საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-92აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №92აპ-25 26 ივნისი, 2025 წელი

მ-ი შ., №92აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. მ-ის ადვოკატის – ზ. გ-ის – საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბერის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. შ. მ-ს (დაბადებულს ---) ბრალად ედებოდა:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი, 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

ბ) ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

1.2. შ. მ-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. შ. მ-მა უკანონოდ შეიძინა და თ-ში, უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება – 0,0198 გრამი „მეთადონის“ (ფუძე) შემცველი ნივთიერება, რაც 2022 წლის 15 მარტს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს თთ-ი, -ჩატარებული შ. მ-ის ბინის ჩხრეკისას.

1.2.2. 2022 წლის 7 მარტს, თთ-ი, სოფელ ფ-ში, გ-ას ქუჩის №-ის მიმდებარედ, შ. მ-მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 1,3197 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება უკანონოდ მიასაღა რ. მ-ს, რაც, იმავე დღეს, ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

1.2.3. 2022 წლის 10 მარტს, თ-ი, სოფელ ფ-ში, გ-ას ქუჩის №-ის მიმდებარედ, შ. მ-მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 1,2537 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება უკანონოდ მიასაღა რ. მ-ს, რაც, იმავე დღეს, ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით, შ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელად განესაზღვრა:

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 7 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 7 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 10 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 10 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 10 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, რაც აეთვალა 2022 წლის 15 მარტიდან.

· შ. მ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ შ. მ-ის ადვოკატმა – ლ. ბ-ემ – მოითხოვა შ. მ-ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის ¼ ნაწილის პირობითად ჩათვლა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ შ. მ-ის ადვოკატის – ლ. ბ-ის – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენი.

3.2. შ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელად განესაზღვრა:

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შ. მ-ი გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის და სასჯელისაგან;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 7 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 7 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 10 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 10 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 10 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, შ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, რაც აეთვალა 2022 წლის 15 მარტიდან.

· შ. მ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ შ. მ-ის ადვოკატი – ზ. გ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში და შ. მ-ის დამნაშავედ ცნობას მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის წარდგენილ ბრალდებაში. დამცველის პოზიციით, შ. მ-ს ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი არ ჰქონია, იგი ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დაეხმარა რ. მ-ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ. მ-ის ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბერის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ეპიზოდებში, ხოლო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა არ გამხდარა სადავო. იმავდროულად, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად, შესაბამისად, ისინი არსებით სხდომაზე არ გამოკვლეულა.

3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, აგრეთვე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით (2022 წლის 7 მარტის და 2022 წლის 10 მარტის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში შ. მ-ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, თუმცა, რამდენადაც აღნიშნულ ეპიზოდებში მსჯავრდებას კასატორიც ეთანხმება, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ამ მიმართებით აღარ შეაფასებს, არამედ იმსჯელებს მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდების ირგვლივ.

4. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებად მიიჩნევა ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემა ნებისმიერი ფორმით და დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე. განსახილველ შემთხვევაში, პრეიუდიციული ძალის მქონე მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ 2022 წლის 7 მარტს და 10 მარტს, შ. მ-მა რ. მ-ს ფულადი თანხის სანაცვლოდ გადასცა ნარკოტიკული საშუალება. კერძოდ, მოწმე რ. მ-ის გამოკითხვის ოქმებში დეტალურად არის აღწერილი როგორ დაუკავშირდა დასახელებულ თარიღებში შ. მ-ს და როგორ შეუთანხმდა მას ნარკოტიკული საშუალების შეძენაზე. დათქმულ შეხვედრაზე წასვლამდე კი, დანაშაულებრივი ქმედებისა და დამნაშავის გამოვლენის მიზნით, აღიჭურვა ფარული ვიდეო-აუდიოჩამწერი მოწყობილობით. იმავდროულად, ფარული საგამოძიებო მოქმედების წარმართვის მიზნით, გამოიყო ფულადი თანხა, რომელიც თითოეული საგამოძიებო მოქმედების წინ გადაეცა რ. მ-ს, როგორც ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების – საკონტროლო შესყიდვის – ჩამტარებელ მთავარ მოქმედ პირს.

5. 2022 წლის 7 მარტსა და 10 მარტს, დათქმულ შეხვედრებზე რ. მ-მა ვიდეოგადამღები მოწყობილობით ფარულად გადაიღო მისი და შ. მ-ის შეხვედრები, რა დროსაც ამ უკანასკნელს გადასცა ფულადი თანხა, თავდაპირველად 700, ხოლო შემდეგ – 800 ლარი. შ. მ-მა ორივე შეხვედრისას გამოართვა თანხა და შეთანხმებისამებრ, რამდენიმე წუთში მიუტანა ნარკოტიკული საშუალება (ქიმიური ექსპერტიზის №-- და №-- დასკვნებით დადასტურებულია, რომ 2022 წლის 7 მარტს და 10 მარტს, შ. მ-ის მიერ რ. მ-ისთვის გადაცემული ნივთიერებები შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, ერთ შემთხვევაში – 1,3197 გრამს, ხოლო, მეორე შემთხვევაში – 1,2537 გრამს).

6. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დამცველის მოსაზრებას გასაღების ნაწილში წარდგენილ ბრალდებაში შ. მ-ის უდანაშაულობის შესახებ. მართალია, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, ნარკოტიკული საშუალების გასაღებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებაზე, თუმცა, ამგვარი შემთხვევების საფუძველი, მსჯავრდებულის ქმედებაში გასაღების მიზნის დაუდასტურებლობა იყო, განსხვავებით მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან, რომელთა ყოველმხრივ და ობიექტურად შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. მ-ისთვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის დროს მსჯავრდებულს გააჩნდა რეალიზაციის მიზანი.

7. ამდენად, საკასაციო სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ. მ-ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-7).

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ თითოეული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება, შ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მის პიროვნებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას კანონიერად გაითვალისწინა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოთხოვნები.

11. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში უნდა აღინიშნოს, მათ შორის, ნივთიერი მტკიცებულების გადაწყვეტის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბერის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ შ. მ-ის საქმეზე არსებული ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყვეტილია ძირითადი სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროს. რეალურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენში (ძირითადი სისხლის სამართლის საქმე, ჯ. გ-ის მიმართ), ნამსჯელია მტკიცებულებათა ნაწილზე და არ არის გადაწყვეტილი ნარკოტიკული ნივთიერებებიდან ამოღებული ანაწმენდების, ვიდეოჩანაწერების შემნახველი მოწყობილობის ე.წ. DVR-ის და ავტომანქანის გასაღების ბედი (ნივთმტკიცებად ცნობილია ორი ავტომანქანის გასაღები, ჯ. გ-ის განაჩენში ნამსჯელია მხოლოდ ერთ გასაღებზე). აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტს მსჯელობის მიღმა დარჩენილ ნივთმტკიცებათა ბედს.

12. ამდენად, მსჯავრდებულ შ. მ-ის ადვოკატის – ზ. გ-ის – საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბერის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ შ. მ-ის ადვოკატის – ზ. გ-ის – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბერის განაჩენი:

3. შ. მ-ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შ. მ-ი გათავისუფლდეს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის და სასჯელისაგან;

4. შ. მ-ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 7 მარტის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

5. შ. მ-ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 7 მარტის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;

6. შ. მ-ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 10 მარტის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-თ და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

7. შ. მ-ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 10 მარტის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;

8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 10 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. მ-ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;

9. შ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს – 2022 წლის 15 მარტიდან;

10. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შ. მ-ს 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

11. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შ. მ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;

12. ნარკოტიკული ნივთიერებებიდან ამოღებული ანაწმენდები – განადგურდეს; ვიდეოჩანაწერების შემნახველი მოწყობილობა ე.წ. DVR – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო ავტომანქანის გასაღები – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

13. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქმეზე არსებული ნივთმტკიცებათა ნაწილის (ნარკოტიკული საშუალებების, შესაფუთი მასალების, ნერწყვის ნიმუშების, მობილური ტელეფონების, მანქანის გასაღების, ფულადი თანხის, ავტომანქანების – “BMW” და “HONDA”, CD დისკების) ბედი გადაწყვეტილია ძირითად სისხლის სამართლის საქმეზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის №-- განაჩენი ჯ. გ-ის მიმართ) მიღებული გადაწყვეტილებისას;

14. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე