შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 04.11.2025
საქმის ნომერი
2კ-699აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124010626544

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№699აპ-25 4 ნოემბერი, 2025 წელი

მ. მ., 699აპ-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა არველაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 იანვრის განაჩენით მ. მ., – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი; მასვე, 1 წლით ჩამოერთვა საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. მ-მ ჩაიდინა: სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2024 წლის 26 აპრილს სალიზინგო კომპანია შპს ,,დ...სა“ და მ. მ-ს შორის გაფორმდა ავტოლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,დ-ს“ სახელზე რეგისტრირებული, BMW X5-ის მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით: ...), გამოსყიდვის უფლებით სარგებლობაში გადაეცა ლიზინგის მიმღებ მ. მ-ს. 2024 წლის აპრილში, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მ. მ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც იყო მის მართლზომიერ მფლობელობაში და პირადი შეხედულებისამებრ განკარგა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – დავით ხუციშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და მ. მ-ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თეონა არველაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და მ. მ-ს მიმართ სასჯელის სახედ – თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, რამეთუ მიიჩნევს, რომ მიუხედავად ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო მსჯავრდებულის სასჯელთან მიმართებით და მ. მ-ს შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი განუსაზღვრა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს. კასატორი აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათი, დამდგარი შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ჩადენილი დანაშაულისადმი მისი გულგრილი დამოკიდებულება, დაზარალებულის პოზიცია, რომელსაც პრეტენზია აქვს მ. მ-ს მიმართ და დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი. გამოყენებულია არათანაზომიერი სასჯელი, რომელიც არათუ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას, არამედ – შესაძლოა წაახალისოს ახალი დანაშაული. მსუბუქი სანქცია მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სადავო სასჯელთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა ჩადენილი ქმედება; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) მხედველობაში მიღებით, მ. მ-ს ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი – 2000-ლარიანი ჯარიმა – დააკისრა, რომლის გამკაცრების აუცილებლობა, პროკურორის საკასაციო საჩივრიდან გამომდინარე, არ არის გამოკვეთილი. განაჩენის მსჯავრდებულის საუარესოდ შეცვლის ერთ-ერთ საკვანძო არგუმენტად მითითებულ – დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურებასთან – მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა, რაც სრულად არის შესაბამისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის №1211აპ-24 და 2024 წლის 12 ნოემბრის №603აპ-24 გადაწყვეტილებები).

5. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.

6. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მასალების მიხედვით, მ. მ., განაჩენის გამოტანამდე იყო დაკავებული – 2024 წლის 27 ნოემბრიდან 2024 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით, ძირითადი სასჯელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმის შეფარდებისას, აღნიშნული სასჯელი მას უნდა შეუმსუბუქდეს დაკავებაში ყოფნის 2-დღიანი ვადის გათვალისწინებით და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა – 1900 ლარი.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა არველაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 301-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა არველაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მ. მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული ჯარიმა – 2000 ლარი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ დაეკისროს ჯარიმა – 1900 ლარი;

10. სხვა ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი