საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.07.2025
საქმის ნომერი
2კ-165აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №165აპ-25 22 ივლისი, 2025 წელი

რ. ა., №165აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. რ-ს - ბრალად ედებოდა:

ა) სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

ბ) სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

გ) განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.

1.2. ა. რ-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2023 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით, 02:00 საათზე, ა-ის რაიონის სოფელ ო-ში მდებარე ს. ბ-ის კუთვნილი სასტუმროს მიმდებარედ, ა. რ-მა მ. ნ-ს სახეში ერთხელ გაარტყა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.2. 2023 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით, 02:00 საათზე, ა-ის რაიონის სოფელ ო-ში მდებარე ს. ბ-ის კუთვნილი სასტუმროს მიმდებარედ, ა. დ-ემ და ა. რ-მა ხელებით და ფეხებით, ჯგუფურად, სცემეს ლ. გ-ი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.3. 2023 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით, 02:00 საათზე, ა-ის რაიონის სოფელ ო-ში მდებარე ს. ბ-ის კუთვნილი სასტუმროს მიმდებარედ, მომხდარი დაპირისპირებისას, ა. რ-მა, მოკვლის განზრახვით, დანა ერთხელ დაარტყა ს. ზ-ს მუცლის არეში. აღნიშნულის შედეგად, ს. ზ-მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. აღმოჩენილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, ს. ზ-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენით:

2.1.1. ა. რ-ი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

2.1.2. ა. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათი;

2.1.3. ა. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 თვით და 11 დღით;

2.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. რ-ს დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 თვით და 11 დღით; ამასთან, პატიმრობაში ყოფნის დროის (2023 წლის 17 აგვისტოდან 2024 წლის 29 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

2.1.5. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად:

· ს. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 7 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი;

· ა. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – შოთა სარიამ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. რ-ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით და მისთვის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, ს. გ-ისა და ა. დ-ის მიმართ კი – პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განაჩენით, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა შეიცვალა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენი:

3.1.1. ა. რ-ი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

3.1.2. ა. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათი;

3.1.3. ა. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 თვით და 11 დღით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ა. რ-ს შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და 29 დღით;

3.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. რ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და 29 დღით. ა. რ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2023 წლის 17 აგვისტოდან 2024 წლის 29 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი – შოთა სარია – საკასაციო საჩივრით ითხოვს ა. რ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით და მისთვის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. პროკურორის პოზიციით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. რ-ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ა. რ-ის უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში. შესაბამისად, რამდენადაც მხარეთა შორის სადავო არ არის ა. რ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით) ჩადენა, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. საკასაციო სასამართლო მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით წარმოდგენილ მტკიცებულებებს შეაფასებს.

4.3. მოცემულ შემთხვევაში, მკვლელობის მცდელობის ბრალდებასთან მიმართებით, სადავოა არა ს. ზ-ის დაჭრის ფაქტი, არამედ – დამნაშავის ვინაობა. შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დაადგინოს, ს. ზ-ს სხეულზე არსებული დაზიანება მიაყენა თუ არა ა. რ-მა.

4.4. დაზარალებულმა – ს. ზ-მა – სასამართლოში ჩვენების მიცემისას უარყო 2023 წლის 14 აგვისტოს, ა. რ-ის მიერ მისთვის დანით დაზიანების მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, ჩხუბში მყოფს, სავარაუდოდ, სხვისთვის მოქნეული დანა მოხვდა. მას უშუალოდ არ დაუნახავს, ვინ დაჭრა დანით. გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციაში ა. რ-ის მიერ დაჭრის შესახებ იმიტომ დააფიქსირა, რომ ასე უთხრეს. რეალურად, ა. რ-ს არ იცნობს. მან მეორე გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ დაუნახავს, სინამდვილეში ვინ დაჭრა. შესაბამისად, ვერც დამნაშავე ამოიცნო.

4.5. სასამართლოში მოწმედ დაიკითხა ა. გ-ი, რომელმაც უარყო ა. რ-ის მიერ დაზარალებულ ს. ზ-ის დაჭრის ფაქტი. მიუხედავად შემთხვევის ადგილზე ყოფნისა, მას ვინმეს ხელში დანა არ დაუნახავს. აღნიშნულმა მოწმემ არ დაადასტურა გამოკითხვისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში მითითებული ინფორმაცია, რის გამოც, თავისი შინაარსით, ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს სასამართლო დამოუკიდებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს (აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არც ვითარება აღდგენილა და არც რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი აღმოჩენილა). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამ მიმართებით განვითარებული მსჯელობა სწორი და დასაბუთებულია, საკასაციო საჩივარში ასახული პროკურორის მსჯელობა კი – უსაფუძვლო.

4.6. კასატორის მოსაზრებით, ა. რ-სა და ს. ზ-ს შორის ფიზიკური კონტაქტი დადასტურებულია ჩატარებული ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები მიუთითებს მხოლოდ მათ გარკვეულ შემხებლობაზე (გასათვალისწინებელია, რომ შემთხვევის დღეს, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართული იყო ბევრი ადამიანი, მათ შორის – ს. ზ-ი და ა. რ-ი) და განზრახ მკვლელობის მცდელობის უტყუარად დასადასტურებლად ვერ გამოდგება.

4.7. საგულისხმოა, რომ სასამართლოში დაკითხულ სხვა მოწმეთაგან არცერთს დაუდასტურებია ა. რ-ის ხელში დანის ჭერის ან/და მის მიერ ს. ზ-ის დაჭრის ფაქტი.

4.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო მოთხოვნაა. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. „აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - “In dubio pro reo”-ს, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2).

4.9. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება, რომ 2023 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით, 02:00 საათზე, ა-ის რაიონის სოფელ ო-ში მდებარე ს. ბ-ის კუთვნილი სასტუმროს მიმდებარედ, მომხდარი დაპირისპირებისას, ა. რ-მა მოკვლის განზრახვით ს. ზ-ს დანა დაარტყა მუცლის არეში. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განაჩენი ა. რ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, ხოლო მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისთვის დანიშნული თითოეული სასჯელი – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესაბამისი.

4.10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე