საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №187აპ-25 17 ივლისი, 2025 წელი
ბ. მ., №187აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სამადალაშვილის და მსჯავრდებულ მ. ბ-ის ადვოკატების – პ. ბ-ის და მ. მ-ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ბ-ეს (- -) ბრალად ედებოდა ხულიგნობა, ესე იგი, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
1.2. მ. ბ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2022 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით, 16:30 საათზე, დაბა ქ-ში, --ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მ. ბ-ემ, ა. დ-ის მიმართ ძალადობით და ამავე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულის აივნიდან, ცეცხლსასროლი იარაღიდან – სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით, ა. დ-ის, თ. დ-ის, თ. გ-ის, მ. ც-ის და მ. ც-ის მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა მათი და იქ მყოფი საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობა, რა დროსაც ასფალტის საფარზე ანასხლეტი ტყვიის შედეგად, თ. გ-ემ სხეულის სხვადასხვა არეში მიიღო დაზიანებები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ივლისის განაჩენით:
2.1.1. მ. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
2.1.2. მ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც აეთვალა 2022 წლის 28 ოქტომბრიდან.
2.2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენით, მ. ბ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2022 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით, 16:30 საათზე, დაბა ქ-ში, --ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, მ. ბ-ე თოფის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა. დ-ეს, თ. დ-ეს, თ. გ-ეს, მ. ც-ეს და მ. ც-ეს, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა. ხელვაჩაურის რაიონული პროკურორის მოადგილემ – რამაზ შავაძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენის შეცვლა კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ, მ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი მუხლით და მისთვის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო მსჯავრდებულ მ. ბ-ის ადვოკატებმა – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად – გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენით, მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ვახტანგ სამადალაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ, მ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი მუხლით და მისთვის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. მსჯავრდებულ მ. ბ-ის ადვოკატები – პ. ბ-ე და მ. მ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად – გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ივლისის განაჩენის ცვლილების მოთხოვნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებით, რომლებიც მის საკასაციო საჩივარშია მითითებული. იგივე ითქმის დაცვის მხარეზეც, რომლის საკასაციო საჩივარი ძალზედ ზოგადი და დაუსაბუთებელია. მხარეთა საჩივრების განხილვის შედეგად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენში მკაფიოდ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობა მ. ბ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.
4.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხარეთა სააპელაციო საჩივრებს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.4. საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ხულიგნობისთვის – ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი ქმედებისთვის, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას. მოცემული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება. ობიექტური მხრივ, ხულიგნობას ახასიათებს შემდეგი ნიშნები: 1. პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი; 2. ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; 3. ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული ნიშნებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას. მნიშვნელოვანია ქმედების ჩადენის ადგილი, ვითარება, მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა. ხულიგნობად ვერ შეფასდება პირადი მოტივით ჩადენილი ჩხუბი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
4.5. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს დასახელებული სამართლებრივი სიკეთეებიდან რომელიმეს ხელყოფისკენ და ამასთან, მუქარის ადრესატს უნდა გაუჩნდეს მუქარის რეალიზების საფუძვლიანი შიში. იმავდროულად, გასათვალისწინებელია დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, ფორმა, პირის შეიარაღება.
4.6. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, მ. ბ-ის საცხოვრებელი ბინის, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებითა და ამოღებული ნივთმტკიცებებით, აგრეთვე, ექსპერტიზის დასკვნებით) დადასტურდა, რომ ინციდენტის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რა დროსაც აგრესიას მხოლოდ ერთმანეთის მიმართ გამოხატავდნენ. მ. ბ-ის ქმედება არც საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევისკენ მიემართებოდა და არც საზოგადოებისადმი უპატივცემულობას გამოხატავდა, არამედ დაზარალებულთა დაშინებას ისახავდა მიზნად. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, თავად დაზარალებულთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მ. ბ-ე მათგან მოითხოვდა მისი საცხოვრებელი ბინის ეზოს დატოვებას, რა დროსაც მოკვლით ემუქრებოდა. იმავდროულად, ამ უკანასკნელმა აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა უმისამართოდ. მ. ბ-ის მუქარა დაზარალებულებმა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
4.7. მტკიცებულებებით დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ. ბ-ის ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, მისთვის დანიშნული სასჯელი კი – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესაბამისი.
4.8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ასევე, არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.9. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის ზედმიწევნით გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
4.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სამადალაშვილის და მსჯავრდებულ მ. ბ-ის ადვოკატების – პ. ბ-ის და მ. მ-ის – საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე