საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100125010843565
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№674აპ-25 თბილისი
ც–ე ა., 674აპ-25 18 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ც–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 აპრილის განაჩენით ა. ც–ე (პირადი №........), დაბადებული ... წელს, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 1 წლითა და 6 თვით, 111,187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. ც–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 24 დეკემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ც–ემ ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2024 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით, 19:25 საათზე, ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის ნასამართლევი ა. ც–ე, მობილური ტელეფონით კომუნიკაციისას, თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ის ბინა N..-ში მყოფ ყოფილ მეუღლეს – ნ. ბ–ს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ თავს მოაჭრიდა, ავტომობილს დაუმტვრევდა ან დაუწვავდა. ა. ც–ის წარსული ქმედებებისა და მისი მხრიდან გამოვლენილი აგრესიის გამო, ნ. ბ–მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2024 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით, 21:45 საათზე, თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ც–ემ, მობილური ტელეფონით განხორციელებული მუქარის შემდეგ, დააზიანა ყოფილი მეუღლის – ნ. ბ–ის – კუთვნილი, „ფორდ ფოკუსის“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით: .....) წინა საქარე მინა, რამაც 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ადვოკატი რ. ჩ–ე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ა. ც–ისათვის სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას – თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, მსჯავრდებულისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრას.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის, ისინიც, რომლებზეც დაცვის მხარემ მიუთითა საკასაციო საჩივარში, და ა. ც–ეს თითოეული მუხლით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და სათანადო მუხლის სანქციის ფარგლებშია. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მოთხოვნიდან და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ა. ც–ისათვის დანიშნული სასჯელი საკასაციო სასამართლოს კანონიერად და სამართლიანად მიაჩნია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ც–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე