საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.11.2025
საქმის ნომერი
2კ-739აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100125010779399

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №739აპ-25 28 ნოემბერი, 2025 წელი

პ–ი შ., №739პ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. პ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ც–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. შ. პ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, დ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ს ცენტრალურ გზაზე, დ. ი–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ქუჩაში, შ. პ–მა, იმის გამო, რომ გვარად იყო ყ–ი, მუშტი ძლიერად დაარტყა ვ. ყ–ს მკერდის არეში, წააქცია, რის შემდეგადაც მუშტი დაარტყა ჯერ სახის, ხოლო შემდეგ მკერდის არეში, რითაც ვ. ყ–მა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

1.3. 2024 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 15:40 საათზე, დ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ის ცენტრალურ გზაზე, დ. ი–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ქუჩაში შ. პ–ი, იმის გამო, რომ გვარად იყო ყ–ი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვ. ყ–ს და ნაჯახის დემონტრირებით უთხრა, რომ მოკლავდა, რის გამოც ვ. ყ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის განაჩენით, შ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით შ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით შ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. პ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ც–ამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დანიშნული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 16 ივლისს, მსჯავრდებულ შ. პ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ა. ც–ამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა.

3.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, შ. პ–ისათვის დანიშნული სასჯელი ზედმეტად მკაცრია. მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაულები, ასევე ყველა მტკიცებულება ცნო უდავოდ, შესაბამისად, სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი და დანიშნული სასჯელის ნახევარი ჩაეთვალა პირობითად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია.

5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

5.5. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნაზე, შეღავათის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ 1) ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), 2) ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და 3) თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

5.6. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ დანაშაულები, რომლისთვისაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო შ. პ–ს, ჩადენილი ჰქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიერ შეცვლილი შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში, შესაბამისად, მის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულმა შეღავათმა – ვადიანი თავისუფლების აღკვეთის შეცვლამ შინაპატიმრობით ვერ იქონია სათანადო გავლენა და მან კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაულები.

5.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

5.8. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე შ. პ–ის წარსული ნასამართლობა და მას საქართველოს სსკ-ის 53-ე, 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც სამართლიანია და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა როგორც კანონიერი, ისე სამართლიანი სასჯელი, რისი შემსუბუქებაც საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება, სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ შ. პ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ც–ას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე