გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100123007512674
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№62აპ-25 ქ. თბილისი
ქ-ი ნ., 62აპ-25 3 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ქ. ნ–ს, – დაბადებულს ....-ს, – ბრალად დაედო: განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2023 წლის 30 აპრილს, დაახლოებით, 00:30 საათზე, თ.... სოფელ ვ–ში მდებარე რესტორან „ღ–ის“ მიმდებარედ, ქ. ნ–მა მოკვლის განზრახვით, თანნაქონი დანის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები დ. ო–ს, მათ შორის: გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა – მარცხნივ; მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი; წელის არეში ღია ჭრილობა – მარცხნივ; მარჯვენა ბარძაყის ღია ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, გულმკერდის მარცხენა ნახევარში, უკანა აქსილარულ ხაზზე აღენიშნებოდა: ორი პარალელური, გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა; მარცხნივ, წელის არეში ნაკვეთი ჭრილობა და მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედის ლატერალურ ზედაპირზე – ნაკვეთი ჭრილობა. აქედან, დაზიანებები: გულმკერდის მარცხენა ნახევარში, იღლიის უკანა ხაზზე არსებული ორი, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობის სახით, მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხოლო დაზიანებები: მარცხნივ წელის მიდამოსა და მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედის ლატერალურ ზედაპირზე არსებული ჭრილობების სახით, მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. მიღებული დაზიანებების გამო, დ. ო–ს, ქ–ში, ა... ყ...ის კლინიკაში ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო პროცედურები და შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
2. ქ. ნ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ქ. ნ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ვალერი გიორგაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ქ. ნ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და – სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ვალერი გიორგაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ქ. ნ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მოწმეების – ა. მ–ის, ა. ხ–ისა და თ. ე–ის – გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით; სამედიცინო, ჰაბიტოსკოპიური, ბიოლოგიური, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექპერტიზების დასკვნებით; ქ. ნ–ის სახლის ჩხრეკის ოქმითა და ამოღებული დანით – უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა. სასამართლომ უკრიტიკოდ გაიზიარა ქ. ნ–ის წინააღმდეგობრივი მონათხრობი, რომ სისხლიანი დანა იპოვა, მოეწონა და ამიტომ წაიღო შინ. ქ. ნ–ის ტანსაცმელზე აღმოჩენილ დაზარალებულის სისხლის კვალთან მიმართებით კი, მიიჩნია, რომ ჩხუბის გათვალისწინებით, უტყუარად არ დგინდებოდა, რა ვითარებაში დაისვარა ამოღებული ტანსაცმელი დ. ო–ის სისხლით, მაშინ, როდესაც გარდა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით მიყენებული ჭრილობებისა, დაზარალებულს სხეულზე სხვა სახის დაზიანება არ გამოვლენია. ეს კი ადასტურებს, რომ დ. ო–ი სწორედ ქ. ნ–მა დაჭრა სწორედ მისი სახლიდან ამოღებული დანით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ მიაწოდა ინფორმაცია, არ ქმნის იმის უპირობო საფუძველს, რომ ქ. ნ–ი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პირველ რიგში, საყურადღებოა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნით დადგენილია და არც მხარეები დავობენ იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულად ცნობილ დ. ო–ს სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, შემთხვევის დღეს, შპს „ა... ყ...ის კლინიკაში“, მიყვანისას, აღენიშნებოდა: გულმკერდის მარცხენა ნახევარში, უკანა აქსილარულ ხაზზე ორი პარალელური, გულმკერდის ღრუში შეშავალი, ნაკვეთი ჭრილობა; მარცხნივ, წელის არეში ნაკვეთი ჭრილობა და მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედის ლატერალურ ზედაპირზე ნაკვეთი ჭრილობა. აქედან, დაზიანებები: გულმკერდის მარცხენა ნახევარში, იღლიის უკანა ხაზზე არსებული, ორი გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობის სახით – მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს, ხოლო დაზიანებები: მარცხნივ, წელის არესა და მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედის ლატერალურ ზედაპირზე არსებული ჭრილობების სახით – მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. სტაციონარში მოთავსებისას, დ. ო–ის სხეულზე გამოვლენილი სისხლმდენი ჭრილობები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 2023 წლის 30 აპრილს.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ დ. ო–ს სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის ჭრილობები 2023 წლის 30 აპრილს, დაახლოებით, 00:30 საათზე, თ.... სოფელ ვ–ში არსებულ რესტორან „ღ–ის“ მიმდებარედ, თანნაქონი დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, მიაყენა – ქ. ნ–მა; ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კი მიიჩნიეს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება წარდგენილი ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ქ. ნ–ის ბრალეულობას დაადასტურებდა. შესაბამისად, ქ. ნ–ი, დ. ო–ის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
4. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ქ. ნ–ის უდანაშაულობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მისი ბრალეულობა სარწმუნოდ მტკიცდება საქმეში წარმოდგენილი აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ფასდება სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი – ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, ქ. ნ–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზეც, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამხილები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე და პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭათ.
6. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ შესაძლებელია, პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის პირდაპირი ჩვენებაც, ასახავდეს მომხდარ ფაქტს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ მხოლოდ მის ერთ, თუმცა მნიშვნელოვან მონაკვეთს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება N626აპ-17 საქმეზე, პუნქტი 34). შესაბამისად, განსახილველ საქმესთან დაკავშირებითაც, მეტად მნიშვნელოვანია, ყველა იმ მოწმის ჩვენებისა თუ ჩვენების ნაწილის, ისევე, როგორც – მტკიცების საგანთან დაკავშირებული, ყველა სხვა სამხილის შეფასება, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს, მთლიანობაში აღადგინოს ბრალადშერაცხილი დანაშაულის სურათი და სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
7. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დ. ო–ს 2023 წლის 30 აპრილს, კლინიკაში მოთავსებისას, აღენიშნებოდა მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, სხეულის სხვადასხვა – მათ შორის: გულმკერდის უკანა, წელისა და ბარძაყის – არეებში მიყენებული ჭრილობები, აქედან – გულმკერდის მარცხენა ნახევარში, იღლიის უკანა ხაზზე არსებული, გულმკერდის ღრუში შემავალი, ორი, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება.
8. უდავოდ ცნობილი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გ–ის რაიონის სოფელ შ–ში მდებარე, ქ. ნ–ის საცხოვრებელ სახლში, 2023 წლის 30 აპრილს, დილით, 08:00-09:05 საათზე, ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა ქ. ნ–ის საძინებელი ოთახიდან ამოიღეს მისი ჯინსის შარვალი, მოწითალო, სისხლისმაგვარი ლაქებით; შარვლის წინა, მარჯვენა, ჯიბეში აღმოჩნდა ვერცხლისფერი საკეცი დანა, პირზე მოწითალო, სისხლისმაგვარი ლაქებით; ასევე – შავი პიჯაკი და ზურგის მხარეს გარღვეული, დაზიანებული თეთრი პერანგი, მოწითალო, სისხლისმაგვარი ლაქებით; ერთი წყვილი, შავი ფეხსაცმელი. ჩხრეკის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე, ქ. ნ–მა, ჩხრეკაზე დასასწრებად მიიწვია მისთვის სანდო ორი პირი – გ. ბ. და ნ. ხ–ი, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში, ხელი მოაწერეს ჩხრეკის ოქმს და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
9. ქ. ნ–ის სახლის ჩხრეკაში მონაწილე გ. ბ.ს გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) ირკვევა, რომ 2023 წლის 30 აპრილს, დილით, დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები და უთხრეს, რომ მისი მამიდაშვილის – ნ. დ–ის – სახლში უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა, რომელსაც შეეძლო, დასწრებოდა, როგორც გარეშე პირი. თავის მხრივ, იგი დაუკავშირდა ნ. ხ–ს და წაიყვანა ნ. დ–ის სახლში. გამომძიებლებმა ნ. დ–ის ვაჟს – ქ. ნ–ს შესთავაზეს, ნებაყოფლობით წარედგინა დანაშაულის იარაღი – დანა და ტანსაცმელი, რომელიც ეცვა 2023 წლის 29 აპრილს თ.... სოფელ ვ–ში, რესტორან „ღ–ში“ ყოფნისას. ქ. ნ–ის განმარტებით, იგი სახლში დანაშაულის იარაღს არ ინახავდა. დაიწყო ჩხრეკა და ქ. ნ–ის საძინებლიდან ამოიღეს მისი ტანსაცმელი, რომელიც, ქ. ნ–ის განმარტებით, ეცვა 2023 წლის 29 აპრილს, თ.... სოფელ ვ–ში, რესტორან „ღ–ში“ ყოფნისას. ქ. ნ–ის შარვალსა და პერანგს აღენიშნებოდა მოწითალო ლაქები. შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში აღმოჩნდა საკეცი დანა, რომელიც, ქ. ნ–ის განმარტებით, ეკუთვნოდა მას. ამოღებული ნივთები დაილუქა. ჩხრეკა ჩატარდა კანონის დაცვით და, ამ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით, არანაირი პრეტენზია არ გასჩენია.
10. ქ. ნ–ის სახლის ჩხრეკაში ასევე მონაწილე ნ. ხ–ის გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) მიხდვით, 2023 წლის 30 აპრილს, დილით, დაუკავშირდა გ. ბ. და სთხოვა, გაჰყოლოდა მისი მამიდაშვილის – ნ. დ–ის – სახლში, სადაც ჩხრეკისას საჭირო იყო გარეშე პირთა დასწრება. დაეთანხმა და მივიდნენ ნ. დ–ის სახლში. გამომძიებელმა ნ. დ–ის შვილს – ქ. ნ–ს – შესთავაზა, ნებაყოფლობით წარედგინა დანაშაულის იარაღი – დანა და ტანსაცმელი, რომელიც ეცვა 2023 წლის 29 აპრილს თ.... სოფელ ვ–ში, რესტორან „ღ–ში“ ყოფნისას. ქ. ნ–მა განუმარტა პოლიციელებს, რომ სახლში დანაშაულის იარაღს არ ინახავდა. დაიწყო ჩხრეკა. ქ. ნ–ის საძინებელში ნახეს მისი ტანსაცმელი, რომელიც ქ. ნ–ის განმარტებით, ეცვა 2023 წლის 29 აპრილს თ.... სოფელ ვ–ში, რესტორან „ღ–ში“ ყოფნისას. შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში აღმოჩნდა საკეცი დანა, რომელიც ქ. ნ–ის განმარტებით, ეკუთვნოდა მას. ამოღებული ნივთები დაილუქა. ჩხრეკა ჩატარდა კანონის დაცვით და, ამ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით, არანაირი პრეტენზია არ გასჩენია.
11. ქ. ნ–ის დედის – ნ. დ–ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დგინდება, რომ 2023 წლის 30 აპრილს, დილით, მათ სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, მოიკითხეს მისი ვაჟი და უთხრეს, რომ სახლი უნდა გაეჩხრიკათ. უპასუხა, რომ მის ვაჟს სახლში ეძინა. ქ. ნ–ს გამომძიებელმა გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. გამომძიებლის თქმით, საჭირო იყო, ჩხრეკას ორი გარეშე პირი დასწრებოდა. დაუკავშირდნენ მის ბიძაშვილს – გ. ბ.ს, რომელიც ნ. ხ–თან ერთად მივიდა მათთან ჩხრეკაში მონაწილეობისათვის. გამომძიებელმა მის ვაჟს შესთავაზა, ნებაყოფლობით წარედგინა დანაშაულის იარაღი – დანა და ტანსაცმელი, რომელიც ეცვა 2023 წლის 29 აპრილს, რესტორან „ღ–ში“ ყოფნისას, რაზეც ქ. ნ–მა განაცხადა უარი. თქვა, რომ სახლში დანაშაულის იარაღს არ ინახავდა. დაიწყო ჩხრეკა. მისი ვაჟის საძინებლიდან ამოიღეს ტანსაცმელი, რომელიც ქ. ნ–ის განმარტებით, ეცვა რესტორან „ღ–ში“ ყოფნისას. ამოღებული შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში აღმოჩნდა საკეცი დანა, რომელიც მისი ვაჟის განმარტებით, ეკუთვნოდა მას. ამოღებული ნივთები დაილუქა. ჩხრეკა ჩატარდა კანონის დაცვით და, ამ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით, არანაირი პრეტენზია არ გასჩენია.
12. ცივი იარაღის ექსპერტიზის 8--– დასკვნის (უდავო მტკიცებულება) შესაბამისად, ქ. ნ–ის სახლის ჩხრეკისას, მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებული საკეცი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
13. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №.... დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ ქ. ნ–ის სახლის ჩხრეკისას, მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებულ დანის ტარსა და პირზე, ისევე, როგორც ქ. ნ–ის – მოთეთრო პერანგსა და ჯინსის შარვალზე, რომლებიც მას ეცვა 2023 წლის 29 აპრილს, თ.... სოფელ ვ–ში, რესტორან „ღ–ში“ ყოფნისას, აღმოჩენი-–-- დ. ო–ის სისხლის კვალი.
14. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის (უდავო მტკიცებულება) თანახმად, იმ ტანსაცმელს, რომელიც ქ. ნ–სა და დ. ო–ს ეცვათ შემთხვევის დღეს შემთხვევის ადგილზე ყოფნისას, კერძოდ, ქ. ნ–ის პიჯაკს, ჯინსის შარვალსა და პერანგს – აღენიშნებოდა მოშავო-მორუხო, არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, საერთოგვარობრივი კუთვნილებით დ. ო–ის ჯინსის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან; დ. ო–ის პერანგს აღენიშნებოდა მოლურჯო-შავი ფერის ბამბისა და მოყავისფრო პოლიესტერის ბოჭკოები, საერთოგვარობრივი კუთვნილებით ქ. ნ–ის მოშავო პიჯაკის ქსოვილში შემავალ, შესაბამის ბოჭკოებთან და ასევე – მკვეთრი, მოლურჯო, არათანაბრად შეღებილი, ბამბის ბოჭკოები, საერთოგვარობრივი კუთვნილებით ქ. ნ–ის ჯინსის შარვლის ქსოვილში შემავალ, შესაბამის ბოჭკოებთან; დ. ო–ის ჯინსის შარვალს აღინიშნებოდა მოლურჯო-შავი ბამბის ბოჭკოები, საერთოგვარობრივი კუთვნილებით ქ. ნ–ის მოშავო პიჯაკის ქსოვილში შემავალ, შესაბამის ბოჭკოებსა და ასევე – მკვეთრი, მოლურჯო, არათანაბრად შეღებილი, ბამბის ბოჭკოები, საერთოგვარობრივი კუთვნილებით ქ. ნ–ის მოლურჯო ჯინსის შარვლის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან.
15. ჰაბოტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე, არსებულ საქაღალდეში სახელწოდებით – „ა... ბ...ი“ – ჩაწერილ ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულება (ფოტო №41) იდენტურია რესტორან „ღ–ის“ 2023 წლის 30 აპრილის გარე პერიმეტრის ჩანაწერების ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე (ფოტო №23-№26, №29, №31, №33) დაფიქსირებული, პირობითად, №1 პირის გამოსახულების; ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებულ საქაღალდეში სახელწოდებით – ა... მ...ი“ – ჩაწერილ ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულება (ფოტო №42) იდენტურია რესტორან „ღ–ის“ 2023 წლის 30 აპრილის გარე პერიმეტრის ჩანაწერების ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე (ფოტო №23, №26, №29-№33) დაფიქსირებული, პირობითად, №2 პირის გამოსახულების; ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებულ საქაღალდეში სახელწოდებით – „“კ... კ...“ – ჩაწერილ ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულება (ფოტო №45) იდენტურია რესტორან „ღ–ის“ 2023 წლის 30 აპრილის გარე პერიმეტრის ჩანაწერების ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე (ფოტო №25, №30-№33) დაფიქსირებული, პირობითად, №5 პირის გამოსახულების; საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამოღებული, ქ. ნ–ის (პ/ნ ..........) სახელზე შევსებულ, ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე (ფოტო №46) არსებულ გამოსახულებაზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულებები იდენტურია რესტორან „ღ–ის“ 2023 წლის 30 აპრილის გარე პერიმეტრის ჩანაწერების ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე (ფოტო №25-28) დაფიქსირებული, პირობითად, №6 პირის გამოსახულებისა.
16. ზემოაღნიშნული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტის დასკვნის კვალდაკვალ, რომლითაც უტყუარად დგინდება შემთხვევის ადგილის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ფიგურანტების ვინაობა, განსაკუთრებით საინტერესოა 2023 წლის 30 აპრილის ჩანაწერის შინაარსი, რომელზეც ასახულია თ.... სოფელ ვ–ში არსებული, რესტორან „ღ–ის“ გარე პერიმეტრი, სადაც, ნათლად ჩანს, რომ ქორწილის სტუმრებს შორის, რამდენჯერმე დაიძაბა ურთიერთობა, მათ შორის, იყო შელაპარაკება, გაწევ-გამოწევა და შეხლა-შემოხლა. ბოლოს, 00:28:28 საათზე, ჩანაწერის უკიდურეს მარჯვენა კუთხეში ჩანს, როგორ იწყება რესტორნის მიმდებარედ ხელჩართული ჩხუბი, რომელშიც გამოკვეთილია ბევრი მაღლა აღმართული და საჩხუბრად მოქნეული ხელი. აშკარაა მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა მოვლენების ეპიცენტრი კამერისგან იმდენად შორსაა, რომ შეუძლებელია გარჩევა, კონკრეტულად, ვინ ვის ეჩხუბება. ჩანაწერის 00:29:53 საათზე, კადრში ჩანს დ. ო–ი, რომელიც ჩხუბის ადგილიდან სწრაფად გამორბის კამერის მიმართულებით. მას უკან მოსდევენ: დ. ბ–ი, ქ. ნ–ი, კ. კ–ი და ა. ბ–ი. მათგან პირველს – დ. ბ–ს – უტრიალდება დ. ო–ი, საბრძოლო ილეთით აგდებს ძირს და შეუჩერებლად განაგრძობს სირბილს. დ. ო–ს ფეხდაფეხ მისდევს ქ. ნ–ი, რომელიც მიახლოებისას უკნიდან უქნევს მაღლა აღმართულ ხელს. ამ დროს ქ. ნ–ს ხელში უჭირავს საგანი, რომელიც სინათლეზე ელავს და ისინი სირბილითვე გადიან კადრიდან. მათ უკან მიჰყვებიან დანარჩენები.
17. ბრალდებულმა ქ. ნ–მა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ დ. ო–ი მას არ დაუჭრია. 2023 წლის 29 აპრილს იყო ქორწილში, რომლის ბოლოს მომხდარ ჩხუბში ისიც მონაწილეობდა. ქორწილში დანა თან არ ჰქონია. სულ მცირე, 10 კაცი იქნებოდა დაპირისპირებული, თუმცა მოწინააღმდეგეები ვინ იყვნენ, არ იცის. დ. ო–ს არ იცნობს და, შესაბამისად, არ იცის, მონაწილეობდა თუ არა ისიც ჩხუბში. ჩხუბი, დაახლოებით, 10-15 წუთს გაგრძელდა. ამ დროს ძირს დაეცა და სცემდნენ. შეეშინდა და თავის დასაღწევად გაიქცა გზის გადაღმა. მისგან ამოღებული დანა, რომელზეც დაზარალებულის სისხლი აღმოჩნდა, რესტორნის მიმდებარედ იპოვნა, მოეწონა და სახლში წაიღო, თავის ეზოში გარეცხა და ჯიბეში შეინახა. მის ტანისამოსზე დაზარალებულის ტანსაცმლის ბოჭკოები, შესაძლოა, ჩხუბის დროს გადასულიყო.
18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქ. ნ–ის მტკიცებას, რომ შემთხვევის დღეს დაზარალებული დ. ო–ი არ დაუჭრია, ქორწილში ჩხუბისაგან თავის დასაღწევად გარბოდა, ხოლო დანა, რომელზეც დაზარალებულის სისხლი აღმოჩნდა, ძირს დაგდებული იპოვნა, მოეწონა და სახლში წაიღო, რამეთუ, ერთი მხრივ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, ძალიან მაღალი ფასი აქვს, თვალნათლივ დგინდება, რომ ქორწილის მიწურულს დაწყებული ხელჩართული ჩხუბის კვალდაკვალ, ქ. ნ–ი არათუ შეშინებული გარბის ჩხუბისაგან თავის დასაღევად, როგორც ამას თავად ამტკიცებს, არამედ – თავაწყვეტილი, ფეხდაფეხ მისდევს სწორედ ჩხუბიდან გამოქცეულ დ. ო–ს, რომელსაც უკნიდან უქნევს ხელს, რომელშიც აშკარად უჭირავს რაღაც საგანი, რომელიც სინათლეზე ელავს; მეორე მხრივ, ქ. ნ–ის დანასთან დაკავშირებული მონათხრობი, აშკარად ეწინააღმდეგება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, მისივე მოწვევით მონაწილე პირების – გ. ბ.სა და ნ. ხ–ის, ისევე, როგორც – დედამისის – ნ. დ–ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომ ქ. ნ–ის თქმით, ჯინსის შარვლის ჯიბიდან, რომელიც ეცვა შემთხვევის დროს, აღმოჩენილი სისხლიანი დანა მას ეკუთვნოდა.
19. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, შემთხვევის ადგილის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით თვალნათვლივ დასტურდება, ჩხუბიდან გამოქცეულ დაზარალებულ დ. ო–ს, ფეხდაფეხ, როგორ მისდევს შეიარაღებული ქ. ნ–ი, რომელიც ეწევა დაზარალებულს და უკნიდან უქნევს იარაღიან ხელს, ხოლო, მეორე მხრივ, დადგენილია, რომ ამ შემთხვევის შედეგად, დაზარალებულ ნ. ო–ს აღენიშნებოდა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით, სხეულის სხვადასხვა – მათ შორის: გულმკერდის უკანა, წელისა და ბარძაყის – არეებში მიყენებული ჭრილობები; გამომდინარე იქიდან, რომ შემთხვევიდან მალევე, გამთენიას, ქ. ნ–ის სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ტანსაცმელი და დანა, რომელთა კუთვნილებასაც იმთავითვე არ უარყოფდა ქ. ნ–ი და რომლებზეც აღმოჩენილია დაზარალებულის სისხლის კვალი, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ. ო–ისათვის მიყენებული დაზიანებები მიზეზობრივად დაკავშირებულია ქ. ნ–ის ქმედებებთან.
20. ამავდროულად, იმის გამორკვევისას, თუ ვინ და რატომ მიაყენა შემთხვევის დღეს დაზიანებები დ. ო–ს, მეტად საყურადღებოა ასევე იმ პირთა განმარტებები, რომლებიც შემთხვევის დღეს პირადად შეესწრნენ კონფლიქტის სხვადასხვა ეპიზოდებს, შემთხვევიდან მალევე ნახეს დაჭრილი დაზარალებული და თავად მოისმინეს, რას განმარტავდა იგი მომხდართან დაკავშირებით, კერძოდ:
21. მოწმე ა. მ–ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) ირკვევა, რომ 2023 წლის 29 აპრილს იყო ქორწილში – თ.... სოფელ ვ–ში არსებულ რესტორან „ღ–ში“. დაახლოებით, 00:15 საათი იქნებოდა, სახლში წასვლა დააპირა. ნასვამი იყო, დაურეკა ბიძაშვილის შვილს – ა. ხ–ს – და სთხოვა, სახლში წაეყვანა. როდესაც რესტორნიდან გარეთ გავიდა, დაინახა, ახალგაზრდა ბიჭები შელაპარაკდნენ, მაგრამ ვინაიდან ვერცერთი იცნო, გადაწყვიტა, არ ჩარეულიყო და შორიახლოს გაჩერდა. ბიჭების საუბარი მალევე გადაიზარდა ჩხუბში. ამ დროს იცნო მხოლოდ მისი თანასოფლელი – დ. ო–ი, რომელიც გაიქცა და უკან გაეკიდა ოთხი პირი. თავადაც წავიდა მათკენ. სირბილი არ შეეძლო და სიარულით გაჰყვა, თუმცა დ. ო–ი ვეღარ დაინახა და თავის ავტომანქანასთან შეჩერდა. 2 წუთში მასთან ნელი ნაბიჯით მივიდა დ. ო–ი, რომელიც იყო წელში მოხრილი, მუცლის არეში იდებდა ხელს და იძახდა, რომ იყო დაჭრილი, თუმცა არ უთქვამს, ვინ მიაყენა დაზიანებები. დ. ო–ს უთხრა ავტომანქანაში ჩამჯდარიყო, რათა საავადმყოფოში წაეყვანა. ამ დროს მივიდა ა. ხ–ი, რომელსაც ახლდა მეგობარი – თ. ე–ი. მათ უთხრა, რომ დ. ო–ი იყო დაჭრილი და საავადმყოფოში გადაყვანა ესაჭიროებოდა. საჭესთან ა. ხ–ი დაჯდა და დაჭრილი საავადმყოფოში წაიყვანა. თავად არ გაჰყოლია, დარჩა რესტორანთან.
22. მოწმე ა. ხ–ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2023 წლის 29 აპრილს, დაახლოებით, 00:00 საათზე, დაურეკა მისმა ბიძამ – ა. მ–მა, რომელიც იყო ქორწილში, ნასვამი და სთხოვა, შინ წაეყანა. თ. ე–თან ერთად ავტომანქანით მივდა თ.... სოფელ ვ–ში არსებულ რესტორან „ღ–სთან“, სადაც ბიძამისის ავტომანქანაში დახვდა მისი თანასოფლელი – დ. ო–ი, რომელსაც პერანგი ჰქონდა სისხლიანი და თქვა, რომ იყო დაჭრილი. ბიძამისს მაშინვე გამოართვა მანქანის გასაღები და თ. ე–ის თანხმებით წაიყვანა იგი ქ–ში არსებულ „ა... ყ...ის სახელობის კლინიკაში“. გზაში დ. ო–ი ამბობდა, რომ ქორწილის დასრულების შემდეგ, სტუმრები შელაპარაკდნენ. მისი თქმით, სხვებთან ერთად ისიც იდგა და როდესაც სიტუაციიდან გასარიდებლად შებრუნდა, მას უკან გაეკიდა ქ. ნ–ი, რამდენჯერმე დაარტყა დანა და დაჭრა. დ. ო–ის საავადმოყოფოში მიყვანის შემდეგ, ისევ ბიძამისს მიაკითხა, რომელმაც გზაში უამბო, რომ ქორწილში კონფლიქისას დაჭრილი დ. ო–ი ჩაისვა ავტომანქანაში.
23. მოწმე თ. ე–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2023 წლის 29 აპილს, დაახლოებით, 00:00 საათზე, მის მეგობარს – ა. ხ–ს, დაურეკა ბიძამისმა – ა. მ–მა და სთხოვა, რესტორნიდან წაეყვანა. ისინი მივიდნენ თ.... სოფელ ვ–ში არსებულ რესტორან „ღ–სთან“ და ნახეს, რომ ა. მ–ის ავტომანქანაში იჯდა მათი თანასოფლელი – დ. ო–ი, რომელსაც პერანგი ჰქონდა სულ სისხლიანი და ამბობდა, რომ იყო დაჭრილი. დ. ო–ი ა. მ–ის ავტომანქანით წაიყვანეს ქ–ში არსებულ „ა... ყ...ის სახელობის კლინიკაში“. გზაში დ. ო–ი ამბობდა, რომ ქორწილის დასრულების შემდეგ, სტუმრები შელაპარაკდნენ. თავადაც იქ იყო და გამობრუნებისას, როდესაც ცდილობდა სიტუაციიდან გარიდებას, გამოეკიდა ქ. ნ–ი, რამდენჯერმე დაარტყა დანა და დაჭრა.
24. მოწმე მერაბ ჩიხვაიას გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) ირკვევა, რომ იგი არის ქ–ში არსებული, „ა... ყ...ის სახელობის კლინიკის“ ზოგადი ქირურგი. 2023 წლის 30 აპრილს, სხეულის სხვადასხვა არეებში მრავლობითი ჭრილობებით, კლინიკაში შეიყვანეს დ. ო–ი, რომლის თქმით, დაზიანებები, რამდენიმე წუთით ადრე ჰქონდა მიღებული, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი ჩხუბის დროს, თუმცა კონკრეტული პირი ან გარემოება არ დაუსახელებია. დ. ო–ს აღენიშნებოდა ჭრილობები გულმკერდის, წელისა და ბარძაყის არეებში. მიიჩნიეს, რომ დაზიანებები მიყენებული იყო რაიმე მჩხვლეტავი, ბასრი საგნით. წელისა და ბარძაყის არეში გამოკვეთილი ჭრილობები არ ყოფილა შემავალი, არ აზიანებდა შინაგან ორგანოებს და არ ითვლებოდა სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებებად, ხოლო გულმკერდის ღრუში შემავალი – იყო სიცოცხლისათვის საშიში და რომ არა დროული ქირურგიული ჩარევა და სწორი დიაგნოზი, შესაძლოა პაციენტის მდგომარეობა დასრულებულიყო გარდაცვალებით.
25. მოწმე ა. ბ–ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) ირკვევა, რომ 2023 წლის 29 აპრილს იყო ქორწილში – თ.... სოფელ ვ–ში მდებარე რესტორან „ღ–ში“. ქორწილი თითქმის დასრულებული იყო, როდესაც, დაახლოებით, 00:00 საათზე, რესტორნის მიმდებარედ, დაინახა მისი მეგობრები, მათ შორის იყო ქ. ნ–იც, რომლებიც საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ უკონფლიქტოდ, ყოველგვარი გართულებისა და ჩხუბის გარეშე უნდა დაშლილიყვნენ. მალევე, რესტორნის დასავლეთით გაისმა ჩხუბის ხმა და ყველანი იქით გაიქცნენ. ადგილზე ნახა, რომ ჩხუბობდა მისთვის უცნობი 10-15 პირი, ერთმანეთს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მათ შორის ვერავინ ამოიცნო, თუმცა მაინც დაიწყო გაშველება. ამ დროს დაინახა, რომ მოჩხუბრებს გამოეყო დ. ო–ი, რომელსაც უკან გაეკიდნენ ქ. ნ–ი, დ. ბ–ი და კ. კ–ი. თავადაც გაჰყვა მათ, რათა რაიმე არ დაეშავებინათ ერთმანეთისათვის, თუმცა ჩამორჩა. ისინი აღარ უნახავს და არ იცის, სად წავიდნენ.
26. მოწმე გ. კ–ის გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) მიხედვით, 2023 წლის 29 აპრილს იყო ქორწილში – თ.... სფელ ვ–ში არსებულ რესტორან „ღ–ში“. ქორწილის დასასრულს რესტორნის მიმდებარედ ნახა, გ. ე–ი და ი. ვ–ი, როგორ ესაუბრეოდნენ მისთვის უცნობ ბიჭებს, ეუბნებოდნენ, რომ სუფრა მშვიდობიანად უნდა დასრულებულიყო, კონფლიქტი არ უნდა მომხდარიყო. ერთ პირს თავადაც უთხრა, რომ ქორწილი ერთხელ ჰქონდა ადამიანს ცხოვრებაში და ყველაფერი მშვიდად უნდა დაესრულებინათ, ხელი გადახვია და გაიყვანა, რადგან იგი აღელვებული იყო და უნდოდა, დაემშვიდებინა. საუბრის დასასრულს წავიდა რესტორნის შესასვლელისკენ, სადაც მეუღლე უცდიდა. ამ დროს დაიწყო ჩხუბი. რამდენიმე ადამიანი ჩხუბობდა. მათ გარშემო ხალხი იყო შეკრებილი და ვერ არჩევდა, ვინ იყვენ, რადგან არცერთს იცნობდა. დ. ო–ი ჩხუბის ადგილზე არ დაუნახავს და არ იცის, რა ვითარებაში დაჭრეს. მეორე დილით გაიგო, რომ იგი დაუჭრიათ, თუმცა მასთან არ უსაუბრია, რადგან იყო საავადმყოფოში. დაჭრის ამბავი გაიგო დაზარალებულ დ. ო–ის ძმისგან, რომელმაც საზღვარგარეთიდან დაურეკა და უთხრა, რომ მისი ძმა ვინმე ქ–ს დაუჭრია.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტული მტკიცებულების შეფასებისას სასამართლოს გააჩნია გონივრული მოლოდინი, რომ მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი და ამ მტკიცებულებების ბუნებიდან გამომდინარე, არც უნდა ჰქონდეს იმაზე მეტის დადგენის მოლოდინი, ვიდრე ეს თავად მტკიცებულებების შინაარსიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, გამიჯნა, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენდა პირდაპირსა და რომელი – ირიბს და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სამხილები ერთობლივად ქმნის დანაშაულის სურათის აღდგენის შესაძლებლობას და ერთმნიშვნელოვნად მუთითებს ქ. ნ–ის ბრალეულობაზე, საწინააღმდეგოს მტკიცება კი არ გამომდინარეობს სასამართლოში წარმოდგენილი აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ობიექტური შეფასებიდან.
28. დანაშაულის მოტივის დადგენისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემთხვევის დღეს, მხარეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე ეპიზოდად განვითარდა და, მათ შორის, ქ. ნ–ის მეგობრებმა, რომელთა ჩვენებებსაც სასამართლო ქვემოთ მიმოიხილავს, დაადასტურეს, რომ მომხდარი კონფლიქტის შედეგად იგი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და სურდა სიტუაციის გამორკვევა, კერძოდ:
29. მოწმე ს. ბ–ის გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) მიხედვით, 2023 წლის 29 აპრილს იყო ქორწილში, თ.... სფელ ვ–ში, რესტორან „ღ–ში“. დაშლისას, რესტორნის ავტოსადგომზე ნახა ქ. ნ–ი და უთხრა, რომ შინ უნდა წასულიყვნენ, მან კი უპასუხა, რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა და გაარკვევდა, რატომ მოექცნენ ასე. დაჰპირდა, რომ არ იჩხუბებდნენ და მალე წავიდოდნენ სახლში. რამდენიმე ბიჭი, მათ შორის, ა. მ–ი და თ. წ–ი გავიდნენ მოშორებით და ესაუბრებოდნენ მისთვის უცნობ ბიჭებს. ის და მ. კ–ი იდგნენ მოშორებით, როდესაც მათ უკან გაიარა სამმა ბიჭმა. მათ შორის, დ. ო–ი ეუბნებოდა დანარჩენებს: რაც მოგხვდებათ ხელში, დაუშვითო. ამ დროს, შ. კ–ი მივიდა ქ. ნ–თან და გაიყვანა. რამდენიმე წუთში, დარბაზში შესასვლელი კარის მხრიდან შემოესმა ყვირილი. ის და მ. კ–ი მაშინვე იქით გაიქცნენ და დაინახა ქ. ნ–ი, რომელიც უცნობ ბიჭს ესაუბრებოდა, ეკითხებოდა, რატომ აყენებდა შეურაცხყოფას. ამ ბიჭმა ქ. ნ–ს სახეში დაარტა ხელი და სხვებმაც დაუწყეს ცემა. ქ. ნ–ი ძირს დაეცა. დაცემულს რამდენიმე ბიჭი ურტყამდა ხელებსა და ფეხებს. მიირბინეს ა. მ–მა და თ. წ–მა, სცადეს ქ. ნ–ის დახმარება, თუმცა მოწინააღმდეგეები იყვნენ შედარებით ბევრნი და ვერ შეძლეს გაშველება. სხვა ადამიანებიც ჩაერთნენ, ზოგი ცდილობდა გაშველებას, შეძლებისდაგვარად, ის და მ. კ–იც იჭერდნენ ხალხს. სიტუაცია როცა დამშვიდდა, ვეღარ ხედავდა, სად იყო ქ. ნ–ი. მალე ვითარება ისევ დაიძაბა და როდესაც ყველაფერი საბოლოდ განიმუხტა, მანქანით წავიდნენ სახლებში. წასვლამდე გაიგო ქალის ყვირილი, ბიჭია ცუდად და დროზე გამოიძახეთ სასწრაფოო. მეორე დღეს მ. კ–ისგან შეიტყო, რომ დ. ო–ი ქ. ნ–ს დაუჭრია. მას არ დაუნახავს, როდის დაჭრა ქ. ნ–მა დ. ო–ი, რადგან რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი, ცდილობდა მათ გაშველებას და არ დაუნახავს, ჩხუბის ადგილიდან დ. ო–ი და ქ. ნ–ი გაიქცნენ თუ არა. არც ქ. ნ–ის ან ჩხუბში მონაწილე სხვა პირის ხელში დაუნახავს დანა ან რაიმე საგანი. როდესაც ჩხუბის დროს დაინახა ქ. ნ–ი, იგი თავს იცავდა, წაქცეულს რამდენიმე ბიჭი ურტყამდა ხელებსა და ფეხებს, თუმცა არ დაუნახავს, როდის წამოდგა. როდესაც მეორედ დაიწყო ჩხუბი, ქ. ნ–ი კვლავ წააქციეს და იგი მ. კ–ის დახმარებით წამოდგა.
30. მოწმე მ. კ–ის გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) თანახმად, 2023 წლის 29 აპრილს იყო ქორწილში, თ.... სფელ ვ–ში, რესტორან „ღ–ში“. დაახლოებით, 00:00 საათისთვის გადაწყვიტეს სახლებში წასვლა. რესტორნიდან გამოვიდა მისი ძმის მეგობართან – ქ. ნ–თან – ერთად, რომელმაც უთხრა, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს და უნდოდა იმ ბიჭებთან დალაპარაკება. დაჰპირდა, რომ არ იჩხუბებდა, მხოლოდ ისაუბრებდნენ. ქ. ნ–ი ა. მ–სა და თ. წ–თან ერთად წავიდა, დაახლოებით, ხუთ ბიჭთან სალაპარაკოდ, რომლებსაც თავად არ იცნობდა. ის და ს. ბ–ი იდგნენ რამდენიმე მეტრში, თუმცა მათი საუბარი არ ესმოდათ. ამ დროს უკან გაუარათ სამმა ბიჭმა, რომელთაგან დ. ო–ი დანარჩენებს ეუბნებოდა: რაც ხელში მოგხვდებათ, „დაუშვითო“. ჰკითხა: ვისთვის, რა უნდა „დაეშვათ?“ დამცინავად უპასუხეს: არა, დაიკო, წვიმამ დაუშვაო. შ. კ–ი მივიდა ქ. ნ–თან, გამოიყვანა ბიჭების გარემოცვიდან და წაიყვანა ავტომანქანისკენ. როდესაც ქ. ნ–ის მიუახლოვდა, დაინახა, რომ იგი, დაახლოებით, ხუთ უცნობ ბიჭს ესაუბრებოდა, რომლებსაც ეუბნებოდა: ძმაო, ჩემი სახელი ადამიანურად გითხარი და მასე რატომ მელაპარაკებიო. ხელი წაავლო და გვერდით გაიყვანა. უცნობი ბიჭებიც გაჰყვნენ. ქ. ნ–ს დაუწყეს ლანძღვა-გინება და ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც წაიქცა, დანარჩენებმა კი განაგრძეს მისი ცემა, არ ეშვებოდნენ. თავად ცდილობდა ბიჭების გაშველებას. მიირბინეს ა. მ–მა და თ. წ–მა, რომლებიც ცდილობდნენ ქ. ნ–ის დახმარებას, რათა აღარ ეცემათ, თუმცა ვინაიდან მას რამდენიმე ბიჭი ერთად სცემდა, გაშველება რთული იყო. როცა კონფლიქტი შედარებით დაწყნარდა ქ. ნ–ი, სად იყო, აღარ დაუნახავს. ჩხუბის დროს ქ. ნ–ი ხელში აიყვანა ერთ-ერთმა და ძირს დააგდო, რის გამოც, სუნთქვა შეეკრა და ა. მ–მა წაიყვანა, ავტომანქანაში ჩასვა და ქ–ის მიმართულებით წავიდნენ. სანამ თავადაც ავტომანქანაში ჩაჯდებოდა, გაიგო, ქალი ყვიროდა, ბიჭია დაჭრილიო. როგორც მოგვიანებით გაიგო, დ. ო–ი იყო დაზიანებული, თუმცა ვინ დაჭრა იგი, არ იცის. არც ქ. ნ–ის და არც სხვა მოჩხუბრის ხელში დანა ან სხვა საგანი არ დაუნახავს. ჩხუბის დროს ქ. ნ–ი თავს იცავდა, რადგან წაქცეულს რამდენიმე ბიჭი ურტყამდა ფეხებსა და ხელებს. მაშინ არ დაუნახავს, როდის წამოდგა, თუმცა როდესაც მეორედ დაიწყო ჩხუბი და ქ. ნ–ი კვლავ წააქციეს, ის დაეხმარა წამოდგომაში.
31. მოწმე დ. მ–ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) ირკვევა, 2023 წლის 29 აპრილს იყო ქორწილში, თ.... სფელ ვ–ში, რესტორან „ღ–ში“. დაახლოებით, 00:00 საათზე, როდესაც სუფრა თითქმის დასრულდა, რესტორნიდან გამოსულმა, გარეთ დაინახა, მთავარ შესასვლელთან ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი უცნობები ერთმანეთში საუბრობდნენ. რესტორნის დასავლეთით შენიშნა მეგობრები, მათ შორის, ქ. ნ–ი და მათკენ წავიდა. ბიჭები ამბობდნენ, რომ უკონფლიქტოდ უნდა დაშლილიყვნენ და არ იყო საჭირო სიტუაციის გამწვავება. მათ შორის რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება, მაგრამ რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ბიჭების ნაწილი დარჩა, ხოლო ნაწილმა გადაინაცვლა რესტორნის მთავარი შესასვლელისკენ. ის, სხვა გოგონებთან ერთად ადგილზე დარჩა. რამდენიმე წუთში რესტორნის მთავარი შესასვლელიდან შემოესმათ ჩხუბის ხმა და ყვირილი. დაუყოვნებლივ იქით წავდნენ. დაახლოებით, 10 პირი ჩხუბობდა. ა. მ–ი ძირს ეგდო და მისთვის უცნობი პირები აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ხალხი ცდილობდა მათ გაშველებას. დაინახა, რესტორნის დასავლეთით როგორ გარბოდა უცნობი მამაკაცი, რომელსაც უკან მისდევდნენ მისი თანასოფლელები – ქ. ნ–ი, კ. კ–ი და დ. ბ–ი, რომელიც ძირს დაეცა. ამ დროს არ დაუნახავს, ჰქონდა თუ არა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი. თავად იყო ძალიან შეშინებული და აღელვებული, ხმამაღლა მოუწოდებდა, დამშვიდებულიყვნენ და ინსტინქტურად წავიდა ქ. ნ–ისა და დ. ბ–ის მიმართულებით. მხოლოდ ის ახსოვს, რომ შეხვდნენ უკან მომავალი დ. ბ–ი, ქ. ნ–ი და კ. კ–ი. მათ ჰკითხა, რამე ხომ არ სჭირდათ და კვლავ დამშვიდებისკენ მოუწოდა, მაგრამ მას არ გასაუბრებიან, სწრაფი ნაბიჯებით გაემართნენ რესტორნის მთავარი შესასვლელისკენ.
32. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (უდავო მტკიცებულება) თანახმად, ქ. ნ–ს მარჯვენა მტევნისა და მარჯვენა მუხლის სახსრის არეში აღენიშნებოდა ნაჭდევები. დაზიანებები განვითარებული მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 2023 წლის 30 აპრილს.
33. დაზარალებულმა დ. ო–მა გამოძიების დროს, გამოკითხვისას აღნიშნა: „ – არ დავუჭრივარ არავის, არ ვთვლი თავს დაზარალებულად და არ ვჩივი არაფერზე“, რაც, საკასაციო სასამართლოს მითითებით, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილი არაერთი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებით, სარწმუნოდ დადგენილ ფაქტს, ამავდროულად, მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველსაც, გამომდინარე იქიდანაც, რომ დაზიანებები მას, ერთი მხრივ, მიყენებული აქვს სწორედ ქ. ნ–ის კუთვნილი დანით, რომელიც შემთხვევის შემდეგაც თან ჰქონდა ამ უკანასკნელს და, დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ამოღებულია მისი ტანსაცმლიდან, რომელიც ეცვა შემთხვევის დღეს, შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს, ხოლო, მეორე მხრივ, ხაზგასასმელია, რომ მრავლობით დაზიანებათაგან, რომლებიც გამოვლენილია დაზარალებულის სხეულზე, მათ შორის, ორი, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა მიყენებულია გულმკერდის უკანა ზედაპირზე, რაც ცხადია, არასანდოსა და არადამაჯერებელს ხდის დ. ო–ის მტკიცებას, რომ დაზიანებები მისთვის არავის მიუყენებია.
34. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდეის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები – მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც კონფლიქტის სხვადასხვა მონაკვეთის შემსწრენი არიან, ისევე, როგორც დაპირისპირების ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ეპიზოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და მტკიცების საგანთან დაკავშირებული ექსპერტიზების დასკვნები – ერთობლივად იძლევიან იმის სარწმუნოდ დადგენის შესაძლებლობას, რომ შემთხვევის დღეს ქ. ნ–სა და დ. ო–ს შორის უბრალო შეხლა-შემოხლას კი არ ჰქონდა ადგილი, როგორც ამაზე დაცვის მხარე მიანიშნებდა და რასაც შესაძლოა გამოეწვია ქ. ნ–თან დანაშაულის კვალის აღმოჩენა, არამედ – კონფლიქტის დროს, შეურაცხყოფილი ქ. ნ–ი მიზანმიმართულად, იარაღმომარჯვებული დაედევნა ჩხუბიდან გამოქცეულ დ. ო–ს და მიაყენა მას დანით არაერთი, მათ შორის, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. დაზარალებული კი მხოლოდ დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ნ–ის ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის – დ. ო–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის – შემადგენლობა, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
35. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც უნდა დაედოს მსჯავრი ქ. ნ–ს, ისჯება – ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
36. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). ამავდროულად, სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).
38. საკასაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების იმპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე (დანაშაულის იარაღის გამოყენებით ჩადენის დროს, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), მიიჩნევს, რომ ქ. ნ–ს უნდა განესაზღვროს ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც, დამატებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების 4 წლით შეზღუდვასთან ერთობლივად, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
39. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა, შესაბამისად, შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ.: მაგალითად: Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §242, Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და, მის ნაცვლად, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი;
3. ქ. ნ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3. ქ. ნ–ს – 4 წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები: იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები;
5. ქ. ნ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი აეთვალოს, განაჩენის აღსრულების მიზნით, მისი დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 30 აპრილიდან 2023 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით;
6. ქ. ნ–ს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადა აეთვალოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან;
7. ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· დანა, სისხლის, ნერწყვისა და ხელის კვლების ნიმუშები და ანაწმენდები – განადგურდეს;
· დ. ო–ისა და ქ. ნ–ის ტანსაცმელი – დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;
· „სუბარუს“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით (.....), დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· საქმეზე დართული დისკები – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი