დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330802225011918159
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№117I-25 24 ნოემბერი, 2025 წელი
უ–ა ა., №117I-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა– (A.) უ–ს (U.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 11 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა– (A.) უ–ს (U.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2020 წლის 20 თებერვალს თ–ში, ი–ში ა. უ– ავტომობილით გადაადგილებისა,ს არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, და არ გააჩერა ავტომობილი, პოლიციელები მას დაედევნნენ და გაჩხრიკეს. ა. უ–ს ავტომობილში აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 308 ცალი აბი.
2022 წლის 12 მარტს ა. უ–მ სხვა პირებთან ერთად თ–ში, ი–ში მოიპარა მოტოციკლი.
2021 წლის 20 თებერვალს ა. უ–მ სხვა პირებთან ერთად დაზარლებულის საცხოვრებელი სახლიდან მოიპარა ოქროს და ვერცხლის სამკაულები.
2024 წლის 28 მარტს ა. უ–მ თურქეთში, იზმირში პენიტენციურ დაწესებულებაში დააზიანა უნიტაზი.
1.2. იზმირის სისხლის სამართლის მძიმე კატეგორიის დანაშაულთა №14 სასამართლოს 2022 წლის 9 მაისს გადაწყვეტილებით ა. უ– ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 კოდექსის 188/3, 188/6, 62/1, 53, 54//4, 63 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშულაებებით უკანონო ვაჭრობა ან მიწოდება) და განუსაზღვრა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.3. იზმირის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის №43 სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 კოდექსის 142/1-e, 143/1, 62, 53, 58 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (საცხოვრებელი სახლის გარეთ დატოვებული ნივთების ქურდობა) და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.4. ურლას სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის №2 სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბერის გადაწყვეტილებით ა. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 კოდექსის 37/1, 142/1-h, 143/1, 145, 62, 53 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (საცხოვრებელი სახლის გარეთ დატოვებული ნივთების ქურდობა) და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.5. ალიაღას სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის №3 სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ა. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 კოდექსის 152/1-a, 168/1, 62, 53, 58 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (სახელმწიფო ქონების დაზიანება) და განესაზღვრა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.6. თურქეთის რესპუბლიკის იზმირის N1 აღმასრულებელი სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელები გაერთიანდა და ა. უ–ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 24 თვით.
1.7. 2025 წლის 13 მარტს თურქეთის რესპუბლიკის იზმირის მთავარმა პროკურატურამ გასცა ა. უ–ს დაკავების ორდერი და გამოცხადდა ძებნა.
1.8. 2025 წლის 12 მაისიდან ა. უ. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ა. უ–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2025 წლის 13 მაისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ა. უ–ს ექსტრადიციის მიზნით დაკავების თაობაზე.
2.2. 2025 წლის 26 ივნისს ა. უ. ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2.3. 2025 წლის 27 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. უ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2.4. 2025 წლის 15 ივლისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ა. უ–ს ექსტრადიციის თაობაზე.
2.5. 2025 წლის 22 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ა. უ–ს ექსტრადიციის საქმეზე.
2.6. 2025 წლის 5 სექტემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა დამატებითი ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან.
2.7. 2025 წლის 11 სექტემბერს ა. უ–ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე 2025 წლის 26 დეკემბრამდე.
2.8. ამჟამად ა. უ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.9. 2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. უ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის იზმირის N1 აღმასრულებელი სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოხდის მიზნით.
2.10. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ა. უ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ი. ი–ე არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.
2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
2.12. დასაშვებად იქნა ცნობილი ა. უ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის იზმირის №1 აღმასრულებელი სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის – 10 წლითა და 24 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდის მიზნით.
2.13. 2025 წლის 17 ნოემბერს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. უ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 11 ნოემბრის განჩინების გაუქმება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით, თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ ა. უ–ს წინააღმდეგ მტრულად განწყობილი პირები, რომლებიც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრებიან. მან შეიცვალა სარწმუნოება, გახდა ქრისტიანი, რის გამოც იგი დარწმუნებულია, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაექვემდებარება ღირსების შემლახავ მოპყრობას. ამასთან, მას ჰყავს ავადმყოფი, ხანდაზმული დედა, საქართველოში ჰყავს ქართველი საცოლე, აქვს მანქანების გაქირავების ბიზნესი და საქართველოსთან აქვს მჭიდრო კავშირები. კასატორი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს უსამართლო მსჯავრდების შიში, რის გამოც ა. უ. არ უნდა იქნეს ექსტრადირებული თურქეთის რესპუბლიკაში.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ა. უ–ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტა–ი განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ა. უ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ა. უ– 2025 წლის 26 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ა. უ–ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ა. უ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
6. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულ პირთა შემთხვევაში კი, ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა) რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თვისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ეპიზოდი), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თვისუფლების აღკვეთა 7 წლამდე ვადით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თვისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.
9. ამდენად, ა. უ–ს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისთვის მას სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით.
10. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.
11. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტა–ი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით.
12. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ა. უ–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.
13. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ექვს წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.
14. ა. უ–ს მიმართ დანიშნული სასჯელები გაერთიანდა 2025 წლის 12 მარტს, ხოლო მის მიმართ ძებნა გამოცხადდა 2025 წლის 12 მაისს. შესაბამისად, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გასული არ არის. ასევე, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ა. უ–ს სასჯელის მოხდის ხანდაზმულობის ვადა იწურება 2034-2035 წელს. ამდენდად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
15. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
16. ასევე, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ა. უ– რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. ამასთან წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. გასათვალისწინებელია, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო და ეროვნული პრევენციის მექანიზმები, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
17. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ა. უ–ს უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი. მათ შორის მოიცავს გარანტიას იმის თაობაზე, რომ დანაშაული არ არის პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის. ამასთან, საერთაშორისო კონვენციების და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად დაცული იქნება მისი უფლებები.
18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სარწმუნოების შეცვლის გამო ა. უ. თურქეთის რესპუბლიკაში დაექვემდებარება წამებას, ვინაიდან აღნიშნული არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
20. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“
21. ა. უ. არ არის საქართველოს მოქალაქე, იგი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
22. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
23. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში ა. უ–ს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.
24. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.
25. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. უ. მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, მან თავი აარიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მიიმალა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით მის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. გარდა ამისა, აღსანიშანვია, რომ თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოს, რომელთანაც მოქმედებს უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, საქართველოში მყოფ ა. უ–ს ახლობლებს ექნებათ შესაძლებლობა დაბრკოლებების გარეშე გადალახონ თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი და მოინახულონ. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ ა. უ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევა არ მოხდება.
26. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ა. უ–ს საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.
27. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ა. უ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
28. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. უ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 11 ნოემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. (A.) უ–ს (U.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 11 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე