საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.12.2025
საქმის ნომერი
2კ-709აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №709აპ-25 1 დეკემბერი, 2025 წელი

ა. დ., №709აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 მარტის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ა-ეს - ბრალად ედებოდა:

ა) თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

ბ) თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

1.2. დ. ა-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. დ. ა-ემ ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაუფლებისა და სხვისთვის გადაცემის მიზნით, მოატყუა საჯარო რეესტრი, კერძოდ, 2015 წლის 8 მაისს, დ. ა-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში არსებული, 10 000 ლარად შეფასებული, 4000 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად დ. ა-ემ წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საარქივო ცნობა, ნომრით –, რომლის თანახმად, დ. ა-ეს, როგორც ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის მკვიდრს, დ-ის ტერიტორიაზე საკუთრებაში ერიცხება 0,7 ჰა. მიწის ნაკვეთი. რეალურად, დ. ა-ეს ჰქონდა უფლება, საკომლო ჩანაწერის მიხედვით მინიჭებული 0,7 ჰა. მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა მისთვის მოზომილ ფართობზე, კერძოდ, იმ ტერიტორიაზე, სადაც იგი ფაქტობრივად ცხოვრობდა და არა სხვა თავისუფალ მიწის ნაკვეთზე, როგორც ამ შემთხვევაში განახორციელა. შესაბამისად, მან შეცდომაში შეიყვანა საჯარო რეესტრი დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის თაობაზე. დ. ა-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საჯარო რეესტრმა 2015 წლის 15 მაისს ზემოთ დასახელებულ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით – - დაარეგისტრირა დ. ა-ის საკუთრების უფლება. 2015 წლის 15 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დ. ა-ემ დასახელებული უძრავი ქონება გადაუფორმა თ. წ-ას. დ. ა-ემ აღნიშნულით მოახერხა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაერეგისტრირებინა საკუთრების უფლება, რის შემდგომაც 10 000 ლარად შეფასებული უძრავი ქონება გაასხვისა.

2020 წლის 8 ივლისს, დ. ა-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში არსებული 7463 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე -- საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად დ. ა-ემ წარადგინა იგივე საარქივო ცნობა, ნომრით – -- რომლის თანახმად, დ. ა-ეს, როგორც ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის მკვიდრს, დ-ის ტერიტორიაზე საკუთრებაში ერიცხება 0,7 ჰა. მიწის ნაკვეთი. როგორც აღინიშნა, დ. ა-ეს საკომლო ჩანაწერით მინიჭებული 0,7 ჰა. მიწის ნაკვეთი სწორედ აღნიშნული უძრავი ქონების ფარგლებში უნდა დაერეგისტრირებინა, რომელიც იყო მისთვის მოზომილი და სადაც ფაქტობრივად ცხოვრობდა და არა მის მიერ უკანონოდ დარეგისტრირებული, საკადასტრო კოდით – -- უძრავი ქონების ფარგლებში. დ. ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიადგა 10 000 ლარის ოდენობით, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.2.2. დ. ა-ემ ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა საჯარო რეესტრი, კერძოდ, 2016 წლის 23 მაისს, დ. ა-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში არსებული, 30 000 ლარად შეფასებული 3 000 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთზე -- საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად დ. ა-ემ წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საარქივო ცნობა, ნომრით -, რომლის თანახმად, დ. ა-ეს, როგორც ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის მკვიდრს, დ-ის ტერიტორიაზე საკუთრებაში ერიცხება 0,7 ჰა. მიწის ნაკვეთი. რეალურად, დ. ა-ეს ჰქონდა უფლება, საკომლო ჩანაწერის მიხედვით მინიჭებული 0,7 ჰა. მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა მისთვის მოზომილ ფართობზე, კერძოდ, იმ ტერიტორიაზე, სადაც იგი ფაქტობრივად ცხოვრობდა და არა სხვა თავისუფალ მიწის ნაკვეთზე, როგორც ამ შემთხვევაში განახორციელა. შესაბამისად, მან შეცდომაში შეიყვანა საჯარო რეესტრი დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის თაობაზე. დ. ა-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საჯარო რეესტრმა 2016 წლის 27 მაისს ზემოთ დასახელებულ უძრავ ქონებაზე დაარეგისტრირა დ. ა-ის საკუთრების უფლება. უძრავი ქონება 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა თ. ყ-ას სახელზე.

2020 წლის 8 ივლისს, დ. ა-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში არსებული 7463 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი – -) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად დ. ა-ემ წარადგინა იგივე საარქივო ცნობა, ნომრით – -, რომლის თანახმად, დ. ა-ეს, როგორც ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის მკვიდრს, დ-ის ტერიტორიაზე საკუთრებაში ერიცხება 0,7 ჰა. მიწის ნაკვეთი. როგორც აღინიშნა, დ. ა-ეს საკომლო ჩანაწერით მინიჭებული 0,7 ჰა. მიწის ნაკვეთი სწორედ აღნიშნული უძრავი ქონების ფარგლებში უნდა დაერეგისტრირებინა, რომელიც იყო მისთვის მოზომილი და სადაც ფაქტობრივად ცხოვრობდა და არა მის მიერ უკანონოდ დარეგისტრირებული საკადასტრო კოდით – - უძრავი ქონების ფარგლებში. დ. ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიადგა, დაახლოებით, 30 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენით, დ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა:

· საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა 30000 ლარი;

· საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა 80000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ა-ეს სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 80 000 ლარი.

მსჯავრდებულისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმდა. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 სექტემბრის №- განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით – -), ასევე, იმავე სასამართლოს 2021 წლის 13 აგვისტოს №- განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებებზე (საკადასტრო კოდებით – - და -) ყადაღის მოხსნის ვადად განისაზღვრა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვე.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ილია ტორუამ, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ჯარიმის ნაცვლად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. აგრეთვე – დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აგვისტოს განჩინებით დაყადაღებული მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდებით – - და -) სახელმწიფოს სასარგებლოდ მესაკუთრისთვის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 მარტის განაჩენით, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ილია ტორუა – საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ჯარიმის ნაცვლად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას. აგრეთვე – დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აგვისტოს განჩინებით დაყადაღებული მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდებით – - და -) სახელმწიფოს სასარგებლოდ მესაკუთრისთვის უსასყიდლოდ ჩამორთმევას. პროკურორის პოზიციით, მსჯავრდებულისთვის დანიშნული არაპროპორციული სასჯელით მიუღწევადია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მიზნები.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება მხოლოდ საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მხარეთა შორის სადავო არ არის დ. ა-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 მარტის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა ქონების ჩამორთმევის საკითხი და მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის დ. ა-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

4.4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). მართლმსაჯულება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-7).

4.5. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ დ. ა-ისთვის სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე – დამნაშავის წარსული ცხოვრება, ეკონომიკური პირობები და ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დ. ა-ისთვის დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესაბამისია, რის გამოც, მისი გამკაცრება არ არის აუცილებელი.

4.6. იმავდროულად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის ნაწილშიც, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.6.1. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

4.6.2. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთები დ. ა-ემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა სხვა პირებზე. კერძოდ, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით – - გადაეცა თ. წ-ას, ხოლო, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით – - – თ. ყ-ას. აღსანიშნავია, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ უძრავი ქონების შემძენებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია ქონების დანაშაულებრივ წარმომავლობაზე.

4.6.3. ნიშანდობლივია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მსგავს სისხლის სამართლის საქმეზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის №1343აპ-23 განჩინებით გაზიარებულ იქნა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, მიწის ნაკვეთი შემძენს დაუბრუნდა. საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილება იმ გარემოებაზე დააფუძნა, რომ ქონების შემძენმა საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესის დაცვით მოიპოვა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებდა მის ინფორმირებულობას იმის შესახებ, რომ შეძენილი ქონება დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული ან მიღებული.

4.7. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 მარტის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.8. შესაბამისად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე