განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №125აპ-25 14 ივლისი, 2025 წელი
შ-ი ლ., №125აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას და მსჯავრდებულ ლ. შ-ის ადვოკატის – ნ. დ-ის – საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. შ-ს - ბრალად ედებოდა:
ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 26 ივნისს, ღამის საათებში, რ-ში, ლ. შ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, არასრულწლოვანი გერის, - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გ. შ-ის თანდასწრებით, იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი შ. ტ-ის მიმართ, კერძოდ, იმის გამო, რომ საუბრის დროს შ. ტ-ემ მას ხელი დაურტყა მაგიდაზე, ყელზე მოუჭირა ორივე ხელი. შედეგად, შ. ტ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბ) ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 26 ივნისს, ღამის საათებში, რ-------ში, ლ. შ-მა, შურისძიების მოტივით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა არასრულწლოვან გერს, -–, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გ. შ-ს, რომელთანაც ასევე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ, მაშინ, როდესაც ლ. შ-ი ყელზე უჭერდა ხელს გ. შ-ის დედას, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ. ტ-ეს, გ. შ-ი მივიდა მათთან და ცდილობდა დედის დაცვას, რა დროსაც ლ. შ-მა მას ხელი მოუჭირა მარცხენა ხელზე. შედეგად, გ. შ-მა მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით – მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობის სახით.
გ) განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2- 6 აგვისტოს, ღამის საათებში, რ-----ში, ლ. შ-მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მოკვლის განზრახვით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ. ტ-ეს, დანის მსგავსი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ხუთი ჭრილობა, კერძოდ, ლ. შ-ი თვლიდა, რომ შ. ტ-ეს სკოლაში, რომელშიც იგი დასაქმებული იყო დამლაგებლის პოზიციაზე, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა მამაკაცებთან, რის გამოც, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მასზე, მიმართავდა სიტყვებით: „არც მე და არც სხვას!“. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ. ტ-ემ გადაწყვიტა მასთან დაშორება და 2-- აგვისტოს ბოლოს, ლ. შ-ი წავიდა მათი საერთო საცხოვრებელი სახლიდან. ვინაიდან, ლ. შ-ს შ. ტ-ე თავის საკუთრებად მიაჩნდა, სახლიდან წასვლის შემდეგაც სწერდა შეტყობინებებს; ეუბნებოდა, რომ, თუ მასთან არ იქნებოდა, მოკლავდა, შვილსაც მოუკლავდა. 2--- 6 აგვისტოს, შ. ტ-ის სპეციალური საჭიროების მქონე შვილის – გ. შ-ის – დაბადების დღეზე, ტელეფონით დაუკავშირდა შ. ტ-ეს, სურდა სახლში დაბრუნება და მოითხოვდა მისგან, ეთქვა, თუ რომელი ტორტი მიეტანა. უარის მიღების შემდეგ, დაელოდა სტუმრებისა და ოჯახის წევრების წასვლას, აივნიდან შევიდა შ. ტ-ის საცხოვრებელ ბინაში და მოკვლის განზრახვით, დანის მსგავს საგანს უქნევდა სხეულის სხვადასხვა არეში. შ. ტ-ე სკამის გამოყენებით, ცდილობდა დაეცვა თავი და ხელში აღებულ სკამს იფარებდა სხეულის წინა ნაწილზე. წინააღმდეგობის მიუხედავად, ლ. შ-მა შეძლო და 5-ჯერ დარტყა დანის მსგავსი საგანი შ. ტ-ეს სხეულის სხვადასხვა არეში, კერძოდ, ჯერ ცდილობდა წაერთმია სხეულზე აფარებული სკამი, მარცხენა ხელი მოჰკიდა სკამს და მარცხენა ბარძაყის არეში დაარტყა დანის მსგავსი საგანი, რის შემდეგაც, იგივე საგანი დაარტყა მარცხენა ხელის მტევანში, თუმცა შ. ტ-ე სკამს ხელს არ უშვებდა და ცდილობდა სკამი გულმკერდზე აეფარებინა. ლ. შ-მა მაინც შეძლო და სამჯერ დაარტყა დანის მსგავსი საგანი გულმკერდის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შ. ტ-ე მიყენებული დაზიანებების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს და გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, მისი გადარჩენა მოხერხდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რ-ის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენით:
2.1.1. ლ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.1.2. ლ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2.1.3. ლ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
2.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. შ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით, რაც აეთვალა 2-- 8 აგვისტოდან.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ლ. შ-ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება, ხოლო მსჯავრდებულ ლ. შ-ის ადვოკატმა – მისი დასაცავი პირის უდანაშაულოდ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენით:
3.1.1. მსჯავრდებულ ლ. შ-ის ადვოკატის – დ. გ-ის – და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის – თინათინ სტურუას – სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
3.1.2. შეიცვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენი;
3.1.3. ლ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით;
3.1.4. ლ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 2 თვით;
3.1.5. ლ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
3.1.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. შ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით, რაც აეთვალა 2----–-–-- 8 აგვისტოდან;
3.1.7. ლ. შ-ის მიმართ 9 თვით გამოიცა დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით: ლ. შ-ს აეკრძალა დაზარალებულებთან, მათ შორის, მათ საცხოვრებელთან, სამსახურსა და იმ სხვა ადგილებთან მიახლოვება, სადაც შეიძლება იმყოფებოდნენ;
3.1.8. დამცავი ორდერის ვადის ათვლის თარიღად განისაზღვრა ლ. შ-ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების დღე.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა.
3.2.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი – თინათინ სტურუა – საკასაციო საჩივრით ითხოვს ლ. შ-ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. პროკურორის პოზიციით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან შეუსაბამობის გათვალისწინებით, მსუბუქია ლ. შ-ისთვის დანიშნული სასჯელი, რომლის პირობებშიც, ვერ მიიღწევა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნები.
3.2.2. ადვოკატი – ნ. დ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ლ. შ-ის უდანაშაულოდ ცნობას. ადვოკატის პოზიციით: განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარისი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ლ. შ-ის ბრალდება ეფუძნება დაზარალებულ შ. ტ-ის არადამაჯერებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას; მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ლ. შ-ი და შ. ტ-ე თანაცხოვრობდნენ, რის გამოც, მაკვალიფიცირებელი ნიშანი – ოჯახის წევრის მიმართ – არ დასტურდება; ლ. შ-ს შ. ტ-ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია; მიყენებული მსუბუქი დაზიანება მკვლელობის მცდელობის ბრალდებასთან შეუსაბამოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა, განიხილა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – თინათინ სტურუას – და მსჯავრდებულ ლ. შ-ის ადვოკატის – ნ. დ-ის – საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა – შ. ტ-ემ – განმარტა, რომ ლ. შ-თან დაახლოებით, ხუთი წელი იყო არარეგისტრირებულ ქორწინებაში. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი, რომელთაგან ერთი – გ. შ-ი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. თავად სკოლაში მუშაობს დამლაგებლად, რაზეც ლ. შ-ი ეჭვიანობდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ამასთან, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს; ეუბნებოდა, არ ჩაეცვა მოკლე კაბა. ლ. შ-ი ხშირად სვამდა, რის შემდეგაც, ფიზიკურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. თანაცხოვრების საწყის ეტაპზე ურთიერთობაში პრობლემები არ ჰქონიათ, თუმცა ბოლო პერიოდში სიტუაცია შეიცვალა. დაახლოებით, 2022 წელს, ნ. შ-ის მიერ გამოძახებულმა პატრულმა იხსნა ლ. შ-ის მოკვლისგან. 2022 წლის ზაფხულში, ლ. შ-მა იეჭვიანა და იმის გამო, რომ თავად საუბრისას ხელი დაურტყა მაგიდაზე, ყელზე მოუჭირა ორივე ხელი, რა დროსაც იგრძნო ტკივილი. ლ. შ-მა მასთან გასაშველებლად მისულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვან გ. შ-ს მოსტეხა ხელი, რაც დადასტურდა კიდეც სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანის შემდეგ. ძალადობის ფაქტის შესახებ სამედიცინო პერსონალისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია, რადგან ლ. შ-თან ცხოვრების გაგრძელებას გეგმავდა და პოლიციის გამოძახება და ლ. შ-ის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა არ სურდა. 2----–-–-- ივლისის ბოლოს, ის და ლ. შ-ი დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს უკანასკნელი პერიოდულად იმიზეზებდა რაღაცებს და მაინც მიდიოდა მასთან. მოგვიანებით, ხშირად ემუქრებოდა, ეუბნებოდა: „– მოვალ და ნახავ რას გიზამ!“ ერთ დღეს, სიტყვიერი კონფლიქტისას ისევ დაემუქრა. იმ ღამესვე შევიდა ლ. შ-ის „ფეისბუქზე“ და წაიკითხა დედამისთან გაგზავნილი შეტყობინებები, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რამდენიმე დღეში აპირებდა მოწმის მოკვლას. 2----–-–-- 6 აგვისტოს, იყო მისი შვილის – გ. შ-ის – დაბადების დღე. გვიან ღამით, სახლში მარტო მყოფმა, შენიშნა ბინაში აივნიდან შესული ლ. შ-ი, რომელმაც ჯიბიდან დანისმაგვარი საგანი ამოიღო. იმ მომენტში მიხვდა, რომ ლ. შ-ი დანაპირების შესრულებას აპირებდა, რის გამოც, თავდაცვის მიზნით, სკამი აიღო და გულზე მიიხუტა, თუმცა ლ. შ-მა დანა თავდაპირველად ფეხში, შემდეგ ხელში, ბოლოს კი, გულში სამჯერ დაარტყა, რის შემდეგაც სისხლმა გამოასხა. ამის შემდეგ ლ. შ-ი წავიდა სახლიდან, თუმცა ეს იმიტომ არ გაუკეთებია, რომ მისი მოკვლა გადაიფიქრა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მარტო დატოვა, როდესაც სისხლისგან იცლებოდა. მოწმემ მყისიერად დარეკა 112-ში და ითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ოპერატორს ისიც უთხრა, რომ თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ცოცხალი აღარ დახვდებოდა, ლ. შ-ს მიუძღვოდა მის სიკვდილში ბრალი. შემდეგ დისშვილს დაურეკა და იგივე უთხრა. სანამ მისი ახლობლები მივიდოდნენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც მივიდა და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა. თავსგადამხდარი ამბის გამო, განიცდის ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს.
3. სამედიცინო ექსპერტიზის N---- დასკვნის თანახმად, შ. ტ-ეს ------–- ობიექტური შემოწმებითა და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი -- სტაციონარული მკურნალობის სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, დაუდგინდა: ჭრილობები გულმკერდის, მარცხენა ზედა და ქვედა კიდურების მიდამოში, სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი მარცხენა ქვედა კიდურის მიდამოში, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ჭრილობების მიმყენებელი საგანი ვერ განისაზღვრა, ვინაიდან ობიექტური შემოწმების დროს ქირურგიულად დამუშავებულია – გაკერილია და პირველადი მორფოლოგიური სურათი არის წაშლილი, ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციაში მორფოლოგიური აღწერილობა არასრულია.
4. დაზარალებულმა გ. შ-მა დაადასტურა, რომ შ. ტ-ე, მისი დედაა, ლ. შ-ი კი – მამასავით ჰყავს. ლ- დედამისზე ხშირად ეჭვიანობდა, რადგან ფიქრობდა, რომ საყვარელი ჰყავდა. 2022 წლის ზაფხულში, ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, ლ. შ-ი შ. ტ-ეს ყელში უჭერდა ხელს, რა დროსაც შეეცადა მათ გაშველებას, თუმცა იმ დროს ლ. შ-მა ხელი მოსტეხა. მოტეხილობა ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა. 2----–-–-- 6 აგვისტოს, საღამოს, ეზოში იყო ბავშვებთან ერთად, რა დროსაც მისმა დეიდაშვილებმა უთხრეს, რომ „რაღაც“ მოხდა. სახლში დაბრუნებულს სისხლის გუბე დახვდა.
5. სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ გ. შ-ი მკურნალობდა სტაციონარულად 2------- წ. დიაგნოზით: მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობა, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის პერიოდს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით.
6. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ასახავდა დაზარალებულ შ. ტ-ის კომუნიკაციას ოპერატორთან. აუდიოფაილის (სახელწოდებით – N----------------- 0--------- 2------- სთ.) გახსნისას ისმის ქალბატონების დიალოგი. ოპერატორის კითხვაზე, რა მისამართზე ესაჭიროება დახმარება, ქალბატონი ხშირი სუნთქვითა და კვნესით პასუხობს: „ლ--ში, დამჭრეს, ლ--, დროზე, არ ვიცი, დამჭრეს, რ-- ლ--, ვეღარ ვსუნთქავ, დამჭრეს, ააააააა, მარტო ვარ სახლში დროზე, რ-------ი, ლ-------------, დამჭრეს, დიახ, ლ-- დროზე სასწრაფო“. აუდიო ფაილის (სახელწოდებით – -.) გახსნისას ისმის ქალბატონების დიალოგი: „112-დან გირეკავთ, ქალბატონო საუბარი შეგიძლიათ? გვარი, სახელი მითხარით თქვენი. მისამართი ლ----------- ბრძანეთ რ-ში? სადარბაზო, სართული მერამდენეა ქალბატონო? ოთახი 5- ბრძანეთ? ამ ნომერზე შეძლებენ თქვენთან დაკავშირებას? სახელი თქვენი, გვარი? რამდენი წლის ხართ? რა მოხდა რომ მომიყვეთ, ვინ დაგჭრათ, ვინ იყო ეს ბატონი ან ქალბატონი, რითი ბრძანდებით დაჭრილი, გადაცემულია დაელოდეთ“. ქალბატონი პასუხობს: „ააჰ, მარტო ვარ, მომხედეთ გეხვეწები დაჭრილი ვარ, ოხ, დიახ, მარტო ვარ, მ- სადარბაზო, მეორე სართული, დიახ, დიახ, დიახ, თუ გული არ წამივიდა, შ., ყველგან დამჭრა დროზე. ვაიმე, ტ.ე, ვაიმე, დედა რაღა ვქნა, 4----, სანამ მობრუნდა ისევ, აჰ, აჰ, ვაიმე, რომ მოვლენ მერე მოვყვები გული წამივა 5 წუთში აღარ ვერა, ყოფილი ქმარი, ვინც იყო რავი ჯანდაბა მაგას, დანით ალბათ, არ ვიცი, რაღაცა ეკავა ბასრი სულ სისხლად ვიღვრები, მალეთ რა გთხოვთ. სული მეხუთება“.
7. გარდა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან შესაბამისობისა, დაზარალებულ შ. ტ-ის ჩვენება თანხვდება მოწმეების – ნ. შ-ისა და ლ. მ-ის – ჩვენებებს. მოწმე ლ. მ-მა დაადასტურა, რომ ლ. შ-ი ეჭვიანობდა და ძალადობდა შ. ტ-ეზე. ხშირად შესწრებია ნასვამი ლ. შ-ის მიერ შ. ტ-ის სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთ დღეს, როდესაც შ. ტ-ესთან სახლში იმყოფებოდა, სახლში მისულ ლ. შ-ს რაღაც სიტყვა ან ხუმრობა მოეჩვენა არასწორად, რის გამოც, სიტყვიერად შეურაცხყო შ. ტ-ე. ამ უკანასკნელმა კი, გაბრაზების ნიადაგზე, მაგიდაზე ხელი დაარტყა და მისაღებ ოთახში გავიდა, სადაც გაჰყვა ლ. შ-იც. შემდეგ გაიგო გ. შ-ის ყვირილი: „დედას ხელი გაუშვი!“. როდესაც გავიდა, დაინახა, რომ შ. დივანზე იჯდა, ლ. შ-ი ზემოდან ეჯდა და ხელებს ყელში უჭერდა. თვითონ და გ. შ-ი ექაჩებოდნენ. იმ მომენტში ლ. შ-მა გ-------ს მოჰკიდა მარცხენა ხელზე და მოსტეხა. 2----–-–-- 6 აგვისტოს, შ.სთან მიდიოდა, რა დროსაც გზად, მაღაზიასთან, ლ. შ-ი დაინახა. შ.სთან რომ ავიდა, ლ-მ ორჯერ დარეკა. მეორე ზარს თვითონ უპასუხა და უთხრა, რომ შ.ს მასთან ურთიერთობა არ სურდა, რაზეც ეს უკანასკნელი გაბრაზდა და ტელეფონი გაუთიშა, შემდეგ მთელი დღე უკანა ეზოში დადიოდა. ამ დღეს გ. შ-ის დაბადების დღე იყო. მოწმე დაახლოებით, 20:30 საათზე, წავიდა შ. ტ-ის სახლიდან. იმ დღეს, შ.სთან ერთად მისი შვილი ნ. შ-იც იყო, თუმცა ისიც აპირებდა წასვლას. დაახლოებით, 03:00 საათზე, გამომძიებელმა დაურეკა და უთხრა მომხდარი ამბავი. თავდაპირველად იკითხა, ლ. შ-ს ხომ არ ჰყავდა შ. ტ-ე მოკლული. ეს კითხვა იმიტომ გაუჩნდა, რომ ლ- ხშირად დამუქრებია შ.ს მოკვლით, რის გამოც, შ. ტ-ე მუდმივ შიშს განიცდიდა.
8. მოწმე ნ. შ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ არის შ. ტ-ის შვილი. თავად დედასთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძმასთან – გ. შ-სა და დედამისის პარტნიორთან – ლ. შ-თან – ერთად ცხოვრობდა რ--ში, ლ------ში. თავდაპირველად ამ უკანასკნელს დედამისთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თუმცა შემდეგ, ეჭვიანობის ნიდაგზე, ურთიერთობა დაეძაბათ. ლ. შ-ის მხრიდან ძალადობას პირადად შესწრებია, თუმცა გ. შ-ისთვის ხელის მოტეხვის მომენტში სახლში არ იმყოფებოდა. ეს ფაქტი მოგვიანებით შეიტყო. 2----–-–-- აგვისტოში, გ. შ-ის დაბადების დღეზე მისი დეიდაშვილები, თავად და შ. ტ-ის მეგობარი – ლ. მ-ი – იმყოფებოდნენ რ---ში, ლ--ში. შემდეგ წავიდნენ გარეთ და შ. ტ-ე მარტო დარჩა სახლში. 23:00 საათის შემდეგ, მობილური ტელეფონი რომ შეამოწმა, ნახა დედამისის დანარეკი 5-6 უპასუხო ზარი. იმ მომენტში მასთან მიირბინა დეიდაშვილმა და უთხრა, სახლში სწრაფად მისულიყო, რადგან ლ. შ-ს დაჭრილი ჰყავდა შ. ტ-ე. სახლში ყველა ადგილზე სისხლის წვეთები იყო. შ. ტ-ე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში. ჩვენების მიცემისას მოწმემ დაადასტურა, რომ ამ ფაქტიდან რამდენიმე დღით ადრე, ლ. შ-ი ემუქრებოდა შ. ტ-ეს, რის გამოც, ეს უკანასკნელი შიშს განიცდიდა.
9. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირები, რომლებმაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტების სისწორე. მხარეთა შეთანხმების შედეგად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად იქნა მიჩნეული მოწმეების: თ. ა-ის, ი. ზ-ის, გ. კ-ის, კ. კ-ას, ტ. ს-ის, მ. ლ-ის, ა. კ-ის, ა. ა-ის, ლ- ვ--ის, ზ. ა-ის, ს. დ-ის, დ. ჭ-ის, გ. ს-ს, ბ. რ-ას, ს--ის, ნ. კ-ის, რ. ნ-ის, ნ. ჯ-ის, უ-- გ-–ის, ე. გ-ის, თ. ს-ას, მ- მ-ის, ს. რ-ის, ლ-ის, დ. მ--ას, ზ. ტ-ის, მ- კ-ისა და რ. ჟ-ის მონაწილეობით შედგენილი ოქმები. შესაბამისად, აღნიშნული პირები სასამართლოში არ დაკითხულან.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაზარალებულების მხრიდან ლ. შ-ის მიმართ ნეგატიური სუბიექტური დამოკიდებულება, რაც მისთვის დანაშაულის დაბრალების ერთგვარი მოტივი გახდებოდა, არ დადგენილა. პირიქით, დაზარალებულების შემწყნარებლური დამოკიდებულების აღმნიშვნელია მათი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები ლ. შ-ის სამართლებრივი მდგომარეობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით; აგრეთვე, ის ფაქტი, რომ დაზარალებული შ. ტ-ე მაქსიმალურად ცდილობდა, არ ემხილა დანაშაულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ლ. შ-ი. კითხვაზე – რატომ არ განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ პოლიციასთან დროულად – განმარტა, რომ არ სურდა ლ. შ-ის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, რადგან მასთან თანაცხოვრების გაგრძელებას გეგმავდა. ამ მოცემულობაში მსჯავრდებულის ცრუ მხილების მოტივი სრულად გამოირიცხება. შესაბამისად, ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მოგვიანებით გაცხადებაზე დამცველის აპელირება სუსტ არგუმენტად ფასდება.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულის ჩვენება დეტალური, თანმიმდევრული და სხვა მტკიცებულებებთან თანხვდენილია. ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს დაზარალებულ შ. ტ-ის გარდა, ადასტურებენ ფაქტის უშუალო შემსწრენი – გ. შ-ი და ლ. მ-ი. მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც. ამასთან, დაზარალებულის განმარტება ლ- ტ.ის ქმედებებით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ტანჯვასთან დაკავშირებით, თანხვდება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნას. რაც შეეხება მკვლელობის მცდელობას, აღნიშნული დადასტურებულია დაზარალებულის ჩვენებითა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, რომელიც ასახავდა დაზარალებულ შ. ტ-ის კომუნიკაციას ოპერატორთან. საგულისხმოა, რომ დაზარალებულ შ. ტ-ის ჩვენება შეესაბამება მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმსა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასაც. კერძოდ, ბინის დათვალიერებისას ამოღებულ სკამს აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული დაზიანებები, რაც ადასტურებს დაზარალებულის განმარტებას, რომ მან ლ. შ-ისგან თავის დასაცავად გამოიყენა სკამი. ამას ისიც მოწმობს, რომ აღნიშნულ სკამზე არსებული მუქი ლაქები ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ადამიანის სისხლია, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ. ტ-ეს.
12. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ლ. შ-მა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი გ. შ-ის თანდასწრებით, ყელში ხელების მოჭერით იძალადა შ. ტ-ეზე, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მან ამავე დროს ხელი მოუჭირა გ. შ-ს მარცხენა ხელზე. შედეგად, გ. შ-მა მიიღო ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით – მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობის სახით.
13. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე უტყუარად დასტურდება ლ. შ-ის მიერ შ. ტ-ის მოკვლის განზრახვა. მართალია, დამცველი დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, გამორიცხავდა ლ. შ-ის ქმედებაში მკვლელობის განზრახვის არსებობას და სასამართლოს სთავაზობდა ლ. შ-ის ქმედების შედეგის მიხედვით დაკვალიფიცირების ალტერნატიულ ვერსიას, თუმცა აღნიშნული მოსაზრება და მისი გამამყარებელი არგუმენტი მყიფეა, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს უზენაესის სასამართლოს განმარტებით: „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულებით განსხვავდება, კერძოდ: თუ პირმა მოკვლის მიზნით დააზიანა სხვა პირის ჯანმრთელობა, მაგრამ სასიკვდილო შედეგი არ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ასეთ შემთხვევაში გამოკვეთილია მკვლელობის მცდელობა და არა – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ანუ სწორედ განზრახვის ელემენტი განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის №309აპ-19 განაჩენი).
15. სასამართლო, ამ მიმართებით, ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე, უწინარესად კი, ლ. შ-ის ქმედების ხასიათზე, დაზიანებათა რაოდენობასა და ლოკალიზაციაზე გაამახვილებს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ ბინაში აივნიდან მალულად შესულმა ლ. შ-მა დაზარალებულ შ. ტ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ უკანასკნელს სხეულის სხვადასხვა არეში 5-ჯერ დარტყა დანის მსგავსი საგანი. დანაშაულის სისრულეში მოყვანის მტკიცე და ურყევ ნებაზე მიუთითებს მისივე მცდელობა – შ. ტ-ისთვის წაეთმია სხეულზე თავდაცვის მიზნით აფარებული სკამი. დაზარალებულის თავდაცვითი ქცევის მიუხედავად, ლ. შ-მა მაინც შეძლო და სამჯერ დაარტყა დანის მსგავსი საგანი გულმკერდის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და დანაშაულის ადგილზე უმეთვალყურეოდ დატოვა დაზარალებული, რომელსაც სხეულიდან დიდი რაოდენობით სისხლი სდიოდა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. შ-მა დაზარალებულ შ. ტ-ეს მოკვლის მიზნით დაუზიანა ჯანმრთელობა, თუმცა სასიკვდილო შედეგი არ დადგა მისგან დამოუკიდებლად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროული რეაგირების შედეგად, რის გამოც, მის ქმედებაში იკვეთება მკვლელობის მცდელობის და არა – ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვა.
16. დაცვის მხარე ასევე სადავოდ ხდიდა მსჯავრდებულის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას, ოჯახის წევრის მიმართ, ვინაიდან მსჯავრდებული რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. ხ-თან. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ლ. შ-ი ცხოვრობდა და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა შ. ტ-ესთან. აღნიშნული ფაქტი გარდა დაზარალებულისა, მისმა შვილებმაც და სხვა მოწმეებმაც დაადასტურეს. ამასთან, ლ. შ-თან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ. ხ-ის განმარტება, რომ ლ. შ-თან ერთად აღარ ცხოვრობდა, შეესაბამება კიდეც დაზარალებულის ნათქვამს. შვილებთან და რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირთან კომუნიკაცია არ გამორიცხავს სხვა პირთან თანაცხოვრებას, რასაც, განსახილველ შემთხვევაში, ჰქონდა ადგილი. ამგვარ მოცემულობაში, როდესაც მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტები სათანადო მყარი მტკიცებულებებით ვერ ბათილდება, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ. შ-ი, შ. ტ-ე და გ. შ-ი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის გამოც, მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ოჯახურ დანაშაულად კვალიფიკაცია საფუძვლიანია.
17. უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივი იმ შემთხვევაში გვაქვს სახეზე, თუ მტკიცებულებებით დასტურდება მამაკაცის მიერ ქალის თავისუფლების შეზღუდვის, დადგენილ სტერეოტიპულ ჩარჩოებში მოქცევისა და კონტროლის ფაქტები და სწორედ ეს საბაბი არის წამყვანი ფაქტორი დანაშაულებრივი განზრახვის აღმოცენებისას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის №203-აპ-22 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ ლ. შ-ი არ აძლევდა თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობას, უკმაყოფილებას გამოთქვამდა მის მუშაობასთან დაკავშირებდით და უკონტროლებდა ჩაცმის სტილს. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ ლ. შ-მა შ. ტ-ის მიმართ დანაშაულის ორივე ეპიზოდი ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
18. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის 2025 წლის 4 აპრილიდან მოქმედი რედაქცია, „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის“ ნაცვლად, სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულის ჩადენას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტში, ნაცვლად გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობისა, მიეთითა – განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მუხლებიდან „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის“ ამოღება არ გულისხმობს „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობის მოტივით“ ჩადენილი დანაშაულებისთვის დამამძიმებელი გარემოების სამართლებრივი სტატუსის მოხსნას. აღნიშნული ცვლილება უმთავრესად ემსახურება ტერმინის „გენდერის“ შეცვლას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის“ კონსტიტუციური ტერმინით. შესაბამისად, „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი“, ავტომატურად არ გამოიწვევს განაჩენების გადასინჯვას და სასჯელის შეცვლას, რადგან პირის მიერ ჩადენილი ქმედება და მისი მოტივი არა სიტყვასიტყვით, არამედ შინაარსობრივად უნდა შეფასდეს. შემთხვევები, რომლებშიც დადგინდება, რომ დანაშაული ჩადენილია, მათ შორის, ქალის მორჩილებაში ყოლისა და მისი ქმედებების კონტროლის, აგრეთვე – ქალის დაქვემდებარებული როლის წარმოჩენის სურვილით (მოცემულ საქმეში ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი), რაც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეას, ტერმინოლოგიური სხვაობის მიუხედავად, აღიარებული უნდა იქნეს დამამძიმებელ გარემოებად, ახალი საკანონმდებლო წესდების პირობებშიც.
19. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). მართლმსაჯულება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რათა მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-7).
20. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის (2025 წლის 4 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით კი, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის ჩადენა, მათ შორის, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რის გამოც, მსჯავრდებულისთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ეს წესი არ გაითვალისწინება, თუ ზემოაღნიშნულ დამამძიმებელ გარემოებებზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, მითითებულია ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში.
21. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ თითოეული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება ლ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მის პიროვნებას.
22. ლ. შ-ისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონს, რომელიც ცალკეული დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის შეღავათს ითვალისწინებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.
23. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლი ერთმნიშვნელოვნად გაწერს იმ დანაშაულთა ჩამონათვალს, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. ასეთია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით, არ არსებობს დასახელებული ამნისტიის კანონის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
24. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახამად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 3811-ე მუხლით, ან იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ერთი მეექვსედით შეუმცირდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.
25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. შ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ოჯახურ დანაშაულებში. იმავდროულად, წარმოდგენილია დაზარალებულების თანხმობა ამნისტიის გავრცელებაზე, თუმცა საქმის მასალებში არ მოიპოვება თავად მსჯავრდებულის განმარტება დამცავი ორდერის გამოცემაზე.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით (დანიშნული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირებით) სარგებლობისთვის, კანონის კუმულაციური მოთხოვნა, ერთი მხრივ, ამნისტიის გამოყენებაზე დაზარალებულის თანხმობისა და, მეორე მხრივ, დამცავი ორდერის გამოცემაზე მსჯავრდებულის თანხმობის სახით, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოიყენება და ისეთ შემთხვევებს მიემართება, როდესაც მსჯავრდებული დანიშნული სასჯელის შემცირების შედეგად ტოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ამასთან, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „დამცავი ორდერი უნდა გამოიცეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახურ დანაშაულზე მსჯავრდებული პირი, ამნისტიის კანონის გამოყენებით სასჯელის შემცირების შედეგად გათავისუფლდება პენიტენციური დაწესებულებიდან“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის №731-24 განჩინება).
27. განსახილველ შემთხვევაში, დამცავი ორდერის გამოცემა არამართებულია, რადგან ლ. შ-ისთვის დანიშნული და ამნისტიის შედეგად შემცირებული სასჯელები, შთანთქა იმ დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა, რაც ამნისტიის შედეგად არ შემცირებულა და, იმავდროულად, ამნისტიის შედეგად შემცირებულ ვადაში მსჯავრდებული არ თავისუფლდება პენიტენციური დაწესებულებიდან. ამგვარ მოცემულობაში, დაზარალებულის დაცვის დროებითი ზომების მიღება და დამცავი ორდერის გამოცემაზე მსჯავრდებულის თანხმობის მოთხოვნა, აზრსმოკლებულია. დანიშნული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირებისთვის ამნისტიის გამოყენებაზე დაზარალებულების თანხმობაც კმარა. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, დამცავი ორდერის გამოცემაზე ლ. შ-ის თანხმობის არარსებობის მიუხედავად, უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 9 თვით გამოცემული დამცავი ორდერი უნდა გაუქმდეს.
28. ვინაიდან არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ არასრულწლოვანი დაზარალებულის – გ. შ-ის, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის არ არის განმარტებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ, საკასაციო სასამართლო, მითითებული ნორმის საფუძველზე, დასახელებულ პირებს აცნობებს განსახილველი საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგს და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების თაობაზე.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას და მსჯავრდებულ ლ. შ-ის ადვოკატ ნ. დ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას და მსჯავრდებულ ლ. შ-ის ადვოკატ ნ. დ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენი;
3. ლ. შ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით;
4. ლ. შ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 2 თვით;
5. ლ. შ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. შ-ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
7. ლ. შ-ს სასჯელის ვადა აეთვალოს – 2----–-–-- 8 აგვისტოდან;
8. გაუქმდეს ლ. შ-ის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი;
9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ლ. შ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
10. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
11. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· შ. ტ-ის ტანსაცმელი, პირსახოცები, გადასაფარებელი და ტელეფონი, ლ. შ-ის ტელეფონი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სკამი – დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;
· ლაქები, ანაწმენდები, სუნის, ნერწყვისა და სისხლის ნიმუშები – განადგურდეს;
· დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე