საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.06.2025
საქმის ნომერი
2კ-182აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№182აპ-25 თბილისი

ყ-ი ა., 182აპ-25 30 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე აბუსელიძის, ასევე – მსჯავრდებულ ა. ყ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – პ. ბ-სა და მ. მ-ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ყ-ს ბრალად დაედო ძარცვის მცდელობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით, 17 საათსა და 45 წუთზე, ა. ყ-ი ქალაქ ბ-ში, პ-ის ქუჩის #-ის მიმდებარედ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, კერძოდ, ხელებზე ხელების დარტყმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდა, აშკარად დაუფლებოდა ი. კ-ის საფულეს, რომელშიც იდო სს „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათი და ერთი ცალი აშშ დოლარიანი კუპიურა, მაგრამ, ამ უკანასკნელის წინააღმდეგობის გამო, თავისი განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, რითაც დაზარალებულს შეიძლება, მისდგომოდა 62 ლარისა და 60 თეთრის ქონებრივი ზიანი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 მაისის განაჩენით ა. ყ-ის, დაბადებულის -- წელს, ნასამართლევის, მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე; ა. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 27 აგვისტოდან.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: ა. ყ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე; ა. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ა. ყ-ი გათავისუფლდა სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. ა. ყ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ყ-მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი თორნიკე აბუსელიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ა. ყ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები – პ. ბ-ე და მ. მ-ე – გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ა. ყ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (მაგ. იხ. სუსგ: №446აპ-09, №61აპ-01, №656აპ-16).

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა. ყ-მა ჩაიდინა ძარცვის და არა – ქურდობის – მცდელობა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ა. ყ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მოტივაციას, რომლის თანახმადაც, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება მსჯავრდებულის მიერ ი. კ-ისათვის საფულის აშკარა გატაცების ფაქტი. ა. ყ-მა დაწყებული ქურდობა შეწყვიტა მცდელობის სტადიაზე და იგი არ გადაზრდილა ძარცვის მცდელობაში, რადგან ბრალდებულმა, ქურდობის მცდელობის სტადიაზე, მისი ქმედების გამოაშკარავებიდან უმალვე, კერძოდ, დაზარალებულთან შეხებისთანავე, უარი თქვა ნაქურდალი ნივთის შენარჩუნებაზე, მომენტალურად მოიშორა იგი – იქვე, დახლის პირდაპირ, გადააგდო მის მიერ მოპარული საფულე – და ცდილობდა მიმალვას. შესაბამისად, მსჯავრდებულს არ განუხორციელებია რაიმე სახის მოქმედებები ხელში ჩაგდებული საფულის შესანარჩუნებლად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაწყებული ქურდობა არ გადაზრდილა ძარცვაში.

8. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ა. ყ-ს არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული, ვინაიდან, გარდა დაზარალებულ ი. კ-ის დეტალური და თანმიმდევრული ჩვენებისა (რომლის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია), მსჯავრდებულის ბრალეულობა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის – ამოცნობის ოქმითა და ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებით, ასევე – საქმეში არსებული სხვა მასალებით. დაცვის მხარის არგუმენტები არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მოგონილია მსჯავრდებულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად.

9. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს ნივთიერ მტკიცებულებაზე – საფულეზე, რომელიც არ არის შეტანილი სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროსაც დააყენა შუამდგომლობა, რათა არ გამოკვლეულიყო საფულე. საქმის განმხილველმა მოსამართლემ იმსჯელა შუამდგომლობაზე და დასაბუთებული გადაწყვეტილებით უარი განაცხადა მის დაკმაყოფილებაზე (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, ტ. 1-ელი, ს.ფ. 53, 17:11:13); (სუსგ: №526აპ-14, №652აპ-15).

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დააკვალიფიცირეს ა. ყ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რისთვისაც, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების, დამნაშავის ინდივიდუალური მახასიათებლების, საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).

12. საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული. საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორთა პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა.

13. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე აბუსელიძის, ასევე – მსჯავრდებულ ა. ყ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – პ. ბ-სა და მ. მ-ის – საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე