საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.07.2025
საქმის ნომერი
2კ-227აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №227აპ-25 7 ივლისი, 2025 წელი

ზ. გ., №227აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ზ-ის ადვოკატ – ი. ხ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ზ-ეს - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის).

1.2. გ. ზ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით, 00:30 საათზე, თ-ში, გ-ის ქუჩის N--ში არსებულ კაფე „გ-ი“, უმნიშვნელო მიზეზის გამო, ერთმანეთთან შეკამათდნენ მთვრალი მ. ლ-ე და ჯ. (ბ.) ს-ე. კონფლიქტის მიმდინარეობისას კ. მ-მა, გ. ზ-ემ და გ. კ-ამ მ. ლ-ე გაარიდეს იქაურობას და მივიდნენ ა. ჭ-ისა და არსენას ქუჩების კვეთაზე. გ. ზ-ე და მ. ლ-ე იქვე გაჩერდნენ, ხოლო კ. მ-ი და გ. კ-ა წავიდნენ -- მიმართულებით. მ. ლ-ისგან შეურაცხყოფით განაწყენებული ჯ. (ბ.) ს-ე მის მიმართ შურისძიებით განეწყო. ჯ. (ბ.) ს-ე დაუკავშირდა თავის მეგობარს – ა. შ-ს, მოუყვა მომხდარის შესახებ და ორივემ, ჯგუფურად, განიზრახეს მ. ლ-ის მოკვლა. ჯ. (ბ.) ს-ე და ა. შ-ი შეიარაღდნენ დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღითა და ამავე იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილი ვაზნებით, ჩასხდნენ ა. შ-ის მიერ მართულ “TOYOTA RAV 4” მარკის ავტომობილში (სახელმწიფო ნომრით – -) და მივიდნენ თ-ში, ა. ჭ-ისა და ა-ას ქუჩების კვეთაზე. გ. ზ-ისა და მ. ლ-ის დანახვისთანავე ა. შ-მა გააჩერა ავტომობილი, ჯ. (ბ.) ს-ემ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ხელთარსებული იარაღი, გადავიდა მანქანიდან და დაახლოებით, 6-7 მეტრიდან, განზრახ მოკვლის მიზნით, გ. ზ-ის გვერდით მდგომ მ. ლ-ეს შვიდჯერ ესროლა გულმკერდისა და მუცლის არეში, რის შემდგომაც, ჯ. (ბ.) ს-ე კვლავ ჩაჯდა ავტომანქანაში მძღოლის გვერდით, ა. შ-მა მანქანა დაძრა და, ჯ. (ბ.) ს-ესთან ერთად, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მ. ლ-ე იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. გ. ზ-ე 2024 წლის 18 თებერვალს დაიბარეს საგამოძიებო ორგანოში და გამოკითხეს. გამოკითხვისას გ. ზ-ემ განაცხადა, რომ ის იცნობს ჯ. (ბ.) ს-ეს, როგორც უბნელს და მეგობრობს მასთან. გ. ზ-ემ იცოდა, რომ ჩადენილი იყო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და განაცხადა, რომ მან გარკვევით დაინახა მსროლელი, რომელიც არ იყო ჯ. (ბ.) ს-ე.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენით, გ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 6 თვით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 9 თვით, რაც აეთვალა 2024 წლის 18 თებერვლიდან.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. ზ-ის ადვოკატმა – ი. ხ-მა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის განაჩენით, მსჯავრდებულ გ. ზ-ის ადვოკატის – ი. ხ-ის – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. ზ-ის ადვოკატი – ი. ხ. – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბად დაადასტურებს გ. ზ-ის დამნაშავეობას; განაჩენში აღწერილი მტკიცებულებები მიემართება გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს; ჯ. (ბ.) ს-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა, გ. ზ-ის ბრალეულობას ვერ დაედება საფუძვლად; გ. ზ-ემ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც დაინახა და აღიქვა; გამოკითხვისას მან თქვა, რომ მსროლელი, მისი შეფასებით, არ იყო ჯ. (ბ.) ს-ე.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულებულება მიჩნეულ იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად.

4.3. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებათაგან, თანმიმდევრული და სხვა მტკიცებულებებთან (განსაკუთრებით ისეთთან, როგორიც ვიდეოჩანაწერია) თანხვდენილია თ. წ-ის, გ. დ-ის, კ. უ-ისა და ნ. ნ-ის გამოკითხვის ოქმები. კერძოდ, თ. წ-ემ და გ. დ-მა ერთმნიშვნელოვნად განმარტეს, რომ ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებული პირი, რომელმაც იარაღისმაგვარი საგნიდან საპირისპიროდ რამდენჯერმე გაისროლა, იყო ჯ. (ბ.) ს-ე. თავიანთ გამოკითხვის ოქმებში დამნაშავის ვინაობა დაასახელეს კ. უ-ემ და ნ. ნ-მაც. მათი განმარტებით, პირადად დაინახეს, როგორ ესროლა ჯ. (ბ.) ს-ემ მ. ლ-ეს.

4.4. საგულისხმოა მოწმეების – ქ. ბ-ის, კ. მ-ის და გ. კ-ას – გამოკითხვის ოქმებიც. აღნიშნული მტკიცებულებებითა და ვიდეოკამერების დათვალიერების ოქმებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს, გ. ზ-ე, ჯ. (ბ.) ს-ესთან და მ. ლ-ესთან ერთად, იმყოფებოდა კაფე „გ-ი“. სადავო არაა, რომ გ. ზ-ე დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზეც (იდგა გარდაცვლილთან).

4.5. გ. ზ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მან დაინახა მამაკაცი, რომელმაც ესროლა მ. ლ-ეს. აღნიშნული პირი იყო, დაახლოებით, 1,85 სმ სიმაღლის, 35-40 წლის, მოგრძო პირისახით, სწორი ცხვირით, შავი მოგრძო თმით და თავზე ეფარა კაპიუშონი. მისი განმარტებით, პირი, რომელმაც რამდენჯერმე ესროლა მის თანმხლებ მ. ლ-ეს, არ იყო ჯ. (ბ.) ს-ე.

4.6. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ზ-ე მისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, თვალნათლივ ხედავდა გასროლის მომენტს და, შესაბამისად – დამნაშავეს. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ გამოკითხვისას მან დეტალურად აღწერა დამნაშავის ვიზუალური მახასიათებლები და იმავდროულად, ცალსახად განაცხადა, რომ დამნაშავე, რომელმაც მისი მეგობარი იარაღიდან რამდენიმე გასროლით იმსხვერპლა, არ იყო ჯ. (ბ.) ს-ე. საკასაციო პალატის შეფასებით, გ. ზ-ემ აღნიშნული ქმედებით, რომელიც დამნაშავის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დახსნას ემსახურებოდა, მართლმსაჯულებას შეუშალა ხელი.

4.7. საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, გამოძიების დროს ან სასამართლოში. დანაშაულის ძირითადი ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითი ობიექტი – ადამიანის უფლებები და კანონიერი ინტერესები. დანაშული ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად მიიჩნევა ცრუ ინფორმაციის მიწოდებიდან/ცრუ ჩვენების მიცემიდან. ინფორმაცია/ჩვენება ჩაითვლება ცრუდ, თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ დამახინჯებულია ის ფაქტები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის.

4.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ცრუ ინფორმაცია/ჩვენება არის აბსტრაქტული საფრთხის შემცველი დელიქტი, ვინაიდან ქმნის მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის აბსტრაქტულ საფრთხეს და ისჯება, იმისდა მიუხედავად, კონკრეტულ შემთხვევაში, შეუშალა თუ არა ხელი ამ მოქმედებამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ამ ტიპის დანაშაულთან მიმართებით, „მთავარია, მსჯავრდებულის მხრიდან ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტი და მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა შედეგი მოჰყვა მას...“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის N458აპ-20 განჩინება).

4.9. ამდენად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული, კანონის შესაბამისად მოპოვებული, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი და მტკიცების საგანთან მიმართებით, რელევანტური მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. ზ-ემ ჩაიდინა მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებისა და დაცვის მხარის პოზიციის შეფასების ნაწილში, სწორი და კანონიერია, ხოლო მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების, ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის დანაწესის შესაბამისი.

4.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.12. ამდენად, ვინაიდან საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ზ-ის ადვოკატის – ი. ხ-ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე