საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №755აპ-25 თბილისი
ჩ. ლ., 755აპ-25 9 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ხ-ეს ბრალი დაედო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით); სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად); სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო ლ. ჩ-ეს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით); სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად); სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად); სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ლ. ჩ-ის მიმართ:
· 2024 წლის 26 თებერვალს, დღის საათებში, ლ. ჩ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ჩ-ეს, კერძოდ, სატელეფონო საუბრის დროს, ლ. ჩ-ემ შეხვედრაზე დაიბარა მ. ჩ-ე ე.წ. „კ-ას“ ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან გააფრთხილა, მარტო მისულიყო, თორემ დაუხოცავდა ოჯახს. მომხდარის შედეგად, მ. ჩ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2024 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით, 18:30 საათზე, თ-ის მუნიციპალიტეტში, ელექტროქვესადგურ „კ-ას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, განაწყენების ნიადაგზე, რადგან მ. ჩ-ე აპლიკაცია „მ-ით“ წერილობით შეტყობინებებს სწერდა ლ. ჩ-ის მეუღლეს, ზ. ხ-ემ და ლ. ჩ-ემ ხელკეტებით, ასევე, ხელებით და ფეხებით ჯგუფურად სცემეს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს მ. ჩ-ეს. მომხდარის შედეგად მ. ჩ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 26 თებერვალს, საღამოს საათებში, თ-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ელექტრო ქვესადგურ „კ-ას“ მიმდებარედ, ზ. ხ-ემ და ლ. ჩ-ემ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ, მ. ჩ-ეს უთხრეს, რომ, თუკი მომხდარზე ვინმეს ეტყოდა, დაუხოცავდნენ ოჯახის წევრებს. მომხდარის შედეგად, მ. ჩ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. აღნიშნული გზით ლ. ჩ-ემ და ზ. ხ-ემ ფსიქიკური იძულება განახორციელეს მ. ჩ-ეზე.
· 2024 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით, 18:30 საათზე, თ-ის მუნიციპალიტეტში არსებულ ელექტროქვესადგურ „კ-ას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, განაწყენების ნიადაგზე, რადგან მ. ჩ-ე წერილობით შეტყობინებებს უგზავნიდა ლ. ჩ-ის მეუღლეს, ზ. ხ-ე და ლ. ჩ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ მ. ჩ-ეს, ასევე, უთხრეს, რომ დაუხოცავდნენ ოჯახის წევრებს, იმავდროულად, დააჩოქეს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გადაიღეს მობილური ტელეფონით. ამის შემდეგ ლ. ჩ-ე და ზ. ხ-ე კვლავ დაემუქრნენ მ. ჩ-ეს მომავალში მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულით შეშინებულმა, მასზე განხორციელებული მუქარის შედეგად სტრესის ქვეშ მყოფმა მ. ჩ-ემ 2024 წლის 15 მარტს, დილის საათებში, ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-ში, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში, ჩამოხრჩობის გზით თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
ზ. ხ-ის მიმართ:
· 2024 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით, 18:30 საათზე, თ-ის მუნიციპალიტეტში არსებულ ელექტროქვესადგურ „კ-ას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, განაწყენების ნიადაგზე, რადგან მ. ჩ-ე აპლიკაცია „მ-ით“ წერილობით შეტყობინებებს სწერდა ლ. ჩ-ის მეუღლეს, ზ. ხ-ემ და ლ. ჩ-ემ ხელკეტებით, ასევე, ხელებით და ფეხებით, ჯგუფურად სცემეს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს მ. ჩ-ეს. მომხდარის შედეგად, მ. ჩ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 26 თებერვალს, საღამოს საათებში, თ-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ელექტროქვესადგურ „კ-ას“ მიმდებარედ, ზ. ხ-ემ და ლ. ჩ-ემ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, მ. ჩ-ეს უთხრეს, რომ, თუკი მომხდარზე ვინმეს ეტყოდა, დაუხოცავდნენ ოჯახის წევრებს. მომხდარის შედეგად, მ. ჩ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. აღნიშნული გზით ლ. ჩ-ემ და ზ. ხ-ემ ფსიქიკური იძულება განახორციელეს მ. ჩ-ის მიმართ.
· 2024 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით, 18:30 საათზე, თ-ის მუნიციპალიტეტში არსებულ ელექტროქვესადგურ „კ-ას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, განაწყენების ნიადაგზე, რადგან მ. ჩ-ე წერილობით შეტყობინებებს უგზავნიდა ლ. ჩ-ის მეუღლეს, ზ. ხ-ე და ლ. ჩ-ე სიცოცხლის მოსპობის დაემუქრნენ მ. ჩ-ეს, ასევე, უთხრეს, რომ დაუხოცავდნენ ოჯახის წევრებს, იმავდროულად, დააჩოქეს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გადაიღეს მობილური ტელეფონით. ამის შემდეგ, ლ. ჩ-ე და ზ. ხ-ე კვლავ დაემუქრნენ მ. ჩ-ეს, მომავალში მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულით შეშინებულმა, მასზე განხორციელებული მუქარის შედეგად სტრესის ქვეშ მყოფმა მ. ჩ-ემ 2024 წლის 15 მარტს, დილის საათებში, ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-ში, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში, ჩამოხრჩობის გზით თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით ზ. ხ-ე - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. ამავე განაჩენით ლ. ჩ-ე - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სსკ 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; მის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე; ლ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და მოსახდელად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ. ჩ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 15 მარტიდან.
4. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2024 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით, 18:30 საათზე, თ-ის მუნიციპალიტეტში არსებულ ელექტროქვესადგურ „კ-ას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, განაწყენების ნიადაგზე, რადგან მ. ჩ-ე აპლიკაცია „მ-ით“ წერილობით შეტყობინებებს სწერდა ლ. ჩ-ის მეუღლეს, ლ. ჩ-ემ ხელკეტით, ასევე, ხელებით და ფეხებით სცემა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა მ. ჩ-ეს. მომხდარის შედეგად, მ. ჩ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით, 18:30 საათზე, თ-ის მუნიციპალიტეტში არსებულ ელექტროქვესადგურ „კ-ას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, განაწყენების ნიადაგზე, რადგან მ. ჩ-ე წერილობით შეტყობინებებს უგზავნიდა ლ. ჩ-ის მეუღლეს, ლ. ჩ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ჩ-ეს, დააჩოქა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გადაიღო მობილური ტელეფონით. აღნიშნულით შეშინებულმა, მასზედ განხორციელებული მუქარის შედეგად სტრესის ქვეშ მყოფმა მ. ჩ-ემ, 2024 წლის 15 მარტს, დილის საათებში, ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-ში, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში, ჩამოხრჩობის გზით, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
6. მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. თ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ლ. ჩ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის გამართლების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. ჩ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, ვინაიდან საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და შესაგებლის ფარგლებში, საკასაციო პალატა არ მსჯელობს ლ. ჩ-ის მსჯავრდების სხვა ნაწილთან – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან – მიმართებით და აფასებს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებიც დაცვის მხარემ მიიჩნია სადავოდ.
10. განსახილველი დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლი) ობიექტური მხარე ხასიათდება მსხვერპლის თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანით მუქარით, სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით. კანონმდებელი, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის დახასიათებისას, უთითებს არა მარტო ამ ქმედების ხასიათსა და შედეგზე, არამედ იმ ხერხზეც, რომლის დახმარებითაც დამნაშავეს მიჰყავს დაზარალებული თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე. ამ მუხლის მიხედვით, თვითმკვლელობამდე მიყვანა გულისხმობს მსხვერპლის მიმართ დამნაშავის მიერ რიგი არამართლზომიერი ქმედების ჩადენას. იგი შეიძლება გამოიხატოს მუქარით. დანაშაული აღნიშნული მუხლით რომ დაკვალიფიცირდეს, მუქარის ხასიათს მნიშვნელობა არ ენიჭება, მასში შეიძლება ვიგულისხმოთ: სიკვდილის თუ ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების მუქარა, ისეთი ცნობების გავრცელება, რომლის გამჟღავნებაც დაზარალებულისათვის სასურველი არ არის, მუქარა სამსახურიდან დათხოვნის, განქორწინების, შვილის ჩამორთმევის, სახლის დაწვისა და მრავალი სხვა. მთავარია, იგი დაზარალებულმა აღიქვას თავისი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესებისათვის სახიფათოდ. სწორედ ამიტომ დაზარალებულის მიერ მუქარის სუბიექტური აღქმა იწვევს სიცოცხლის მოსპობის გადაწყვეტილების მიღებას. განსახილველი დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს თვითმკვლელობის ან მისი მცდელობის ფაქტის არსებობა. დანაშაული დამთავრებულია ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელების მომენტიდან. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია დამნაშავის მოქმედებასა და დაზარალებულის თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს როგორც პირდაპირი, ისე – ევენტუალური განზრახვით.
11. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ. ჩ-ის, მოწმეების – ც. ჩ-ის, დ. ს-ის, ლ. პ-ის, რ. ჩ-ის, კ. ჩ-ისა და სხვათა – ჩვენებები, 2024 წლის 26 თებერვლის ვიდეოჩანაწერი და მისი დათვალიერების ოქმი, ექსპერტიზების დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ლ. ჩ-ის მიერ მ. ჩ-ის თვითმკვლელობამდე მიყვანა. ამ კუთხით განსაკუთრებით საყურადღებოა ვიდეოჩანაწერი (რომლის აუდიონაწილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს ფონოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ესქპერტიზის - დასკვნის მიხედვით, მონტაჟის ან რედაქტირების ნიშნები არ აღენიშნება), რომლის მიხედვით: კადრში ჩანს ავტომობილის წინა მხარეს მდგარი ლ. ჩ-ე, რომელთანაც რამდენიმე წუთში მიდის მ. ჩ-ე. ლ. ჩ-ე მარჯვენა ხელის დემონსტრირებით მ. ჩ-ეს მიუთითებს მიწის ზედაპირისკენ, რა დროსაც, მ. ჩ-ე იჩოქებს ლ. ჩ-ის წინ. ლ. ჩ-ესა და მ. ჩ-ეს შორის დაძაბული საუბარია, რა დროსაც, ლ. ჩ-ე იწყებს მ. ჩ-ის ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელების და ფეხების გამოყენებით (ფეხს ურტყამს სახის არეში, ხოლო ხელებს – ტანის არეში); ფიზიკური შეურაცხყოფისას ლ. ჩ-ე მ. ჩ-ეს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: „– ვინ ხარ შენ, გინდა მოგკლა?....მოგტყდა რქები!....ჩემი ცოლი გეთავებოდა შენ, თავიდან ვინ დაიწყო, შე ყ..ო, მეგობრულად გთვლიდა შეიძლება...მოგკლა! გინდა...ფეხზე არ ადგე, დედას მ…ვ! გადატრიალდი!“. კადრში ჩანს, რომ ლ. ჩ-ე მიდის ავტომობილის მიმართულებით და ბრუნდება რამდენიმე წამში, ხელში უჭირავს მორუხო, მრგვალი ფორმის ჯოხი, რომელსაც გამეტებით ურტყამს მ. ჩ-ეს სხეულის სხვადასხვა არეში. ჯოხის დარტყმის დროს მ. ჩ-ე ორჯერ მიმართავს ლ. ჩ-ეს სიტყვებით: „– არ მომკლა! “. ასევე, ლ. ჩ-ე მიმართავს მ. ჩ-ეს: „– შენ მიცნობ, მე ვინ ვარ...გადი, გა…ვი, ტელეფონი იქით აგდია შენი, შენი დედას შ…ი...ყველა გაიგებს, რაღაცა ყ..ე ხარ შენ!“.
12. გარდა ამისა, დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ. ჩ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2024 წლის 26 თებერვალს სახლში დაბრუნებულ მ. ჩ-ეს ემჩნეოდა ცემის კვალი – თვალი ჰქონდა ჩალურჯებული; მ-მა მოუყვა მას, რომ ლ. ჩ-ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დააჩოქა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მ-ი იყო შეშინებული, აფორიაქებული, რის გამოც, სახლში შუქს არ აქრობინებდა და ჩაკეტა სახლისა და მანქანის კარები. 2024 წლის 15 მარტს კი საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე ვენახში, ნიგვზის ხეზე თავის ჩამოკიდებით, მ. ჩ-ემ დაასრულა სიცოცხლე.
13. მოწმე ც. ჩ-ემ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2024 წლის თებერვალში მისი მეუღლე, მ. ჩ-ე, შეხვდა ლ. ჩ-ეს, რომელმაც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დააჩოქა და დაემუქრა. მ-ს ემჩნეოდა დაზიანებები სახეზე, დალურჯებული ჰქონდა თვალი, იტკივებდა თავს, წელს და ზურგს. უთხრა, რომ ცემის დროს სტკიოდა სხეული. როდესაც ლ. ჩ-ის გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება მოისმინა, იგი მ-ს უგინებდა დედასა და ცოლ-შვილს, ემუქრებოდა ცოლის გაუპატიურებით. მ-ი იყო შეშინებული, ჩაფიქრებული და ამბობდა, ბავშვებს რაიმე არ მოსვლოდათ. 2024 წლის 15 მარტს კი საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე ვენახში, ნიგვზის ხეზე თავის ჩამოკიდებით, მ. ჩ-ემ დაასრულა სიცოცხლე.
14. თვითმკვლელობის წინ მ. ჩ-ის სტრესულ მდგომარეობაზე მიუთითებენ მოწმეები: დ. ს-ე, ლ. პ.,ზ. დ., კ. ჩ., ხოლო რ. ჩ-ემ და კ. ჩ-ემ სასამართლოში დაადასტურეს, რომ შიშისა და სტრესის გამო, მ. ჩ-ე კეტავდა სახლის კარს და ღამით შუქს ანთებულს ტოვებდა.
15. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ნათლად ადასტურებს, რომ მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის ქმედებებმა მ. ჩ-ეში გამოიწვია ძლიერი შიში და სტრესი. მსჯავრდებულის ქმედებები: ხელის მინიშნება მიწისკენ, რა დროსაც, მ. ჩ-ე იჩოქებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარა („გინდა მოგკლა?!“), სიტყვების – „ყველა გაიგებს, რაღაცა ყ..ე ხარ შენ!“ – დაძახება იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული ინციდენტიდან თვითმკვლელობამდე მ. ჩ-ე შეშინებული და აფორიაქებულია, აწუხებს უძილობა, მიდის ნევროპათოლოგთან, რომელიც მას უნიშნავს მსუბუქ დამამშვიდებელს, მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან – მ. ჩ-ის თვითმკვლელობასთან. ამასთან, გარდაცვლილის განცდებში არ გამოირიცხება სირცხვილი და სინანული, მით უფრო, იმ ფონზე, რომ მისი ქმედება (ე. ს-თან მიმართებით) საზოგადოებისათვის მიუღებელი იყო, თუმცა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ცალსახად მიუთითებს შიშისა და სტრესის განცდის დომინანტობას, რასაც საფუძვლად სწორედ ლ. ჩ-ის წინარე ქმედება ედო. შესაბამისად, ლ. ჩ-ესთან შეხვედრის შემდეგ მ. ჩ-ის ქცევის ანალიზზე დაყრდნობით, სასამართლო ცალსახად ასკვნის, რომ გარდაცვლილის ქცევის (სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების) მთავარი განმსაზღვრელი ლ. ჩ-ის მუქარა და მისგან მომდინარე შიში იყო.
16. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ იკვეთება რაიმე სხვა გარემოება, რომელსაც შეეძლო, გამოეწვია მ. ჩ-ის მიერ თვითმკვლელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, გამორიცხულია ყოველგვარი გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ მ. ჩ-ის თავითმკვლელობასა და ლ. ჩ-ის მიერ მისადმი მოპყრობას შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობდა. მოვლენეთა განვითარების ერთიანი სურათის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ აწ გარდაცვლილის თვითმკვლელობა წარმოადგენდა სწორედ ლ. ჩ-ის მიერ მისადმი დამუქრების შედეგს.
17. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა ლ. ჩ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა შეკრებილი მტკიცებულებები და გაითვალისწინა კანონიერი და სამართლიანი განაჩენის დადგენისათვის სავალდებულო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ ლ. ჩ-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები, ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე, სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ კრიტერიუმებს, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მისთვის დანიშნული სასჯელი კი კანონიერი და სამართლიანია.
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, გასაჩივრებულ განაჩენში კი მხარის ყველა არგუმენტს დეტალურად და ამომწურავად უპასუხა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია. გარდა ამისა, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები: №186აპ-23, №650აპ-25), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნას ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე