დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.05.2025
საქმის ნომერი
2კ-76-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050141124010169437

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №76I-25 თბილისი

ჩ. ლ., 76I-25 5 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ს საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 31 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლოში წარმოდგენილი მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს საქმის მასალების მიხედვით:

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენით, ლ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 20 მაისის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 27 მაისის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ლ. ჩ.ს, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის განაჩენით: ლ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, დანარჩენი – 2 წელი ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

4. მსჯავრდებულ ლ. ჩ.ს სასჯელი აეთვალა 2023 წლის 5 აპრილიდან და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2024 წლის 4 აპრილს.

5. 2024 წლის 7 ოქტომბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელათა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს პირადი საქმე.

6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 31 მარტის განჩინებით:

6.1 მსჯავრდებულ ლ. ჩ.ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის გამოყენებით, ერთი მეექვსედით შეუმცირდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით მოსახდელი სასჯელი და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;

6.2. მსჯავრდებულ ლ. ჩ.ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის გამოყენებით, ერთი მეექვსედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) მოსახდელი სასჯელი (რომელიც, თავის მხრივ, დამატებული აქვს ბოლო განაჩენს) და განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;

საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ჩ.ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე 1 წლისა და 10 თვის გამოსაცდელი ვადით.

7. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 31 მარტის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ-მ, რომელიც ითხოვს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 31 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანასა და ლ. ჩ-ს, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით შეფარდებული სასჯელებისაგან გათავისუფლებას, რამეთუ მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებით, დაზარალებულებმა მ. შ-მ და მ. ი-მ არ დააფიქსირეს პოზიცია, ლ. ჩ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-8 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, ამნისტია უნდა აღსრულდეს; მეორე მხრივ, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლთან მიმართებით არაერთგზის მაკვალიფიცირებელ გარემოებას განაპირობებდა სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ლ. ჩ-ს წარსული ნასამათლობა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლ. ჩ. ასევე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან (ორი ეპიზოდი) მიმართებით, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

3. შესაბამისად, ვიდაიდან სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა დაზარალებულების თანხმობა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების თაობაზე, ლ. ჩ.ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) მოსახდელი სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით – რომელიც, თავის მხრივ, დამატებული აქვს ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს, მართებულად შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, ისევე, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით მოსახდელი სასჯელი და განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

4. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ პრინციპულად არასწორია ამნისტიის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირის გათავისუფლების გაიგივება ქმედების დანაშაულებრიობასა და დასჯადობის გაუქმებასთან. ამნისტიის საფუძველზე დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, მსჯავრდებული – სასჯელისაგან ან/და მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით, ხოლო სასჯელმოხდილს მოეხსნას ნასამართლობა, რაც ვერაფრით გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ ამნისტირებული ქმედება აღარ არის მართლსაწინააღმდეგო ან/და დასჯადი. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებით ლ. ჩ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელისაგან გათავისუფლების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული ვერაფრით მოახდენდა გავლენას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციაზე და ვერ შეცვლიდა იმ მოცემულობას, რომ ლ. ჩ.ს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის განაჩენით ნმსჯავრი დაედო არაერთგზის ძარცვისათვის.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 31 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი