შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100125011279283
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №728აპ-25 25 დეკემბერი, 2025 წელი
მ–ა, №728აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,პროკურორ – გიორგი თორდიას,მსჯავრდებულ – ლ-ს,ადვოკატ – ზ. ბ-ის
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ბ–ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ–ია (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 218-ე მუხლის პირველი ნაწილით (დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის განაჩენით, ლ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც, 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. სასამართლომ დაადგინა: შპს ,,პ–ის“ დირექტორმა და 100% წილის მესაკუთრემ - ლ–მ გასცა გენერალური მინდობილობა ლ–იაზე, რომლის მიხედვითაც დირექტორმა მას მიანდო გადასახადების გადახდა, საბუღალტრო საქმიანობის წარმოება, შპს-ს სახელით აწარმოოს ურთიერთობა სხვა პირებთან. ლ–იამ, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, საგადასახდო ანგარიშგება არ განახორციელა სრულად, კერძოდ: ........ წლების პერიოდში სრულად არ აწარმოა საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია, არ გამოწერა სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სრულად არ ასახა ისინი შესაბამისი პერიოდის დამატებითი ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებში. შემოწმების შედეგად ასევე დადგინდა სხვაობები შესამოწმებლი პერიოდის დასაბეგრ ბრუნვებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის, კერძოდ შესწალვლილი დოკუმენტების საფუძველზე გადამხდელს უნდა ჰქონოდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი რაც შემოწმებისას ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე არ დადგინდა. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივლისის N.. ბრძანებით დაინიშნა შპს „პ–ის“ საქმიანობის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდი. შპს „პ–ის“ საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე 2022 წლის 8 დეკემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის N... ბრძანებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 08 დეკემბრის N.... საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, შპს „პ–ს“ ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა ძირითადი გადასახადი 113487 ლარის ოდენობით, რომელსაც გადამხდელი – ლ–ია გაეცნო ელექტრონულად. ამდენად, 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში ლ–იამ ჩაიდინა 113487 ლარის ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.
2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 23 ივნისს, მსჯავრდებულ ლ–იას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ზ. ბ–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ლ–სთვის სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილობრივ ან სრულად პირობითად ჩათვლა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ლ–იასთვის დანიშნული სასჯელი ზედმეტად მკაცრია. იგი თავიდანვე აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, ასევე უდავოდ სცნო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ავადმყოფი მშობლების ანაბარა ჰყავს დატოვებული. იგი არის ქვრივი და სოციალურად დაუცველი, შესაბამისად, სასჯელი შეუსაბამო და ზედმეტად მკაცრია, იმ პირობებში, როდესაც არსებობს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების შესაძლებლობა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან დაცვის მხარემ დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ლ–ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.
5.3. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განაჩენით ლ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის კანონიერება და თანაზომიერება.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.6. საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ლ–ს მსჯავრი დაედო სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა.
5.9. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
5.10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ლ–ს მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობის ხარისხს, მასზედ დაკისრებული მოვალეობის დარღვევის ხასიათს და მისი განხორციელების სახეს, იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული ინფორმაცია ლ–ს წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა, მას დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ამასთან იგი გამოძიების დაწყებისთანავე აღიარებდა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენას, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არის ქვრივი, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და ასაკოვანი, ონკოლოგიურად დაავადებული მშობლები და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახის – თავისუფლების აღკვეთის – პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის წინაპირობა.
5.11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევადაც.
5.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს.
5.13. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მართალია სასჯელის სამართლიანობის ერთ-ერთ კომპონენტს მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინება შეადგენს და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის რესტიტუცია მნიშვნელოვნად ამსუბუქებს დანაშაულით გამოწვეულ შედეგსა და ამაღლებს მსუბუქი სასჯელის გამოყენებით სასჯელის მიზნების მიღწევის ეფექტიანობის მოლოდინს, თუმცა ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და, შესაბამისად, სასჯელზე გავლენას ახდენს მხოლოდ შემსუბუქების თვალსაზრისით.
5.14. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის ყველა კანონიერი წინაპირობა, ამასთან მიიჩნევს, რომ ლ–სთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული დრო მსჯავრდებულისთვის იქნება დამაფიქრებელი, იგი გამოსწორების დადასტურებას შეძლებს თავისი საქციელით, ხოლო გამოსაცდელი პერიოდი შემაკავებელი სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების თანაზომიერი ღონისძიებაა. ამასთან, დანიშნული ძირითადი სასჯელის სახე, ზომა და მოხდის ფორმა არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის N847აპ-21 და 2021 წლის 10 ნოემბრის N548აპ-21 გადაწყვეტილებები).
5.15. ამასთან, ვინაიდან ლ–იამ მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
5.16. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
5.17. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი არ იქნა დაზარალებულის პოზიცია ლ–ს მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
5.18. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
5.19. ამდენად, ლ–ს მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი – სასჯელის 1/5-ით შემცირება.
5.20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე, 303-ე მუხლებით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ბ–ის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ლ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლ–ს 1/5-ით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი (პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელ ვადა) და განესაზღროს 2 წლით, 4 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი, 4 თვე და 24 დღე;
4. მსჯავრდებულ ლ–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
5. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი – 2025 წლის 11 აპრილიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით და იგი გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან;
6. ლ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო – გაუქმდეს;
7. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე