განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 15.05.2025
საქმის ნომერი
40აგ.-2024
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020142222700394810

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №40აგ-24 თბილისი

მ. ვ., 40აგ-24 15 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლოში წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 თებერვლის განაჩენით, ვ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2010 წლის 18 მარტის ეპიზოდი) – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 20000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2010 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2013 წლის 8 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 59-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ვ. მ-ს განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 25000 ლარი.

2. ვ. მ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2010 წლის 18 მარტიდან 2010 წლის 19 მარტის ჩათვლით და სასჯელი აეთვალა 2010 წლის 31 ივლისიდან.

3. განაჩენით დადგინდა, რომ ვ. მ-მ ჩაიდინა: საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მალულად (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2010 წლის 18 მარტს ვ. მ-მ განიზრახა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო წესების დარღვევით, დიდი ოდენობით სამედიცინო დანიშნულების მედიკამენტ ,,სტაბლონის“ შემოტანა. აღნიშნული განზრახვის აღსასრულებლად, იგი 2010 წლის 18 მარტს გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, შეიძინა მედიკამენტი ,,სტაბლონი” – ჯამურად 15761 აბი. ამის შემდეგ, ვ. მ--მ აღნიშნული აბები შეინახა პირადად, იმავე დღეს გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და შემოვიდა საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ კონტროლის ზონაში, სადაც, საბაჟო წესების დარღვევით, საქართველოში დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის განზრახვის აღსასრულებლად, საბაჟოს თანამშრომლებს დაუმალა აბების არსებობა, რის შედეგადაც, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, შემოიტანა დიდი ოდენობით მოძრავი ნივთი – 15761 ,,სტაბლონის“ აბი, რომლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 15000 ლარს.

3.2. ვ. მ-მ და ა. მ-მ განიზრახეს თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, ა. მ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო წესების დარღვევით, დიდი ოდენობით, სამედიცინო დანიშნულების მედიკამენტ ,,სტაბლონის“ შემოტანა. აღნიშნული განზრახვის აღსასრულებლად, ისინი 2010 წლის 29 ივლისს გადავიდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ვ. მ-მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, შეიძინა პრეპარატი ,,სტაბლონი“ – ჯამურად 22580 აბი, რის შემდეგაც ვ. მ-მ აღნიშნული აბები ა. მ-თან შეთანხმებით, მოათავსა ამ უკანასკნელის მიერ მართული ავტომანქანა ,,ფორდ ესკორტში“ (№....), თავად კი, იმავე დღეს, სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით, გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. ა. მ–მ შეთანხმებისამებრ, 2010 წლის 29 ივლისს, 22 საათსა და 14 წუთზე, გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და შემოვიდა საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,სარფის” კონტროლის ზონაში, სადაც საბაჟო წესების დარღვევით, საქართველოში დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის განზრახვის აღსასრულებლად, საბაჟოს თანამშრომლებს დაუმალა აბების არსებობა, რის შედეგადაც საბაჟო კონტროლისაგან მალულად, შემოიტანა დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები – 22580 ,,სტაბლონის“ აბი, რომელთა საბაჟო ღირებულება აჭარბებს 15000 ლარს.

4. ამავე განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2010 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრი დაედო ა. მ-ს.

5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა ვ. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჩ-მ, რომლებიც ითხოვდნენ, ვ. მ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, ვ. მ.ი, ერთი მხრივ, აღიარებდა 2010 წლის 18 მარტს, თურქეთის რესპუბლიკიდან 15761 აბი „სტაბლონის“ საქართველოში შემოტანას, თუმცა არ ეთანხმებოდა სასაქონლო ექსპერტიზით დადგენილ, მათ საბაჟო ღირებულებას, ხოლო, მეორე მხრივ, უარყოფდა 2010 წლის 29 ივლისს ამოღებულ მედიკამენტებთან რაიმე კავშირს და აცხადებდა, რომ ა. მ-ი მისი დადანაშაულებით ცდილობდა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.

6. ხ-ს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებული ჰქონდა ვ. მ-ს თანამსჯავრდებულ ა. მ-საც, რომელიც, მისი მამხილებელი მტკიცებულებების არარსებობის გამო, ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, 2011 წლის 31 მარტს, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-სა და მსჯავრდებულ ვ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ს სააპელაციო საჩივრები, რომლებიც არ დააკმაყოფილა და ხ-ს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 თებერვლის განაჩენი დატოვა უცვლელად.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ. მ-ს ინტერსების დამცველმა, ადვოკატმა – გ. ბ-მა, რომელიც ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენის გაუქმებასა და ვ. მ-ს უდანაშაულოდ ცნობას, რამეთუ, ერთი მხრივ, საეჭვოდ მიიჩნევდა სასაქონლო ექსპერიზის დასკვნას, რომლითაც დადგენილი იყო, რომ ვ. მ-საგან 2010 წლის 18 მარტს ამოღებული აბების ღირებულება აჭარბებდა 15000 ლარს, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებდა, რომ 2010 წლის 29 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით, ა. მ-ს განთქმა, საკუთარი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას ემსახურებოდა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

10. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, ვ. მ. გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ორივე ეპიზოდისათვის) შეფარდებული სასჯელისაგან.

11. 2022 წლის 10 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა ვ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქმეზე „M… v. Georgia“ საჩივრის №... საფუძველზე, მოითხოვა ვ. მ-ს მიმართ არსებული, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა და მისი უდანაშაულოდ ცნობა.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განაჩენით ვ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ამავდროულად, შეიცვალა ქუთაისის სააპელაცი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენი და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე, კერძოდ: ვ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2010 წლის 18 მარტის ეპიზოდი) – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 20000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2010 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2013 წლის 8 მაისიდან მოქმედი რედაქცია) 59-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და ვ. მ-ს, საბოლოოდ, განესაზღვრა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 25000 ლარი; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, ვ. მ. გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან; სხვა ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენი და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. ვ. მ-ს მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: „M. v. Georgia“, რომლითაც დადგინდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ამის საფუძველი გახდა სასჯელთა მთლიანად შეკრების წესის გამოყენება, მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში დეტალურად არის მითითებული ამ საქმეში გამოკვეთილი სამართლებრივი უსწორობები. სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 18 მარტის ეპიზოდთან მიმართებით, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა შპს „ა-ს“ ანგარიში, თუმცა, იმავდროულად, უპირობოდ მიიღო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერიზის დასკვნა, რომელიც ვერ ხსნის, რატომ იყო შეუძლებელი საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენის პირველი სამი მეთოდის (გარიგების ფასის მიხედვით; იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით; მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით) გამოყენება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა 2010 წლის 29 ივლსის ეპიზოდთან მიმართებით, მტკიცებულებების უტყუარობის კუთხით, რასთან დაკავშირებითაც მიეთითა სწორედ დარღვევის დამდგენ გადაწყვეტილებაში. კასატორის მოსაზრებით, ვ. მ-ს შესაძლოა, თავი აერდებინა გადასახადებისათვის, თუმცა მეწარმეებისათვის გადასახადის გადასახდელად გათვალისწინებული საშეღავათო პერიოდიდან გამომდინარე, მის ქმედებაში არც ამ დანაშაულის შემადგენლობა იკვეთება. ამდენად, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი განხილვით ვ. მ-ს ბრალეულობა არ დადასტურდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.

3. საკასაციო სასამართლო იშველიებს, ერთი მხრივ, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) №9 დასკვნას – ,,საერთაშორისო და ევროპული სამართლის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფის საქმეში ეროვნული მოსამართლეების როლის შესახებ“, რომელშიც საუბარია ეროვნული სასამართლოების მოსამართლეთა როლსა და მოწოდებაზე, რათა მოსამართლეებმა შეძლებისდაგვარად გამოიყენონ ყველა არსებული რესურსი კანონის განმარტების პროცესში ან არსებული საპროცესო სამართლის ფარგლებში ისე, რომ: ა) მოხდეს საქმეების წარმოების განახლება, თუ კონვენცია დაირღვა და ბ) დარღვევების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დადგინდეს კომპენსაცია (იხ.: ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნა №9 – ,,საერთაშორისო და ევროპული სამართლის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფის საქმეში ეროვნული მოსამართლეების როლის შესახებ“, §49), ხოლო, მეორე მხრივ, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) №13 დასკვნას – ,,სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაში მოსამართლეთა როლის შესახებ“, რომელიც, თავის მხრივ, მიუთითებს №9 დასკვნაზე და ხაზს უსვამს, რომ საბჭოს მიერ საგანგებოდ არის განსაზღვრული, თუ როგორ უნდა უზრუნველყოფდეს მოსამართლე ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შესაბამისობას (იხ.: ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნა №13 ,,სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაში მოსამართლეთა როლის შესახებ“, §48).

4. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: როდესაც სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, მეტად მნიშვნელოვანია, სასამართლოებმა გულდასმით გააანალიზონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული დასკვნები და გააცნობიერონ, რომ ეროვნულ დონეზე საქმეთა გადასინჯვა სახელმწიფოს მიერ გატარებული ყველაზე ეფექტური ინდივიდუალური ღონისძიებაა დარღვეული უფლების გამოსასწორებლად და პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად (Restitutio in integrum).

5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით საქმეზე: „M. v. Georgia“, საჩივრის №., დადგინდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა.

6. დამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის ... საქვეყნოდ განხილვის უფლებით.

7. დანაშაულის პირველ (2010 წლის 18 მარტის) ეპიზოდთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა: „სადავო არ იყო, რომ მომჩივანმა ფარმაცევტული საშუალებები თურქეთიდან საქართველოში პირადად შემოიტანა. მაშინაც კი, თუ ბრალდება და სანქცია – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით – შეიცავს გარკვეულ სტიგმას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხედველობის მიღმა ვერ დატოვებს ფაქტს, რომ მომჩივნის მიერ წამოჭრილი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ იგი არ ეთანხმებოდა ექსპერტის მიერ ამოღებული მედიკამენტების ღირებულების შეფასებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამასთან დაკავშირებით დაადგინა, რომ პირველ ეპიზოდთან მიმართებით, ფაქტობრივი გარემოებები არ იყო სადავო და, რომ, ექსპერტმა ღირებულება შეაფასა სტანდარტული პროცედურის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, რომ პირველ ეპიზოდთან მიმართებით, მომჩივნის საჩივარი არ წარმოშობდა შეკითხვებს ფაქტებთან ან სამართალთან დაკავშირებით, რომლებიც ადეკვატურად ვერ გადაწყდებოდა საქმის მასალებისა და მხარეთა წერილობითი წარდგინებების საფუძველზე (იხ.: mutatis mutandis, Fejde, ზემოთ ციტირებული, §§ 33-34, and Jussila, ზემოთ ციტირებული, § 47, ECHR 2006-XIV). ამდენად, ამასთან კავშირში კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე განსახილველი საკითხი არ წარმოიშობოდა“ (იხ.: პუნქტი 37).

8. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე – „M. v. Georgia“, დანაშაულის პირველ – 2010 წლის 18 მარტის – ეპიზოდთან მიმართებით, რამდენადაც ეროვნული სამართალწარმოების დონეზე, დაცვის მხარე სადავოდ ხდიდა მხოლოდ ვ. მ-საგან ამოღებული მედიკამენტების ღირებულებას, რომელიც სტანდარტული პროცედურით შეფასდა და არ წარმოშობილა შეკითხვები ფაქტებსა და სამართალთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გამო, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა არ დადგინდა.

9. დანაშაულის მეორე – 2010 წლის 29 ივლისის – ეპიზოდთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა: „მომჩივნის წინააღმდეგ არსებული ბრალდება მიეკუთვნებოდა სისხლის სამართლის ძირითად ნაწილს და, აგრეთვე, სანქცია ითვალისწინებდა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება ეხებოდა დანაშაულის ორ ეპიზოდს, მეორე ეპიზოდში მსჯავრის დადების შემთხვევაში, მომჩივნის სასჯელის საერთო ხანგრძლივობა გადააჭარბებდა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ლიმიტს. კერძოდ, ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, ზეპირი მოსმენიდან გადახვევა დასაშვები იყო იმ შემთხვევაში, თუ სასჯელი არ აჭარბებდა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას. დამატებით, მომჩივნის საჩივარი ეფუძნებოდა ფაქტობრივ გარემოებებს, უფრო კონკრეტულად კი, გადამწყვეტი იყო საკითხი: იყო თუ არა იგი ნამდვილად ჩართული მე-2 ეპიზოდში განვითარებულ მოვლენებში. ვინაიდან მომჩივანი დავობდა, რომ მეორე ბრალდებული მის დამნაშავეობაზე მიუთითებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, საქმეში წამოიჭრა მომჩივნისა და მეორე ბრალდებულის სანდოობის მნიშვნელოვანი საკითხი. შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა მომჩივნისა და საქმეზე მეორე ბრალდებულის ინდივიდუალური და პიროვნული მახასიათებლები, მომჩივანი უშუალოდ უნდა დაკითხულიყო (იხ.: Talabér, § 28, and Muttilainen, § 26, ორივე ციტირებული ზემოთ). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, პირველ რიგში, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანაშაულის მეორე ეპიზოდთან მიმართებით, განსახილველი საკითხები სათანადოდ ვერ დადგინდებოდა ბრალდებულების განმარტებების უშუალო შეფასების გარეშე. მიუხედავად ამისა, როდესაც სააპელაციო სასამართლომ ზეპირი განხილვის გარეშე, დაადასტურა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, მან უპასუხოდ დატოვა მომჩივნის მოთხოვნა, უშუალოდ ყოფილიყო მოსმენილი და საკითხი შეაფასა საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. გარდა ამისა, კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სამართლიანი სასამართლო განხილვა მოითხოვს, რომ სააპელაციო სასამართლომ წარმოადგინოს ნათელი მიზეზები, თუ რატომ უთხრა უარი მომჩივანს ზეპირ განხლვაზე, სულ მცირე, იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებები, როგორც წესი, მომჩივნის მსგავს საქმეებზე მოითხოვდა სხდომის გამართვას. იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ წარმოადგინა დასაბუთება, თუ რატომ არ ჩაატარა ზეპირი მოსმენა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ იმყოფება იმ პოზიციაში, რომ დაადგინოს გამონაკლისი გარემოების არსებობა, რომელიც გაამართლებდა ზეპირი მოსმენისგან გადახვევას. შესაბამისად, სააპელაციო სამართალწარმოების დროს ზეპირი მოსმენის არარსებობის გამო, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას“ (იხ.: პუნქტი 38-40).

10. ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მეორე – 2010 წლის 29 ივლისის – დანაშაულებრივ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომლისთვისაც მსჯავრდების შემთხვევაში, საერთო სასჯელის ზომას შესაძლოა, გადაეჭარბებინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისათვის დაშვებული 5-წლიანი ზღვრისთვის და, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბრალდების ჭრილში, სადავო საკითხის – მსჯავრდბულების სანდოობის – შეფასება, საჭიროებდა სასამართლოს მიერ მათ უშუალო მოსმენას, სააპელაციო სასამართლოს კი არ დაუსაბუთებია, რატომ თქვა უარი საქმის ზეპირ განხილვაზე, დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა.

11. ამდენად, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შეაფასებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისას, რამდენად მოხდა დარღვევის დამდგენ გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნების გათვალისწინება.

12. ვ. მ-სათვის შერაცხილ, მეორე – 2010 წლის 29 ივლისის – დანაშაულებრივ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებითაც, დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიიჩნია რა, რომ სწორედ მეორე – 2010 წლის 29 ივლისის – ბრალდებასთან დაკავშირებული საკითხის – ვ. მ-სა და ა. მ-ს სანდოობის – შეფასება მოითხოვდა სწორედ საქმის ზეპირ მოსმენას, –საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: დაცვის მხარეს, გარდა ვ. მ-ს პოზიციისა, რომელიც საქმის თავდაპირველი განხილვისას, ისედაც ამტკიცებდა, რომ ა. მ-მ ცრუდ ამხილა იგი, საკუთარი პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად, არ წარმოუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომელიც განაჩენის გადასინჯვის პროცესში სააპელაციო სასამართლოს შეფასებისა და განსჯის საგანი გახდებოდა.

13. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლო, 2010 წლის 29 ივლისის დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით, აფასებს იმ მტკიცებულებების სანდოობას, რომლებიც საფუძვლად დაედო ვ. მ-ს მსჯავრდებას და გადაწყვეტს, რამდენად ქმნიან ისინი უტყუარ და საკმარის ერთობლიობას მის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

14. განსასჯელ ა მ-ს ჩვენებით, რომელიც დაედო დიდწილად საფუძვლად ვ. მ-ს – 2010 წლის 29 ივლისს, საბაჟო წესების დარღვევით, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საზღვარზე გადმოტანაში – მსჯავრდებას, იყო ტაქსის მძღოლი. 2010 წლის 29 ივლისს მას დაუკავშირდა ვ. მ., რომელიც ქ. ბ-დან წაიყვანა ს-ს საბაჟოს მიმდებარედ. შეთანხმდნენ, რომ უკან დაბრუნებისას, დაუკავშირდებოდა ვ. მ.. ამავდროულად, თავადაც გადავიდა თურქეთში, საწვავი წაიღო და მალევე დაბრუნდა უკან. იქ ყოფნისას ვ. მ-ს არ შეხვედრია. საქართველოში დაბრუნებისას საბაჟო საზღვარზე შეამოწმეს ისიც და მისი ავტომანქანაც. საქართველოსკენ მოემართებოდა, როდესაც ვ. მ. დაუკავშირდა. ისინი ერთნამეთს საბაჟოს ტერიტორიაზე შეხვდნენ. ამ დროს ვ. მ. უკვე გადმოსული იყო თურქეთიდან, სტადიონთან იდგა. თან ჰქონდა პოლიეთილენის რამდენიმე პარკი, რომლებშიც, რა იყო, არ იცის. ვ.მ--ს არ უთქვამს მისთვის, რომ ხელთ ნაქონი ნივთები თურქეთიდან ჰქონდა გადმოტანილი. ღამე იყო, ვ. მ. თ-ში ვეღარ წავიდა და მასთან დარჩა სახლში. ბ-ს ავტოსადგომზე ყოფნისას, 10-15 წუთით გადავიდა ავტომანქანიდან, ჯიხურში შევიდა, ამიტომ, ვერ გამორიცხავს, რომ ვ. მ-სათვის ამ დროს გადაეცათ რაიმე. შინ რომ მივიდნენ, ერთ პარკში მედიკამენტები შენიშნა. ვ. მ-ს თქმით, ჩვეულებრივი, ტკივილგამაყუჩებელი წამლები იყო. მათი წარმომავლობის შესახებ არაფერი თქმულა. მეორე დღეს ვ. მ. ბ-ში წავიდა, პარკები მასთან დატოვა. შემდეგ დაურეკა და უთხრა, რომ წამლების გარდა, ყველა პარკი მისთვის მიეტანა. ასეც მოიქცა. შემდეგ ისევ დაურეკა და უთხრა, წამლებიანი პარკი ისე შეენახა, რომ არავის ენახა. მან, თავის მხრივ, შეტყობინება გაუგზავნა თავის დას, სთხოვა, წამლებიანი პარკი სადმე შეენახათ. ეს მედიკამენტები 2010 წლის 30 ივლისს ამოიღეს მისი დროებითი საცხოვრებლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან.

15. ა. მ-ს სიდედრის – გ. ჭ-ს – ჩვენებით, მისი ქალიშვილი, სიძესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად დროებით ცხოვრობდნენ მასთან – ხ-ს რაიონის სოფელ ა-ში. 2010 წლის 30 ივლისს ჩატარდა მისი სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩხრეკა და ამოიღეს პოლიეთილენის პარკი, დიდი ოდენობით აბებით, რომლებიც მან, ა. მ–ს თხოვნით, გადამალა ბალახებში. კერძოდ, მისმა სიძემ თავის დას მისწერა მობილურზე, რომ სახლში დატოვებული თეთრი პარკი გადაეგდოთ. ასეც მოიქცა. პარკი ბაღის ბოლოს, ეკლიან, მიუვალ ადგილას გადააგდო.

16. საქართველოს შსს სპეციოალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლების – ზ-სა და გ-ს – ჩვენებების მიხედვით, 2010 წლის 30 ივლისს ხ-ს რაიონის სოფელ ა-ში ჩატარებული, ა. მ-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩხრეკისას, ამოიღეს პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 710 ფირფიტა, რომლებზეც დატანილი იყო 15-15 აბი და ასევე – დიდი ოდენობით აბები, ფირფიტების გარეშე. აბების ამოღებისას, ა. მ-მ განმარტა, რომ ისინი 2010 წლის 29 ივლისს, ვ. მ-ს თხოვნით, გადმოიტანა თურქეთის რესპუბლიკიდან.

17. საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2010 წლის 30 ივლისს, 20:10-20:50 საათზე, ხ-ს რაიონის სოფელ ა-ში მდებარე, გ. ჭ-ს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩხეკისას, გ. ჭ-ს მითითებით, ამოიღეს პოლიეთილების პარკი, მასში მოთავსებული 710 ფირფიტით, წარწერით – „STABLON“, თითოზე დატანილი 15 აბით და 10956 პატარა, ოვალური, თეთრი აბი. საგამოძიებო მოქმედების ოქმის მიხედვით, გ. ჭ-მ თანხმობა განაცხადა, წარმოედგინა მისი სიძის – ა. მ-ს თხოვნით, საკარმიდამო ნაკვეთის ბოლოს, საზღვართან, ბალახებში ჩამალული პოლიეთილენის პარკი, რომელშიც, რა იდო, არ იცოდა. საგამოძიებო მოქმედების ოქმის მიხედვით, ჩხრეკაში მონაწილე პირთა შორის არ არის მითითებული ა. მ. და, შესაბამისად, არც მის მიერ გაცხადებული რაიმე შენიშვნაა ასახული.

18. საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის თანახმად, ა. მ-მ, 2010 წლის 29 ივლისს, 03:19 საათზე, სარფის საბაჟოს გავლით გადაკვეთა და იმავე დღეს, 10:14 საათზე, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ვ. მ-მ – 2010 წლის 29 ივლისს, 03:13 საათზე, სარფის საბაჟოს გავლით გადაკვეთა და იმავე დღეს, 09:13 საათზე, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

19. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის“ 2010 წლის 1 აგვისტოს სასაქონლო ექსპერტიზის №... დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი „SERVIER-ის“ წარმოებული, მედიკამენტ „STABLON-ის“ (12,5 mg tianeptine) ერთი ცალი 15-აბიანი კონვალუტის (ფირფიტის) საბაჟო ღირებულება, დღეის მდგომარეობით, შეადგენს – 14,9 ლარს, შესაბამისად, 1505 კონვალუტის ღირებულება შეადგენს – 22424,5 ლარს. სულ 1505 კონვალუტისა და 3 აბის საბაჟო ღირებულება შეადგენს – 22427,47 ლარს.

20. აქვე აღსანიშნავია, რომ ვ. მ. იმთავითვე უარყოფდა 2010 წლის 30 ივლისს, ა. მ-ს საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ამოღებულ მედიკამენტებთან მის რაიმე კავშირს და ამტკიცებდა, რომ ა. მ. საკუთარი პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად აბრალებდა მას დანაშაულს.

21. საქმეში წარმოდგენილი, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების კვალდაკვალ, აღნიშნავს: 2010 წლის 29 ივლისის დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით, აუციებელია, არა მარტო ვ. მ-ს თანაბრალდებულის – ა. მ-ს – ჩვენების სანდოობის შეფასება, რომლის მხილებიდან გამომდინარეც, აქვს შერაცხილი ვ. მ-ს მსჯავრი, არამედ – რაც მთავარია, სამართლებრივად სწორად უნდა შეფასდეს ის მოცემულობა, რომ ა. მ-ს მტკიცების უპირობოდ გაზიარების შემთხვევაშიც კი, ვ. მ-ს ქმედებაში არ იკვეთება მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის – საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის – შემადგენლობა, რამეთუ, ა. მ-ს ჩვენების მიხედვით, 2010 წლის 29 ივლისს, როდესაც ვ. მ-ს შეხვდა, მას უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარი, იმყოფებოდა ს-ში და ელოდებოდა სტადიონთან. მართალია, ვ. მ–ს ამ დროს უკვე ხელთ ჰქონდა პოლიეთილენის პარკები, თუმცა ა. მ-მ არაფერი იცოდა მათ წარმომავლობაზე. შესაბამისად, იმ დაშვებითაც კი, რომ 2010 წლის 30 ივლისს, ა. მ-ს სიდედრის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან ამოღებული მედიკამენტები მათ ოჯახში ნამდვილად ვ. მ-მ დატოვა, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ სადავო მედიკამენტები ვ. მ-მ 2010 წლის 29 ივლისს საბაჟო კონტროილისაგან მალულად გადმოიტანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, რასაც საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ედავებოდა მას ბრალდების მხარე. მხოლოდ მოწმე პოლიციელების – ზ-სა და გ-ს ირიბი ჩვენებები, რომ მედიკამენტების ამოღებისას ა. მ-მ მიუთითათ, რომ ისინი ვ. მ-ს თხოვნით შემოიტანა თურქეთიდან საქართველოში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, მით უფრო, როდესაც ა. მ–ს ხსენებული შინაარსის შენიშვნა არ არის ასახული შესაბამისი, საგამოძიებო მოქმედების ოქმში, ხოლო თავად ა. მ-ს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ დაუდასტურებია, რომ ამოღებული მედიკამენტები ვ. მ-თან შეთანხმებით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2010 წლის 30 ივლისს, გ. ჭ-ს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩხრეკისას ამოღებული მედიკამენტების წარმომავლობასთან და, მით უფრო, საბაჟო კონტროოლისაგან მალულად, მათი საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით, გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით და საქმეში წარმოდგენილი ვერცერთი უტყუარი მტკიცებულებით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, ვ. მ-ს სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს და, შესაბამისად, 2010 წლის 29 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

24. რაც შეეხება პირველ – 2010 წლის 18 მარტის – დანაშაულებრივ ეპიზოდს, ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას აქვს მკაცრად განსაზღვრული ფარგლები. კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი გადაისინჯება, თუკი კუმულაციურად არსებობს შემდეგი წინაპირობები: განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა და, ამავდროულად, გადასასინჯი განაჩენი, სწორედ ამ დარღვევას ეფუძნება.

25. ამდენად, საკასაციო სასამართლო აცნობიერებს, რომ სივრცე, რომელშიც უნდა იმოქმედონ ეროვნულმა სასამართლოებმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვისას, მკაცრად შემოფარგლულია გადაწყვეტილებით დადგენილი კონვენციური დარღვევის გავრცელების არეალით და, ცხადია, მთელ სამართალწარმოებაზე ავტომატურად ვერ გავრცელდება, თუმცა იმავდროულად, განსახილველ საქმესთან მიმართებით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე საჩივარს იხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით, მისი დასაშვებობის შემოწმების გარეშე. შესაბამისად, ვინაიდან 2010 წლის 18 მარტის დანაშაულებრივ ეპიზოდთან დაკავშირებით, დასაშვებ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული დაცვის მხარის მიერ პრეპარატ „სტაბლონის“ საბაზრო ღირებულების დასადგენად, წარმოდგენილი შპს ,,ა-ს“ ანგარიში და მოწმის სახით დაიკითხა ამ პრეპერატის საბაზრო ღირებულების შემფასებელი პირი – ა. ჭ. და, ამავდროულად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განაჩენი დაცვის მხარეს გასაჩივრებული აქვს, მათ შორის, ამ დანაშაულებრივ ეპიზოდში, ვ. მ-ს მსჯავრდების ძალაში დატოვებასთან დაკავშირებითაც, საკასაციო სასამართლო განსჯის, თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთობლივად, ამტკიცებენ თუ არა დაცვის მხარის მიერ საქმის ხელახალი განხილვისას წარმოდგენილი ეს სამხილები ვ. მ-ს უდანაშაულობას.

26. იქამდე საკასაციო სასამართლო კვლავაც ხაზგასმით იმეორებს, რომ ვ. მ-ს, სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე, არც ეროვნული და არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე პოზიციონირებისას, სადავოდ არ გაუხდია, რომ 2010 წლის 18 მარტს, საბაჟო კონტროლისაგან მალულად თურქეთიდან საქართველოში შემოიტანა 15761 აბი პრეპარატი ,,STABLON-ი“, რომელიც ამოუღეს მას სარფის საბაჟოს ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

27. მხარეებს შორის იმთავითვე სადავო იყო პირადი ჩხრეკისას ამოღებული საქონლის საბაჟო ღირებულება, რამეთუ ბრალდების მხარის მტკიცებით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ვ.მ- მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილი პრეპარატების საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15000 ლარს და, შესაბამისად, მას ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა – რამდენადაც, ამ მუხლის მიზნებისათვის, დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს 15000 ლარს; მეორე მხრივ, დაცვის მხარის ვერსიით, ვ. მ-საგან ამოღებული პრეპარატების ღირებულება არ აღემატებოდა 15000 ლარს, რაც მის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას და, შესაბამისად, მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავდა სრულად.

28. მტკიცების საგანთან მიმართებით – აღემატება თუ არა ვ. მ-ს მიერ საბაჟო წესების დარღვევით საქართველოში შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება 15000 ლარს – და, შესაბამისად, იკვეთება თუ არა მის ქმედებაში მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის შემადგენლობა, საქმეში წარმოდგენილია ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის“ 2010 წლის 18 აგვისტოს 2909-08/4 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, „SERVIER-ის“ მიერ წარმოებული მედიკამენტი „STABLON-ის“ ერთი კონვალუტის (15 აბის) საბაჟო ღირებულება, იმ დროისათვის, შეადგენდა – 14,9 (14 ლარსა და 90 თეთრს) ლარს, შესაბამისად, 15761 აბის საბაჟო ღირებულება შეადგენდა – 15655,89 (15655 ლარი და 89 თეთრი) ლარს.

29. ამის საპირწონედ, დაცვის მხარემ პრეპარატ „STABLON-ის“ საბაზრო ღირებულების დასადგენად, წარმოადგინა შპს ,,ა-ს“ ანგარიში, რომელიც დაადასტურა ამ პრეპერატის საბაზრო ღირებულების შემფასებელმა – ა.ჭ-მ და რომლის მიხედვით, 1 აბი „STABLON-ის“ საბაზრო ღირებულებამ შეადგინა – 0,60 თეთრი, დამკვეთის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 15761 აბის ღირებულებამ, ჯამურად, შეადგინა – 9456 ლარი.

30. უპირველესად აღსანიშნავია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ, საკუთარი პოზიციების დასადასტურებლად წარმოდგენილ ამ ორ სამხილს, მტკიცებულებების შეფასების დროს უპირობოდ სხვადასხვა ფასი აქვს, რამდენადაც ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურში“ ჩატარებული საექსპერტო კვლევის შედეგად, ექსპერტის მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა. იმავდროულად, ხაზგასასმელია, რომ ექსპერტიზის ავტორს – -ს – განმარტებული აქვს მისი პროცესუალური უფლება-მოვალეობები და იგი გაფრთხილებული იყო, ყალბი დასკვნის მომზადების შემთხვევაში, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, მაშინ, როდესაც, პრეპარატ „STABLON-ის“ საბაზრო ღირებულების დასადგენად, დაცვის მხარის მიერ, თავის მხრივ, წარმოდგენილია შპს ,,ა-ს“ ანგარიში, რომლის ავტორის – ა. ჭ-ს – მითითებით, ამ შემთხვევაში, შემფასებელი არ არის ვალდებული, რაიმე სახით იყოს პასუხისმგებელი შეფასების შედეგებზე, რაც პირველ მტკიცებულებასთან შედარებით, ცხადია უკარგავს მას სანდოობას.

31. რაც შეეხება ამ სამხილების შინაარსობრივ მხარეს, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის“ მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნისათვის, რომლითაც დადგენილია, რომ ვ. მ-საგან ამოღებული საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა – 15655,89 ლარს, განსახილველი ბრალდების – ვ. მ-ს მიერ საბაჟო წესების დარღვევით საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით (რომლის საბაჟო და არა – საბაზრო ღირებულება აჭარბებს 15000 ლარს) მოძრავი ნივთის გადმოტანის – კვალდაკვალ, შეუძლებელია კონკურანცია გაეწია პრეპარატ „STABLON-ის“ საბაზრო ღირებულების დასადგენად, დაცვის მხარის მიერ, წარმოდგენილ შპს ,,-ს“ ანგარიშს, რომლის მიხედვით, ვ. მ-საგან ამოღებული საქონლის საბაზრო და არა – საბაჟო ღირებულება შეადგენდა 9456 ლარს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სიღრმისეულად აღარ მიმოიხილავს ამ ანგარიშის კვლევით ნაწილს, რამეთუ მისი კვლევის საგანი – ამოღებული მედიკამენტების საბაზრო ღირებულების დადგენა – ვ.მ-სათვის წარდგენილი ბრალდების დადასტურების ან უარყოფის კონტექსტში არაფრისმთქმელია.

32. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. მ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2010 წლის 18 მარტის ეპიზოდი) კანონიერი და დასაბუტებულია და არ არსებობს ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. მ. 2010 წლის 29 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, ხოლო 2010 წლის 18 მარტის ეპიზოდთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მისი მსჯავრდება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. -ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განაჩენი შეიცვალოს:

3. ვ. მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2010 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

4. ვ. მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2010 წლის 18 მარტის ეპიზოდი) მსჯავრდებასთან დაკავშირებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენი და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი