საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №509აპ-25 ქ. თბილისი
ე. დ. 509აპ-25 25 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: დ. ე-ს – -, ბრალად ედებოდა:
1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით.
დ. ე-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დ. ე-ი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წელი, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 5000 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2024 წლის 29 იანვარს ქ.თ-ში, ა. ა-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე დ. ე-მა, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0705 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცვლელი მოყვითალო გამჭვირვალე თავმილღობილ, პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება 300 ლარად უკანონოდ გაასაღა ი. ა-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
1.2. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-5 ნაწილის „ა“,„ე“ ქვეპუნქტებით.
დ. ე-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დ. ე-ი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წელი, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 5000 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2024 წლის 30 იანვარს, ქ.თ-ში, ა. ა-ის ქუჩის №--ში დ. ე-მა, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,29248 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცვლელი შავი ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერში გახვეული მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება 300 ლარად უკანონოდ გაასაღა ი. ა-ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
1.3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით.
დ. ე-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დ. ე-ი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წელი, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 5000 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2024 წლის 2 თებერვალს ქ.თ-ში, ა. ა-ის ქუჩა №--ში დ. ე-მა, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,098 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცვლელი იასამნისფერ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ყავისფერი ნოტიო ნივთიერება 300 ლარად უკანონოდ გაასაღა ი. ა-ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
1.4. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
დ. ე-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დ. ე-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის დადგენილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2024 წლის 20 თებერვალს ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დ. ე-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ოპიუმის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენით:
2.1. დ. ე-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2024 წლის 29 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 30 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2024 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში სრულად;
2.2. დ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 30 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.2.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ,,დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის
30 იანვრის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 2
თებერვლის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2.3. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარი;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით დ. ე-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად) და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დ. ე-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.6. დ. ე-ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2024 წლის 20 თებერვლიდან;
2.7. დ. ე-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 15 წლით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 10 წლით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 10 წლით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 10 წლით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 10 წლით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 10 წლით.
3. სასამართლომ დაადგინა:
3.1. დ. ე-ი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 5000 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2024 წლის 30 იანვარს, ქ. თ-ში, ა. ა-ის ქუჩა №--ში დ. ე-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,29248 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცვლელი შავი ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერში გახვეული მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
3.2. დ. ე-ი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 5000 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2024 წლის 2 თებერვალს ქ. თ-ში, ა. ა-ის ქუჩა №--ში დ. ე-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,098 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცვლელი იასამნისფერ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ყავისფერი ნოტიო ნივთიერება, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
3.3. დ. ე-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის დადგენილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2024 წლის 20 თებერვალს ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დ. ე-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების -ოპიუმის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დ. ე-ი წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2024 წლის 29 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2024 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი), - უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა დ. ე-ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ზაზა ქორიძემ მოითხოვა დ. ე-ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარგდენილ ბრალდებაში;
4.2. მსჯავრდებულ დ. ე-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ხ-ემ მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი განაჩენის გამამტყუნებელ ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ კვალიფიკაციის შეცვალა და დ. ე-ის ქმედებების ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებად კვალიფიკაცია –საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 30 იანვრის და 2024 წლის 2 თებერვლის ეპიზოდები).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განაჩენით:
5.1. მსჯავრდებულ დ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
5.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
5.3. ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენში:
5.3.1. დ. ე-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2024 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
5.3.2. დ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2024 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.3.3. დ. ე-ს,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და სასჯელის სახედ განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.3.4. დ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ე’’ ქვეპუნქტით (2024 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელად განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.3.5. დ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2024 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.3.6. დ. ე-ს,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და სასჯელის სახედ განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.3.7. დ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2024 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.3.8. დ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი;
5.3.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ დ. ე-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.3.10. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დ. ე-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული 3 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, იმავე 3 წლის გამოსაცდელი ვადით);
5.3.11. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად - დ. ე-ს 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობებათ შესაბამის ორგანოებს;
5.3.12. დ. ე-ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2024 წლის 20 თებერვლიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლებების ჩამორთმევის ნაწილში, კერძოდ:
6.1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად – დ. ე-ს 15 წლით ჩამოერთვა „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება“, ნაცვლად მიეთითა: „დ. ე-ს 15 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება“;
6.2. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ე-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ხ-ემ (საკასაციო საჩივარი ხელმოწერილია მხოლოდ აღნიშნული ადვოკატის მიერ), რომელიც ითხოვს:
7.1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი დ. ე-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “დ” და მე-5 ნაწილის “ა”, “ე” ქვეპუნქტებითა (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია)(2024 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” და მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) (2024 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისი ქმედება გადაკვალიფიცირდეს ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებად – საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) (2024 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია)(2024 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი);
7.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განაჩენი დ. ე-ის გამართლების ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7.3. 2024 წლის 30 იანვრისა და 2 თებერვლის ეპიზოდებზე გავრცელდეს 2024 წლის 17 სექტემბრის “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონი და დ. ე-ს განესაზღვროს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001).
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს დ. ე-ის უდანაშაულოდ ცნობას ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში და მის დამნაშავედ ცნობას ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებისათვის.
9.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ დ. ე-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნას ნარკოტიკული საშაულების გასაღების ნაწილში დ. ე-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეთა: ი. ა-ის, გ. კ-ის, გ. ქ-ის, შ. ტ-ის ჩვენებები, ი. ა-ის 2024 წლის 27 იანვრის განცხადება, 2024 წლის 30 იანვრის ფულადი თანხის გადაცემის ოქმი, 2024 წლის 30 იანვრის ამოღების ოქმი, 2024 წლის 30 იანვრის საკონტროლო შესყიდვის და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმი, 2024 წლის 31 იანვრის - ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად 2024 წლის 30 იანვარს მოპოვებული ჩანაწერები, 2024 წლის 2 თებერვლის ფულადი თანხის გადაცემის და დათვალიერების ოქმი, 2024 წლის 2 თებერვლის საკონტროლო შესყიდვის და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმი, 2024 წლის 3 თებერვლის - ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერი, 2024 წლის 12 აპრილის ჰაბიდოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის - დასკვნა და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ დ. ე-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
11. ი. ა-ის 2024 წლის 27 იანვრის -- განცხადების თანახმად, ი. ა-მა მიმართა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და აცნობა, რომ მისი ნაცნობი, -- დ. ე-ი ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციით არის დაკავებული, კერძოდ 1 შეკვრა ჰეროინს ყიდის 300-დან 500 ლარამდე. სურს პოლიციასთან თანამშრომლობა და დ. ე-ის კვალზე გასვლა და მისი მხილება (განცხადება ნათარგმნია თარჯიმან შ. ტ-ს მიერ, რაც დასტურდება თარჯიმნის ხელმოწერით იხ. ტ.1, ს.ფ. 3).
12. 2024 წლის 30 იანვრის ფულადი თანხის გადაცემის და დათვალიერების შესახებ ოქმით, ი. ა-ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა ფულადი თანხა 300 ლარი, 3 ცალი 100 ლარიანი კუპიურა (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 59-60).
13. 2024 წლის 30 იანვრის საკონტროლო შესყიდვის და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმით, - მას შემდეგ, რაც ი. ა-ს გადაეცა ფულადი თანხა 300 ლარი, მან გ-ას ქუჩა №--ში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატით დ. ე-ის მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხა აღნიშნული თანხა. შემდეგ წავიდა ქ. თ-ში, ა. ა-ის ქუჩა №--თან, სადაც დახვდა დ. ე-ი. მან ი. შეიყვანა აღნიშნულ ბინაში. რამდენიმე წუთის შემდეგ ი. ა-ი გამოვიდა და ხელში ეჭირა ერთი ჩეკი. ი. ა-ი წავიდა ო-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შეხვდა გამომძიებელ გ. ქ-ს (ს.ფ. 71).
14. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერის თანახმად, 2024 წლის 30 იანვარს,14.1. ი. ა-ი დგას თანხის ჩასარიცხ აპარატთან, ხელში უჭირავს მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, ურეკავს ტელეფონი და თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ აპარატთან იმყოფება. პარალელურად კრიფავს პირად ნომერს: -. მის გვერდით მდგომ მეორე მამაკაცს აჩვენებს ტელეფონის ეკრანს, სადაც ჩანს ტექსტური შეტყობინება - ,,დ. ი-ი“-სგან. შეტყობინებაში მითითებულია პირადი ნომერი ტექსტით - ,,ს-ო. მ. მ-ე დაეწერება“. პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ ჩასარიცხი აპარატის ეკრანზე ჩნდება სახელი და გვარი - მ. მ.. ირჩევს ლარის ანგარიშს და შეჰყავს სამი ცალი კუპიურა, ჯამში სამასი ლარი, აჭერს ჩარიცხვის ღილაკს, იღებს ქვითარს და შემდგომ დასრულებას.
14.2. ვიდეოჩანაწერში მოქმედება ვითარდება სოფლის ტიპის დასახლებაში. ი. ა-ს სახლის ჭიშკართან ხვდება დ. ე-ი, ესალმებიან ერთმანეთს და შედიან სახლში. საცხოვრებელი სახლის ოთახში შესულებს ადგილზე ხვდებათ სამი მამაკაცი. დ. ე-ი ოთახში მყოფ ორ სხვადასხვა მამაკაცს ართმევს რაღაცას, შავი ფერის, მცირე ზომის შეფუთვას და გამოდის ოთახიდან. სანთებელის საშუალებით წვავს შავ ფერში შეფუთულ მცირე ზომის ნივთიერების თავს და გადასცემს ი. ა-ს, რომელიც გადის სახლიდან. სოფლის გზაზე კი კადრი სრულდება (2024 წლის 12 აპრილის ჰაბიდოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის №46/7/6-919 დასკვნით ვიდეოგრამებზე, დაფიქსირდებული გამოძიებისთვის საინტერესო პირი იდენტურია, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული ----- დ. გ-ძე ე-ის).
15. 2024 წლის 30 იანვარის ამოღების ოქმით დგინდება, რომ 13:55 საათიდან 14:15 საათამდე დროის პერიოდში, ქ.თ-ში, ო-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ი. ა-ის მიერ წარმოდგენილი იქნა მოშავო ფერის პოლიეთილენის პარკის თავმომწვარი წონაკი, რომელშიც მოთავსებულია ნივთიერება, რაც შემდეგ მოთავსდა და დაილუქა სპეცპაკეტში. ასევე ი. ა-ის მიერ წარმოდგენილი და მისგან ამოღებული იქნა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქვითარი 300 ლარის ოდენობით, რაც დაერთო ამოღების ოქმს.
16. 2024 წლის 31 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის -- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, შავი ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერში შეხვეული მოყავისფრო, სპეციფიური სუნის მქონე ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით - 0,5230 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობა შეადგენს - 0,29248 გრამს.
17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, ი. ა-ის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც მოწმემ მიუთითა, რომ 2024 წლის 30 იანვარს დაურეკა დ. ე-ს, რადგან გამომძიებელმა უთხრა, რომ ისევ უნდა შეეძინა ნარკოტიკული ნივთიერება. თანხის ჩარიცხვის შემდეგ დაახლოებით 40 წუთში გამომძიებლის მიერ აღჭურვილი სამი ფარული ვიდეოკამერით მივიდა დ. ე-ის მიერ მითითებულ მისამართზე, ქ.თ-ში, ა. ა-ის ქუჩის №--თან. მისამართზე მას დახვდნენ მისთვის უცნობი პირები, რომლებიც სავარაუდოდ იყვნენ ნარკოტიკების მომხმარებლები. დ. ე-ისაგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდგომში მისგან ამოიღო გამომძიებელმა.
17.1. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ი. ა-ს არ შესწევს უნარი სწორად აღიქვას და დაიმახსოვროს ფაქტები და იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს, ვინაიდან, ი. ა-ის ჩვენება თანხვდენილია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან და ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმთან. ი. ა-მა ჩასარიცხი აპარატის საშუალებით თანხა ჩარიცხა 2024 წლის 30 იანვარს 12:59 საათზე, ფარული ჩანაწერების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ადგილზე მივიდა 13:42 საათზე, სადაც დ. ე-მა გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 13:55-14:15 საათი დროის შუალედში წარუდგინა გამომძიებელ გ. ქ-ს, რომელმაც გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ამოიღო დ. ე-ისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, დალუქა კანონით დადგენილი წესით (ლუქის ნომერი ...). ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით კი, MIA -- დალუქულ პაკეტში მოთავსებული შავი ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერში შეხვეული მოყავისფრო, სპეციფიური სუნის მქონე ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით - 0,5230 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობა შეადგენს - 0,29248 გრამს.
18. 2024 წლის 2 თებერვლის ფულადი თანხის გადაცემის და დათვალიერების შესახებ ოქმით, გ. ქ-მა საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადასცა ფულადი თანხა 300 ლარი, 3 ცალი 100 ლარიანი კუპიურა.
19. 2024 წლის 2 თებერვლის საკონტროლო შესყიდვის და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმით, მას შემდეგ, რაც ი. ა-ს გადაეცა 300 ლარი, მან გ-ს ქუჩის №8-ში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატით ფული ჩარიცხა დ. ე-ის მიერ მითითებულ ანგარიშზე და წავიდა მისამართზე - ქ.თ-ში, ა. ა-ის ქუჩა №--ში, სადაც შეხვდა დ. ე-ს, რომელმაც გადასცა ერთი ჩეკი. ი. ა-ი წამოვიდა და ო-ს მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა გამომძიებელ გ. ქ-ს.
20. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, 2024 წლის 2 თებერვალს:
20.1. 12:17:00 საათიდან 12:19:07 საათამდე, ქ.თ-ში, გ-ას ქუჩის №--ში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან დგას ი. ა-ი და პირადი ნომრის (--) საშუალებით რიცხავს 300 ლარს მ. მ-ის ანგარიშზე. ტელეფონზე საუბრობს ,,ხმამაღალი“ რეჟიმით, მამაკაცთან, რომელიც კონტაქტების სიაში შეყვანილი ჰყავს, როგორც ,,დ. ი-ი“. ე. ა-ი სთხოვს, რომ უკარნახოს პირადი ნომერი, რადგან ვერ მოახერხა ჩარიცხვა, დ.ი თავიდან ჰკარნახობს პირად ნომერს, ე. ა. უდასტურებს ჩარიცხვას და სრულდება კომუნიკაცია.
20.2. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ე. ა-ი გადაადგილდება ფეხით დასახლებულ პუნქტში. პასუხობს შემომავალ ზარს ,,ხმამაღალ“ რეჟიმში და ესაუბრება მამაკაცს /მ1/: მ -
ალო! მ1 - სად ხარ? მ - აი, შევდივარ ეზოში. მ1 - ა! მიდი, კაი. /სატელეფონო საუბარი დასრულდა. ე. ა. შევიდა ეზოში და შემდეგ ძველ სახლში, სადაც გამოეგება დ. ე-ი. ისინი ერთად შედიან ოთახში, სადაც იმყოფება რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც სხედან და აკეთებენ რაღაცას. მამაკაცები ეუბნებიან დ. ე-ს, რომ შეუკრას ნარკოტიკული საშუალება ე. ა-ს, დ. ე-ი ართმევს პოლიეთილენის პატარა შეფუთვას, სანთებელით უწვავს თავს, კრავს და აძლევს ე. ა-ს, რომელიც გამოდის ეზოში და ხელში უჭირავს პოლიეთილენის პატარა შეფუთვა. რითიც სრულდება ვიდეოჩანაწერი (2024 წლის 12 აპრილის ჰაბიდოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის - დასკვნით ვიდეოგრამებზე, დაფიქსირდებული გამოძიებისთვის საინტერესო პირი იდენტურია, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული --- დაბადებული, დ. გ-ს ძე ე-ის).
21. 2024 წლის 2 თებერვლის ამოღების ოქმით დგინდება, რომ 14:50 საათიდან 15:10 საათამდე დროის პერიოდში, ქ.თ-ში, ო-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ი. ა-ის მიერ წარდგენილი იქნა პოლიეთილენის პარკის თავმომწვარი წონაკი, რომელშიც მოთავსებულია ნივთიერება, რაც შემდეგ მოთავსდა და დაილუქა სპეცპაკეტში -. ასევე ი. ა-ის მიერ წარმოდგენილი და მისგან ამოღებული იქნა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქვითარი 300 ლარის ოდენობით, რაც დაერთო ამოღების ოქმს.
22. 2024 წლის 3 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის №- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ - პაკეტში - მოთავსებული – იასამნისფერ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ყავისფერი ნოტიო ნივთიერება, წონით - 0,36 გრამი, გამოშრობის შემდეგ ფხვნილის სახით, წონით - 0,28 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით 0,098 გრამს.
23. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, ი. ა-ის ჩვენებას, რომელიც თანხვდენილია დ. ე-ის მიერ 2024 წლის 2 თებერვალს ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა გასაღების ნაწილში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. მოწმის განმარტებით, 2024 წლის 2 თებერვალს მას დაურეკა გამომძიებელმა, რომელმაც დაიბარა განყოფილებაში და უთხრა, რომ კვლავ შეეძინა ნარკოტიკული საშუალება დ. ე-ისაგან. განყოფილებიდან დაურეკა დ. ე-ს, რომელსაც უთხრა, რომ სურდა ნარკოტიკული საშუალება. ამ შემთხვევაშიც გადაურიცხა თანხა დ. ე-ს ბანკომატის საშუალებით, რის შემდეგაც ე-მა ოცი წუთის შემდეგ დაიბარა იმავე მისამართზე, ნარკოტიკული საშუალებების გადასაცემად. იგი მივიდა მასთან, რა დროსაც ე-მა მას გადასცა ერთი ცალი პოლიეთილენის პარკის თავმომწვარი წონაკი, რომელშიც ეყარა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. შემდეგ მან ხსენებული ნარკოტიკული საშუალებები გადასცა გამომძიებელს.
24. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, ე. ა-ის ჩვენების არ გაზიარების შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 2024 წლის 2 თებერვლის ეპიზოდში ე. ა-ი თანხის ჩარიცხვიდან (12:17:00-12:19:07) ერთი საათის შემდეგ, 14:35:30 საათიდან 14:38:25 საათამდე დროის შუალედში მივიდა დ. ე-თან ნარკოტიკული საშუალების ასაღებად, როდესაც თავად ჩვენებაში უთითებს, რომ 20 წუთში დაიბარა დ. ე-მა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული განსხვავება დროში არ არის ისეთი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, რომელმაც შესაძლოა მოწმის სანდოობა დააყენოს ეჭვქვეშ. მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ე. ა-ის მიერ როგორც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად თანხის ჩარიცხვის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შეძენის ვიდეოჩანაწერები.
25. უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს სასამართლო დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში არ დადგენილა კონკრეტული კავშირი დ. ე-სა და მ. მ-ეს შორის, აღნიშნული გამორიცხავს დ. ე-ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტს. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ სწორედ დ. ე-ი აწვდის ე. ა-ს მ. მ-ის პირად ნომერს (აღნიშნულს არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ), რომლის ანგარიშზეც დ. ე-ის მითითების საფუძველზე რიცხავს ე. ა-ი თანხას, თანხის ჩარიცხვიდან მალევე (2024 წლის 30 იანვარს დაახლოებით 20 წუთში, 2024 წლის 2 თებერვალს კი 1 საათის შუალედში) ე. ა-ი მიდის იმ ადგილზე, სადაც იბარებს დ. ე-ი. შეთანხმებულ ადგილზე მისულს კი დ. ე-ი აძლევს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს ( 2024 წლის 30 იანვარს – 0,29248 გრამს, ხოლო 2024 წლის 2 თებერვალს – 0,098 გრამს).
26. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მართალია, ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემა არ გამორიცხავს – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის №844აპ-22 განაჩენი), მაგრამ მხედველობაშია მისაღები მსჯავრდებული პირის ქმედებები, რომელიც უკავშირდება არა მარტო ნარკოტიკული საშუალების ფორმალურად ხელიდან ხელში გადაცემას, არამედ –კონკრეტული ფასის განსაზღვრას და მის მიერ დადგენილი ანაზღაურების სანაცვლოდ სხვისთვის გადაცემას, რაც ეჭვგარეშე მიუთითებს ნარკოტიკული საშუალებების საკუთარი მიხედულებით განკარგვაში და, შესაბამისად, მათ გასაღებაში აქტიურ მონაწილეობაზე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის N1092აპ-24 განაჩენი).
27. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებით აშკარად გამოკვეთილია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნიშნები. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა: მოწმე ე. ა-ის სავარაუდო უკანონო ქმედებას, მსჯავრდებულის ცრუდ დასმენის/მსჯავრდების ფარულ განზრახვას (იხ. Milinienė v. Lithuania, no. 74355/01, paras. 33,39, ECtHR,24/06/2008); კონკრეტულად მსჯავრდებულის მიმართ ისეთი სახის დაინტერესებას, რაც საეჭვოს გახდიდა მისი ჩვენების სანდოობას; დაცვის მხარეს ჰქონდა მოწმე ე. ა-ის სასამართლოში დაკითხვის შესაძლებლობა (იხ. მაგალითად, Lüdi v. Switzerland, no. 12433/86, par. 49, ECtHR, 15/06/1992; Bulfinsky v. Romania, no. 28823/04, par.45, ECtHR,1/06/2010); არ დასტურდება დანაშაულის პროვოკაცია (არც მატერიალურ-სამართლებრივი და არც პროცედურული ტესტით (მაგალითისთვის იხ. Bannikova v. Russia, no. 18757/06, paras. 37,51, ECtHR, 4/11/2010); შესაბამისად, მოწმის თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან, მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა/არ შეზღუდვია სრულყოფილად მიეღო მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში. იმავდროულად, ე. ა-ის ჩვენება შესაბამისობაშია საქმეში წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებთან და შესაბამისად, მისი მამხილებელი ჩვენება არ არის დ. ე-ის მსჯავრდების ერთადერთი მტკიცებულება.
28. დაცვის მხარის მითითებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ საქმის განხილვისას მსჯავრდებულ დ. ე-ს საბოლოო სიტყვის ეტაპზე დაუსვა კითხვები მ. მ-ის შესახებ, რითიც ფაქტობრივად დაკითხვა მოუწყო მსჯავრდებულს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ დ. ე-ის მიერ მოსამართლის შეკითხვაზე გაცემული პასუხი/განმარტება არ გამხდარა დ. ე-ის მსჯავრდების საფუძველი (ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ნაწილში).
29. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ვრცლად მიმოიხილავს დ. ე-ისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) ბრალადწარდგენილ ეპიზოდთან დაკავშირებულ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებს. თუმცა სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ ეპიზოდში დ. ე-ი გამართლებულია, შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით დამატებით აღარ იმსჯელებს.
30. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ე-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე ნამსჯელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განაჩენში.
31. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
32. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
33. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
34. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე