საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100122005892435
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №71აპ-25 30 ივნისი, 2025 წელი
მ. რ., №71აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სამადალაშვილის, ასევე მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. მ-ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამართალწარმოების სხვა მონაწილის ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა, სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით), საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამართალწარმოების სხვა მონაწილის ახლო ნათესავის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (დამნაშავისათვის, წინასწარი შეცნობით, ორსულის მიმართ, ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძალადობის მუქარით, თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2015 წლის 25 მაისიდან 2018 წლის 20 ივლისის ჩათვლით დროის პერიოდში, ქ. -ში, რ. მ-ე თ. მ-სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მ. ქ-ზე უძრავი ქონების, ქ. -ში, მდებარე 1200 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ცრუ დაპირებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა მ. ქ*სა და მ. ჭ-ძის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 9400 აშშ დოლარს (21946 ლარი და 42 თეთრი - ექვივალენტი ლარში).
1.3. 2022 წლის 9 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით დროის პერიოდში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე მ. ჭ-ძის მიმართ, 2018 წლის 20 ივლისის სანოტარო აქტის – ვალის აღიარების რეგისტრაციისა და სააღსრულებლო ფურცლის ბათილად ცნობის საქმის განხილვასთან დაკავშირებით რ. მ-ძე, აპლიკაცია „WhatsApp“-ით სატელეფონო კომუნიკაციისას, სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და საცხოვრებელი სახლის ცეცხლის წაკიდებით განადგურებით დაემუქრა ქ. -ში მყოფ, სამართალწარმოების სხვა მონაწილის, მოპასუხე მ. ჭ-ძის ახლო ნათესავს, შვილს – გ. ქ-ს, რა დროსაც გ. ქ-ძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2022 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. -ში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე მ. ჭ-ძის მიმართ, 2018 წლის 20 ივლისის სანოტარო აქტის – ვალის აღიარების რეგისტრაციისა და სააღსრულებლო ფურცლის ბათილად ცნობის საქმის განხილვასთან დაკავშირებით რ. მ-ე, საცხოვრებელი სახლის ცეცხლის წაკიდებით განადგურებით დაემუქრა სამართალწარმოების სხვა მონაწილის, მოპასუხე მ. ჭ-ს ახლო ნათესავს, დედას - ჟ. ჭ-ს, რა დროსაც ჟ. ჭ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.5. 2022 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. -ში, რ.მ-ე, საცხოვრებელი სახლის ცეცხლის წაკიდებით განადგურებით დაემუქრა წინასწარი შეცნობით ორსულ ქალს – მ. კ-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.6. 2022 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. -ში, რ. მ-მ, თავისად დაგულებული უფლების – მამის თ. მ-ს საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობის მიზნით, ჟ. ჭ-სა და მ. კ-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობითა და საცხოვრებელი სახლის ცეცხლის წაკიდებით განადგურების მუქარით დააზიანა მ. ქ-ს კუთვნილი 125 კვადრატული მეტრის სათბურის კარკასი, სარწყავის სისტემა და 40 გრძივი მეტრი მავთულ-ბადის ღობე, რამაც გამოიწვია 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. მ-ის მიერ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის, საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ ამ ბრალდებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა, ასევე საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2.2. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ.მ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.2.1. 2022 წლის 9 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე მ. ჭ-ს მიმართ, 2018 წლის 20 ივლისის სანოტარო აქტის – ვალის აღიარების რეგისტრაციისა და სააღსრულებლო ფურცლის ბათილად ცნობის საქმის განხილვასთან დაკავშირებით რ. მ-ძე, აპლიკაცია „WhatsApp“-ით სატელეფონო კომუნიკაციისას, სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და საცხოვრებელი სახლის ცეცხლის წაკიდებით განადგურებით დაემუქრა, ქ.-ში მყოფ, სამართალწარმოების სხვა მონაწილის, მოპასუხე მ. ჭ-ს ახლო ნათესავს, შვილს - გ. ქ-ს, რა დროსაც გ. ქ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2.2. 2022 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.-ში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე მ. ჭ-ს მიმართ, 2018 წლის 20 ივლისის სანოტარო აქტის - ვალის აღიარების რეგისტრაციისა და სააღსრულებლო ფურცლის ბათილად ცნობის საქმის განხილვასთან დაკავშირებით რ. მ-ძე, საცხოვრებელი სახლის ცეცხლის წაკიდებით განადგურებით დაემუქრა სამართალწარმოების სხვა მონაწილის, მოპასუხე მ. ჭ-ს ახლო ნათესავს, დედას – ჟ. ჭ-ძეს, რა დროსაც ჟ. ჭ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2.3. 2022 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.-ში, რ. მ-ე, საცხოვრებელი სახლის ცეცხლის წაკიდებით განადგურებით დაემუქრა წინასწარი შეცნობით ორსულ ქალს - მ. კ-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2.4. 2022 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.-ში, რ. მ-მ, განზრახ დააზიანა მ. ქ-ს კუთვნილი 125 კვადრატული მეტრის სათბურის კარკასი, სარწყავის სისტემა და 40 გრძივი მეტრი მავთულ-ბადის ღობე, რამაც გამოიწვია 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენით, რ. მ-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებით.
რ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
რ.მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მეორე ნაწილით (გ. ქ-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟ. ჭ-ის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გ.ქ-ს ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟ. ჭ-ს ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით რ. მ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვლა დაკავებიდან – 2022 წლის 05 აპრილიდან.
2.4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა, რომელმაც მოითხოვა წარდგენილი ბრალდებებით მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2.5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა –დ.გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 21 ნოემბერს, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ სამადალაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რ. მ-ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა, ასევე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2024 წლის 29 ნოემბერს, მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-მა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რ. მ-ს სრულად უდანაშაულოდ ცნობა, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, ბრალდების მხარის პოზიციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ვინაიდან უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა რ. მ-ს მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობას, რაც უსაფუძვლოა. დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით და სანოტარო აქტით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულის მიერ ჯგუფურად თაღლითობის ჩადენა. სასამართლომ, ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია დაზარალებულთა მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთში რ. მ-ის გადასვლა, რკინის კონსტრუქციის და სარწყავი არხის დემონტაჟი სხვისი ნივთის დაზიანებად და არა თვითნებობად. სააპელაციო სასამართლომ თაღლითობის ეპიზოდით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, შეფასების გარეშე, გაიზიარა დაცვის მხარის, ირიბი მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები. ისინი საქმის ირგვლივ ინფორმაციას არ ფლობდნენ და რაც ისაუბრეს, ისიც სხვა პირებისაგან ჰქონდათ გაგებული. მათთვის მიწის შეძენა/გასხვისების და თანხების გადახდა/გადაუხდელობის თაობაზე ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები მიმართული იყო სასამართლოს შეცდომაში შეყვანისკენ და მათი ვერსია, რომ თითქოსდა, მიწის მონაცვლეობაზე იყო საუბარი, რის გამოც, გაფორმდა სანოტარო აქტი - სრულიად უსაფუძვლო და შეუსაბამოა. სანოტარო აქტში ცალსახადაა მითითებული ვალის წარმოშობის პირობა, რომელიც დაკავშირებულია 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდასთან. გაურკვეველია სააპელაციო სასამართლო რა მოტივაციით იზიარებს მსჯავრდებულის და დაცვის მხარის მოწმეთა არადამაჯერებელ ჩვენებებს. მსჯავრდებულმა ჩვენების მიცემისას, უარყო ქ-ბთან დამყარებული კომუნიკაცია, რაც უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პოზიციით სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა დაცვის მხარის ვერსია და რ. მ. დამნაშავედ უნდა ეცნო წარდგენილი ბრალდებებით. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ აღიარებს დანაშაულს და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მკაცრი სასჯელი.
4.2. კასატორის, დაცვის მხარის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. მტკიცებულებათა გამოკვლევისას უტყუარად დადგინდა მხოლოდ ის, რომ დაზარალებულად ცნობილი პირების საცხოვრებელი სახლი აშენებულია მსჯავრდებულის ოჯახის კუთვნილ მიწის ნაკვეთში. რაც შეეხება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თითქოს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ნასყიდობის თანხა 9400 აშშ დოლარი რ.მ-მ მიისაკუთრა ჯგუფურად, მოტყუებით, რაიმე ცრუ დაპირებით და რომ ჩაიდინა მუქარა, თვითნებობა ძალადობის მუქარით და მუქარა სამართალწარმოების სხვა მონაწილის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ - ვერ დადასტურდა. განაჩენში მოწმეთა ჩვენებები სასამართლოს მიერ ინტერპრეტირებულია. არ არის ნამსჯელი ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებში არსებულ წინააღდეგობებზე. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები გაზიარებულია სრულად, ხოლო დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები შემცირებული, დაკნინებული და არსებითად არასწორია. განაჩენში არ არის ნამსჯელი რატომ არ გაიზიარა სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები. თუნდაც სასამართლოს გაეზიარებინა მ. კ-ს ტელეფონიდან უკანონოდ მოპოვებული ვიდეო, რ. მ-ის მხრიდან ძალადობა ან ასეთის მუქარა არ დასტურდება. რ. მ-ს ქმედებას არ მიეცა სწორი შეფასება. ამასთან, განაჩენში უარგუმენტოდ, შეფასების გარეშეა გაზიარებული, ჯ. ც-ს მიერ კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები. უმნიშველოვანესია, ყურადღება მიექცეს ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების არათანმიმდევრულობასა და დამაჯერებლობის ნაკლებობას. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა რ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. კასატორის აზრით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არადამაჯერებელია და კანონის მოთხოვნათა დარღვევითაა წარდგენილი. აღნიშნულით შეუძლებელია რ. მ-ს მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის დადასტურება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს რომ ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების შედეგად, გამართლების და გადაკვალიფიცირების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობაზე, ხოლო დაცვის მხარე – მსჯავრდების ეპიზოდებში განაჩენის უკანონობაზე.
5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, არსებითი დარღვევა, შესაძლოა, ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევით, რასაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტული უფლება, მათ შორის: გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („in dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.
5.4. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, სასამართლოში საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა რ. მ-ს მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადგენილი რ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტი.
5.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბარალდებით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობის განხორციელების დროს ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. რის გამოც, მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშანს. არსებობს მოტყუების, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ორი სახე: აქტიური მოტყუება, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანას ცრუ მონაცემების შეტყობინებით და პასიური მოტყუება, რაც გულისხმობს იურიდიული ფაქტების დაფარვას, რომლის შეტყობინება დაზარალებულისათვის სავალდებულო იყო და რითიც ეს უკანასკნელი შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუება წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას, წინააღმდეგ შემთხევაში ქმედება თაღლითობად ვერ დაკვალიფიცირდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. მ-ს ქმედებაში გამოკვეთილი არ არის მისთვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალადწარდგენილი ქმედების შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშნები, რაც გამორიცხავს ამ ბრალდებით მის მსჯავრდებას.
5.7. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, ყურადღება უნდა გამახვილდეს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. სასამართლო, კი სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რომელშიც საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.
5.8. წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.).
5.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე რ. მ-ს ედავება, რომ იგი 2015 წლის 25 მაისიდან 2018 წლის 20 ივლისის ჩათვლით დროის პერიოდში, ქ.-ში თ. მ-სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მ. ქ. უძრავი ქონების, ქ-ში მდებარე 1200 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ცრუ დაპირებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მ. ქ-სა და მ. ჭ-ს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 9400 აშშ დოლარს (21946 ლარი და 42 თეთრი - ექვივალენტი ლარში).
5.10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება რ. მ-ს მიერ მოტყუებით დაზარალებულების თანხის დაუფლების განზრახვა, კერძოდ, ის, რომ მან წინასწარ შეთანხმებული გეგმის შესაბამისად მიიღო თანხა მ. ქ-ს ოჯახისგან, რის შემდგომაც უარი განაცხადა მიწის ნაკვეთის გადაფორმებაზე. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა და მათ შორის გაფორმებულია ვალის აღიარების ხელწერილი. საგულისხმოა, რომ მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულთა ჩვენებებითაც დასტურდება, რომ მხარეებს შორის მიწის ნაკვეთის გასხვისების თაობაზე გარიგება შედგა გ. ბ-სთან და თანხის უმეტესი ნაწილიც სწორედ მას გადაეცა. მტკიცებულებებით, ასევე არ დადასტურდა, რომ გარიგებებში რაიმე ფორმით მონაწილეობდა რ. მ-ძე. რ. მ-ს მიერ მ. ჭ-სთან განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციით დასტურდება, რომ იგი მზადაა მიწის ნაკვეთის გადასაფორმებლად, თანხის სრულად გადახდის შემდეგ და რომ თუ ნაკვეთის გაფორმება ვერ ხერხდება ეგ მისი პრობლემაა, ამასთან, მართალია მოგვიანებით ამბობს, რომ მიწის ნაკვეთს არ ყიდის და თანხას სრულად დაუბრუნებს, პერიოდულად, როგორც თავად იხდიდნენ, მაგრამ არც აღნიშნული მიუთითებს დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნებზე. საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებით, კერძოდ, თ. მ-ს მიერ ვალის აღიარების ხელწერილით დასტურდება, რომ დაზარალებულები და მსჯავრდებულის ოჯახი იმყოფებოდნენ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში, რომელიც წარმოიშვა რ. მ-ძის დედასთან. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ ეპიზოდთან მიმართებით არ ქმნიან მტკიცებულებათა ერთობლიობას რაც საჭიროა თაღლითობის ბრალდებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5.12. საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას, რ. მ-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულთა – გ. ქ-ს, მ.ა ჭ-ს, მ. კ-ს და ჟ. ჭ-ს ჩვენებებით დადასტურებულია რ. მ-ს მსჯავრადშერაცხილი ქმედებები. დაზარალებულთა მიერ განმარტებული გარემოებები, სრულად შეესაბამება ისეთ ნეიტრალურ მტკიცებულებებს, როგორიცაა სატელეფონო მიმოწერების დათვალიერების ოქმები, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტთა ჩვენებები. დაზარალებულთა ჩვენებები არის თანმიმდევრული და არ წარმოშობს ეჭვებს ბრალდების მხარის პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, შეიცავს დანაშაულის ნიშნების შემაგდენლობის სავალდებულო ნიშნების აღწერას, კერძოდ: მუქარის აღქმის რეალურობასთან და მისი განხორციელების საფუძვლიან შიშთან მიმართებით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია რომ დაზარალებულებსა და მსჯავრდებულს შორის მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა სასამართლოში. შესაბამისად, რ. მ-ს მხრიდან განხორციელებული ქმედებები, კერძოდ: მუქარა, როგორც დაზარალებულ გ. ქ-ს, ისე დაზარალებულ ჟ. ჭ-ის ეპიზოდებში, დაკავშირებული იყო სამართალწარმოების სხვა მონაწილის ახლოს ნათესავის მიმართ. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებითა და უშუალოდ ჟ. ჭ-სა და მ. კ-ს ჩვენებებით დადგენილია ისიც, რომ რ. მ-ის მიერ განხორციელებული მუქარით განცდილი შიშის გამო ჟ. ჭ. და ორსული მ. კ. იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი.
5.13. საკასაციო პალატა ასევე სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას რ. მ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მეორე ნაწილიდან, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე. მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ რ. მ-მ განზრახ დააზიანა მ. ქ-ს კუთვნილი სათბურის კარკასი, სარწყავი სისტემა და 40 გრძივი მეტრი მავთულბადის ღობე, რამაც მნიშვნელოვანი (300 ლარის) ზიანი გამოიწვია.
5.14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რ. მ-ს მიერ მ. ქ-ს კუთვნილი სათბურის კარკასის, სარწყავი სისტემის და 40 გრძივი მეტრის მავთულბადის ღობის დანგრევა შეუძლებელია შეფასდეს, როგორც თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. მართალია, მოწმეთა ჩვენებებით, დასტურდება, რომ აღნიშნულ სადავო მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა, თუმცა რ. მ-ს იმთავითვე იყო ცნობილი მათ ასაშენებლად და მოსაწყობად დაზარალებულების მიერ გაწეული ფიზიკური და მატერიალური ხარჯი, რომელშიც მონაწილეობა მას არ მიუღია და რომელიც მისი ოჯახის მიერ სადავო მიწის მფლობელობის პერიოდში არ არსებობდა. შესაბამისად, ეს გარემოება უპირობოდ გამორიცხავს რ. მ-ს მიერ თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას და ადასტურებს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტს.
5.15. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.16. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელები არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და პიროვნებას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება, მათი განხორციელების სახე და ხერხი, ჩადენის მოტივი და მიზანი, გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და დამდგარი შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, რამაზ მამულაძეს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რომელიც საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას) და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.17. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.18. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.20. ამასთან, მართალია რ. მ-მ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება მოხდილ სასჯელზე, რის გამოც სასამართლო დამატებით აღარ იმსჯელებს.
5.21. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სამადალაშვილის, ასევე მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. გ-ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე