საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.01.2026
საქმის ნომერი
2კ-867აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.01.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100121004965075

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №867აპ-25 ქ. თბილისი

პ. გ., 867აპ-25 14 იანვარი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. პ-ს, – პირადი ნომერი ..., – ბრალად ედებოდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი დიდი ოდენობით, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

გ. პ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 25 სექტემბერს სს ,,თ. ლ-სა’’ და გ. პ-ს შორის ქ. თ-ში, ყ-ს ქუჩის N..-ში მდებარე სს ,,თ. ლ-ს’’ ერთ-ერთ ფილიალში გაფორმდა ავტოლიზინგის ხელშეკრულება ავტომობილის ფლობის, პირდაპირი სარგებლობისა და გამოსყიდვის უფლებით. ლიზინგის საგანი იყო ,,Toyota-ს’’ ფირმის ,,Camry Hybrid’’ მოდელის (ვინ კოდი ...) ავტომანქანა. გ. პ-ს ჰქონდა რა სს ,,თ. ლ-ს’’ კუთვნილი ,,Toyota-ს’’ ფირმის ,,Camry Hybrid’’ მოდელის ავტომანქანის ფლობისა და სარგებლობის უფლება, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა სს ,,თ. ლ-ს’’ კუთვნილი ავტომანქანა, რის შედეგადაც სს ,,თ. ლ-ს’’ მიადგა დიდი ოდენობით – 20,860.04 ლარის – ზიანი;

2019 წლის 1 ოქტომბერს შპს ,,ს. ს. კ-ს’’ და გ. პ-ს შორის ქ. ბ-ში, ჭ-ს ქუჩის N..-ში მდებარე შპს ,,ს. ს. კ-ს’’ ერთ-ერთ ფილიალში გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება ავტომობილის ფლობის, სარგებლობისა და გამოსყიდვის უფლებით. ლიზინგის საგანს წარმოადგენდა ,,Toyota Prius-ს’’ ფირმისა და მოდელის, სერიული ნომერი J... ავტომანქანა. გ. პ-ს ჰქონდა რა შპს ,,ს. ს. კ-ს’’ კუთვნილი ,,Toyota Prius-ს’’ ფირმისა და მოდელის ავტომანქანის ფლობისა და სარგებლობის უფლება, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს ,,ს. ს. კ-ს’’ კუთვნილი ავტომანქანა, რის შედეგადაც შპს ,,ს. ს. კ-ს’’ მიადგა დიდი ოდენობით – 15 000 ლარის – ზიანი.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 აგვისტოს განაჩენით:

2.1. გ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1.1. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (შპს ,,თ. ლ-ს’’ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი – 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

2.1.2. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (შპს ,,ს. ს. კ-ს’’ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი – 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ. პ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე – 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 2 წელი;

2.3. გ. პ-ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა აეთვლება ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

2.4. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა აეთვლება სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან;

2.5. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. პ-ს მიმართ, სასჯელის სახით დანიშნული პირობითი მსჯავრის აღსრულება დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. კ-მ მოითხოვა გ. პ-სათვის მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელი.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. კ-მ, რომელიც ითხოვს გ. პ-სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს, ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, კასატორი ითხოვს გ. პ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

7.1. შესაბამისად, ვინაიდან კასატორი სადავოდ არ ხდის მსჯავრდების კანონიერებას, სასამართლო მოკლებულია აღნიშნულის შემოწმების შესაძლებლობას.

8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7).

9. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია სასჯელის ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

10. გ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ერთადერთი სახის სასჯელი მინიმალური ხანგრძლივობით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა გ. პ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, ნასამართლობის არ ქონა) და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალა პირობით.

11. სასჯელის შემსუბუქების შესახებ კასატორის მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვინაიდან გ. პ. მსჯავრდებულია განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შესაძლებლობას.

12. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებისათვის რაიმე სამართლებრივი საფუძველი (მაგ. არ არის წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება), რის გამოც საკასაციო მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

13. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით გ. პ-სათვის დანიშნული სასჯელის ზომა (მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ნაწილიც ჩაეთვალა პირობითად) შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონს, რომელიც აწესრიგებს დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხს, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მესამე ინსტანციის სასამართლოს აქვს გადაცემული, საქართველოს სსსკ-ის 1655 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებს საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ და მისი გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ეფარდებათ.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის სახე ან/და ზომა „აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის და 303-ე მუხლის გათვალისწინებით, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).

18. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia, no.42371/08, par. 77, ECtHR, 18/03/2021).

19. გ. პ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელის მიმართ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბის კანონის გამოყენებაზე (2021 წლის 11 იანვრის ამნისტიასთან მიმართებით არ არის წარმოდგენილი ზიანის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია და დაზარალებულთა თანხმობები (მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი), 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტია კი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაღვრულ სასჯელზე არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად) ნამსჯელია სააპელაციო სასამართლოს განაჩენში.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი პ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე