საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.11.2025
საქმის ნომერი
2კ-653აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100122006257065

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №653აპ-25 ქ. თბილისი

კ–ა ხ., 653აპ-25 20 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განაჩენზე ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ბაიდოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:

1.1. ხ. კ–ას ბრალად ედება: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით; განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით.

ხ. კ–ას მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2022 წლის 23 აგვისტოს, შუადღის საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ხ–ში, ტ–ს ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოს მიმდებარედ, ხ. კ–ამ, დანის გამოყენებით, დ. გ–ს ბარძაყის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

ü 2022 წლის 23 აგვისტოს, შუადღის საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ხ–ში, ტ– ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოს მიმდებარედ, ხ. კ–ამ, ,,ვაზ 2121-ის“ მარკის ავტომანქანის უკანა სალონიდან, მის მეგობრებს – დ. და გ. ჯ–ებსა და მ. მ–ს შორის წარმოქმნილი კონფლიქტიდან გამომდინარე, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა მ. მ–ს სხეულის ზედა ნაწილის მიმართულებით. ხ. კ–ამ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან მ. მ–მა თავდამსხმელის ავტომანქანიდან გადმოსვლამდე შეძლო გაქცევა და მიიმალა ავტოსამრეცხაოს შენობის უკან.

1.2. დ. ჯ–ას ბრალად ედება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 23 აგვისტოს, შუადღის საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ხ–ში, ტ– ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოს მიმდებარედ, გ. ჯ–ამ და დ. ჯ–ამ ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დ. გ–ზე, კერძოდ, ხელები და ფეხები დაარტყეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. გ. ჯ–ას ბრალად ედება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 23 აგვისტოს, შუადღის საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ხ–ში, ტ– ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოს მიმდებარედ, გ. ჯ–ამ და დ. ჯ–ამ ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დ. გ–ზე, კერძოდ, ხელები და ფეხები დაარტყეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენით:

2.1. ხ. კ–ა, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

ხ. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რომლის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 23 აგვისტოდან.

ხ. კ–ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა.

2.2. გ. ჯ–ა, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 2000 (ორი ათასი) ლარი.

სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 23 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ გ. ჯ–ას სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 1750 (ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გ. ჯ–ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი თანხა, უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

2.3. დ. ჯ–ა, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 2000 (ორი ათასი) ლარი.

სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 23 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ, დ. ჯ–ას სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1750 (ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დ. ჯ–ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი თანხა, უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ბაიდოშვილმა. სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ხ. კ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში; საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდში ხ. კ–ასთვის თავისუფლების აღკვეთის უფრო მკაცრი ზომის განსაზღვრა; მსჯავრდებულების – გ. და დ. ჯ–ების მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის დამძიმება, თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმთან მიახლოებული ზომის განსაზღვრით, მისი მთლიანად ან ნაწილობრივ პირობით მსჯავრად ჩათვლის გარეშე.

ü ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ხ. კ–ამ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირება. მსჯავრდებულმა ხ. კ–ამ სააპელაციო პალატაში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, უარი განაცხადა თავისი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, ვინაიდან, განმარტა, რომ მან უკვე მოიხადა დანიშნული სასჯელი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განაჩენით ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ბაიდოშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.1. ხ. კ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში;

ხ. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. მ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა ჯარიმა, 3 000 (სამი ათასი) ლარი;

ხ. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით (რაც, დღეის მდგომარეობით, მოხდილი აქვს);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ. კ–ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით (რაც, დღეის მდგომარეობით, მოხდილი აქვს).

ხ. კ–ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2022 წლის 23 აგვისტოდან.

ხ. კ–ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

4.2. გ. ჯ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა – 2000 (ორი ათასი) ლარი;

სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 23 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ, გ. ჯ–ას სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა – 1750 (ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გ. ჯ–ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს სახით შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა, უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

4.3. დ. ჯ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა – 2000 (ორი ათასი) ლარი.

სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 23 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ, დ. ჯ–ას სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1750 (ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დ. ჯ–ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა, უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ბაიდოშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ხ. კ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში; საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდში ხ. კ–ასთვის თავისუფლების აღკვეთის უფრო მკაცრი ზომის განსაზღვრას; მსჯავრდებულებისათვის – გოგიტა და დ. ჯ–ების მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის დამძიმებას, თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმთან მიახლოებული ზომის განსაზღვრით, მისი მთლიანად ან ნაწილობრივ პირობით მსჯავრად ჩათვლის გარეშე, შემდეგი ძირითადი მოტივებით: კასატორს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ადასტურებს ხ. კ–ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ის, რომ ხ. კ–ა ნამდვილად მკვლელობის განზრახვით მოქმედებდა, დადასტურებულია როგორც დაზარალებულების მ. მ–ისა და დ. გ–ის, აგრეთვე – მოწმე გ. ბ–ს ჩვენებებით და აგრეთვე ხ. კ–ას ქმედებით, რომელმაც ორჯერ გაისროლა დაზარალებულის მიმართულებით; კასატორს მსჯავრდებულების – ხ. კ–ას, გოგიტა და დ. ჯ–ების მიმართ შეფარდებული სასჯელი, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათის, სიმძიმისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, მიაჩნია აშკარად შეუსაბამოდ, როგორც მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან, ისე – მათ პიროვნულ მახასიათებლებთან.

6. მსჯავრდებულ ხ. კ–ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ბ–ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის შეფასებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობა ხ. კ–ას უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

10. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2022 წლის 23 აგვისტოს, შუადღის საათებში, ხ–ში, ავტოსამრეცხაოს მიმდებარედ, ხ. კ–ამ ,,ვაზ 2121“ მარკის ავტომანქანის უკანა სალონიდან, თანნაქონი სანადირო თოფიდან ორჯერ გაისროლა მ. მ–ს მიმართულებით, მაგრამ დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ხ. კ–ამ იარაღიდან გაისროლა შესაშინებლად, იმ მიზნით, რომ ავტომანქანას არავინ მიახლოებოდა, ხოლო ბრალდების მხარის მოსაზრებით − დაზარალებულის მოკვლის განზრახვით.

11. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ქმედების (განზრახ მკვლელობის მცდელობის) სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა, ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29). განზრახვის დასადგენად კი შესწავლილი უნდა იქნას: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ – ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8-9).

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, ხ. კ–ას ქმედებაში, არ იკვეთება განზრახ მკვლელობის მცდელობის ნიშნები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ü საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, გასროლამდე, მ. მ–სა და ხ. კ–ას შორის მოხდა მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება, რაც სერიოზულ ჩხუბსა და დაპირისპირებაში არ გადაზრდილა;

ü მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ამ შეკამათების შემდეგ, დაზარალებულსა და მსჯავრდებულ ხ. კ–ას შორის რაიმე კონკრეტული შეთანხმება შედგა კონფლიქტის შემდგომ გასარჩევად;

ü დადგენილია ისიც, რომ დ. ჯ–ამ ავტომანქანა სამრეცხაოსთან მას შემდეგ გააჩერა, რაც სურამის მიმართულებით მოძრავ ავტომობილ ,,ნივას“, რომელშიც ისხდნენ მსჯავრდებულები, ხელს უქნევს მ. მ–ი და ანიშნებს მოძრაობის მიმართულებას. შემდეგ კი, ავტომანქანა იცვლის გეზს, უხვევს მარჯვნივ, ტ– ქუჩაზე და ჩერდება იქვე, სამრეცხაოსთან;

ü გაჩერებული ავტომანქანისკენ მიდის მ. მ–ი და უკანა მარჯვენა მხრიდან უახლოვდება. ამ დროს ავტომობილის უკანა, მარჯვენა საქარე მინის ქვედა კუთხიდან ისე, რომ ავტომანქანიდან არავინ გადმოდის, ხდება ორი გასროლა, ისეთი ადგილიდან და იმ მიმართულებით, სადამდეც დაზარალებული ჯერ კიდევ არ იყო მისული. გასროლის შემდეგ მ. მ–ი, რომელიც ,,ნივას” უკანა მარჯვენა მხრიდან უახლოვდებოდა, გარბის ავტოსამრეცხაოს მიმართულებით და ჩერდება სამრეცხაოს უკან;

ü დადგენილია, რომ ხ. კ–ამ ავტომანქანიდან თოფი გაისროლა მაშინ, როდესაც ვერ ხედავდა მ. მ–ს და იმის მიუხედავად, რომ ავტომანქანაში სხვა ვაზნებიც ჰქონდა, შემდეგ აღარ გაუსვრია, მათ შორის, მ. მ–ის დანახვის შემდეგაც, რომელიც სამრეცხაოსკენ გარბოდა. ამავდროულად, არ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რაც ხ. კ–ას იარაღიდან ხელახლა გასროლაში შეუშლიდა ხელს. სურვილის შემთხვევაში, მას ხელს არაფერი უშლიდა, რომ გააზრებულად და დამიზნებით ესროლა დაზარალებულის მიმართულებით, მით უფრო, რომ ხ. კ–ასა და მ. მ–ს შორის დისტანცია იყო ძალიან მცირე, დაახლოებით, ნახევარი მეტრი. აგრეთვე, არ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რომ ხ. კ–ა ცეცხლსასროლი იარაღით უკან დასდევნებოდა გაქცეულ დაზარალებულს, რაც მას ასევე არ გაუკეთებია;

ü ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულ მ. მ–ს არცერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა არ აღენიშნება;

ü სააპელაციო პალატამ ასევე გაითვალისწინა, რომ იარაღიდან გასროლილი საფანტი გაიშალა და დაზიანებები აღმოჩნდა ავტოსამრეცხაოს თუნუქის ფურცელსა და სახურავზე, თუმცა გამოძიებას არანაირი ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, ტყვიის ტრაექტორიის დადგენის მიზნით, ასევე არ დგინდება ვაზნებში არსებული საფანტის სახეობა და სისქე.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ხ. კ–ამ ჩაიდინა არა მ. მ–ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ − მუქარა, რაც გამოიხატა კონკლუდენტური მოქმედებითა და ჟესტიკულაციით, კერძოდ:

14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როცა პირი ადამიანს ემუქრება ძალადობრივი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია, გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). ამასთან, შიში უნდა იყოს საფუძვლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია, დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ან გამოიხატა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს არამხოლოდ სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმებიც. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

15. ამ თვალსაზრისით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა დაზარალებულ მ. მ–ის ჩვენებაზე, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია, მსჯავრდებულმა ხ. კ–ამ მისი შეშინების მიზნითაც გაისროლა; თვითონ ხ. კ–ამ კატეგორიულად გამორიცხა მ. მ–ის მოკვლის განზრახვა, ვინაიდან მას არ გააჩნდა არანაირი მოტივი, რომ დაზარალებულისათვის თოფი ესროლა.

16. სააპელაციო პალატამ ზემოჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებების, დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ჩვენებების ურთიერთშეჯერებით, მართებულად დაასკვნა, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია მუქარის შემადგენლობა, სახელდობრ: ხ. კ–ამ გაისროლა ძალიან ახლო მანძილიდან, საიდანაც, მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ძალზე მარტივი იყო დაზარალებულისათვის დაზიანებების მიყენება, რაშიც მას ხელს არაფერი უშლიდა და, ამასთან, მსჯავრდებულს გასროლების შემდეგაც ჰქონდა სრული შესაძლებლობა, კიდევ ესროლა დაზარალებულისათვის, აგრეთვე შეეძლო, ავტომანქანიდან გადმოეტანა სანადირო თოფი, გაჰკიდებოდა მ. მ–ს და ბოლომდე მიეყვანა განზრახვა; ხ. კ–ამ დაინახა კიდევ გაქცეული დაზარალებული და მისთვის ასევე ცნობილი იყო მ. მ–ის ადგილსამყოფელიც; დაზარალებულს ცეცხლნასროლი დაზიანების არანაირი კვალი არ აღენიშნება.

17. მიუხედავად აღნიშნულისა, მან არ ჩაიდინა არცერთი მითითებული ქმედება, რაც, გამორიცხავს ხ. კ–ას მიერ მ. მ–ის მკვლელობის განზრახვის არსებობას, ხოლო იარაღიდან ორი გასროლა, წარმოადგენდა მუქარას, ჩადენილს კონკლუდენტური ქმედებით, რათა მ. მ–ს გასროლების შედეგად, წარმოშობოდა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების რეალური შიში. ამავდროულად, ფაქტია, რომ გასროლამ დაზარალებულში შიში გამოიწვია, რაც მისი გაქცევითა და დამალვით გამოიხატა.

18. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების: ხ. კ–ას, გოგიტა და დ. ჯ–ებისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ და სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელთა ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირთა ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელთა დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე