საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100124009940017
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №513აპ-25 10 ოქტომბერი, 2025 წელი
ა. თ., №513აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ა–ი (დაბადებული: ....წ.) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 25 ივნისს, ღამის საათებში, ქ.ბ–მი, ბ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ღამის კლუბ „ჯ–ში“, თ. ა–მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, მათი ნების საწინააღმდეგოდ მ. ს–სა და მ.ბ. ტ–ს გამოართვა 500 აშშ დოლარი და 120 ევრო. ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ. ს–სა და მ.ბ. ტ–ს მიადგათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა თ. ა–მა ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, თ. ა–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
თ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის პირველი პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თ. ა–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. მსჯავრდებულ თ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა და მოითხოვა თ. ა–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 26 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, რომელმაც მოითხოვა თ. ა–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით და მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ წარდგენილი კვალიფიკაცია იყო სწორი და შეესაბამებოდა მსჯავრდებულის მიმართ ბრალადშერაცხილ ქმედებას. სისხლის სამართლის საქმეზე უდავოდ იქნა მიჩნეული ყველა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება თ. ა–ის მიერ ჯგუფურად გამოძალვის ჩადენა. მსჯავრდებულმა არამხოლოდ შეკვეთილი მენიუს საფასური გადაახდევინა დაზარალებულებს, არამედ აღნიშნულ თანხაზე თითქმის 13-ჯერ მეტი ოდენობა გამოძალა. დაზარალებულებს მიღებული მომსახურების საფასურის გადახდაზე უარი რომ ეთქვათ და სწორედ აღნიშნული ოდენობის თანხის გადახდის იძულება მომხდარიყო მსჯავრდებულის მხრიდან - ბრალდების მხარე ამ შემთხვევაში დაეთანხმებოდა სასამართლოს მსჯელობას, თუმცა მის მიერ განხორციელებული ქმედება არ ექცევა იძულების ფარგლებში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემული განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია, ხოლო ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია კვალიფიკაციის ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თ. ა–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. პროკურორი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების შედეგად მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაციის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობაზე.
5.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.4. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა თ. ა–ის მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თ. ა–ის მიერ ჯგუფურად გამოძალვის ფაქტი.
5.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2024 წლის 25 ივნისს, ღამის საათებში, მ. ბ–ს მდებარე ღამის კლუბ „ჯ–ში“, თ. ა–მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, მათი ნების საწინააღმდეგოდ მ. ს–სა და მ.ბ. ტ–ს გამოართვა 500 აშშ დოლარი და 120 ევრო. დაცვის მხარეს აღნიშნული სადავოდ სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე გაუხდია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით - კონფლიქტის დაწყებიდან დანაშაულის დამთავრებამდე, უტყუარად ვერ დადგინდა მსჯავრდებულის მხრიდან გამოძალვის განზრახვის არსებობა, კერძოდ: თ. ა–სა და დაზარალებულთა შორის დავა დაიწყო გაწეული მომსახურების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით. თ. ა–მა თანმხლებ პირთან ერთად, მოითხოვა წარდგენილი ანგარიშის გადახდა, რასაც არ დაეთანხმნენ დაზარალებულები და მზად იყვნენ გადაეხადათ მხოლოდ ანგარიშის ნაწილი, რაც მათ მიერ იყო შეკვეთილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი უნდა გადაეხადათ ქალბატონებს, რომლებიც მათთან ისხდნენ მანამდე.
5.6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ საქმეზე წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ თ. ა–ი თანხმლებ პირთან ერთად დაემუქრა დაზარალებულებს და მოსთხოვა თანხის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა მოკვლით, რაც დაზარალებულებმა რეალურად აღიქვეს და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, თუმცა მეორე მხრივ მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ თ. ა–ი ფულს ითხოვდა დაზარალებულებისგან ისე, რომ არ ჰქონდა ამის საფუძველი, ამასთან, მუქარის იმწუთიერი ხასიათის გათვალისწინებით სახეზე არ გვაქვს დანაშაულის – გამოძალვის შემადგენლობა. დაზარალებულებს ჰქონდათ რა უფლება გადასახდელი თანხის კანონიერების გარკვევამდე თავი შეეკავებინათ მოთხოვნილი თანხის გადახდისგან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა იძულების შემადგენლობა.
5.7. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დაზარალებულისთვის კლუბში გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ძალადობის გამოყენების იმწუთიერი მუქარით, თანხის გადახდის მოთხოვნა წარმოადგენს იძულებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის №1009აპ-19 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის №602აპ-25 განჩინება).
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, თ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.9. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე