საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.06.2025
საქმის ნომერი
2კ-164აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124009048697

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №164აპ-25 13 ივნისი, 2025 წელი

ბ–ი გ., №164აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ბ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 17 თებერვალს, საღამოს საათებში, თ–ში, მ–ს პროსპექტზე, ავოტომობილში ყოფნისას, გ. ბ–მა გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, რომ მისი წარმოდგენით ქალი უნდა დამორჩილებოდა მის ყველა მოთხოვნას, ინტიმურ მეგობარ ქალბატონს, ლ. კ–ს, უკონტროლებდა ურთიერთობებს, მობილურ ტელეფონზე კომუნიკაციებს, მოითხოვდა მორჩილებას, მასთან ერთად ყოფნას, რის გამოც, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს, კერძოდ, უთხრა, რომ თუ მასთან ურთიერთობას არ გააგრძელებდა, მოკლავდა, რის შედეგადაც ლ. კ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2024 წლის 17 თებერვალს, საღამოს საათებში, თ–ში, მ–ს პროსპექტზე, ავტომობილში ყოფნისას, გ. ბ–მა გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, რომ მისი წარმოდგენით ქალი უნდა დამორჩილებოდა მის ყველა მოთხოვნას, ინტიმურ მეგობარ ქალბატონს, ლ. კ–ს, უკონტროლებდა ურთიერთობებს, მობილურ ტელეფონზე კომუნიკაციებს, მოითხოვდა მორჩილებას, მასთან ერთად ყოფნას, რის გამოც, ძალადობა განახორციელა დაზარალებულის მიმართ, კერძოდ, მკლავებში მოუჭირა ხელი ძლიერად, რის შედეგადაც, ლ. კ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2024 წლის 22 თებერვალს, საღამოს საათებში, თ–ში, ბ–ს ქუჩა N..- ში მდებარე რესტორან ,,თ–ი“-ის მიმდებარედ, ავტომობილში ყოფნისას, გ. ბ–მა გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, რომ მისი წარმოდგენით ქალი უნდა დამორჩილებოდა მის ყველა მოთხოვნას, ინტიმურ მეგობარ ქალბატონს ლ. კ–ს უკონტროლებდა ურთიერთობებს, მობილურ ტელეფონზე კომუნიკაციებს, მოითხოვდა მორჩილებას, მასთან ერთად ყოფნას, რის გამოც, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს, კერძოდ, უთხრა, რომ თუ მისი არ იქნებოდა, მოკლავდა, რის შედეგადაც, ლ. კ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.5. 2024 წლის 22 თებერვალს, საღამოს საათებში, თ–ში, ბ–ს ქუჩა N..-ში მდებარე რესტორან ,,თ–ი“-ის მიმდებარედ, ავტომობილში ყოფნისას, გ. ბ–მა გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, რომ მისი წარმოდგენით ქალი უნდა დამორჩილებოდა მის ყველა მოთხოვნას, ინტიმურ მეგობარ ქალბატონს, ლ. კ–ს, უკონტროლებდა ურთიერთობებს, მობილურ ტელეფონზე კომუნიკაციებს, მოითხოვდა მორჩილებას, მასთან ერთად ყოფნას, რის გამოც, ძალადობა განახორციელა დაზარალებულის მიმართ, კერძოდ, მკლავებში მოუჭირა ხელი ძლიერად, რის შედეგადაც, ლ. კ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.6. 2024 წლის 22 თებერვალს, საღამოს საათებში, თ–ში, ბ–ს ქუჩა N..-ში მდებარე რესტორან ,,თ–ი“-ის მიმდებარედ, გ. ბ–მა ხელიდან გამოსტაცა მ. თ–ს ,,სამსუნგ A12“-ის ფირმის ტელეფონი და დაანარცხა ასფალტზე, რითაც მ. თ–ს მიადგა 200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.7. 2024 წლის 22 თებერვალს, საღამოს საათებში, თ–ში, ბ–ს ქუჩა N..-ში მდებარე რესტორან ,,თ–ი“-ის მიმდებარედ, გ. ბ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. თ–ს, კერძოდ უთხრა, რომ თუ ციხეში ჩაჯდებოდა, იქიდან გამოსვლის შემდეგ მას და მის ოჯახის წევრებს მოძებნიდა, მიხედავდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 სექტემბრის განაჩენით, გ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2024 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.

გ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გავალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. ბ–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 6 თვე. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასრგებლო შრომა – 200 საათით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა და დამატებითმა სასჯელებმა შთანთქა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, გ. ბ–ს განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 6 თვე. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასრგებლო შრომა – 200 საათით.

გ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2024 წლის 23 თებერვლიდან 2024 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განაჩენით, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.

გ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 10 თვით პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 10 თვით პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 10 თვით პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონიის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 2 წლითა და 1 თვით პირობითი მსჯავრი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა – 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 166 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ. ბ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დადგენილი საგამოცდო ვადა 3 წელი და 6 თვე, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი და 11 თვე. მასვე, დამატებით სასჯელის სახედ განესაზღვრა 166 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა გ. ბ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 190 საათით და საბოლოოდ, გ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 11 თვე. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა 166 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

3.2. 2024 წლის 19 დეკემბერს, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განაჩენი, გ. ბ–ის მიმართ გამართლების ნაწილში უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა გ. ბ–ის მიერ დაზარალებულ ლ. კ–ის მიმართ 2024 წლის 17 თებერვალს განხორციელებული მუქარისა და ძალადობის ფაქტები. ეს ფაქტი დაადასტურა თავად დაზარალებულმა ლ. კ–მა და მისმა თანამშრომლემა მ. თ–მა, რომელმაც ჩვენებაში განმარტა, რომ ნახა ის დაზიანებები, რაც ხელის არეში აღენიშნებოდა ლ. კ–ის 17 თებერვლის შემდგომ პერიოდში. აღნიშნული ასევე დადასტურებულ იქნა უდავოდ მიჩნეული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სადაც თავად დაზარალებულ ლ. კ–ი ექსპერტისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში უთითებს, რომ დაზიანებები მას აღენიშნებოდა გ. ბ–ის მხრიდან 2024 წლის 17 თებერვალს განხორციელებული ძალადობის შედეგად. სასამართლო სამედიცინო-ექსპერტიზის დასკვნაში კი, ასევე მითითებულია, რომ დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დანაშაულის ჩადენის დროს – 17.02.2024. ასევე, კასატორის აზრით, გ. ბ–მა ბრალადწარდგენილი ქმედებები, ლ. კ–ის მიმართ, ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტზე უნდა დადგინდეს დანაშაულის მოტივი ხომ არ იყო ქალის გააქტიურებული როლის ან ტრადიციების საწინააღმდეგო ქცევისადმი მოძალადის აგრესიული დამოკიდებულება ან ქალის გავლენისა და შიშის ქვეშ მოქცევის, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილი. ხსენებული მოტივის გამოკვეთის მიზნით ყურადღება უნდა გამახვილდეს დამნაშავის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, რომელიც დაზარალებულის სქესს იხსენიებს აუგად, მის რეპუტაციას აყენებს ეჭვქვეშ, ყურადღებას ამახვილებს მის ფუნქციებსა და სტერეოტიპულ როლზე საზოგადოებასა თუ ოჯახში. გ. ბ–მა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და ძალადობის ფაქტები. მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, რომ მისი წარმოდგენით ქალი უნდა დამორჩილებოდა მის ყველა მოთხოვნას, ინტიმურ მეგობარ ქალბატონს, ლ. კ–ს, უკონტროლებდა ურთიერთობებს, მობილურ ტელეფონზე კომუნიკაციებს, მოითხოვდა მორჩილებას და მასთან ერთად ყოფნას. სწორედ აღნიშნული გახდა ლ. კ–ის მიმართ მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენის მოტივი, რაც დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა სასამართლომ ამაზე ყურადღება არ გაამახვილა და ხსენებული ამორიცხა ბრალდებიდან. ამასთან, გ. ბ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, მათ შორის – ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს გ. ბ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენის ფაქტი. ბრალდების მხარისთვის სადავოა გ. ბ–ის მიერ ლ. კ–ის მიმართ 2024 წლის 22 თებერვლის სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და ძალადობის ფაქტებიდან, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნის ამორიცხვა და დანიშნული სასჯელის ზომა, ასევე – 2024 წლის 17 თებერვლის ეპიზოდებში დადგენილი გამამართლებელი განაჩენი.

5.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა გ. ბ–ის მიერ 2024 წლის 17 თებერვალს ლ. კ–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და ძალადობის ფაქტები და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.4. საკასაციო სასამართლოც სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ გ. ბ–ის მიერ ლ. კ–ის მიმართ 2024 წლის 17 თებერვალს, სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ლ. კ–ის ჩვენება, სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა გ. ბ–ის მიერ 2024 წლის 17 თებერვალს, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

5.5. მ. თ–ი 2024 წლის 17 თებერვლის ეპიზოდთან დაკავშირებით, არ არის ძალადობისა ან/და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტების უშუალო თვითმხილველი. შესაბამისად, მისი ჩვენება ამ ეპიზოდებთან მიმართებით, ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად გ. ბ–ის მიმართ ამ ეპიზოდებში გამამტყუნებელ განაჩენს.

5.6. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, საკაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულება მიემართება 2024 წლის 22 თებერვლის ეპიზოდს. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებები, რომლებზეც კასატორი აპელირებს მტკიცების საგანთან მიმართებით, ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად არაინფორმატიული და არასაკმარისია, რამდენადაც 2024 წლის 17 თებერვლის ეპიზოდებთან დაკავშირებით, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებებით სტანდარტს.

5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2024 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა მის სასარგებლოდ.

5.10. საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გ. ბ–მა ლ. კ–ის მიმართ განხორციელებული მსჯავრადშერაცხილი ქმედებები ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და განმარტავს, რომ გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი გენდერის ან/და სქესის წარმომადგენელია და არა – მეორის. ის ძირითადად მომდინარეობს იმ სტრერეოტიპებიდან, რომელთა მიხედვითაც ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის ადამიანზე უფრო მაღლა დგას. ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაცია გამოიხატება ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ უთანასწორო ძალაუფლებრივი მდგომარეობით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინების სურვილით, რაც დადასტურებული უნდა იქნეს მტკიცებულებებით. აღნიშნული კი, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

5.11. რაც შეეხება, კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.12. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე, 59-ე და 63-64-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თითოეული ეპიზოდისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი და განმარტავს, რომ თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა, დანაშაულის სიმრავლის და წარსული ნასამართლობის გათვალისწინებით, ჩადენილი ქმედებების თანაზომიერი, რეალური და პროპორციულია, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. შესაბამისად, კონკრეტული საქმიდან და დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, თავისუფლების აღკვეთის სახით სანქციის ფარგლებში გამოყენებული სასჯელის ზომა კანონიერი და სამართლიანია.

5.15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ შეიძლება რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა.

5.16. ამასთან, საფულისხმოა, რომ სასამართლოებმა მსჯავრდებულს განუსაზღვრეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლითა და საქართელოს სსკ-ის 126-ე მუხლით მაქსიმალური ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით მაქსიმალურ ვადასთან მიახლოებული ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით, ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, სასჯელის ვადისა და პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველსაა მოკლებული.

5.17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ – ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე