საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №617აპ-25 ქ. თბილისი
ს. მ. 617აპ-25 26 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: მ. ს-ს, – - -, ბრალად ედებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 344-ე მუხლის პირველი ნაწილით;
მ. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უ-დან, ჩ-ის პორტიდან, ს-ში, ფ-ის პორტში შემოვიდა ბორანის ტიპის გემი, სახელწოდებით „V.“, რომელზეც იმყოფებოდა ე. ც-ა მის მფლობელობაში არსებული „S-ს“ ფირმის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით (სახელმწიფო სანომრე ნიშნებით -- --). ზემოაღნიშნული სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში ფარულად მყოფმა მ. ს-მა - 2021 წლის 29 სექტემბერს ე. ც-ას დახმარებით სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. 2021 წლის 1 ოქტომბერს ე. ც-ას საცხოვრებელ ბინაში (ქ. თ-ში, ე-ს ქუჩის N-- ბინაში) სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა დააკავეს ძებნილი მ. ს-ი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 მარტის განაჩენით:
2.1. მ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ს-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
2.3. მ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის მიღების მომენტიდან – 2025 წლის 17 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასჯელი, რომელიც მოხდილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენით – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან – 2025 წლის 17 მარტამდე; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2024 წლის 2 აგვისტოდან - 2025 წლის 17 მარტამდე.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ბ-ამ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 მარტის განაჩენის გაუქმება და მ. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, განაჩენით განსაზღვრული სასჯელის გაუქმება, ასევე მ. ს-ის მიმართ, 2024 წლის 2 აგვისტოს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის და მისი ვადის ყოველი გაგრძელების დაუსაბუთებლად და არაკანონიერად ცნობა.
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. ბრალდების მხარემ შესაგებლით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ბ-ამ. კასატორი ითხოვს:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას;
5.2. გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების წესით დაკისრებული სასჯელის უცვლელად დატოვების ნაწილში;
5.3. გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას 2024 წლის 2 აგვისტოს მ. ს-ისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობა გამოყენების და მისი ვადის ყოველი გაგრძელების დაუსაბუთებლად და არაკანონიერად ცნობის მოთხოვნის არდაკმაყოფილების ნაწილში.
6. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის შესაგებელი. ბრალდების მხარე შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს მ. ს-ის უდანაშაულოდ ცნობას, მისთვის მსჯავრადშერაცხილ დანაშაულში, ასევე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების წესით განსაზღვრული სასჯელის გაუქმებას და მ. ს-ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის (და მისი ვადის ყველა გაგრძელების) უკანონოდ ცნობას. კასატორი საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მსჯელობისას ასევე უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვით დაირღვა საქართველოს სსსკ-ის კანონმდებლობა, თუმცა აღნიშნულს არ უთითებს საკასაციო მოთხოვნის ნაწილში და არ ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას აღნიშნული საფუძვლით.
7.1. დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს კასატორის მიერ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული წინაპირობების არსებობას და კასატორის მოთხოვნის დასაბუთებულობას, რაც გულისხმობს, რომ საკასაციო საჩივარში მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული რატომ ასაჩივრებს და კონკრეტულად რით ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. შესაბამისად, კასატორმა უნდა განსაზღვროს და მიუთითოს, არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის კონკრეტული არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლში მითითებული ერთი ანდა რამდენიმე წინაპირობის არსებობას, კასატორის პოზიციას და შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 30 ივნისის N 16აპ-25; 2024 წლის 20 მაისის N1442აპ-23; 2024 წლის 29 აპრილის N1193აპ-23; 2024 წლის 1 აპრილის N1168აპ-23; 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23; 2022 წლის 1 ნოემბრის N468აპ-22).
11. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia , no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009). „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს. მაგალითად, მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017).
12. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სადავოდ ხდის საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით მსჯავრდების კანონიერებას პოლიტიკური მოტივით დევნილი ყოფილი პრეზიდენტის მიერ დანაშაულის ჩადენის, „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე – აღკვეთის ღონისძიების გამოყენების კანონიერების ნაწილში, „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე – სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განაჩენთა ერთობლიობისათვის სასჯელთა ნაწილობრივ შეკრებასთან მიმართებით.
12.1. იმავდროულად, კასატორის მსჯელობის ნაწილი მიემართება „სააპელაციო სასამართლოს მიმართ უნდობლობას“. კასატორი ერთი მხრივ აბსტრაქტულად და ზოგადად მიუთითებს ცალკეული საჯარო მოხელეების განცხადებებზე (განცხადების შინაარსის, დროის და სხვა დეტალების გარეშე) მ. ს-თან მიმართებით, რაც კასატორის მტკიცებით არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას. იმავდროულად, უთითებს „სხვადასხვა გავლენიანი აქტორის“ მიერ სხვადასხვა განცხადებებში თუ კვლევებში არაერთგზის გამოთქმულ პრეტენზიაზე „სასამართლო ხელისუფლების სისტემური პრობლემების შესახებ“.
12.1.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ ნაწილში მსჯელობა ატარებს ზოგად ხასიათს, არ მიემართება კონკრეტულად განსახილველ სისხლის სამართლის საქმეს, კასატორი არ უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მისცა აცილების შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა ან/და კანონმდებლობის დარღვევით უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე, სისხლის სამართლის საქმის მასალებითაც არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს დაყენებული ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს/მოსამართლის აცილების შუამდგომლობა სააპელაციო საჩივართან ერთად ან მოგვიანებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმე განიხილება in concreto, კასატორი უნდა უთითებდეს კონკრეტულად რაში გამოიხატა სისხლის სამართლის საპროცესო ან/და მატერიალური კანონმდებლობის დარღვევა და უთითებდეს მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება აღნიშნული დარღვევის ფაქტი.
13. გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ კასატორის მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო საკასაციო სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. კერძოდ:
14. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქვეყანაში დადგენილი მმართველობის წესი და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, რაც გულისხმობს – სახელმწიფო საზღვრის კვეთას ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დარღვევით ( მათ შორის, სათანადო დოკუმენტების ან ნებართვის გარეშე ან ყალბი მონაცემების შემცველი დოკუმენტების საფუძველზე საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით და სხვა) ჩადენილს ნებისმიერი ხერხით (ფეხით, საჰაერო ხომალდით, სატრანსპორტო საშუალებით და სხვა). აღნიშნული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომენტიდან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის 610აპ-24 განჩინება). დანაშაული ხასიათდება მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. ამასთან, ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ გაითვალისწინება სასჯელის განსაზღვრისას. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული პირი.
14.1. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა სახელმწიფო ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები; ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება აგრეთვე პირი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა. შესაბამისად, კანონმდებელი არ ადგენს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას სხვა საფუძვლით – მათ შორის, პირის სამართლებრივი სტატუსის (ძებნილი) ან/და მოქმედი/წარსული საქმიანობის/დამსახურების საფუძველზე.
15. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახელმწიფო საზღვრის სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით კვეთის საგამონაკლისო წესს, კასატორი არ უთითებს აღნიშნული უფლების დამდგენ არც საერთაშორისო სამართლებრივ აქტზე. სასამართლო ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს, მის მნიშვნელობას.
16. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლებით და საჰაერო მიმოსვლა ხდება იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
17. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მ. ს-მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ („სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით). კერძოდ:
18. მოწმე ე. ც-ას ჩვენებით (მოწმემ დაადასტურა, რომ 2021 წლის 29 სექტემბერს მის მფლობელობაში არსებული „S--ს” ფირმის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილის მისაბმელში მყოფმა მ. ს-მა მისი დახმარებითა და ორგანიზებით ფარულად გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მოწმემ ასევე დეტალურად მიუთითა საზღვრის გადმოკვეთის შემდგომ განვითარებული მოვლენები თ-ში ჩასვლამდე და მ. ს-ის დაკავებამდე), მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეთა: ზ. წ-ას (მოწმემ მიუთითა, რომ ე. ც-ას თხოვნით შვილთან ერთად მივიდა ფ-ის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და მ. ს-ი და ე. ც-ა წაიყვანეს ა-ის რაიონის სოფელ ტ-ში მდებარე ე. ც-ას საცხოვრებელ სახლში, სადაც დარჩნენ მ. ს-ი და ე. ც-ა), შ. წ-ასა (მოწმემ ზ. წ-ას გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის იდენტურად მიუთითა 2021 წლის 29 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებზე) და გ. ნ-ის (მოწმის განმარტებით, ე. ც-ას თხოვნით ჩავიდა ფ-ში ე. ც-ას სატვირთო ა/მანქანის თ-ში წამოსაყვანად, უკან დაბრუნებისას ე. ც-ამ სთხოვა დალოდებოდა სოფელ ტ-ის გადასახვევთან, სადაც მანქანაში ჩასხდნენ ე. ც-ა და მ. ს-ი. მოწმემ ე. ც-ა და მ. ს-ი ჩამოიყვანა თ-ში და დატოვა ე. ც-ას საცხოვრებელ სახლში) გამოკითხვის ოქმებით, ასევე – სს “კ. ფ-ის ს. ნ-იდან“ (ჩანაწერით დასტურდება მ. ს-ის ე. ც-ას ა/მანქანის მისაბმელში ყოფნისა და შ. წ-ას კუთვნილ ა/მანქანაში გადაჯდომის ფაქტი, კერძოდ, ჩანაწერის 01:49:37 საათზე ე. ც-ას მანქანის მისაბმელიდან ჩამოდის მ. ს-ი, რომელიც მირბის და ადის კაბინაში. ე. ც-ა კეტავს სატვირთო ავტომობილის მისაბმელის კარებს და აგრძელებს გზას... გეზის შესასვლელთან რამდენიმე მეტრში აჩერებს მანქანას. 03:22 საათზე სატვირთო ავტომობილის წინ ჩერდება შ. წ-ას საკუთრებაში არსებული ვერცხლისფერი ავტომობილი, სადაც ჯდება სატვირთო ავტომობილიდან ჩამოსული მ. ს-ი, რის შემდეგაც ე. ც-ას სატვირთო ავტომობილი შეჰყავს გეზის ტერიტორიაზე და აჩერებს) და „ნ-დან“ (ჩანაწერით დასტურდება ე. ც-ას სატვირთო ავტომობილიდან მ. ს-ის გადმოსვლის ფაქტი, კერძოდ, ჩანაწერის თანახმად, 04:34:08 საათზე ე. ც-ას სატვირთო ავტომანქანის საბარგულის დაკეტვის შემდეგ მ. ს-ი გადაადგილდება სატვირთო ავტომანქანის მხრიდან სააფთიაქო ქსელ ,,ნ-ის“ მარჯვენა მხარეს განთავსებული გზის მიმართულებით, ხოლო მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა დაუყოვნებლივ აგრძელებს მოძრაობას) გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ე. ც-ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით (რომლებშიც ასახულია მ. ს-ი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთამდე პერიოდში და ასევე კვეთის შემდეგ, როგორც თავადვე განმარტავს ჩანაწერებში ს-ში, ბ-ში, თ-ში), მხარეთა მიერ ასევე უდავოდ ცნობილი დ. კ-ს, გ. ქ-ას, ა. შ-ისა და ი. დ-ის გამოკითხვის ოქმებით, 2021 წლის 1 ოქტომბრის ე. ც-ას ბინის ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველოს) სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილების უფროსის - დ. თ-ის 2021 წლის 2 ოქტომბრის --- წერილით, ტრასოლოგიური და სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის --- დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ. ს-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთა (2021 წლის 29 სექტემბერს ე. ც-ას დახმარებით სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ე. ც-ას მფლობელობაში არსებული „S--ს“ ფირმის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში დამალვით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა) – ჩადენა.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის გასაჩივრებული განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელის – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის - კანონიერებას/სამართლიანობას. შესაბამისად, მოთხოვნის არარსებობის გამო სასამართლო მოკლებულია ამ ნაწილში განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას.
20. სასჯელთან მიმართებით კასატორი სადავოდ ხდის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის კანონიერებას. კერძოდ, სადავოდ ხდის სასჯელთა შეკრებას და უთითებს, რომ სასამართლოს არ ჰქონდა სასჯელთა შეკრების უფლება, სასჯელი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. ამასთან, აღნიშნულ საკითხს უკავშირებს რეციდივის ინსტიტუტს და აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენთან მიმართებით რეციდივზე მსჯელობა არასწორია, ვინაიდან მოცემულ საქმეზე (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი) ბრალდების წარდგენამდე, ბ. კ-ის მიერ განსახილველ საქმეზე განაჩენი(თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენი) არ იყო გამოტანილი, ხოლო სხვა ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენებით დადგენილი სასჯელი უკვე შთანთქმული ჰქონდა მოსამართლე ბ. კ-ის მიერ გამოტანილ განაჩენს (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენი).
20.1. ამდენად, კასატორი განაჩენთა ერთობლიობის წესით სასჯელის განსაზღვრას სადავოდ ხდის მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ გამოკვეთილი არ იყო დანაშაულის რეციდივი.
21. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
22. მოცემულ შემთხვევაში მ. ს-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენებით (საბოლოო სასჯელი განისაზღვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით) მსჯავრდებული იყო განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილით კი მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე (მ. ს-ს მოცემული დანაშაულებისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა).
23. დაცვის მხარის არგუმენტი, რომ სხვა ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენებით დანიშნული სასჯელი უკვე შთანთქმული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენს და რეციდივის საკითხის შეფასებისას მხედველობაში არ უნდა მიღებულიყო დაუსაბუთებელია, ვინაიდან, სასჯელის შთანთქმა არ ნიშნავს შთანთქმული სასჯელის გაუქმებას (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის №691აპ-24 განაჩენი).
24. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
24.1. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენის გამოტანამდე, 2021 წლის 29 სექტემბერს მ. ს-მა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დადგა 2025 წლის 17 მარტს, ანუ მ. ს-მა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა პირველ საქმეზე განაჩენის 2025 წლის 12 მარტს გამოტანამდე - 2021 წლის 29 სექტემბერს.
25. კასატორი განაჩენთა ერთობლიობის საფუძველზე სასჯელების შეკრებაზე მსჯელობისას ასევე უთითებს, რომ სასჯელი იყო არამხოლოდ უკანონო, არამედ უსამართლოც.
25.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკასაციო გასაჩივრების საგანი მოცემულ შემთხვევაში არ იყო განაჩენთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის განსაზღვრისთვის სასამართლოს მიერ გამოყენებული არც პრინციპის (შეკრება/ნაწილობრივ შეკრება/ შთანთქმა) შერჩევის/გამოყენების სისწორე და არც - ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე შეკრებილი სასჯელების პროპორციები. კასატორი საერთოდ არ უთითებს რაში გამოიხატება სასჯელის უსამართლობა/ რა გარემოებები არ იქნა გათვალისწინებული გასაჩივრებული განაჩენით საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ხანგრძლივობის განსაზღვრისას.
25.2. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო ამ ნაწილშიც მოკლებულია განაჩენის გადასინჯვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის ხანგრძლივობის შეფასების შესაძლებლობას.
26. კასატორი ასევე უთითებს, რომ წინამდებარე სისხლის სამართლის საქმე განხილული უნდა ყოფილიყო მოსამართლე ბ. კ-ის მიერ განხილულ საქმესთან ერთად, ვინაიდან საქმე ეხება ყოფილი პ-ის პ-ი დევნის ფაქტს, რომელსაც სხვადასხვა ეპიზოდი გააჩნია.
26.1. საქართველოს სსსკ-ი ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება/გამოყოფის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმებს. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 109-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება გამოძიების სტადიაზე ხდება პროკურორის დადგენილებით, ხოლო სასამართლოში - მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ.
26.2. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დაცვის მხარემ პროცესის მწარმოებელ ორგანოს (გამოძიების ან/და სასამართლო განხილვის სტადიებზე) მიმართა შუამდგომლობით საკასაციო საჩივარში მითითებული საქმეების გაერთიანების თაობაზე. სისხლის სამართლის საქმის მასალებით ასევე არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ აღნიშნულით ხელი შეეშალა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების ან/და დაცვის უფლების განხორციელებას.
27. კასატორი ასევე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის კანონიერებას. კასატორის მტკიცებით, საქმისადმი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ასევე ვინაიდან სააპელაციო გასაჩივრების საგანს იმავდროულად, წარმოადგენდა განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის კანონიერებაც, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების საფუძველზე განსაზღვრული სასჯელის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, განსახილველი დანაშაული წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა მისი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის უფლება.
27.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს კასატორის მიერ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის არასწორ ინტერპრეტაციას. კერძოდ, აღნიშნული ნორმა სასამართლოს უფლებას (ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე) უკავშირებს განსახილველი დანაშაულის კატეგორიას. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, სააპელაციო სასამართლოს უფლებას „საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე“.
27.2. დანაშაულთა კატეგორიები განისაზღვრება საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლით, რომელიც დანაშაულთა კატეგორიას განსაზღვრავს საქართველოს სსკ-ით შესაბამისი დანაშაულისათვის სასჯელის სახით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობის მიხედვით. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით დანაშაული სამი კატეგორიისაა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბ) მძიმე დანაშაული და გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.
27.3. შესაბამისად, ცალსახაა, რომ კანონმდებელი დანაშაულთა კატეგორიას უკავშირებს კონკრეტული, ცალკეული დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალურ ხანგრძლივობას და არა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე განაჩენთა თუ დანაშაულთა ერთობლიობისთვის საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის ხანგრძლივობას.
27.4. მოცემულ შემთხვევაში მ. ს-ი მსჯავრდებული იყო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
27.5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზეპირი განხილვით სასამართლო „მოსმენების ჩატარების ვალდებულება არ არის აბსოლუტური (იხ. Håkansson and Sturesson v. Sweden, no. 11855/85, par.66, ECtHR, 21/02/1990). „ზეპირი მოსმენის გარეშე საკითხის განხილვა/გადაწყვეტა თავისთავად და ყოველთვის არ ნიშნავს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65). მსჯავრდებულის „პირად დასწრებას არ აქვს იგივე გადამწყვეტი მნიშვნელობა სააპელაციო განხილვისთვის, როგორც სასამართლო სხდომისთვის“ (იხ.Kamasinski v. Austria, no.9783/82, par.106, ECtHR, 19/12/1989; Kezerashvili v.Georgia, no. 11027/22, par.102, ECtHR, 5/12/2024).
27.6. „მაშინაც კი, როდესაც სააპელაციო სასამართლოს აქვს საქმის განხილვის იურისდიქცია როგორც ფაქტებთან, ისე კანონიერებასთან მიმართებით, სასამართლოს არ შეუძლია დაადგინოს, რომ მე-6 მუხლი ყოველთვის მოითხოვს საჯარო განხილვის უფლებას, იმ საკითხების ხასიათის მიუხედავად, რომლებზეც უნდა იქნეს გამოტანილი გადაწყვეტილება (იხ. Muttilainen v. Finland, no. 18358/02, par.23, ECtHR, 22/05/2007). საჯაროობის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც ხდება სასამართლოების მიმართ ნდობის შენარჩუნება. ამასთან, არსებობს სხვა ასპექტები, მათ შორის, გონივრულ ვადაში საქმის სასამართლოში განხილვის უფლება და მასთან დაკავშირებული, ეროვნული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების სწრაფად განხილვის საჭიროება, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის შემდგომ სამართალწარმოების სტადიებზე საჯარო მოსმენის აუცილებლობის განსაზღვრისას“(Mchedlishvili v. Georgia, no. 894/12, par.32, ECtHR,25/05/2021).
27.7. შეიძლება არსებობდეს საქმის წარმოება, რომელშიც ზეპირი მოსმენა აუცილებელი არ არის: მაგალითად, სადაც არ არსებობს სანდოობის საკითხები ან სადავო ფაქტები, რომლებიც საჭიროებს მოსმენას, ხოლო სასამართლოებს შეუძლიათ სამართლიანად და გონივრულად გადაწყვიტონ საქმე მხარეთა წარდგინებისა და სხვა წერილობითი მასალების საფუძველზე (Kezerashvili v.Georgia, no. 11027/22, par.101, ECtHR, 5/12/2024).
27.8. „ზეპირი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამართალწარმოების შინაარსზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი jura novit curia („სასამართლომ იცის კანონი“) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს. განსხვავებულია მიდგომა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წყვეტს როგორც ფორმალურ-სამართლებრივ საკითხებს, ასევე აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს. ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და პირისთვის მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42).
27.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადაეწერა მოსამართლე მ. ჯინჯოლიას) მ. ს-ი 2024 წლის 3 აგვისტოს (აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების სხდომა), 2024 წლის 27 სექტემბერს, 2024 წლის 22 ნოემბერს, 2024 წლის 6 დეკემბერს (დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მტკიცებულებები (გარდა: ე. ც-ას ჩვენების, ფ-ის პორტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერისა და ნ-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერისა) ცნობილ იქნა უდავოდ), 2024 წლის 17 დეკემბერს (გამოიკვლიეს მხარეთა მიერ სადავოდ ცნობილი ვიდეოჩანაწერები), 2024 წლის 24 დეკემბერს (დაიკითხა ე. ც-ა), 2025 წლის 20 თებერვალსა და 2025 წლის 7 მარტს სხდომებს ესწრებოდა დისტანციურად, თუმცა განცხადების გაკეთების შემდეგ ყოველ პროცესზე თიშავდა პროგრამას რომელიც უზრუნველყოფდა მის დისტანციურად ჩართვას.
27.10. მ. ს-მა უარი განაცხადა 2025 წლის 14 მარტის პროცესზე დასწრებაზე, ხოლო 2025 წლის 17 მარტს პროცესთან (განაჩენის გამოცხადება) მიმართებით, მოითხოვა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესის გადადება, თუმცა პროცესი არ გადადებულა და სასამართლომ გამოაცხადა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი.
27.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის შეცვლის შემდეგ დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების უდავოდ ცნობის შესახებ, ამასთან, აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევის საჭიროებას ვერ ხედავდა – დაცვის მხარის პოზიცია უცვლელია, რომ მთელი სისხლის სამართლის საქმის მასალები ცნობილ იქნეს უდავოდ ( იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის სხდომის ოქმი 12:58:22-12:59:59; 13:04:37-13:07:00). აღნიშნულის მიუხედავად ბრალდების მხარის შუამდგომლობით თავიდან იქნა გამოკვლეული ძირითადი მამხილებელი მტკიცებულებები – მოწმე ე. ც-ას ჩვენება (ხელახლა დაიკითხა), ასევე ფ-ის ნავსადგურიდან და „ნ-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის სხდომის ოქმი 13:00:05-13:04:27; 13:07:04-13:08:50). ამასთან, სასამართლო სხდომის ოქმით დგინდება, რომ დაცვის მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების უდავოდ ცნობის საკითხი შეთანხმებული იყო მ. ს-თან (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის სხდომის ოქმი 12:30:15-12:33:20). კერძოდ, მოსამართლემ დაცვის მხარესთან დააზუსტა, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის შესახებ პოზიცია შეთანხმებული იყო თუ არა მ. ს-თან, რადგან ბრალდებული სიტყვით გამოსვლის შემდეგ ყველა პროცესს ტოვებდა (თიშავდა პროგრამას რომელიც უზრუნველყოფდა მის დისტანციურად ჩართვას). ადვოკატმა მიუთითა რომ მას ჰქონდა სრული თანხმობა მ. ს-ისაგან, პროგრამის გათიშვის შემთხვევაში დაეფიქსირებინა პოზიცია მტკიცებულებებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ მოისმინა ასევე მ. ს-ის პოზიცია, რომელმაც დაადასტურა, რომ მას ადვოკატთან პოზიცია შეთანხმებული ჰქონდა და ადვოკატი უფლებამოსილი იყო მტკიცებულებების გამოკვლევასთან დაკავშირებით დაეფიქსირებინა პოზიცია და მიეღო ნებისმიერი გადაწყვეტილება (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის სხდომის ოქმი 12:30:15-12:33:20).
27.12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ ცნობილ იქნა უდავოდ, აპელანტი დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში სადავოდ არ ხდიდა სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, არ უთითებდა მტკიცებულებათა კანონის არსებითი დარღვევით გამოკვლევის შესახებ, არ ითხოვდა ახალი მტკიცებულების გამოკვლევას, სააპელაციო გასაჩივრების საგანს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 მარტის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპით დანიშნული სასჯელის კანონიერება, აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის და მისი ვადის ყოველი გაგრძელების დასაბუთებულობა და კანონიერება, მ. ს-ის მსჯავრდების კანონიერება ( აპელანტი უთითებდა სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური ხასაითზე და ითხოვდა მ. ს-ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას).
27.13. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში, კასატორის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
28. კასატორი საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია) საფუძველზე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის – იმ პირის მიმართ გამოყენების ნაწილში, ვისაც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით უკვე შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.
29. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით ამომწურავად არის განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები. კასატორის მოთხოვნა, აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებული პატიმრობის (და მისი ვადის ყველა გაგრძელების) შესახებ სცდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ დასაშვებობის წინაპირობებს. ამასთან, მ. ს-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის (და მისი ვადის ყველა გაგრძელების) კანონიერების საკითხი შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ბ-ას სააპელაციო საჩივარზე მსჯელობისას.
29.1. მ. ს-ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის (და მისი ვადის ყველა გაგრძელების) უკანონოდ ცნობასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს 2024 წლის 2 აგვისტოს ამონაწერს სასამართლო სხდომის ოქმიდან, რომლის თანახმად მ. ს-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და მიეთითა, რომ აღნიშნული განჩინება ერთჯერადად შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს გადასინჯვის საგანს და კვლავაც განმარტავს, რომ: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსსკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი მართალია ადგენს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის უფლებას გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება, მაგრამ მხოლოდ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. იმავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამომწურავად განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა წრეს; ადგენს, რომ საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა; საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმეზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება; 314-ე მუხლის საფუძველზე – სააპელაციო სასამართლოს განაჩენი; ასევე – სასამართლოს აქტი სპეციალური კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში (მაგ.: იხ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი) (იხ.: მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის 11-24 განჩინება).
30. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი ითხოვს იმ აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმებას, რომლის გადასინჯვა სცდება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას – არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა – სასამართლო მოკლებულია ამ ნაწილში საჩივრის განხილვის/დაკმაყოფილების შესაძლებლობას (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 331-22 განჩინება). შესაბამისად, სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული, განსახილველ შემთხვევაში, მ. ს-ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შეფარდებული პატიმრობის უკანონოდ ცნობის შესაძლებლობას.
31. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კასატორი დაცვის მხარის პოზიციას მ. ს-ის მიმართ პოლიტიკური დევნის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის მითითება --ს მოქმედი პ-ის დ. ტ-ის, საგარეო ურთიერთობების საკითხში ევროკომისიის წარმომადგენლის კ. პ-ის, --ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და --ს სახელმწიფო მდივნის მ. რ-ს განცხადებებზე ვერ ადასტურებს მ. ს-ის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, ვინაიდან მითითებული პოზიციები წარმოადგენს ზოგადი ხასიათის პოლიტიკურ შეფასებებს, რომლებიც არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვიდან, სასამართლო კი ხელმძღვანელობს საქმის კონკრეტული გარემოებებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. პოლიტიკური და სასამართლო პროცესები არის ფუნდამენტურად განსხვავებული, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოს მტკიცებულებებზე სამართლებრივ კონტექსტში და შეფასებისას გაითვალისწინოს ინდივიდუალური საქმის რელევანტური და სპეციფიკური ფაქტობრივი გარემოებები. ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკოსის ადამიანის უფლებების შეუსაბამო მოტივებით შეზღუდვის დადგენისას, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს პოლიტიკური ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებსა და რეზოლუციებს, აგრეთვე საჯარო პირთა განცხადებებს. სასამართლომ თავისი შეფასება უნდა დააფუძნოს საქმის კონკრეტულ ფაქტებს (იხ. Ilgar Mammadov v. Azerbaijan, no. 15172/13, par. 140, ECtHR, 22/05/2014; Lutsenko v. Ukraine, no. 6492/11, par. 108, ECtHR, 3/07/2012; Khodorkovskiy v. Russia, no. 5829/04, par. 259, EctHR, 31/05/2011; Merabishvili v. Georgia no. 72508/13, par. 103, EctHR, 14/06/2016).
32. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკოსის ადამიანის უფლებების შეზღუდვის არასათანადო მოტივებით შეზღუდვის საკითხის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეისწავლოს ინდივიდუალური განსახილველი საქმის კონკრეტული ფაქტები და განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს იმ განცხადებებს, რომლებზეც შესაძლოა გავლენა მოეხდინა პოლიტიკურ ასპექტებს” (Saakashvili v. Georgia, nos. NN6232/20, 22394/20, par. 161, ECtHR, 23/05/2024. შედარებისთვის იხ. საქმეები Akhalaia v gorgia (dec.), nos. 30464/13; 19068/14, par 6, ECtHR, 07/06/2022; Khodorkovskiy v. Russia, no. 5829/04, par. 259, ECtHR, 31/05/2011).
32.1. ,,მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობდა -- და -- შორის მწვავე პოლიტიკური ანტაგონიზმის ფონზე, რაიმე სხვა კონკრეტული არგუმენტის ან მტკიცებულების (სამართლებრივი გაგებით) არარსებობის პირობებში, რომელიც დაასაბუთებდა მომჩივნის შიშს, მხოლოდ შიდა პოლიტიკურ კონტექსტზე მითითება (რომელზე მითითებაც შეეძლო ნებისმიერ პირს მომჩივნის ადგილზე), თავისთავად ვერ ამტკიცებს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მთავარი მიზანი იყო ქართულ პოლიტიკაში მისი ჩართულობისთვის ხელის შეშლა (და არა იმის უზრუნველყოფა, რომ ის წარდგენილი ყოფილიყო მართლმსაჯულების წინაშე მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის). ცხადია, პრინციპში, მაღალი პოლიტიკური სტატუსი ვერ ანიჭებს ადამიანს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დაცვის იმუნიტეტს” (Saakashvili v. Georgia, nos. NN6232/20, 22394/20, par. 162, ECtHR, 23/05/2024 შედარებისთვის Merabishvili v. Georgia [GC], no. 72508/13, par. 323,ECtHR, 28/11/2017; Ugulava v. Georgia, no. 5432/15, par. 128, ECtHR, 9/02/2023).
32.2. ,,სასამართლო ასევე მნიშვნელობას ანიჭებს მომჩივნის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოების ირგვლივ არსებულ გარემოებებს, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ (i) მომჩივნისთვის წაყენებული ბრალდება იყო სერიოზული და კარგად დასაბუთებული, (ii) საქმის მასალებში არსებობდა როგორც პირდაპირი, ისე შესაბამისი არაპირდაპირი მტკიცებულებების მნიშვნელოვანი ერთობლიობა, (iii) ეროვნულმა სასამართლოებმა ჩაატარეს სრულიად შეჯიბრებითი სასამართლო პროცესი, რომლის განმავლობაშიც მომჩივნის ადვოკატს საშუალება ჰქონდა, რომ შესდავებოდა ყველა მთავარ მოწმეს და ასევე სხვაგვარად გაესაჩივრებინა მომჩივნის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები, და (iv) ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები სათანადოდ იყო დასაბუთებული” (Saakashvili v. Georgia, nos. NN6232/20, 22394/20, par. 162, ECtHR, 23/05/2024).
32.3. შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, კასატორის მოთხოვნა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
33. „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC],no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v. Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011), არამედ გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, par. 103, ECtHR, 21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, par. 33, ECtHR, 21/07/2015) ). ამასთანავე იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no. 35839/11, par. 69, ECtHR, 27/02/2020).
34. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).
35. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე ამნისტია არ ვრცელდება მ. ს-ისათვის საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენით), საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით) და საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენით) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის განსაზღვრულ სასჯელებზე.
36. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
37. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300, 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ბ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის განაჩენზე;
2. მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ბ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მ. ს-ის მიმართ 2024 წლის 2 აგვისტოს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობისა და მისი ვადის ყველა გაგრძელების უკანონოდ ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე