საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №302აპ-25 1 აგვისტო, 2025 წელი
ა-ი გ., №302აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის და მსჯავრდებულ გ. ა-ის ადვოკატის – გ. ლ-ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ა-ს ბრალად ედებოდა:
ა) ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ბ) სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი);
გ) სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით;
დ) პირადად პირის არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონით, ელექტრონული საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. გ. ა-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2023 წლის 20 სექტემბერს, შუადღისას, დაბა ა-ში არსებულ სს “ე-ს კ-ების“ ა-ის რეფერალურ ჰოსპიტალში მდებარე ლ. ბ-ის სამსახურებრივ კაბინეტში, იმის გამო, რომ ლ. ბ-მა მოსთხოვა გ. ა-ს კაბინეტიდან გასვლა და მასთან ყველანაირი სახის ურთიერთობის შეწყვეტა, გ. ა-მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ. ბ-ს, კერძოდ, თავი დაარტყა მას თავის არეში, ხელი მოჰკიდა მაჯებში და ძლიერად აჯანჯღარა, ასევე მარჯვენა ხელის მტევანი მოაყოლა კარებში, რითაც ლ. ბ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულზე მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
1.2.2. 2023 წლის 20 სექტემბერს, შუადღისას, დაბა ა-ში არსებულ სს “ე-ს კ-ების“ ა-ის რეფერალურ ჰოსპიტალში მდებარე ლ. ბ-ის სამსახურებრივ კაბინეტში, იმის გამო, რომ ლ. ბ-მა მოსთხოვა გ. ა-ს კაბინეტიდან გასვლა და მასთან ყველანაირი სახის ურთიერთობის შეწყვეტა, გ. ა-ი მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრითა და მოკვლით, რითაც ლ. ა-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2.3. 2023 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით, 11:30 საათზე, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---ის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გ. ა-ი ურთიერთშელაპარაკებისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. ბ-ს, კერძოდ, ყელის გამოჭრითა და მოკვლით, რითაც ლ. ბ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2.4. 2023 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით, 11:30 საათზე, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადიგენი-ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გ. ა-მა მისი მართვის ქვეშ არსებული “BMW”-ის მოდელის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით – --), განზრახ დააზიანა ლ. ბ-ის კუთვნილი “TOYOTA RAV 4”-ის მოდელის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით – --) წინა მარცხენა კარი, რითაც ლ. ბ-ს მიადგა 450 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნულის შესახებ ლ. ბ-ს რომ არ შეეტყობინებინა სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ის ოპერატორისათვის, გ. ა-მა გამოართვა მას “iPhone 10-X” მოდელის მობილური ტელეფონი და განზრახ, ასფალტზე დანარცხებით, დაამტვრია, რითაც ლ. ბ-ს მიადგა 850 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.
1.2.5. 2023 წლის ბოლო პერიოდში 2023 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, გ. ა-ი არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ლ. ბ-თან როგორც ტექნიკური საშუალებით (ტელეფონისა და სოციალური ქსელის გამოყენებით), ასევე – პირადად, კერძოდ, აკითხავდა მას სამსახურში დაბა ა-ში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც სიტყვიერად შეურაცხყოფდა თანამშრომლების გასაგონად, როგორც მენეჯერს, ულახავდა ავტორიტეტს და ამცირებდა, რის გამოც, ლ. ბ-ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ამასთან, ლ. ბ-ი გ. ა-თან კომუნიკაციის არიდების მიზნით იძულებული ხდებოდა, დროებით მიეტოვებინა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება და გასცლოდა სს „ა-ის კ-ის“ ადმინისტრაციულ შენობას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 მაისის განაჩენით:
· გ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
· გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით.
2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 მაისის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გელა მაღრაძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ა-ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალადწარდგენილი მუხლებით და მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება, ხოლო ადვოკატმა – გ. ლ-ემ – გ. ა-ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მანვე, პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, წარადგინა შესაგებელიც.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის განაჩენით:
· ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
· გ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
· გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გ. ა-ი გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
3.2.1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი – გელა მაღრაძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ა-ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი მუხლებით და თითოეული დანაშაულისთვის კანონიერი, მკაცრი სასჯელის დანიშვნას. პროკურორის პოზიციით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, დანაშაულის თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3.2.2. ადვოკატი – გ. ლ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისთვის გ. ა-ის უდანაშაულოდ ცნობას (მანვე, პროკურორის საჩივრის საპასუხოდ, დამატებით წარადგინა შესაგებელიც). ადვოკატის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ეფუძნება არასაკმარის მტკიცებულებებს – დაზარალებულის არათანმიმდევრულ ჩვენებას, ექსპერტიზის დასკვნას და საგამოძიებო ექსპერიმენტს.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთი მხრივ, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გ. ა-ის უდანაშაულოდ ცნობისა და, მეორე მხრივ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მისი მსჯავრდების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან – მუქარისგან – სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც, შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როდესაც პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით ანდა ქონების განადგურებით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა), მისგან გამოწვეული შედეგი (საფუძვლიანი შიში) და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის. შიშის ფაქტორის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სუბიექტური, ისე – ობიექტური კრიტერიუმები და უნდა დადგინდეს, ჩათვლიდა თუ არა ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ასეთ მუქარას იმ კონკრეტულ ვითარებაში რეალურად. საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასებისას, გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენება, კერძოდ, თუ როგორ აღიქვა მან მუქარის შინაარსი და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4.4. ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ. ა-ს ბრალად ედებოდა დაზარალებულის მიმართ მუქარის ორი ეპიზოდის ჩადენა. საგულისხმოა, რომ 2023 წლის 23 სექტემბრის შესაძლო მუქარის ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულს სასამართლოში დაკითხვისას არ უსაუბრია, ხოლო 2023 წლის 21 სექტემბრის ფაქტთან მიმართებით განმარტა, რომ გ. ა-ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის მიუხედავად, მუქარა რეალურად არ აღუქვია და არც მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში გასჩენია. იგი დარწმუნებული იყო, რომ გ. ა-ი არაფერს დაუშავებდა, რადგან ზოგადად ასე საუბრობდა. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეებიც არასდროს შესწრებიან გ. ა-ის მხრიდან მუქარის ფაქტს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მუქარის შინაარსის არარეალურად აღქმის გამო, გამოირიცხება მუქარის შემადგენლობა.
4.5. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან – სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისგან – სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის საკუთრება. აღნიშნული დანაშაულის არსებობისთვის აუცილებელია სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება მოხდეს განზრახ, დაზიანებული/განადგურებული ნივთის ღირებულებამ კი უნდა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში განმარტებულია, რომ საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
4.6. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მსჯავრდებულ გ. ა-ის მიერ დაზარალებულ ლ. ბ-ის კუთვნილი “TOYOTA RAV4”-ის მარკის ავტომობილის დაზიანების განზრახვა, აგრეთვე – მიყენებული ზიანის ოდენობა. დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას მკაფიოდ განმარტა, რომ გ. ა-ს მისი ავტომანქანის დაზიანება არ განუზრახავს. 2023 წლის 23 სექტემბერს, სოფელ ბ-თან ეს უკანასკნელი ავტომანქანით შემთხვევით დაეჯახა მისი კუთვნილი ავტომანქანის გაღებულ კარს. სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულის ჩვენება ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ ავტომანქანის განზრახ დაზიანების ფაქტს, საპირისპირო გარემოება კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
4.7. რაც შეეხება მობილური ტელეფონის განადგურებას, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ. ა-მა შემთხვევის დღეს, ასფალტზე დაანარცხა “IPhone X” მოდელის მობილური ტელეფონი, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად არ დადასტურდა სადავო ნივთის მესაკუთრე. დაზარალებულის განმარტებით, მან აღნიშნული მობილური ტელეფონი გ. ა-ისგან შეიძინა ორი წლის წინ, რა დროსაც მისთვის არ გამოურთმევია მობილური ტელეფონის ყუთი; ასევე, არ შეუცვლია ე.წ. „აიქლაუდი“. დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების თანხვდენილი ჩვენების საპირისპიროდ, გ. ა-ი და მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ გ. ა-მა ლ. ბ-ს კეთილი ნების საფუძველზე, დროებით ათხოვა თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. ნივთის დროებით გადაცემის გამო, არ გადასცა მობილური ტელეფონის ყუთი და არ შეცვალა ე.წ. „აიქლაუდი“ – მობილური მოწყობილობის მესაკუთრის პირადი სეიფი, სადაც ინახება მოწყობილობაში არსებული თითქმის მთელი ინფორმაცია. ამგვარი მოცემულობის საფუძველზე, სადავოა მობილური ტელეფონის კუთვნილება, რასთან დაკავშირებითაც წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ კანონიერად გადაწყვიტა გ. ა-ის სასარგებლოდ.
4.8. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ადევნებისთვის, რაც მოიაზრებს პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალს ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით ან ნებისმიერ სხვა სისტემატურ განზრახ ქმედებას, რომელიც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
4.9. სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის საკმარისი საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გ. ა-ის დამნაშავედ ცნობისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულ ლ. ბ-ის განმარტებით, გ. ა-სა და მის ოჯახთან აკავშირებს ახლომეგობრული ურთიერთობა, რაც, გ. ა-ის მხრიდან, გადაიზარდა სამსახურში ყოველდღიურ ვიზიტებში. ამის გამო, მას სამსახურებრივად შეექმნა პრობლემა, თუმცა ამგვარ ქცევას მისი ცხოვრების წესი არ შეუცვლია. აღნიშნული ურთიერთობიდან მან ფსიქოლოგიური ტრავმა განიცადა, თუმცა ეს გარკვეულწილად უკავშირდებოდა მისი ავტორიტეტის შელახვას (მისმა ამბავმა სამსახურში მითქმა-მოთქმა გამოიწვია). ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არასაკმარისია ადევნების შემადგენლობის დასადასტურებლად.
4.10. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევდეს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე დარტყმებით, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური ტკივილითაც გამოიხატოს. ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი.
4.11. აღნიშნულ დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით, დაზარალებულმა ლ. ბ-მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თანმიმდევრულად, დეტალურად აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა გ. ა-ის მიერ მის მიმართ ძალადობრივი ქმედებები. მისი განმარტებით, გ. ა-თან მეგობრული ურთიერთობა გადაიზარდა სამსახურში ამ უკანასკნელის ყოველდღიურ სტუმრობაში. თავად, დატვირთული გრაფიკის გამო, ვეღარ უთმობდა მას დროს, რამაც გ. ა-ის გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია; მსჯავრდებული გახდა აგრესიული და იძალადა დაზარალებულზე, კერძოდ, შემთხვევის დღეს, ოთახიდან გასვლისას ხელი მოუჭირა მტკივნეულად, კარის დახურვის დროს კი – ხელი მოაყოლა კარში. ამ დროს ტკივილი განიცადა და დაზიანებაც მიიღო (ხელზე სილურჯეც ჰქონდა). იმავდროულად, გ. ა-მა თავი ჩაარტყა თავში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ ლ. ბ-ის ჩვენება თანხვდება თავისივე მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, მისი შვილის – თ. ბ-ის – ჩვენებას და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობას, მის ჩვენებაში აღწერილი მოცემულობით. აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ. ბ-ის სამსახურებრივ კაბინეტში, გ. ა-მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ. ბ-ს, კერძოდ, თავი დაარტყა თავის არეში, ხელი მოჰკიდა მაჯებში და ძლიერად აჯანჯღარა, ასევე მარჯვენა ხელის მტევანი მოაყოლა კარებში, რითაც ლ. ბ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულზე მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გ. ა-ი მართებულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4.12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო მოთხოვნაა. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. „აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - “In dubio pro reo”-ს, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2). შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი აღნიშნულ ბრალდებებში გ. ა-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, ხოლო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მისი მსჯავრდება და დანიშნული სასჯელი – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების, ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისი.
4.13. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.14. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის და მსჯავრდებულ გ. ა-ის ადვოკატის – გ. ლ-ის – საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე