საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№418აპ-25 თბილისი
ე. ს., 418აპ-25 1 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ს. ე-ი (პირადი №-), ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით და განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ე-მა ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის და მოსამართლის შეურაცხყოფით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით, 16:30 საათზე, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა ბრალდებულ ს. ე-ის წინასასამართლო სხდომა, სადაც დისტანციური წესით ერთვებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N- დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული ს. ე-ი. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულმა ს. ე-მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პროცესის მონაწილეს – ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილს – და მოსამართლეს – მ. ე-ეს, რითიც ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ს. ე-ი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი არასწორია და ითხოვს კანონიერი განაჩენის გამოტანას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები (რომლებიც დაცვის მხარემ არ გახადა სადავოდ), შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რომელთა ერთობლიობითაც, კერძოდ: თავად ს. ე-ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების: ლ. მ-ის, მ. ე-ის, ნ. მ-ის, დ. მ-სა და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო სხდომის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ს. ე-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე – შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
9. სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს, ვადით – ერთიდან ორ წლამდე, ანდა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. ე-ისათვის საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუქებელი გარემოებები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და ს. ე-ს განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. სასამართლოებმა სწორედ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე დაყრდნობით შეურჩიეს ს. ე-ს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სახის სასჯელი, ხოლო ჯარიმის ოდენობით შემცირება იქნება გაუმართლებელი ლმობიერება, რაც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
10. ამავდროულად, სასამართლო უთითებს, რომ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილისა და მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ს. ე-ისათვის დანიშნულ სასჯელზე (3000-ლარიან ჯარიმაზე) ვერ გავრცელდება ამნისტიის კანონით დაწესებული შეღავათი.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. ე-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე