საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №533აპ-25 23 ოქტომბერი, 2025 წელი
რ. დ., №533აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის – ვახტანგ ნიქაბაძის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. რ-ას ბრალად ედებოდა:
1.1.1. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.1.2. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი);
1.1.3. სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.1.4. გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
1.2. დ. რ-ას ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2022 წლის დეკემბერში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ჩ-ში, მდინარე ს-ის მიმდებარედ, თ. ჩ-ემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-ის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ. რ-ას უთხრა, რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით ინფორმაციას და შესაბამის მტკიცებულებებს მიაწვდიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რის გამოც, განაწყენებულმა დ. რ-ამ მას დანა დაუსვა მარცხენა მკლავზე. შედეგად, თ. ჩ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2.2. 2022 წლის ნოემბერში (ზუსტი დრო დაუდგენელია), სატელეფონო კომუნიკაციისას თ. ჩ-ემ დ. რ-ას მოსთხოვა მის მიერ გადაცემული თანხის დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დარეკვით, რის გამოც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-ის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა – დ. რ-ამ – მას გაუგზავნა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისშემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება, რა დროსაც თ. ჩ-ეს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში.
1.2.3. 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), სატელეფონო კომუნიკაციისას თ. ჩ-ემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-ის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ. რ-ას მოსთხოვა მის მიერ გადაცემული თანხის დაბრუნება, რის გამოც, განაწყენებული დ. რ-ა სახეში მჟავის შესხმით დაემუქრა თ. ჩ-ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.4. 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ჩ-ში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-ის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ. რ-ას კუთვნილ ავტომანქანაში ყოფნისას, დ. რ-ამ ცეცხლსასროლი იარაღი შუბლზე მიადო თ. ჩ-ეს და უთხრა, რომ თუ უჩივლებდა, მოკლავდა. შედეგად, თ. ჩ-ეს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.5. 2023 წლის ივლისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), სატელეფონო კომუნიკაციისას თ. ჩ-ემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-ის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ. რ-ას მოსთხოვა მის მიერ გადაცემული თანხის დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დარეკვით, რის გამოც, განაწყენებული დ. რ-ა კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის სურათის გაგზავნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. შედეგად, თ. ჩ-ეს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.6. 2022 წლის დეკემბერში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ჩ-ში, მდინარე ს-ის მიმდებარედ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-ის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ. რ-ამ თ. ჩ-ეს გამოართვა „აიფონ 6“ მოდელის მობილური ტელეფონი და დანაშაულში მისი მამხილებელი მტკიცებულებების განადგურების მიზნით, ტელეფონი დაახეთქა მიწაზე, რის შედეგადაც თ. ჩ-ეს მიადგა 400 ლარის ზიანი.
1.2.7. 2022 წლის აგვისტოდან 2022 წლის ნოემბრის ბოლომდე პერიოდში, ჩ-ში, გ-ის ქუჩაზე მცხოვრებ თ. ჩ-ესთან რამდენჯერმე მივიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-ის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დ. რ-ა, რომელიც მოკვლითა და შვილის დაჭერით დაემუქრა თ. ჩ-ეს, თუ ეს უკანასკნელი მას ფულს არ გადასცემდა, რის გამოც, თ. ჩ-ე იძულებული გახდა, დ. რ-ასთვის გადაეცა, ჯამში, 2600 ლარი.
1.2.8. 2023 წლის აპრილის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ჩ-ში, გ-ის ქუჩაზე მცხოვრებ თ. ჩ-ესთან მივიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-ის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დ. რ-ა, რომელიც მოკვლითა და დასახიჩრებით დაემუქრა თ. ჩ-ეს, თუ ეს უკანასკნელი მას ფულს არ გადასცემდა, რის გამოც, თ. ჩ-ე იძულებული გახდა, დ. რ-ასთვის გადაეცა 100 ევრო.
1.2.9. 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის 18 მარტამდე პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხ-ის რაიონული სამმართველოს ჭ-ის პოლიციის განყოფილების დეტექტივი დ. რ-ა, სატელეფონო კომუნიკაციისას მოკვლით ემუქრებოდა თ. ჩ-ეს, თუ ეს უკანასკნელი მას ფულს არ გადასცემდა, რის გამოც, თ. ჩ-ე იძულებული გახდა, დ. რ-ასთვის გადაეცა, ჯამში, 1030 ლარი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 იანვრის განაჩენით:
2.1.1. დ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, დ. რ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისგან.
2.1.2. დ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, დ. რ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისგან.
2.1.3. დ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2022 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით;
2.1.4. დ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2022 წლის დეკემბერის, სახეში კისლატის შესხმის მუქარის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით;
2.1.5. დ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2022 წლის დეკემბერის, იარაღის გამოყენებით მუქარის ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით;
2.1.6. დ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2023 წლის ივლისის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით;
2.1.7. დ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2022 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით;
2.1.8. დ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2023 წლის აპრილის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი;
2.1.9. დ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის მარტამდე ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით;
2.1.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. რ-ას სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა – ვახტანგ ნიქაბაძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დ. რ-ასთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, დ. რ-ას ადვოკატმა – კ. ტ-ამ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 მარტის განაჩენით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის – ვახტანგ ნიქაბაძის –სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი – ვახტანგ ნიქაბაძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს დ. რ-ასთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. კასატორის პოზიციით, მსჯავრდებულისთვის დანიშნული არასაპატიმრო სასჯელი არასამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის შესაუბამოა.
3.3. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, დ. რ-ას ადვოკატმა – კ. ტ-ამ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მხარეთა შორის სადავო არ არის დ. რ-ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 მარტის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის დ. რ-ას მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38).
4.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
4.6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ თითოეული დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა ჩადენილი ქმედებების ხასიათი და მათი შედეგები, ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. მათ შორის, აღსანიშნავია: დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა, რაც ხელს უწყობს სწრაფ მართლმსაჯულებას, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება (დ. რ-ა არ ყოფილა ნასამართლევი) და დაზარალებულის მხრიდან პრეტენზიის არქონა. აღნიშნულ საფუძვლებზე დაყრდნობით, მსჯავრდებულს თითოეული დანაშაულისთვის განესაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დანიშნულ სასჯელებთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, საბოლოო სასჯელი კი დანიშნა კანონიერად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დათქმის შესაბამისად.
4.7. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის არგუმენტს, თითქოს ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებით, სასჯელად დანიშნული ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და განმარტავს, რომ კონკრეტული დანაშაულისთვის სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა თავისთავად არ წარმოადგენს უსამართლო გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის გამოყენება ყოველთვის არ იძლევა გარანტიას, რომ მიღწეული იქნება სასჯელის მიზნები. სასჯელის განსაზღვრისას საჭიროა ჩადენილი ქმედებ(ებ)ის ინდივიდუალური შეფასება და მისგან წარმოშობილი საფრთხის სიღრმისეული ანალიზი, რათა მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზნები.
4.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის – ვახტანგ ნიქაბაძის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე