საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124009740541
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №654აპ-25 ქ. თბილისი
ს-ი დ, 654აპ-25 3 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ს-ს, - დაბადებულს ... წლის .. სექტემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); დოკუმენტის, მართლსაწინააღმდეგო განადგურება, ჩადენილი პირადი მოტივით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ხოლო ს. ა-ას, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2024 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩის N.., ბინა N...-ში, დ. ს-მა, კამათის დროს, ფიზიკურად იძალადა ყოფილ ინტიმურ პარტნიორზე - ნ. რ-აზე, რომელთანაც ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ერთ სახლში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, თმით ითრია და გაიყვანა სადარბაზოში, ჰკრა ხელი და დააგორა კიბეზე, შემდეგ სცემა ფეხებით, რა დროსაც ნ. რ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 12 ივნისს, თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩის N.., ბინა N...-ში დ. ს-მა, კამათის დროს, ფიზიკურად იძალადა ყოფილ ინტიმურ პარტნიორზე - ნ. რ-აზე, რომელთანაც ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ერთ სახლში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, მუშტები ჩასცხო თვალებსა და ყვრიმალებთან, ასევე ყურებში ჩასჭიდა ხელები და მოქაჩა, რა დროსაც ნ. რ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 12 ივნისს, თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩის N.., ბინა N...-ში, დ. ს-მა, კამათის დროს, ფიზიკურად იძალადა ყოფილ ინტიმურ პარტნიორზე - ნ. რ-ზე, რომელთანაც ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ერთ სახლში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ძალადობის ჩადენის დროს, დ. ს-ი სიცოცხლის მოსპობით ნ. რ-ას; უთხრა, რომ თუ აღნიშნულის შესახებ განაცხადებდა პოლიციაში, მოკლავდა. აღნიშნული მუქარა, ნ. რ-ამ, დ. ს-ის პიროვნების და მისი ქმედებების გათვალისწინებით, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2024 წლის 13 ივნისს, თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩის N.., ბინა N..-ში დ. ს-მა, ყოფილ ინტიმურ პარტნიორს - ნ. რ-ას, რომელთანაც ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ერთ სახლში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ არ წასულიყო დაბა გ-ში სამუშაოდ, დაუხია და გაუნადგურა მის სახელზე გაცემული რ-ის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი.
· 2024 წლის 14 ივნისს, დილის საათებში, თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩის ქუჩა N.., ბინა N..-ში დ. ს-მა და მისმა ახალმა ინტიმურმა პარტნიორმა - ს. ა-ამ ფიზიკურად იძალადეს დ. ს-ის ყოფილი ინტიმურ პარტნიორზე - ნ. რ-აზე, რომელთანაც ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ერთ სახლში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, ს. ა-ამ უთხრა ნ. რ-ას, წასულიყო სახლიდან, აიღო მინის ბოთლი და გაიწია მისი მიმართულებით ჩასარტყმელად, ნ. რ-ა გაიქცა, მას ოთახებში დასდევდა ს. ა-ა და რამდენჯერმე ზურგის არეში ჩაარტყა ბოთლი, რა დროსაც ნ. რ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ. ს-ი აღნიშნულს უყურებდა და არაფერი გააკეთა ნ. რ-ას დასახმარებლად. ნ. რ-ამ ფანჯარა გააღო და დაიყვირა დახმარების თხოვნით, რის შემდეგაც, დ. ს-მა მოაშორა იგი ფანჯარას და დაუწყო ცემა; ასევე ს. ა-აც ცემდა, ორივე ურტყამდა სახის, კისრისა და ხელების არეში, რა დროსაც ნ. რ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 14 ივნისს, დილის საათებში, თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩის ქუჩა N.., ბინა N..-ში, დ. ს-მა და მისმა ახალმა ინტიმურმა პარტნიორმა - ს. ა-ამ, ფიზიკურად იძალადეს დ. ს-ის ყოფილ ინტიმურ პარტნიორზე - ნ. რ-ზე, რომელთანაც ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ერთ სახლში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. აღნიშნული ძალადობის დროს, დ. ს-ი ნ. რ-ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ თუ მას დააკავებდნენ, ახლა თუ არა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა ნ. რ-ამ, დ. ს-ის პიროვნებისა და მისი ქმედებების გათვალისწინებით, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 მარტის განაჩენით:
2.1. დ. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (2024 წლის 12 ივნისის ეპიზოდი, 2024 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) და 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. დ. ს-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2024 წლის 26 აპრილის ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან - სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2024 წლის 12 ივნისის ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან - სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
2.3. დ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 12 ივნისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.
2.4. გაუქმდა დ. ს-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.5. ს. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათით, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის მეორე პუნქტისა და მეცხრე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/5-ით და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 192 საათით.
2.6. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, ს. ა-ას პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2024 წლის 15 ივნისიდან იმავე წლის 14 ნოემბრის ჩათვლით) დანიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს.
2.7. გაუქმდა ს. ა-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამოყენებული შეზღუდვები.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ს-მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2024 წლის 26 აპრილის ეპიზოდი); ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2024 წლის 12 ივნისის ეპიზოდი); ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად (2024 წლის 14 ივნისის ეპიზოდი), ხოლო ს. ა-ამ - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2024 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩის N..., ბინა N..-ში, დ. ს-მა, კამათის დროს, ფიზიკურად იძალადა ყოფილ ინტიმურ პარტნიორზე - ნ. რ-აზე, კერძოდ, თმით ითრია და გაიყვანა სადარბაზოში, ჰკრა ხელი და დააგორა კიბეზე, რის შემდეგაც სცემა ფეხებით. შედეგად ნ. რ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 12 ივნისს, თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩის N.., ბინა N..-ში, დ. ს-მა, კამათის დროს, ფიზიკურად იძალადა ყოფილ ინტიმურ პარტნიორზე - ნ. რ-ზე, კერძოდ, მუშტები დაარტყა თვალებსა და ყვრიმალებთან, ასევე ყურებში ჩასჭიდა ხელები და მოქაჩა, რა დროსაც ნ. რ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 14 ივნისს, დილის საათებში, თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩის N.., ბინა N...-ში, დ. ს-მა და მისმა ახალმა ინტიმურმა პარტნიორმა - ს. ა-ამ, ფიზიკურად იძალადეს დ. ს-ის ყოფილ ინტიმურ პარტნიორზე - ნ. რ-აზე, კერძოდ, ს. ა-ამ უთხრა ნ. რ-ას, რომ წასულიყო სახლიდან, აიღო მინის ბოთლი და გაიწია მისი მიმართულებით ჩასარტყმელად; ნ. რ-ა გაიქცა, მას ოთახებში დასდევდა ს. ა-ა და რამდენჯერმე ზურგის არეში ჩაარტყა ბოთლი, რა დროსაც ნ. რ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ. ს-ი აღნიშნულს უყურებდა და არაფერი გააკეთა მის დასახმარებლად. ნ. რ-ამ ფანჯარა გააღო და დაიყვირა დახმარების თხოვნით, რის შემდეგაც დ. ს-მა მოაშორა იგი ფანჯარას და დაუწყო ცემა; ს. ა-ამ განაგრძო მისი ცემა და ორივე ურტყამდა სახის, კისრისა და ხელების არეში, რა დროსაც ნ. რ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება. ასევე ს. ა-ის შეფარდებული სასჯელის დამძიმება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
8. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, სასამართლოში საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა დ. ს-ის მსჯავრდებისათვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადგენილი მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 26 აპრილის ეპიზოდი), 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 12 ივნისის ეპიზოდი) და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) მსჯავრადშერაცხული ქმედებების ჩადენა, ხოლო ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (2024 წლის 12 ივნისის ეპიზოდი, 2024 წლის 14 ივნისის ეპიზოდი), 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 13 ივნისის ეპიზოდი), ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა დ. ს-ის მიერ ნ. რ-ას მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარებისა (2024 წლის 12 ივნისის და 2024 წლის 14 ივნისის ეპიზოდები) და დოკუმენტის, მართლსაწინააღმდეგო განადგურება, ჩადენილი პირადი მოტივით (2024 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) ჩადენის ფაქტების დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ მსჯავრდებულმა ნამდვილად ჩაიდინა აღნიშნული დანაშაულები, კერძოდ:
10. დ. ს-ის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულ ნ. რ-ას ჩვენება. მუქარის ეპიზოდებთან დაკავშირებით დაზარალებული აცხადებს, რომ 2024 წლის 12 ივნისს, დ-მ სცემა მუშტებით სახის არეში, რა დროსაც განიცადა ტკივილი და შეეშინდა, რომ არ მოეკლა. ასევე, 2024 წლის 14 ივნისს, დ. ს-მა მას უთხრა, რომ გამოვიდოდა ციხიდან და მაინც მოკლავდა და ამის გამო გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
11. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის ჩვენება თითქოს და პირდაპირ მიუთითებს მუქარის ეპიზოდებში დანაშაულის ჩადენაზე, მუქარის ფაქტებს საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, სათანადო სტანდარტით დადგენილად ვერ მიიჩნევს. ნ. რ-ას ჩვენება არ არის გამყარებული არცერთი სხვა მტკიცებულებით. ამასთან, აღნიშნულ ფაქტს უარყოფს თავად მსჯავრდებული, ხოლო ნეიტრალური მოწმე, რომელიც უშუალოდ დაადასტურებდა მის მიერ დაზარალებულის მიმართ ჩადენილ მუქარის ფაქტს, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა. გარდა ამისა, ჩვენებაში დაზარალებული ნ. რ-ა აწვდის გამოძიებას ზოგად ინფორმაციას, ხოლო განსახილველ ეპოზოდებთან დაკავშირებით, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არაფერი მითითებულა.
12. რაც შეეხება ნ. რ-ას ჩვენების იმ შინაარსს, რომელიც შეეხება დოკუმენტის განადგურებას, აქ იკვეთება მოცემულობა, როდესაც ჯერ კიდევ 112-ში შესული შეტყობინების დროს და შემდეგ უკვე დაკითხვაში, დ. ს-ი აცხადებს, რომ პასპორტი თვითონ ნ. რ-ამ დახია. ნ. რ-ას ჩვენების თანახმად მას პირადად არ უნახავს, როგორ დახია დ. ს-მა მისი პასპორტი და ვარაუდობს, რომ იგი დახევდა, რადგან იქ სხვა არავინ იმყოფებოდა.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა გამომძიებლებმა - გ. ს-ამ, ნ. ზ-ამ, ზ. ბ-მ, ი. შ-მ, ზ. გ-მა, ა. ბ-მა, ზ. ს-მ, მ. ბ-მა, ლ. კ-მ, ბ. გ-მა, ლ. ვ-მა, რ. ზ-მა, ლ. მ-ამ, ე. კ-მ, ა. ბ-ამ და ე. ჭ-მ დაადასტურეს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით შედგენილ ოქმთა ავთენტურობა. ამდენად, თვითმხილველი მოწმე, რომელსაც შეძლებოდა დაედასტურებინა დ. ს-ის მიერ ნ. რ-ას მიმართ, 2024 წლის 12 ივნისს ან 14 ივნისს სიცოცხლის მოსპობის მუქარების განხორციელების ფაქტები, ასევე პასპორტის დახევის ფაქტი, არ არსებობს.
14. სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის კიდევ ერთ არგუმენტს წარმოადგენს მოწმე ე. რ-ას ჩვენებაზე მითითება. საკასაციო სასამართლო ბრალდების მხარის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, რამდენადაც ე. რ-ა არაა ფაქტის თვითმხილველი მოწმე და მისი ჩვენება ეფუძნება სხვა პირის (დაზარალებულ ნ. რ-ას) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამდენად, ეს ჩვენება, განსახილველ საკითხებთან მიმართებით, არის ირიბი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ქარწყლდება გონივრული ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვლინდება დანაშაულის ან მისი შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ძალადობის ეპიზოდებთან მიმართებით დაზარალებულ ნ. რ-ას ჩვენება როგორც დ. ს-ის, ისე ს. ა-ას მიერ მის მიმართ ჩადენილი ძალადობების ნაწილში თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს მის სანდოობასთან დაკავშირებით.
17. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა იმ ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, იყვნენ თუ არა ნ. რ-ა და დ. ს-ი ოდესმე მეუღლეები, თუნდაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, ან/და ეწეოდნენ თუ არა ისინი ერთიან საოჯახო მეურნეობას.
18. ცალსახად ნათელია, რომ დასახელებული პირები ოფიციალურ ქორწინებაში არასდროს ყოფილან. აღნიშნულის შესახებ არც წერილობითი დოკუმენტია წარმოდგენილი და არც ვინმეს ჩვენება. ინფორმაციას საკითხის შესახებ, იმყოფებოდნენ თუ არა ნ. რ-ა და დ. ს-ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში, შეიცავს თვითონ ამ პირების, ასევე არასრულწლოვანი მოწმის, ნ. რ-ას შვილის - ე. რ-ას ჩვენებები. ამ მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია მხოლოდ ის, რომ დ. ს-სა და ნ. რ-ას ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა.
19. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, დ. ს-ი და ნ. რ-ა არასდროს შეთანხმებულან, რომ უკვე ყოფილიყვნენ (გახდნენ) ერთმანეთის მეუღლეები. თავად ნ. რ-ას ჩვენების თანახმად, მას დ. ს-ი მხოლოდ სამომავლოდ ჰპირდებოდა შეუღლებას.
20. მუდმივად ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოებაც გულისხმობს პირთა შეთანხმებას, იცხოვრონ ერთად და ერთობლივი საქმიანობით მიაღწიონ ოჯახის მატერიალური თუ სხვა სახის კეთილდღეობას. ამდენად, ამ ნიშნის არსებობისათვის საჭიროა პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანება და ერთ სივრცეში ცხოვრება, კონკრეტულად, ამ მიზნით. განსახილველ შემთხვევაში არც დასახელებული ფაქტობრივი გარემოებაა დადგენილი. კერძოდ, 2023 წლის შემოდგომაზე, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, ნ. რ-ას დ. ს-ის სახლში საცხოვრებლად გადასვლის მიზანი იყო არა ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოება, არამედ დროებით, ხანმოკლე ვადით მისი ბინით სარგებლობა. თუნდაც დადგენილად ჩავთვალოთ ნ. რ-ას მიერ დასახელებული ფაქტები იმის შესახებ, რომ ამ ვადაში (დაახლოებით ერთი თვე), იგი უვლიდა მსჯავრდებულს - ურეცხავდა, ამზადებდა საჭმელს და რამდენჯერმე თვითონაც იყიდა საჭმელი, აღნიშნული მაინც არ გულისხმობს მუდმივად ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოებას, მთელი რიგი მიზეზების გამო. კერძოდ, არსად იკვეთება გაერთიანება ამ მიზნით, არ წარმოდგენილა არცერთი მოწმე, წერილობითი ან ნივთიერი მტკიცებულება (კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითარი, ფოტოსურათები, სადაც ერთად არიან დაფიქსირებულები და ა.შ.), რომლის საშუალებითაც დადასტურდებოდა, მუდმივად ერთიან საოჯახო მეურნეობის წარმოების ფაქტი. აღნიშნული ან თავისთავად მხოლოდ ის გარემოებაც კი, რომ წინასწარვე არსებული შეთანხმებით, თანაცხოვრება დროებითი უნდა ყოფილიყო და ის მხოლოდ ერთ თვეს გაგრძელდა, ცალსახად გამორიცხავს დ. ს-ისა და ნ. რ-ას შორის ისეთ ურთიერთობას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის წარმოადგენს მუდმივად ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოებას.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ს. ა-ას მხრიდან საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
22. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს - დ. ს-სა და ს. ა-ას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
23. ამდენად, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
24. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილული იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia, no. 42371/08, par.77, ECtHR, 18/06/2021).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
26. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე