საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124009997054
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №650აპ-25 7 ნოემბერი, 2025 წელი
ბ–ე პ., №650აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. გ–ისა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. პ. ბ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით, სასტიკი მოპყრობით და მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა), რაც გამოიხატა შემდეგით:
გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, პ. ბ–ე ფიქრობს, რომ არის ოჯახის უფროსი, ვინაიდან არის მამაკაცი და შესაბამისად მეუღლე – ლ. ბ–ე არის მისი საკუთრება, უკრძალავს მეგობრებთან კონტაქტს, უკონტროლებს გადაადგილებას და მობილურ ტელეფონს. მიაჩნია, რომ მეუღლის ადგილსამყოფელი მისთვის ყოველთვის უნდა იყოს ცნობილი და როდესაც დაურეკავს, მაშინვე უნდა უპასუხოს და უთხრას სად იმყოფება. აღნიშნული მოტივით, პ. ბ–ეს ვინაიდან მიაჩნდა, რომ მეუღლე მას ღალატობდა, წლების განმავლობაში, მეუღლის ლ. ბ–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მუდმივად ახორციელებდა დამამცირებელ, სასტიკ და შეურაცხმყოფელ ქმედებებს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა, აშანტაჟებდა და ფიზიკურად ძალადობდა. აღნიშნული ქმედებებიდან გამომდინარე, 2019 წლის 1 ნოემბერს, ქ. თ–ში, ზ–ს დასახლება მე-.. მ/რაიონი, კორპუსი №.., ბინა №...-ში, ლ. ბ–ემ თავის მოკვლის მიზნით დალია მედიკამენტები, კერძოდ - 20 აბი ,,სედარექსი“ და გადაყვანილი იქნა შპს ,,ვ–ს“ კლინიკაში.
გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, პ. ბ–ე ფიქრობს, რომ არის ოჯახის უფროსი, ვინაიდან არის მამაკაცი და შესაბამისად შვილი ნ. ბ–ე უნდა დაემორჩილოს მას და არ შეეპასუხოს, უკრძალავს მეგობრებთან ერთად გასართობად წასვლას, უკონტროლებს გადაადგილებას და ჩაცმულობას. აღნიშნული მოტივით, 2018 წლის შემოდგომიდან 2024 წლის 19 მაისის ჩათვლით დროის პერიოდში, ქ. თ–ში, ზ–ს დასახლება მე-.. მ/რაიონი, კორპუსი №.., ბინა №...-ში და ქ. თ–ში, ... უბნის დასახლება, ......ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, პ. ბ–ე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს ნ. ბ–ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რამაც დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.
გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, პ. ბ–ე ფიქრობს, რომ არის ოჯახის უფროსი, ვინაიდან არის მამაკაცი და შესაბამისად მეუღლე – ლ. ბ–ე არის მისი საკუთრება, უკრძალავს მეგობრებთან კონტაქტს, უკონტროლებს გადაადგილებას და მობილურ ტელეფონს. ასევე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, პ. ბ–ე ფიქრობს, რომ არის ოჯახის უფროსი, ვინაიდან არის მამაკაცი და შესაბამისად შვილი ნ. ბ–ე უნდა დაემორჩილოს მას და არ შეეპასუხოს, უკრძალავს მეგობრებთან ერთად გასართობად წასვლას, უკონტროლებს გადაადგილებას და ჩაცმულობას. აღნიშნული მოტივით, 2024 წლის 17 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ–ში, .. უბნის დასახლება, ....ის ქუჩა №.., ბინა №..-ში პ. ბ–ე, დანის და ჩანგლის დემონსტრირებით, მეუღლეს ლ. ბ–ეს და შვილს ნ. ბ–ეს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ ,,ჩანგლით თვალებს ამოთხრიდა, დანით ყელს გამოჭრიდა, მე-9 სართულიდან გადააგდებდა და ორივეს მოკლავდა“, რაც ორივე მათგანმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, პ. ბ–ე ფიქრობს, რომ არის ოჯახის უფროსი, ვინაიდან არის მამაკაცი და შესაბამისად, მეუღლე – ლ. ბ–ე არის მისი საკუთრება, უკრძალავს მეგობრებთან კონტაქტს, უკონტროლებს გადაადგილებას და მობილურ ტელეფონს. აღნიშნული მოტივით, 2024 წლის 17 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე ქ. თ–ში, .. უბნის დასახლება, ... ქუჩა №.., ბინა №...-ში პ. ბ–ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს ლ. ბ–ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რამდენჯერმე გაარტყა გაშლილი ხელი სახეში. ასევე მუშტებს ურტყამდა სახის, თავისა და გულმკერდის მიდამოში, ასევე ყელში ორჯერ მოუჭირა ხელები, დააგდო ძირს და თავის არეში ჩაარტყა ფეხი, რაც გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში და რა დროსაც დაზარალებულმა თითოეული ქმედებისას განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პ. ბ–ემ გაურკვეველ დროსა და ვითარებაში შეიძინა და 2024 წლის 18 მაისის ჩათვლით, ქ. თ–ში, .., ....ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა, საერთო წონით – 8,82 გრამ გამომშრალ მარიხუანას, რაც ამოღებული იქნა 02:58 საათიდან 03:03 საათამდე დროის პერიოდში, დაკავებისას მისი პირადი ჩხრეკის დროს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენით, პ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და ამავე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათი. 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ. ბ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ პ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. გ–ემ და მოითხოვა პ. ბ–ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2.3. განაჩენი ასევე გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის ცვლილება და პ. ბ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 16 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართა მსჯავრდებულ პ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. გ–ემ და მოითხოვა პ. ბ–ის სრულად გამართლება საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
3.3. 2025 წლის 20 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით ასევე მომართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელმაც მოითხოვა პ. ბ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და გამოიტანა არასწორი სამართლებრივი დასკვნები. განაჩენი ემყარება იმ სახის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც უტყუარობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებას. საქმის განხილვის დროს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადგენილი, რომ პ. ბ–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. ამასთან ვერ დადგინდა, რომ 2024 წლის 17 მაისს, ლ. ბ–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი. შესაბამისად, ეჭვი სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა მის სასარგებლოდ. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არათუ ავსებენ ერთმანეთს, არამედ ცალკეულ საკითხებში ეწინააღმდეგებიან კიდეც, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.
4.2. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს, ხასიათს, საშიშროებას და მსჯავრდებულის პიროვნებას, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. ბრალდების მხარეს გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია, რომ პ. ბ–ე ერთხელ უკვე იყო გასამართლებული ლ. ბ–ის მიმართ განხორციელებული დანაშაულებისთვის და ფაქტია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ლმობიერი სასჯელით ვერ იქნა მიღწეული სასჯელის მიზნები.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს პირის გამართლება/გამტყუნებას ან კვალიფიკაციის შეცვლას, იგი იმავდროულად, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა და მყარად დაასაბუთოს თითოეული მუხლით/მუხლის ნაწილით პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის უკანონობა.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულ როგორც სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ისე უდავოდ ცნობილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პ. ბ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს პ. ბ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს ამ ნაწილით მსჯავრდების კანონიერება.
5.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პ. ბ–ის მსჯავრდების შესახებ და მიუთითებს, რომ დაზარალებულ ლ. ბ–ის ჩვენების, ასევე დაზარალებულ ნ. ბ–ის გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაციის უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ დაწვრილებით, დეტალურად და დამაჯერებლად აღწერეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს მომხდარი ფაქტები. დაზარალებულმა ლ. ბ–ემ სასამართლოს მოახსენა მის მიმართ პ. ბ–ის მხრიდან წლების განმავლობაში განხორციელებული ქმედებებისა და ამ ქმედებების შედეგების თაობაზე. მან ასევე დაადასტურა ნ. ბ–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტები, რის გამოც ნ–ა მუდმივად დასტრესილი და დაძაბული იყო და 2024 წლის 17 მაისს მათ მიმართ განხორციელებული მუქარისა და შედეგად შიშის განცდის თაობაზე. თავს მხრივ, დაზარალებულ ნ. ბ–ის გამოკითხვის ოქმებში ასახულია, როგორც მამის მხირდან მის მიმართ განხორციელებული ქმედებები და მისი სტრესული მდგომარეობა – მათ შორის შიშის განცდის ფაქტი, ასევე აღწერილია 2024 წლის 17 მაისს მამის მხრიდან ლ. ბ–ის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით, განხორციელებული ფიზიკური ძალადობის თაობაზე. 2024 წლის 24 ივნისის გამოკითხვის ოქმში კი, მოწმემ დაადასტურა მამის მხრიდან დედის მიმართ სისტემატური ძალადობა, რის გამოც 2019 წლის ნოემბერში დედამ სცადა თვითმკვლელობა. დედამ სააბაზანო ოთახში დალია წამლები, რამაც იგი გონების დაკარგვამდე მიიყვანა.
5.6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულების მიერ მიწოდებული ინფორმაცია თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებსა და გამოკითხვის ოქმებთან, ასევე №..... შეტყობინების ოქმსა და შეტყობინების აუდიოჩანაწერთან და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან.
5.7. ზემოხსენებულ მტკიცებულებებს კი, ამყარებს 2024 წლის 21 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნა, რომლის თანახმად, 2024 წლის 20 მაისს პირადი შემოწმებისას მოქალაქე ლ. ბ–ეს სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
5.8. 2024 წლის 5 ივლისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №....... დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ნ. ბ–ემ მამის – პ. ბ–ის მხრიდან განხორციელებული მუქარის და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემცველი ქმედებებით განიცადა მორალური დამცირება და ფსიქოლოგიური ტანჯვა.
5.9. 2024 წლის 4 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნის თანახმად, ირკვევა შპს ,,ვ–ს“ სტაციონარული პაციენტის #..... სამედიცინო ბარათით და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, მოქალაქე ლ. ბ–ეს 2019 წლის 1 ნოემბერს დაესვა დიაგნოზი: ფენოთიაზინური, ანტიფსიქოზური და ნეიროლეფსიური საშუალებებით მოწამვლა, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში. აღნიშნული ავადმყოფური მდგომარეობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
5.10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულების სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
5.11. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ 2024 წლის 17 მაისს განხორციელებული ძალადობა პ. ბ–ეს არ ჩაუდენია არასრულწლოვნის თანდასწრებით არ უნდა იქნეს გაზიარებული, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების მიზანია, არასრულწლოვანი დაიცვას ოჯახში ჩადენილი ძალადობით გამოწვეული არაპირდაპირი ნეგატიური მორალური ზემოქმედებისგან. მოცემულ შემთხვევაში ბავშვი ხედავს მიმდინარე კონფლიქტს, შემდეგ კი, მამის მითითებით გადის გვერდით ოთახში და ესმის როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დარტყმის ხმა, ესმის დედის ხმა, რომელიც სთხოვს მამას, რომ აღარ დაარტყას. ამასთან, ბავშვი განმარტავს, რომ ასეთი სიტუაცია გაგრძელდა დილის ხუთ საათამდე ვიდრე მამას არ ჩაეძინა.
5.12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.13. რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა პ. ბ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 531-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნებზე დაყრდნობით, პ. ბ–ეს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
5.16. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციასა და სასჯელისთვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.
5.17. საკასაციო საჩივრების საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020.
5.19. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ პ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. გ–ისა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე