საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100124008805694
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1351აპ-24 ქ. თბილისი
ვ. ი. 1351აპ-24 5 ივნისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. ი. ვ–ეს - პ/ნ ......... - ბრალად ედებოდა:
1.1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის დაახლოებით აპრილში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ–ში, ი. ვ–ისა და ი. ხ–ის საცხოვრებელ სახლში, ი. ვ–ემ, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მუშტის სახეში არაერთჯერადი ჩარტყმით, ფიზიკურად იძალადა, წინასწარი შეცნობით, ორსული მეუღლის – ი. ხ–ის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის ბოლოს წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ–ში, ი. ვ–ის საცხოვრებელ სახლში, ტელეფონში ყურებისა და გაკვეთილების არსწავლის გამო გაბრაზებულმა, ი. ვ–ემ, ფეხსაცმლის სახესა და ხელებში მრავალჯერადი დარტყმით, ფიზიკურად იძალადა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი გერის, 11 წლის ნ. მ–ის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2023 წლის მაისში წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ–ში, ი. ვ–ის საცხოვრებელ სახლში, ი. ვ–ემ, გაშლილი ხელის სახეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილის, 3 წლის ა. ვ–ის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.1.3. გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ–ში, ი. ვ–ისა და ი. ხ–ის საცხოვრებელ სახლში, ი. ვ–ემ, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალი უნდა დაემორჩილოს და დაუჯეროს ქმარს, მუშტის თავში არაერთჯერადი ჩარტყმით, ი. ხ–ის შვილის, 11 წლის ნ. მ–ის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა, მეუღლის - ი. ხ–ის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაკარგა გონება.
2023 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ–ში, ი. ვ–ისა და ი. ხ–ის საცხოვრებელ სახლში, ი. ვ–ემ, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალი უნდა დაემორჩილოს ქმარს და დაახვედროს საკვები, ხელების ორივე ხელზე მოჭერით, ი. ხ–ის არასრულწლოვანი შვილების - 12 წლის ნ. მ–ის, 3 წლის ა. ვ–ის და 1 წლის ა. ვ–ის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის - ი. ხ–ის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.1.4. გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მათ შორის ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2020 წლიდან 2023 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ–ში, ი. ვ–ისა და ი. ხ–ის საცხოვრებელ სახლში, ი. ვ–ე, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალი ქმრის საკუთრებაა, რომელიც უნდა დაემორჩილოს და დაუჯეროს ქმარს, უცენზურო და დამამცირებელი სიტყვებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს, ი. ხ–ეს, მათ შორის, წინასწარი შეცნობით ორსულობის პერიოდში და ი. ხ–ის არასრულწლოვანი შვილების - ნ. მ–ის, ა. ვ–ის და ა. ვ–ის თანდასწრებით. აღნიშნული ქმედების შედეგად ი. ხ–ემ განიცადა ტანჯვა.
1.1.5. ოჯახი ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ–ში, ი. ვ–ის საცხოვრებელ სახლში, ი. ვ–ემ, ხელების გადაგრეხვის, ყურის აწევის და სახეში ხელის ერთხელ გარტყმით, ნ. მ–ის არასრულწლოვანი ძმის, 3 წლის ა. ვ–ის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი გერის, 12 წლის ნ. მ–ის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.1.6. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით და ოთხი პირის მიმართ, მათ შორის დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ–ში, ი. ვ–ისა და ი. ხ–ის საცხოვრებელ სახლში, ი. ვ–ემ მეუღლის, ი. ხ–ის მიმართ ჩადენილი ძალადობის დაფარვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა მეუღლეს – ი. ხ–ეს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან გერს –11 წლის ნ. მ–ეს და შვილებს – 2 წლის ა. ვ–ეს და 4 თვის ა. ვ–ეს, რომლებიც გამოკეტა საცხოვრებელი სახლის ოთახში.
1.1.7. გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ–ში, ი. ვ–ისა და ი. ხ–ის საცხოვრებელ სახლში, ი. ვ–ემ, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალის ვალდებულებაა ქმართან სქესობრივი კავშირის დამყარება, ფიზიკურად იძალადა ი. ხ–ის მიმართ და შეეცადა მის გაუპატიურებას, კერძოდ, ხელები ძლიერად მოუჭირა ორივე ხელზე, უკბინა მარჯვენა ყურზე, მიახეთქა და თავი რამდენჯერმე მიარტყმევინა კედელზე, ასევე, ხელები მოუჭირა ყელზე, ემუქრებოდა მოკვლითა და დახრჩობით, ეფერებოდა, კოცნიდა სახეზე და ცდილობდა ტანსაცმლის გახდას სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით. ი. ხ–ემ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ი. ვ–ეს, ხმამაღლა ითხოვდა შველას, რა დროსაც ტირილი დაიწყეს არასრულწლოვანმა შვილებმა, ა. და ა. ვ–ეებმა, რა დროსაც სახლში შევიდა და ფაქტს შეესწრო დაზარალებულის ბიძაშვილი - ქ. ხ–ე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ი. ვ–ემ თავისი ნებისგან დამოუკიდებლად ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა და გავიდა სხვა ოთახში.
1.1.8. გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
2023 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ–ში, ი. ვ–ისა და ი. ხ–ის საცხოვრებელ სახლში, ი. ვ–ე, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალი უნდა დაემორჩილოს ქმარს და დაახვედროს საკვები, სიტყვებით „მოგკლავ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ი. ხ–ეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. რ. ხ–ეს, – პ/ნ ...........,– ბრალად ედებოდა დაზარალებულის იძულება ჩვენების შეცვლისათვის, როცა ამას ერთვის შვილების წართმევისა და არასწორი უარყოფითი ინფორმაციის გავრცელების მუქარა, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 12 დეკემბერს, დღის საათებში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ–ში, ი. ხ–ის საცხოვრებელ სახლში, ი. ხ–ის მამამ, რ. ხ–ემ ი. ხ–ისგან მოითხოვა საქართველოს შსს წ-ს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N....... საქმეზე მის მიერ ქმრის, ი. ვ–ის წინააღმდეგ მიცემული, დანაშაულებში მამხილებელი ჩვენების შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა შვილების წართმევით, სასამართლოში მისვლით და მასზე არასწორი, უარყოფითი ინფორმაციის მიწოდებით. რ. ხ–ემ ი. ხ–ე იძულებით წაიყვანა წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, რათა 2023 წლის 13 დეკემბერს პირადად უზრუნველეყო, ჩვენების შეცვლის მიზნით, მისი პოლიციაში მიყვანა.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განაჩენით:
2.1. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის დაახლოებით აპრილის ეპიზოდი);
2.2. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვების ეპიზოდი);
2.3. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
2.4. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის ბოლოს ეპიზოდი);
2.5. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის მაისის ეპიზოდი);
2.6. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის ივნისის შუა რიცხვების ეპიზოდი);
2.7. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი);
2.8. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2.9. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 19, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2.10. ი. ვ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლიდან 2023 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.11. ი. ვ–ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 12 დეკემბრიდან;
2.12. რ. ხ–ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის პირველ ნაწილზე და რ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.13. რ. ხ–ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 12 დეკემბრიდან.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ონისე თუთისანმა მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება, ი. ვ–ისა და რ. ხ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში და შესაბამისი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა;
3.2. მსჯავრდებულ ი. ვ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. ბ–მა მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა;
3.3. მსჯავრდებულ რ. ხ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. გ–მა მოითხოვა რ. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განაჩენში:
4.1. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის დაახლოებით აპრილის ეპიზოდი);
4.2. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვების ეპიზოდი);
4.3. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
4.4. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის ბოლოს ეპიზოდი);
4.5. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის მაისის ეპიზოდი);
4.6. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის ივნისის შუა რიცხვების ეპიზოდი);
4.7. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი);
4.8. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
4.9. ი. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,19, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4.10. ი. ვ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლიდან 2023 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.11. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ი. ვ–ეს ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლიდან 2023 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით – და მოსახდელად განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.12. ი. ვ–ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა აეთვალა 2023 წლის 12 დეკემბრიდან;
4.13. რ. ხ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
4.14. რ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.15. რ. ხ–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 12 დეკემბრიდან;
4.16. ი. ვ–ის მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით:
– ი. ვ–ს აეკრძალა დაზარალებულთან - ი. ხ–სთან, მათ შორის, მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოვება, სადაც შეიძლება ი. ხ–ე იმყოფებოდეს;
– ი. ვ–ს აეკრძალა დაზარალებულთან - ი. ხ–ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
– დამცავი ორდერი გამოიცა 4 თვით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი ონისე თუთისანი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას, ი. ვ–ისა და რ. ხ–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მათთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
6.1. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ი. ვ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის ივნისის შუა რიცხვების ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო რ. ხ–ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მისთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
7.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ი. ვ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (2020 წლიდან 2023 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით ეპიზოდი) ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ეპიზოდში (მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
8. ბრალდების მხარემ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე.
9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა პირის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა ი. ხ–ემ, ნ. მ–ემ და ა. ვ–ემ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის – ი. ვ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ი. ვ–ის მიმართ სადავო ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ვ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის ბოლოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის სამტკიცებლად ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი. ვ–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ვ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის დაახლოებით აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული ფიზიკური ძალადობის ჩადენის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია N..... შემაკავებელი ორდერი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.
12.1. N........ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში სხვა ფაქტებთან ერთად, ზოგადად მათ შორის მითითებულია, რომ ი. ვ–ემ 6 თვის ორსულ ი. ხ–ეს სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. შემაკავებელი ორდერი არ შეიცავს ინფორმაციას დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის შესახებ.
12.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების–- მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის – შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის №315აპ-20 განჩინება; 2020 წლის 1 ივნისის №49აპ-20 განჩინება; 2021 წლის 14 სექტემბრის №442აპ-21 განჩინება). შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული, დაზარალებულ ი. ხ–ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან იგი შინაარსობრივად იმეორებს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებულ ინფორმაციას, რაც დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა.
12.2.1. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, 2023 წლის 7 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ი. ხ–ე მათ შორის უთითებს იმ ადგილზე, სადაც ი. ვ–ემ იძალადა ფიზიკურად ორსულობის პერიოდში, თუმცა, განსხვავებით ბრალდების დადგენილებისაგან (სადაც მითითებულია, რომ იყო 6 თვის ორსული), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში უთითებს, რომ მეუღლემ 5 თვის ორსულობისას სცემა (იხ.: ტ.1, ს.ფ. 99-102).
13. ი. ვ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვების ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილი N...... შემაკავებელი ორდერი (რომელშიც ზოგადადაა მითითებული, რომ ი. ვ–მ 2022 წლის დეკემბერში იძალადა ფიზიკურად ი. ხ–ის მიმართ) და 2023 წლის 13 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (რომელშიც თარიღების დაკონკრეტების გარეშე მითითებულია, რომ დაზარალებულმა მიუთითა ადგილი, სადაც მეუღლე ი. ვ–ე ეკამათებოდა, დაემუქრა მოკვლით, სცემა და გული წაუვიდა), იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციის პირველწყარომ – დაზარალებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია არ იყო არც უდავოდ ცნობილი, – გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ი. ვ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის – ჩადენას.
14. ი. ვ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის მაისის – 3 წლის ა. ვ–ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების სამტკიცებლად წარმოდგენილია N...... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი (რომლის თანახმად, 2023 წლის მაისის თვეში ი. ვ–ემ სახეში ძლიერად ხელი დაარტყა მის ვაჟს, სამი წლის ა. ვ–ეს) და მ. ჯ–ს (ფსიქოლოგი) ირიბი ჩვენება (ფსიქოლოგი ესწრებოდა არასრულწლოვნის გამოკითხვას), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ი. ვ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენას.
15. ანალოგიურად, დაზარალებულის/თვითმხილველი მოწმეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის პირობებში, ი. ვ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის ივნისის შუა რიცხვების ეპიზოდი - არასრულწლოვან ნ. მ–ის მიმართ) წარდგენილი ბრალდების სამტკიცებლად წარმოდგენილი N...... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი (ოქმში ზოგადადაა მითითებული, რომ ი. ვ–ე დროის სხვადასხვა მონაკვეთში ფიზიკურად ძალადობდა გერზე – ნ. მ–ეზე), N....... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი (გამოცემულია დაზარალებულ ი. ხ–ეზე განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის ფაქტზე. ოქმში მათ შორის მითითებულია, რომ ი. ვ–ემ ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვან შვილზე ნ. მ–ეზე) და 2023 წლის 7 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (რომლის თანახმად, ნ. მ–ემ საცხოვრებელ სახლში მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც მისმა მამინაცვალმა ი. ვ–ემ ჩუსტით სცემა) – გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ი. ვ–ისათვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენას.
16. ი. ვ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების შესახებ ინფორმაციას შეიცავს მხოლოდ 2023 წლის 7 დეკემბერს დაზარალებულ ნ. მ–ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (რომლის თანახმად ნ. მ–ემ მიუთითა ოთახზე, რომელშიც ი. ვ–ემ ის, მისი და-ძმა და დედა ერთი დღით ჩაკეტა და არ უშვებდა ოთახიდან) და 2023 წლის 7 დეკემბერს დაზარალებულ ი. ხ–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (რომლის თანახმად ი. ხ–ემ მიუთითა ოთახი, რომელშიც მეუღლემ, ის და მისი არასრულწლოვანი შვილები ჩაკეტა). ვინაიდან მხარეების მიერ არ მომხდარა აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციის უდავოდ ცნობა, ხოლო დაზარალებულებმა უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე, – აღნიშნული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ი. ვ–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
17. ი. ვ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 111,19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს:
17.1. შეტყობინება N....... და მისი აუდიოჩანაწერი გაუპატიურების მცდელობაზე ინფორმაციას არ შეიცავს (ი. ხ–ის განმარტებით, მისი მეუღლე ძალადობს, ეს ფაქტი მოხდა 2-3 დღის წინ, აქვს დაზიანება);
17.2. არაინფორმატიულია მოწმე მ. მ–ს ჩვენება (მოწმის განმარტებით, დილით გაიარა ი. ვ–ისა და დაზარალებულის სახლის წინ, გაიგონა ი. ხ–ის ხმა, რომელიც ამბობდა, თავი დამანებეო – ძალიან ხმადაბლაც არ ყოფილა, როდესაც ეს გაიგო დედას – ქ. ხ–ს დაუძახა, რომელიც მათთან წავიდა), ხოლო მოწმე ქ. ხ–მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე;
17.3. ი. ხ–ის ვიზუალური დათვალიერების ოქმის და 2023 წლის 1 დეკემბრის N.. სამედიცინო ბარათის თანახმად ი. ხ–ეს მარჯვენა მკლავის გარე ზედაპირზე ჰქონდა შეწითლება, მარჯვენა მუხლის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა ჩალურჯება, ხოლო მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე ხაზოვანი ჩალურჯება. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი. ხ–ეს ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება (სამედიცინო საბუთებით), ხოლო ექსპერტ გ. ო–ს განმარტებების თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო სამედიცინო ბარათი. ამასთან, შეწითლება და სილურჯე არ არის დაზიანების აღმნიშვნელი ტერმინები;
17.4. N........ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმს (ი. ვ–ე 2023 წლის 27 ნოემბერს შეეცადა ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირის დამყარებას ი. ხ–ესთან);
17.5. აღნიშნულ ეპიზოდშიც დაზარალებულმა და მოწმე ქ. ხ–მ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე;
17.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ი. ვ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
18. დაუსაბუთებლობის გამო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას რ. ხ–ის საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების შესახებ და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა რ. ხ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას. კერძოდ,18.2. მოცემულ შემთხვევაში, ერთადერთი მტკიცებულება, სადაც აღწერილია რ. ხ–ის მხრიდან ი. ხ–ის მიმართ ჩვენების შეცვლის იძულების ფაქტი, – არის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის თანახმად, 2023 წლის 12 დეკემბერს, რ. ხ–ე, აიძულებდა, დაზარალებულს წასულიყო პოლიციაში, განცხადება გამოეტანა და არ ეჩივლა მეუღლისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, წაართმევდა შვილებს და სასამართლოში მის წინააღმდეგ იტყოდა, თითქოსდა შვილებს სცემდა. რ. ხ–ემ უთხრა, რომ წასულიყო მასთან სახლში, სოფელ ს–ში და დილით განცხადების გამოსატანად წაიყვანდა პოლიციაში. იმის შიშით, რომ მამას მართლა არ წაერთმია ბავშვები, გაჰყვა სოფელ ს–ში;
18.2. არსებით სასამართლო განხილვაზე დაზარალებულმა ი. ხ–ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – რ. ხ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე;
18.3. სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ. ხ–ის მხრიდან ი. ხ–ის იძულებას ჩვენების შეცვლისათვის, როცა ამას ერთვის შვილების წართმევისა და არასწორი, უარყოფითი ინფორმაციის გავრცელების მუქარა.
18.4. მოწმე ქ. ხ–ს ჩვენება და მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლებზეც ბრალდების მხარე აპელირებს, არ შეიცავს ინფორმაციას რ. ხ–ის მიერ ჩვენების შეცვლის იძულებაზე. დაზარალებულ ი. ხ–ეს 2023 წლის 12 დეკემბერს ქ. ხ–ესთან მიმოწერაში არ უხსენებია ის გარემოება, რომ მამა - რ. ხ–ე – რომელმაც მას მიმოწერის თანახმად, უთხრა, რომ საჩივარი გამოეტანა, დაემუქრა შვილების წართმევით, სასამართლოში მისვლით და მასზე არასწორი, უარყოფითი ინფორმაციის მიწოდებით. აღნიშნული გარემოების დადგენას კი არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქმედების საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით კვალიფიკაციისათვის.
18.5. რ. ხ–ის საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში წარმოდგენილი არ არის დაცვის მხარის საჩივარი. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, არ არსებობს აღნიშნულ ეპიზოდში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი.
19. ი. ვ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (2020 წლიდან 2023 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით ეპიზოდი) ჩადენისათვის განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების საკითხი განხილულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განაჩენში. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ საკითხზე საკასაციო სასამართლოს მიერ განმეორებით მსჯელობის საჭიროება.
20. რ. ხ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი (იხ. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლი).
21. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების ი. ვ–ისა და რ. ხ–ის მიმართ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე