შეიცვალა სასჯელი დამძიმებისაკენ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123008037400
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№6აპ-25 ქ. თბილისი
მ-ი ო. , 6აპ-25 9 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით მესტვირიშვილისა და მსჯავრდებულ ო. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხდევით:
1.1. 2023 წლის 10 ივლისს, თ-ი, სოფელ ფ-ი, რ-ს ქუჩის N...-ის მიმდებარედ, ო. მ-ის საცხოვრებელ სახლთან, ო. მ-მა გ. გ-ე 600 ლარად გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.955 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი,“ რაც იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს.
1.2. 2023 წლის 21 ივლისს, თ-ი, სოფელ ფ-ი, რ-ს ქუჩის N...-ის მიმდებარედ, ო. მ-ის საცხოვრებელ სახლთან, ო. მ-მა გ. გ-ე 600 ლარად გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.544 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი,“ რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მაისის განაჩენით:
ო. მ-ი, დაბადებული ... წლის ... მაისს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ო. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ო. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ო. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა – 10 000 ლარი და საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 წლითა და ჯარიმა – 10000 ლარი.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ო. მ-ს სასჯელი აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 5 სექტემბრიდან.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
3.1. ო. მ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გ. გ-თან შეთანხმებით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი,“ საიდანაც შეთანხმების თანახმად, 600 ლარის პროპორციული წილი, 0,544 გრამი ,,ჰეროინი,“ გადასცა გ. გ–ს 2023 წლის 21 ივლისს, თ-ი, სოფელ ფ-ი, რ-ს ქუჩის N...-ის მიმდებარედ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს გ. გ-ისაგან.
3.2. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, უტყუარად ვერ დადასტურდა 2023 წლის 10 ივლისს, თ-ი, სოფელ ფ-ი, რ-ს ქუჩის N...-ის მიმდებარედ ო. მ-ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება 0,955 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონოდ გასაღების ფაქტი გ. გ-ე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:
მსჯავრდებულ ო. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოილიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით მესტვირიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, ო. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ო. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ო. მ-ს შეუმცირდა 1/6-ით და საბოლოოდ, ო. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა – 10000 ლარი და საბოლოოდ, განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და ჯარიმა – 10000 ლარი.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;
ო. მ-ს სასჯელი აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 5 სექტემბრიდან.
5. კასატორი – პროკურორი დავით მესტვირიშვილი – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას, ო. მ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალდების ყველა ეპიზოდში და კანონით დადგენილი წესით მისთვის სამართლიანი, ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას;
5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ორივე ინსტანციის სასამართლომ ცალმხრივად შეაფასა ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეთა ჩვენებები. საქმეში სხვა ალტერნატიული პირი, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი არ იკვეთება, შესაბამისად, ვინ უნდა ყოფილიყო გ. გ-ე ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი, თუ არა – ო. მ-ი.
5.2. პროკურორმა ჩატარებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან მიმართებით, განმარტა, რომ ოპერატიული-ტექნიკური სააგენტოს ის თანამშრომელი, რომელიც მსგავს სიტუაციაში ჩამწერი მოწყობილობის ჩართვა-გამორთვას უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე ვერ დაკითხავდა, ვინაიდან, იგი საიდუმლო თანამშრომელია.
6. კასატორი – მსჯავრდებულ ო. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ. მ-ე – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ო. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას;
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ემყარება მხოლოდ ერთი მოწმის გ. გ-ის არასანდო და არადამაჯერებელ ჩვენებას, ასევე ბრალდებულის საბოლოო სიტყვაში გაჟღერებულ ინფორმაციას. ადვოკატი არ ეთანხმება საბოლოო სიტყვაში გაცხადებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაცვისა და ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორ დავით მესტვირიშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება:
2. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ო. მ-მა დანაშაული ჩაიდინა 2023 წლის 10 ივლისსა და ამავე წლის 21 ივლისს (ერთმანეთის ანალოგიურად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები). სააპელაციო სასამართლომ მათგან დამნაშავედ ო. მ-ი მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ივლისის ეპიზოდი) ცნო. თავის მხრივ, ბრალდების მხარე ითხოვს სრულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო დაცვის მხარე კი – სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
3. საკასაციო პალატა 2023 წლის 10 ივლისისა და 21 ივლისის ეპიზოდებს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, მოცემულ ეპიზოდებში წარმოდგენილი მტკიცებულებები რამდენად საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის.
4. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება:
საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ვერ ადასტურებს ო. მ-ის მიერ გ. გ-ე 2023 წლის 10 ივლისს 0,955 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონოდ შეძენა, შენახვასა და მის უკანონოდ გასაღებას; კერძოდ, მოცემულ ეპიზოდთან მიმართებით, გ. გ-მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ:
სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვამდე ერთი თვით ადრე, მან გაიცნო ბრალდებული ო. მ-ი, რომლისგანაც შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. გ. გ-მა 2023 წლის 19 ივნისს განცხადებით მიმართა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, რათა ემხილებინა ო. მ-ი. 2023 წლის 10 ივლისს, გ. გ-ი მოდულის შენობაში აღიჭურვა კამერით და ო. მ-ისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდეგ გადასცა გამომძიებელს. მოწმის ჩვენებით, ნარკოტიკული საშუალება გასაღდა პოლიციის თანამშრომლის გ. ჟ-ს თვალთახედვის არეში. 2023 წლის 10 ივლისს ბრალდებულსა და მოწმეს არ უსაუბრიათ, თუმცა გ. გ-მა სახეზე დაინახა იგი.
მოწმე გამომძიებლებმა – გ. ხ-ა და გ. კ-ა – სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
ამასთან, გამომძიებელმა გ. კ-ა დამატებით აღნიშნა, რომ 2023 წლის 10 ივლისის ეპიზოდი მხოლოდ გ. გ-ის მიერ აღჭურვილმა კამერამ გადაიღო, ხოლო 2023 წლის 21 ივლისის ეპიზოდი ოპერატიული სამსახურის მიერ დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო უკეთესი რაკურსით.
დეტექტივმა გ. ჟ-მ დამატებით განმარტა, რომ 2023 წლის 10 ივლისსა და 21 ივლისს გ. გ-თან ერთად დანიშნულების ადგილას მივიდა და შემდეგ ვიზუალურად აკონტროლებდა. იგი უწყვეტად უყურებდა, თუ როგორ გადააწოდა თანხა ჭიშკრის გვერდით მყოფ პირს, ბლოკით აშენებულ ღობეზე, ხოლო მეორე მხრიდან კი გადმოაწოდეს ნარკოტიკული საშუალება. მოწმის ჩვენებით, ბლოკის ღობის მეორე მხარეს მდგომი ადამიანი მას არ დაუნახავს. ამის შემდეგ, მან ჩაისვა გ. გ-ი ავტომანქანაში, რ-ს გზატკეცილზე კი გამომძიებელმა ამოიღო აღნიშნული ნივთიერება.
ამოღების ოქმის თანახმად, 2023 წლის 10 ივლისს, გამომძიებელმა გ. კ-ა გ. გ-ისგან ამოიღო მოიასამნისფრო პოლიეთილენის თავმომწვარ პარკის ნაჭრებში მოთავსებული მუქი, გაურკვეველი ნივთიერება.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივლისის ექსპერტის N.../ქრ დასკვნით გაირკვა, რომ:
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იასამნისფერი პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო, ფხვნილისებური ნივთიერება, წონით ნოტიო მდგომარეობაში – 3,83 გრამი და წონით გამოშრობის შემდეგ – 2,52 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ რაოდენობაა – 0,955 გრამი.
2023 წლის 10 ივლისს, 19:04:44 სთ-დან 19:05:41 სთ-მდე, თ-ი, სოფელ ფ-ი, შ. რ-ს ქუჩის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთი მხრივ, გ. გ-ის (პ...) და მეორე მხრივ, ო. მ-ის (პ...) მიმართ, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით დგინდება, რომ:
მამაკაცი /მ/ გადადის მანქანიდან, ხელში რაღაც უჭირავს. სირბილით უახლოვდება სახლის ჭიშკარს და ეძახის ვიღაცას აზერბაიჯანულ ენაზე.
მ–,,სად ხარ, სად?“ ეზოს მხრიდან ისმის ვიღაც მამაკაცის /მ2/ სტვენის ხმა. მამაკაცი /მ/ გადაყოფს ხელს ღობეზე და იქ მყოფ, სავარაუდოდ, მამაკაც /მ2-ს/ აწვდის რაღაცას. კადრში გარკვევით არ ჩანს ნივთის გადაცემის მომენტი.
მამაკაცი /მ/ გამორბის უკან, ჯდება მანქანაში.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 9 ნოემბრის N... ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი პირის იდენტიფიკაციის ნაწილი, შეეხება მხოლოდ ექსპერტიზაზე წარდგენილ N2 დისკზე არსებულ ვიდეოგრამებს;
ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ: 10.07.2023 წლის დისკს მიენიჭა N1; ხოლო, თავის მხრივ, N1 დისკის შინაარსთან მიმართებით, ანალოგიურად, გამოკვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ მასში გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება არ ფიქსირდება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულმა ო. მ-მა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ 2023 წლის 10 ივლისის ეპიზოდში ის არ მონაწილეობს.
პროკურორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში სხვა პიროვნება არ გამოკვეთილა და შესაბამისად, გამსაღებელი პირი ვინ უნდა ყოფილიყო, თუ არა – ო. მ-ი.
საკასაციო სასამართლო, ბრალდების მოცემულ ეპიზოდში ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ გ. გ-ის ჩვენება და საქმის სხვა მტკიცებულებები, პირდაპირი ფორმით არ მიუთითებს უშუალოდ ო. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას. როგორც აღინიშნა, ამ ეპიზოდში ფარული საგამოძიებო მოქმედებით არ ჩანს უშუალოდ ო. მ-ის მიერ გ. გ-ისათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი. 2023 წლის 10 ივლისის კრებსით ჩანაწერში ცალსახად აღნიშნულია, რომ კადრში გარკვევით არ ჩანს ნივთის გადაცემის მომენტი. ამასთან, მოწმე გ. ჟ. , რომელიც ვიზუალურად აკონტროლებდა ზემოაღნიშნულ დღეს განვითარებულ მოვლენებს, მიუთითებს, რომ მას ბლოკის ღობის მეორე მხარეს მდგომი პიროვნება არ დაუნახავს. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებები ო. მ-ის ბრალეულობის ნაწილში არც აშკარაა და არც – თანხვდენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი 2023 წლის 10 ივლისის ბრალდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან პროკურორს, ამ ეპიზოდთან მიმართებით, არ წარმოუდგენია მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა ო. მ-ის მიერ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენას.
5. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება:
ბრალდების 2023 წლის 21 ივლისის ეპიზოდში ო. მ-ი გამტყუნებულია მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, რომელთან დაკავშირებითაც, დაცვის მხარე ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ო. მ-ის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, რომელზეც ბრალდების მხარე ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების ზემოხსენებულ ეპიზოდში დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გ. გ-მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2023 წლის 21 ივლისს იგი კვლავ აღიჭურვა ვიდეოკამერით და დეტექტივ გ. ჟ-სთან ერთად, მივიდა ფ-ი, რ-ს ქუჩაზე. მოწმემ დაიძახა: –,,გრ გრ,“ ჭიშკრის ბლოკის ამონგრეული კედლიდან ბრალდებულს მიაწოდა 600 ლარი, ხოლო მან გამოაწოდა იასამნისფერ პაკეტში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც რ-ს გზატკეცილზე მისგან ამოიღო გამომძიებელმა გ. კ-ა. მოწმის ჩვენებით, ანალოგიურად, ნარკოტიკული საშუალება გასაღდა პოლიციის თანამშრომლის თვალთახედვის არეში. 2023 წლის 21 ივლისს გამომძიებელმა მოწმეს უთხრა, რომ 2021 წლის 21 ივლისის ეპიზოდი, გ-ს ტანზე დამაგრებული კამერის გარდა, ასევე გადაიღო ეზოსთან განთავსებულმა კამერამ.
ამოღების ოქმის თანახმად, 2023 წლის 21 ივლისს, გამომძიებელმა გ. კ-ა გ. გ-ისგან ამოიღო მოიასამნისფრო პოლიეთილენის თავმომწვარი პარკის ნაჭერში მოთავსებული, მუქი, გაურკვეველი ნივთიერება.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 24 ივლისის ექსპერტიზის N... დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იასამნისფერ პოლიეთილენის ნაჭერში შეხვეული ყავისფერი ნოტიო ნივთიერება, გამოშრობის შემდგომ, გამომშრალი ფხვნილის სახით, წონით – 2,83 გრამი შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს,“ რაოდენობით – 0,544 გრამს.
დეტექტივმა გ. ჟ-მ განმარტა, რომ 2023 წლის 10 ივლისსა და 21 ივლისს გ. გ-ს ვიზუალურად აკონტროლებდა, კერძოდ, უწყვეტად უყურებდა თუ როგორ გადააწოდა თანხა ჭიშკრის გვერდით მყოფ პირს, ბლოკით აშენებულ ღობეზე, ხოლო მეორე მხრიდან გადმოაწოდეს ნარკოტიკული საშუალება. მოწმის ჩვენებით, ბლოკის ღობის მეორე მხარეს მდგომი პირი არ დაუნახავს. ნარკოტიკის გამორთმევიდან ამოღებამდე გ. გ-ი მისი თვალთახედვის არეში იყო.
2023 წლის 21 ივლისს, 14:46:56 სთ-დან 16:12:12 სთ-მდე, თ-ი, სოფელ ფ-ი, შ. რ-ს ქუჩის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთი მხრივ, გ. გ-ისა და მეორე მხრივ, ო. მ-ის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით იკვეთება, რომ:
სახლის ჭიშკართან ჩერდება „ტოიოტას“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა, ნომრით: /.../. გადმოდის ახალგაზრდა, კეპიანი მამაკაცი /მ/, ავტომანქანა აგრძელებს მოძრაობას და იქვე ჩერდება. მამაკაცი /მ/ დგება ეზოს ჭიშკართან და ყვირის: –,,გრ, გრ!“ შემდეგ უახლოვდება ავტომანქანას და ესაუბრება მძღოლს.
რამდენიმე წუთში ეზოში მორბის ახალგაზრდა, წვერიანი მამაკაცი /მ1/ ლურჯი შორტებით, მიდის კედელთან და ძვრება მასზე.
მამაკაცი /მ/, რომელიც დგას ქუჩის მხარეს, კედლის მეორე მხრიდან, აწვდის რაღაცას მამაკაცს /მ1/; შემდეგ მამაკაცი /მ1/ ასევე რაღაცას აწვდის მამაკაცს მ-ს. მამაკაცი /მ/ მიდის და ჯდება ავტომანქანაში.
მამაკაცი /მ1/ უახლოვდება ჭიშკარს, კეტავს ჭიშკარს და ეზოდან ადევნებს თვალს ავტომანქანას. შემდეგ ბრუნდება იქით, საიდანაც გამორბოდა.
ვიდეოჩანაწერში მამაკაცი /მ/ როდესაც გადმოდის ვერცხლისფერ ავტომობილიდან და დგება სახლის ეზოს ჭიშკართან, მას ხელში აქვს ქაღალდის კუპიურები და ყვირის: –,,გრ, გრ!“; ჩანაწერის მიხედვით, მამაკაცი /მ/ აწოდებს მამაკაცს /მ1-ს/ კუპიურებს. შემდეგ მამაკაცს /მ-ს/ ხელში უჭირავს პოლიეთილენის შეკვრა, რომელიც მას ასევე უჭირავს ავტომანქანაში დაბრუნებისას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის განჩინების ფარგლებში, რომლითაც პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს ოპერატიულ ტექნიკურ-სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებს ნება დაერთოთ: გ. გ-ისა და ო. მ-ის მიმართ ჩაეტარებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედება ,,ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება“ 2023 წლის 21 ივნისიდან 2023 წლის 18 სექტემბრამდე.
ზემოაღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, როგორც აღინიშნა ჩატარებულია 2023 წლის 21 ივლისს.
ამასთან, ფარული აუდიო/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების N478 ოქმის თანახმად ირკვევა, რომ ზემოხსენებული განჩინების საფუძველზე 2023 წლის 21 ივლისის 14:46:56 სთ-დან 2023 წლის 21 ივლისის 16:12:12 სთ-მდე, თ-ი, სოფელ ფ-ი, შ. რ-ს ქუჩაზე N...-ში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთი მხრივ, გ. გ-სა და მეორე მხრივ, ო. მ-ის მიმართ ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება ,,ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა.“ ინფორმაცია ჩაიწერა ერთ ,,DVD-R“ დისკზე. მასალის დამუშავების შედეგად გაფორმდა კრებსი. ოქმში მითითებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებული ტექნიკა.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 9 ნოემბრის ექსპერტიზის N... დასკვნით ირკვევა: სს №... საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ №2 დისკზე არსებულ ვიდეოგრამებზე, სახელწოდებებით: „2023-0721-144657.00300960“, „2023-0721-145158.00300960“, ,,2023-0721-145658.00300960“, ,,2023-0721-150159.00300960“ და ,,2023-0721-160712.00300960“ დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ №2 დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: ,,2023-0721-144657.00300960“, „2023-0721-145158.00300960“, ,,2023-0721-145658.00300960“, ,,2023-0721-150159.00300960“ და „2023-0721-160712.00300960“ – ამოღებულ ფოტოგამოსახულებებსა და ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ ო. მ-ის (პ...) ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულმა ო. მ-მა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას, 2023 წლის 21 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით, განმარტა, რომ ის და გ. გ-ი ერთად ყიდულობდნენ და მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ასევე, ბრალდებული და გ. გ-ი ერთმანეთს ეხმარებოდნენ ნარკოტიკული საშუალების ყიდვაში.
სააპელაციო სასამართლო გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ერთ-ერთ ძირითად არგუმენტად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც ო. მ-მა განმარტა, ის და გ. გ-ი ერთად ყიდულობდნენ და მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ხოლო გ. გ-მა კი განაცხადა, რომ ის ო. მ-ისაგან იძენდა ნარკოტიკს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მათი განმარტებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ვრცლად იმსჯელა და მიიჩნია, რომ ის იზიარებდა 2023 წლის 21 ივლისის ფარულ საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებს, თუმცა, მისი მოსაზრებით, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში აღნიშნული მტკიცებულება დამატებითი სახის გარემოებას არ კვეთდა.
ზემოაღნიშნულ მსჯელობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მოცემულ ეპიზოდში გარდა მოწმის, გ. გ-ის პირდაპირი ჩვენებისა, სხვა მტკიცებულებებითაც, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით, დასტურდება ერთი მხრივ, გ. გ-ს მიერ თანხის გადაწოდების, ხოლო მეორე მხრივ, ო. მ-ის მიერ ნივთის გადაცემის ფაქტი. როგორც დეტექტივმა გ. ჟ-მ განმარტა, იგი ვიზუალური კონტროლისას უწყვეტად უყურებდა, თუ როგორ გადააწოდა გ. გ-მა პირს ჯერ თანხა ჭიშკრის გვერდით, ბლოკით აშენებულ ღობეზე, ხოლო მეორე მხრიდან კი მისცეს ნარკოტიკული საშუალება. გ. გ-მა მიუთითა, რომ ბლოკის ამონგრეული კედლიდან ბრალდებულს მიაწოდა 600 ლარი და მან გამოაწოდა იასამნისფერ პაკეტში მოთავსებული, ნარკოტიკული საშუალება, რომელიც რ-ს გზატკეცილზე გამომძიებელმა გ. კ-ა ამოიღო გ. გ-ისგან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია ამოღების ოქმით, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით კი ამოღებული ნივთიერების სახეობა და მისი რაოდენობა (რაც ზევით უკვე იქნა აღწერილი); გ. ჟ-მ აგრეთვე აღნიშნა, რომ ნარკოტიკის გამორთმევიდან, მის ამოღებამდე გ. გ-ი მისი თვალთახედვის არეში იყო.
შესაბამისად, მოცემულ ეპიზოდში უტყუარი ფორმით დასტურდება გ. გ-ის მიერ, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, უშუალოდ ო. მ-ისაგან ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის ფაქტი. საკასაციო სასამართლო დამატებით უთითებს, რომ საქმის მასალებით არ იკვეთება ის გარემოება, რომ ო. მ-ი და გ. გ-ი ერთობლივად მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და რომ მოხმარებამდე ისინი ნარკოტიკის წილებს პროპორციულად იყოფდნენ.
ამდენად, წარმოდგენილ ეპიზოდში საქმეზე არსებული, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ისე – სხვა, მათ შორის, წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვდენილია და მათში ეჭვის შეტანის უტყუარი საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ო. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, ვინაიდან, ბრალდების მოცემული ეპიზოდი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას, შენახვას და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას.
6. ო. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი:
სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
განსახილველ შემთხვევაში, გამოკვეთილია განაჩენთა ერთობლიობა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით ო. მ-ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე ვადით, 2025 წლის 1-ელ მაისამდე მოქმედი რედაქცია) არის სამართლიანი და აკმაყოფილებს სასჯელის დანიშვნის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, მოცემულ ნაწილში ო. მ-ის მიმართ მართებულად გავრცელდა საქართველოს ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება (1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია); როგორ აღინიშნა, ამ შემთხვევაში ო. მ-ი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდა ამნისტიის კანონის მეორე მუხლის მოქმედება.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით – 12-დან 17 წლამდე 2025 წლის 1-ელ მაისამდე მოქმედი რედაქცია); დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ო. მ-ს უნდა მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.
რაიმე სხვა გარემოება, რომელიც მიუთითებდა პასუხისმგებლობის შემსუბუქებასა ან დამძიმებაზე, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ გამოკვეთილა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლი გამორიცხავს მოცემული კანონის გავრცელებას პირზე, რომელმაც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, ამ ნაწილში ო. მ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე, ამნისტიის გავრცელების თაობაზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.
რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობის ფაქტს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მომართვის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული ჯარიმა 10 000 ლარი (დამატებითი სახის სასჯელი) ო. მ-ს გადახდილი არ აქვს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა – 10 000 ლარი და საბოლოოდ, მას უნდა განესაზღვროს: თავისუფლების აღკვეთა 13 წლითა და ჯარიმა – 10 000 ლარი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსნებული სასჯელით მიიღწევა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნები.
7. ამასთან, ვინაიდან ო. მ-ს მსჯავრად შეერაცხა ნარკოტიკული დანაშაულის უკანონოდ გასაღება (დიდი ოდენობით), მას, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას ამავე კანონით დადგენილი უფლებები.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ო. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორ დავით მესტვირიშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, 2023 წლის 21 ივლისის ეპიზოდთან მიმართებით („ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევის შესაბამისი წესის გათვალისწინებით);
9. სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ო. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით მესტვირიშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3.1. ო. მ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2023 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
3.2. ო. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ივლისის ეპიზოდი, 2025 წლის 1-ელ მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.3. ო. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 21 ივლისის ეპიზოდი, 2025 წლის 1-ელ მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ო. მ-ს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 10 000 ლარი და საბოლოოდ, ო. მ-ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 წლითა და ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი.
4. ო. მ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2023 წლის 5 სექტემბრიდან.
5. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ო. მ-ს 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ნარკოტიკული ნივთიერება, ნარკოტიკული ნივთიერების შესაფუთი მასალა, ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
ელექტრონული დისკები, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
მობილური ტელეფონი და მართვის მოწმობა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან ნდობით აღჭურვილ პირს.
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე