საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100121004943861
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №535აპ-25 19 ნოემბერი, 2025 წელი
გ. გ., №535აპ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. გ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენით გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2-მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით. სასჯელის მოხდის პერიოდში, 2021 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 10:20 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-6 პენიტენციური დაწესებულების პირველი საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის №.. საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა გ. გ–ემ, რომელიც გასამართლებული იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, დილის შემოწმება-დათვალიერებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორ გ. გ–ეს, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა საზარდულის არეში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, 75 დღით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (6 წლით, 2 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. გ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. შ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ–ემ და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გაყალბებულია, რაზეც მიანიშნებს ვიდეოჩანაწერში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, დაზარალებულს ხელში უჭირავს გაშლილი ფურცელი, ხოლო ვითომდა დარტყმის შემდეგ, ფურცელი უვარდება იატაკზე, იხრება და იღებს დაკეცილ ფურცელს. ასევე, დაზარალებულმა მისცა ცრუ ჩვენება. ამასთან, მსჯავრდებულის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ვიდეოჩანაწერი განსხვავდება პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილისაგან. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ კადრში არ ჩანს დარტყმის ფაქტი. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი დაზარალებულს არც კი შეხებია, არა თუ – დაურტყამს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. გ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი გ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას, კერძოდ:
5.3. დაზარალებულ გ. გ–ის ჩვენება სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, აკმაყოფილებს მტკიცებულების შეფასების ყველა სტანდარტს და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: დაზარალებულის განმარტებით, 2021 წლის 28 ივნისს, დილის საათებში, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა №.. პენიტენციურ დაწესებულებაში, კერძოდ, გ. ძ–თან ერთად, ცვლას აბარებდა თანამშრომლებს – მ. ნ–სა და ლ. ს–ს. საკანში შევიდა მხოლოდ მ. ნ–აძე, დაზარალებული კი, ლ. ს–ესა და გ. ძ–თან ერთად, იდგა საკნის კართან. გ. გ–ემ დაზარალებულს გადასცა მაღაზიის ბარათი და ფურცელი, სადაც ეწერა იმ ნივთების სია, რომლის შეძენაც სურდა ბრალდებულს, მათ შორის იყო ნემსი და ძაფი. დაზარალებულმა მსჯავრდებულს სთხოვა, დაეზუსტებინა ნემსის ზომა, რამაც ეს უკანასკნელი გააღიზიანა და გ. გ–ეს შეაგინა დედის მისამართით. დაზარალებულმა მოუწოდა სიმშვიდისაკენ: „ამ ხნის კაცი ხარ, რას კადრულობო“. გ. გ–ემ განაგრძო სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოულოდნელად კი, ფეხი მოუქნია და დაარტა საზარდულის არეში, მარჯვენა მხარეს, რა დროსაც, განიცადა ფიზიკური ტკივილი. დარტყმის შედეგად, გ. გ–ემ ინერციით უკან დაიხია და ბარათი გაუვარდა ხელიდან. გ. ძ–მა და ლ. ს–ემ მსჯავრდებული შეაკავეს და შეიყვანეს საკანში. დაზარალებულის განმარტებით, მას გ. გ–ისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ვინაიდან საჯარო მოხელეა და გაცნობიერებული აქვს თმენის ვალდებულება.
5.4. დაზარალებულის ჩვენება დადასტურებულია ფაქტის თვითმხილველი მოწმეების – გ. ძ–ის, ლ. ს–სა და მ. ნ–ის ჩვენებებით, სადაც მოწმეება დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერეს განვითარებული მოვლენები. სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა, მათ შორის, არ იკვეთება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა პირადი დაინტერესება კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ.
5.5. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ისეთი უტყუარი მტკიცებულებით, როგორიცაა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციური დაწესებულების პირველი საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის №.. საკნისა და მიმდებარე დერეფნის ვიდეოჩანაწერები, რომელიც ნათლად ასახავს განვითარებულ მოვლენებს და ცხადად ადასტურებს გ. გ–ის მიერ გ. გ–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების – ფეხის დარტყმის ფაქტს. კერძოდ, სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ვიდეოჩანაწერების თანახმად, 2021 წლის 28 ივნისს, 10:18 საათზე, მ. ნ–ე შედის №.. საკანში, გ. გ–ე კი, გ. ძ–თან და ლ. ს–სთან ერთად, რჩება დერეფანში, საკანში შესასვლელ გაღებულ კართან. 10:18 საათზე მსჯავრდებული გ. გ–ე გამოდის საცხოვრებელი საკნიდან დერეფანში, გ. გ–ეს აწვდის დაკეცილ ფურცელს და კვლავ ბრუნდება საკანში. გ. გ–ე ხსნის მსჯავრდებულის მიერ მიწოდებულ ფურცელს, კითხულობს და უახლოვდება საკნის კარს. თავის მხრივ, გ. გ–ეც მიუახლოვდა მას. მათ შორის იმართება დიალოგი, რა დროსაც, საკანში მყოფი მსჯავრდებული გ. გ–ე სწრაფი მოძრაობით იქნევს ფეხს და ურტყამს საკნის კართან მდგომ გ. გ–ეს.
5.6. მსჯავრდებული გ. გ–ე ვიდეოჩანაწერების ავთენტიკურობას ეჭვქვეშ აყენებს იმ არაგუმენტზე დაყრდნობით, რომ გ. გ–ეს ხელში გაშლილი ფურცელი ეჭირა, ხოლო მისი განმარტებით, ვითომდა დარტყმის შემდეგ, იატაკიდან აიღო იგივე ფურცელი დაკეცილ მდგომარეობაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერით დასტურდება, დერეფანში მდგომმა გ. გ–ემ გაშალა გ. გ–ის მიერ მიწოდებული ფურცელი, დაიწყო მისი კითხვა და გაშლილი ფურცლით ხელში მიუახლოვდა საკნის კარს. აღსანიშნავია, რომ საკნის კართან გ. გ–ესთან დიალოგის პროცესში, იგი კეცავს გაშლილ ფურცელს, ხოლო დარტყმის შემდეგ, იატაკიდან იღებს დაკეცილ – სავარაუდოდ, ფურცელს ან/და ბარათს. ამდენად, გ. გ–ეს გ. გ–ის მიერ გადაცემული ფურცელი, მსჯავრდებულის მიერ მისთვის ფეხის დარტყმის დროს, დაკეცილი ჰქონდა. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, მსჯავრდებულის პოზიცია ვიდეოჩანაწერის სიყალბისა და იმის შესახებ, რომ თითქოს დაზარალებულს არც კი შეხებია, საფუძველს მოკლებულია. ასევე, უსაფუძვლოა მსჯავრდებულის პოზიცია იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ვიდეოჩანაწერი, თითქოს, განსხვავდება პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილისაგან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის ეტაპზე მოხდა საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერების დემონსტრირება, რომლებიც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, დალუქული სახით. სააპელაციო სასამართლომ უზრუნველყო სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული და დალუქული ვიდეოჩანაწერების დემონსტრირება, რომლებიც შემდგომ კვლავ დაილუქა და მოთავსდა სისხლის სამართლის საქმეში. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი №.... ექსპერტიზის დასკვნის (რომლის თანახმად, ვიდეოჩანაწერში არ ფიქსირდება დარტყმის მომენტი) გაუზიარებლობის შესახებ, რადგან აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. გ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა კონკრეტული საქმის გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მისი საშიშროება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და გ. გ–ეს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლის სანქციის შესაბამისი სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
5.8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ლევან თევზაძე