმად, მისი ნაცნობი – რ. ბ-ი – სისტემატურად ასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას, კერძოდ, ერთ შეკვრა ჰეროინს ყიდის 100-დან 300 ლარამდე. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, გამოიკითხა ვ. გ-ი. მან განაცხადა თანხმობა, რომ დანაშაულებრივი ქმედებისა და დამნაშავის გამოვლენის მიზნით, აღჭურვილიყო ფარული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობით. შემდეგ, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით, რომელთაც დაევალათ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების – საკონტროლო შესყიდვის – ჩატარება. ფარული საგამოძიებო მოქმედების წარმართვის მიზნით, გამოიყო ფულადი თანხა, რომელიც თითოეული საგამოძიებო მოქმედების წინ გადაეცა ვ. გ-ს.

4.3. დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე, ვ. გ-ი „ვ-ის“ საშუალებით დაუკავშირდა რ. ბ-ს და სთხოვა შეხვედრა, რომელიც შედგა 2023 წლის 2 ოქტომბერს, რა დროსაც მიმდინარეობდა შეხვედრის ფარული ვიდეოგადაღება. ჩანაწერის თანახმად, ვ. გ-ი --- ქუჩაზე ავტომანქანის უკანა სავარძელზე მჯდომ რ. ბ-ს გადასცემს 240 ლარს, რის სანაცვლოდაც, რ. ბ-ი სამი შეკვრით აძლევს სავარაუდო ნარკოტიკულ საშუალებას და უბრუნებს 30 ლარს. 2023 წლის 4 ოქტომბერს, ვ. გ-ი „ვ-ის“ მეშვეობით, კვლავ დაუკავშირდა რ. ბ-ს. იმავე დღეს დათქმულ შეხვედრამდე ვ. გ-ი კვლავ აღიჭურვა ფარული გადამღებით. ვიდეომასალით დასტურდება, რომ შეხვედრისას ვ. გ-მა რ. ბ-ს გადასცა 220 ლარი, სანაცვლოდ კი, მიიღო ორი შეკვრა სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება და 10 ლარი. 2023 წლის 6 ოქტომბერს, ვ. გ-ი „ვ-ის“ მეშვეობით ისევ დაუკავშირდა რ. ბ-ს, რომელთანაც რ-ში დაგეგმა შეხვედრა. წინა შეხვედრების მსგავსად, აღნიშნულ შეხვედრაზე რ. ბ-მა შეიძინა სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება. კერძოდ, ორი შეკვრა, 200 ლარის სანაცვლოდ. სამივე შეხვედრა გამომძიებელ გ. ს-ის მეთვალყურეობით განხორციელდა.

4.4. ზემოაღნიშნული საკონტროლო შესყიდვების შემდეგ, ვ. გ-ისგან ამოიღეს საკონტროლო შესყიდვის შედეგად მისთვის გადაცემული სავარაუდო ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ექსპერტიზის მიზნით გადაიგზავნა საექსპერტო დაწესებულებაში.

4.5. ქიმიური ექსპერტიზის - დასკვნით დასტურდება, რომ მოთეთრო თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, წონით – 0,3341გ. წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება – ჰეროინის – რაოდენობა შეადგენს – 0,0597 გ. (ობ. N1); მოთეთრო თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება წონით – 0,5364 გ. წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება – ჰეროინის – რაოდენობა შეადგენს – 0,0334 გ. (ობ. N2). N1 და N2 ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება – ჰეროინის – საერთო რაოდენობა შეადგენს – 0,0931გ.

4.6. ქიმიური ექსპერტიზის -- დასკვნით დასტურდება, რომ მოთეთრო თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში და მომწვანო თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით – 0,3232 გ. წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება – ჰეროინის – რაოდენობა შეადგენს – 0,0587 გრამს.

4.7. ქიმიური ექსპერტიზის -- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ლურჯი პოლიეთილენის ორ ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო ნივთიერება, წონებით – 0,2609 გრამი და 0,2770 გრამი, საერთო წონით – 0,5379 გრამი, შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება – ჰეროინს, საერთო რაოდენობით – 0,1990 გრამს.

4.8. ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტის -- დასკვნის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ფონოგრამებსა და ვიდეოგრამებს რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ფონოგრამაში ნამდვილად რ. ბ-ის ხმა ისმის. ასევე, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოგრამებზე სახელწოდებით: “----- და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ რ. ბ-ის (პირადი -) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებულ ფოტოგამოსახულებაზე (ფოტო N11) დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნება.

4.9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სასამართლოში გამოკვლეული და პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებები კანონის შესაბამისად მოპოვებული, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი და მტკიცების საგანთან მიმართებით რელევანტურია. ამგვარი მოცემულობის პირობებში კი, დაცვის მხარის არგუმენტი მტკიცებულებათა არასანდოობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნევა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით რომელიმე მოწმის მიკერძოება ან/და საქმის შედეგით დაინტერესება არ დადასტურებულა.

4.10. ამასთან, დაცვის მხარის მიერ ვ. გ-ის ცრუმოწმეობის შესახებ განვითარებულ პოზიციასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: აღნიშნული პირი სასამართლოში დაკითხვისას მკაფიოდ უთითებდა, რომ რ. ბ-ი გაიცნო მისი მეგობრის მეშვეობით, რა დროსაც მსჯავრდებულმა, მას შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების შეძენა თანხის სანაცვლოდ. მან ამ ფაქტის შესახებ შეატყობინა პოლიციას და ნარკოტიკების გამსაღებლის გამოვლენის მიზნით, ნებაყოფლობით გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. შემდეგ, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი წავიდა რ. ბ-თან. ჩანაწერებით და ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დადასტურებულია, რომ მან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება – ჰეროინი. აღნიშნული გარემოებები თვალნათლივ ადასტურებს რ. ბ-ის დამნაშავეობას.

4.11. მსჯავრდებულის გამართლების წონად არგუმენტად ვერც ვ. გ-ის ნარკოდამოკიდებულებაზე აპელირება განიხილება, რამდენადაც საკასაციო პალატა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს რ. ბ-ის მსჯავრდების ნაწილში, სხვა პირთა ბრალეულობა კი ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს რ. ბ-ის ბრალეულობას.

4.12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებისა და დაცვის მხარის პოზიციის შეფასების, ასევე, რ. ბ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის ნაწილში სწორი და კანონიერია, ხოლო თითოეული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესაბამისი.

4.13. მართალია, რ. ბ-მა ზემოაღნიშნული დანაშაულები „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე – 2024 წლის 1 ივლისამდე – ჩაიდინა, თუმცა მის მიმართ თითოეული დანაშაულისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნულ სასჯელზე, აღნიშნული კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული იმპერატიული დათქმის შესაბამისად, შეღავათი არ ვრცელდება.

4.14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის ზედმიწევნით გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

4.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი რ. ბ-ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ რ. ბ-ის ადვოკატ მ. უ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე