საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.06.2025
საქმის ნომერი
2კ-14აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100123008201154

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №14აპ-25 ქ. თბილისი

შ. ვ. 14აპ-25 18 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის – ჟანა ერემაშვილისა და მსჯავრდებულ ვ. შ–ის ინტერესების დაცველი ადვოკატის – ნ. გ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. შ–ის, – პირადი ნომერი ........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2023 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათიდან – 22:00 საათამდე პერიოდში, ვ. შ–ემ, რომელსაც სახეზე მორგებული ჰქონდა ნაჭრის ნიღაბი, უკანონოდ შეაღწია რ–ში, ბ–ს ქუჩის N..-ში მდებარე ს–ს მოქალაქეების –ე. დ–ის და ჯ. ლ. ქ–ის, ასევე, ნ–ს მოქალაქის – ვ. ტ. ე–ის დროებით საცხოვრებელ ბინაში, დანის დემონსტრირებით და ელექტროშოკის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა ჯერ ჯ. ლ. ქ–ს, რომელსაც გააქტიურებული ელექტრო შოკის მკერდის და სახის არეში დადებით, მოსთხოვა თანხის გადაცემა და წაართვა საფულე, მასში მოთავსებული საბანკო ბარათებით და ფულადი თანხით – 80 ლარის ოდენობით, ასევე, მისი კუთვნილი, „HP-ის“ ფირმის ლეპტოპი. აღნიშნულის შემდგომ, დანის და ელექტროშოკის დემონსტრირებით, დაშინების მიზნით, თავს დაესხა ამავე სახლში მცხოვრებ ე. დ–ს და ვ. ტ. ე–ს, მოსთხოვა თანხის გადაცემა და წაართვა ვ. ტ. ე–ის კუთვნილი „SAMSUNG S21-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი და საფულე, მასში მოთავსებული საბანკო და სხვადასხვა დასახელების პლასტიკური ბარათებით, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ. შ–ემ, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ვ. ტ. ე–ს, საერთო ჯამში, მიაყენა ქონებრივი ზიანი 1857 ლარის ოდენობით და მორალური ზიანი, ე. დ–ს მიაყენა მორალური ზიანი, ხოლო ჯ. ლ. ქ–ს მიაყენა მორალური და ქონებრივი ზიანი, 2698 ლარის ოდენობით;

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ვ. შ–ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

1.2. ვ. შ–ემ, თავისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ვ. ტ. ე–ის კუთვნილი „wise-ის“ პლასტიკური ბარათის (ბარათის ნომრით: ...........) გამოყენებით, სხვადასხვა ობიექტებზე თანხის გადახდის დროს, ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით, 2023 წლის 3 ოქტომბერს, 00:19 საათიდან – 07:40 საათამდე პერიოდში, რვაჯერ, უნებართვოდ შეაღწია ვ. ტ. ე–ის სახელზე რეგისტრირებულ პლასტიკური ბარათის ანგარიშზე, კერძოდ, რ–ში, ლ–ს ქუჩაზე N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ობიექტზე – ,,დ–ი” – შეიძინა 7.4 ლარის ღირებულების პროდუქტი; რ–ში, შ–ს გამზირზე, N..-ში მდებარე სს „ნ–ს” N..-ე ფილიალში, ორჯერ შეიძინა, ჯამურად – 132.25 ლარის ღირებულების პროდუქცია; თ–ში, ....ის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზია „ს–ში”, ორჯერ, შეიძინა ჯამურად – 69.39 ლარის ღირებულების პროდუქცია; თ–ში, ა–ს ქუჩის N..-ის ტერიტორიაზე მდებარე შპს „მ–ს” და „ს–ს” მაღაზიებში შეიძინა ჯამურად – 4.5 ლარის ღირებულების პროდუქტი; თ–ში, ო–ს ...ს მიმდებარედ არსებულ შპს „.......ოს” ბენზინგასამართ სადგურზე შიძინა – 30 ლარის ღირებულების პროდუქტი. ვ. შ–ემ, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ვ. ტ. ე–ს საერთო ჯამში – 243,54 ოდენობის, მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა.

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ვ. შ–ემ ჩაიდინა თავისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რამაც სხვისთვის მნიშნელოვანი ფინანსური ზიანის მიყენება გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განაჩენით ვ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

2.2. საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. შ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

2.4. ვ. შ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 4 ოქტომბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. კერძოდ:

3.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ჟანა ერემაშვილმა მოითხოვა ვ. შ–ისთვის სასჯელის სახით კანონით განსაზღვრული უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

3.2. მსჯავრდებულ ვ. შ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–მა მოითხოვა ვ. შ–ისთვის განსაზღვრული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

4 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განაჩენში, მსჯავრდებულ ვ. შ–ის მიმართ, შევიდა ცვლილება;

4.1. ვ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

4.2. ვ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

4.2.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვ. შ–ეს 1/6-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული რეალური სასჯელი და აღნიშნული მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. შ–ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

4.4. ვ. შ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 4 ოქტომბრიდან.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

5.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ჟანა ერემაშვილი ითხოვს ვ. შ–ის მიმართ სასჯელის გამკაცრებას;

5.2. მსჯავრდებულ ვ. შ–ის ინტერესების დაცველი ადვოკატი – ნ. გ–ი ითხოვს დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 17 მარტს შემოვიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მომართვა, თანდართული – გამომძიებელ ლ. მ–ს 2025წლის 7 მარტის წერილით, რომლითაც იგი რუსთავის საქალაქო სასამართლოს უგზავნის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2024 წლის 19 ნოემბრისა და ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2025 წლის 29 იანვრის დასკვნებს.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ სასჯელის ნაწილში გაასაჩივრა, როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარემ.

8.1. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ ვ. შ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა; მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულისთვის კანონმდებელი სასჯელის სახით ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულისთვის – თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე.

10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა, რომ: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქმედების ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, - და თითოეული დანაშაულისათვის ვ. შ-ს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული ერთადერთი სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა – მინიმალური ხანგრძლივობით.

10.1. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის აღიარებასთან და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობასთან ერთად გაითვალისწინა ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, რის საფუძველზეც მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს.

11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე, კ. მ–ს მიმართ, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის – ჟანა ერემაშვილისა და მსჯავრდებულ ვ. შ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე